ახალი თაობა 11.05.2022 „ საქართველოში პოლიტიკური მონოპოლიაა. დროა, პოლიტიკური სპექტაკლებიდან გამოვიდეთ“

mamuka777
მამუკა გიორგაძე: „პოლიტიკურ ველზე მუდმივად ხდება ხელოვნური დაპირისპირებები.
საქართველო ვერ ვითარდება. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ მუშაობს“.
„ევროპელებმა შესანიშნავად იციან საქართველოში არსებული მდგომარეობა“.
„რუსეთს მეორე მსოფლიო ომის თემა და რუსული სიმბოლიკა იდეოლოგიისთვის არ უნდა
გამოვაყენებინოთ“
მარიამ მჭედლიშვილი
რამდენიმე აქტუალურ საკითხზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს,
ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ ევროკავშირის კითხვარი, რომელიც გადაწყვეტს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის
სტატუსს, შევსებულია. ალბათ, საქართველოს ბედი მარტო კითხვარის შევსებაზე არ არის
დამოკიდებული?
_ რასაკვირველია. ჩვენში ბევრი ევროკავშირში გაწევრიანებას, (მანამდე წევრობის
კანდიდატის მიღებას) უყურებს, როგორც რომელიღაც კლუბში შესვლას. ჯერ ერთი, ეს
კლუბი არ არის. მეორეც, რომელიმე ორგანიზაციის წევრობა არ უნდა იყოს თვითმიზანი.
ჩვენთვის უმთავრესი უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს მშენებლობა და განვითარება.
განვითარებული საქართველო ბუნებრივად აღმოჩნდება თავისი ნამდვილი მოკავშირეების
გვერდით. ევროკავშირში შესვლასაც ჩვენთან ბევრი საბჭოური მენტალიტეტიდან
გამომდინარე უყურებს.
_ საბჭოური მენტალიტეტი სად ჩანს? ფორმალობაში?
_ საბჭოთა დროს იყო მანკიერი მიდგომა განათლების მიმართ. ძალიან ბევრისთვის მთავარი
იყო ქაღალდი, დიპლომი და არა ცოდნა. დანერგილი იყო საგნების ჩაწყობა. აქაც იგივეა. იმას
კი არ დარდობენ, ვართ თუ არა დემოკრატიული სახელმწიფო, გვაქვს თუ არა ქმედითი
სახელმწიფო ინსტიტუტები, თვითმმართველობა, სამართლიანი სასამართლო, არამედ,
მთავარია, შევავსოთ კითხვარი და გავწევრიანდეთ.
_ თვითმმართველობისა და სასამართლოს მხრივ პრობლემებია?
_ არა მარტო ამ მხრივ გვაქვს პრობლემები. არ არსებობს კონსენსუსი საზოგადოებაში.
პოლიტიკური ველი პოლარიზებულია. პოლიტიკურ ველზე მუდმივად ხდება ხელოვნური
დაპირისპირებები. საქართველო ვერ ვითარდება. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ მუშაობს.
აქ თვალის ახვევა არ გამოვა. ევროპელებმა შესანიშნავად იციან საქართველოში არსებული
მდგომარეობა.
_ კერძოდ?
_ რაც ჩამოვთვალე, თითქმის ყველაფერი იციან. ევროპაში კარგად უწყიან, რომ
საქართველოს პარლამენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტს. რეალურად,
პარლამენტი დაკომპლექტებულია ერთი გავლენიანი კაცის სურვილებით. ეს პირველად არ
ხდება. ამ დღეში ვართ 30 წელიწადია. აღმოსავლეთ ევროპამ ეს გზა უკვე გაიარა, ეს
სახელმწიფოები ევროკავშირში გაწევრიანდნენ, მაგრამ ზოგან ძველი პრობლემები
ბოლომდე ჯერაც არ მოუგვარებიათ.
_ რუსეთზე დამოკიდებულებას ხომ არ გულისხმობთ?
_ ცხადია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მიიღეს ლუსტრაციის კანონი, გათავისუფლდნენ
რუსეთის აგენტურისაგან, მაგრამ ისევ აგრძელებენ რუსეთის აგენტების გამოვლენას.
_ ჩვენთან ბევრად მძიმე ვითარებაა ამ კუთხით?
_ ჩვენ ვცხოვრობთ იმ სცენარით, რომელიც დაგვიწერეს რუსეთის სპეცსამსახურებმა.
ევროპის სახელმწიფოებში სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობს და ბევრ რამეს ისინი
აკეთებენ. ჩვენთან ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს და ყველანაირი განვითარება ფერხდება.
_ რუსეთის პრეზიდენტმა 9 მაისის დღესასწაული მოულოცა საქართველოს მოსახლეობას
და არა ხელისუფლებას. არადა, საქართველოს მოსახლეობის 90-ზე მეტი პროცენტი
რუსეთის მოწინააღმდეგე და გამკრიტიკებელია..
_ პუტინის მოლოცვა იყო პიარაქცია. ეს იყო პიარი შიდა მოხმარებისათვის, ასევე იმათ
გასაგონად, ვინც რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსულ ილუზიებში იმყოფება. 77 წელი
გავიდა იმ გამარჯვებიდან. იმ დროიდან მოყოლებული რუსეთმა ვერაფერი ახალი ვერ
შესთავაზა ვერც საკუთარ მოსახლეობას და ვერც ცივილიზებულ სამყაროს. კრემლი მარტო
იმას მოითხოვს, რომ 77 წლისწინანდელი ომის შედეგი არ გადაიხედოს. ცივილიზებული
სამყარო მის მოთხოვნას არ ასრულებს. პუტინი მსოფლიოს სთავაზობს უხეშ ძალას და
სამხედრო აგრესიას. აქაც უსუსურად გამოიყურება.
_ რუსეთის ხელისუფლება ტრაბახობდა, რომ მეორე ფაზის დროს მიაღწევდა მიზანს.
უკრაინაში ომის მეორე ფაზა გრძელდება, რუსეთმა კი ლუგანსკისა და დონეცკის (რომელთა
„დამოუკიდებლობა“ აღიარა) აღებას ვერ შეძლო..
_ სწორედ ამაშია საქმე. ადრე გვეგონა, რომ რუსეთი ეკონომიკურად იყო ჩამორჩენილი, მის
ელიტას დაბალი პოლიტიკური ინტელექტი ჰქონდა, სამხედრო სფეროში კი ძლიერი იყო.
უკრაინასთან ერთი ერთზეა დარჩენილი და მასაც ვერ ჯაბნის. ნატო ომში არ ერევა,
უკრაინაში დახმარების სახით აქამდე შესული შეიარაღება ძალიან შთამბეჭდავი არ არის.
უკრაინა რუსეთს ბევრად ჯობნის. იკვეთება მართვის სისტემების განსხვავება. რუსული
მართვის სისტემა არაფრად არ ვარგა. რუსეთმა სამხედრო-პოლიტიკური წარმატება ვერ
მოიპოვა. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიცდით უკრაინაში ადამიანების დაღუპვას. უკრაინაში
გამოჩნდა, რომ რუსეთი, რომელსაც მდიდარი რესურსები, უზარმაზარი ტერიტორია,
განუვითარებელი ქვეყანაა. მას არაფერი არ დარჩენია, გარდა იმისა, რომ ილაპარაკოს მეორე
მსოფლიო ომზე. ჩვენ პატივს ვცემთ იმათ, ვინც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, პატივი და
ღირსება ჩვენს დაღუპულ მებრძოლებს, ვეტერანებს, მაგრამ საჭიროა პოლიტიკური
შეფასება.
_ მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკური შეფასება?
_ ქართველები იბრძოდნენ საბჭოთა ჯარში. ასე, გიორგი მეთერთმეტე ავღანეთში დაიღუპა.
ირანის მხარეს იბრძოდა. ერეკლე მეორე იბრძოდა ნადირ შაჰთან ერთად. ორივე მეფეს ჩვენი
პატივისცემა, მაგრამ ის ომები ჩვენს ომებად ვაღიაროთ?! არც 80 წლის წინანადელი ომი იყო
ჩვენი, საქართველოს სახელმწიფოს ომი.
_ სხვა ჩვენნაირ ქვეყნებს დაახლოებით ეს მიდგომა აქვთ. მოლდოვაში ვეტერანებს პატივს
მიაგებენ, 9 მაისს კი გამარჯვების დღედ არ თვლიან..
_ რუსეთს მეორე მსოფლიო ომის თემატიკა და რუსული სიმბოლიკა იდეოლოგიისთვის არ
უნდა გამოვაყენებინოთ. გიორგის ლენტები ამ ომს საერთოდ არ უკავშირდება.
„გიორგიევსკის“ ლენტებისა და ორდენების კავალერები, რუსეთის სამხედრო ელიტა,
ბოლშევიკებმა დახვრიტეს. რუსეთი ამასაც იყენებს. საქართველოში რომ აღმოაჩინონ
მონღოლური მონეტა, მას მუზეუმში გადაიტანენ და დაიცავენ. სხვაა, თუ მონღოლები ამ
მონეტას საქართველოში გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენებენ. რუსეთი ამ ყველაფერს
გავლენებისთვის იყენებს. იმ პარლამენტში, სადაც სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის
ლიდერი იყო, ჩვენ, სახალხო პარტია, ვაყენებდით ინიციატივას იმაზე, რომ ფაშიზმზე
გამარჯვების დღე 8 მაისს დაწესდეს. საქართველოს ის ხელისუფლება რუსეთის მსახური
იყო. დანარჩენებიც ასეთები არიან და იყვნენ. ამ საკითხშიც ვშორდებით ევროპას.
_ კიდევ რა გვაშორებს ევროპას? თვითმმართველობა და სასამართლო წეღან ახსენეთ.
_ პოლიტიკური მონოპოლიზმი. საქართველოში არსებობს პოლიტიკური მონოპოლია, სადაც
სხვას არ უშვებენ. ეს აბრკოლებს ქვეყნის ჯანსაღ განვითარებას. დროა, საზოგადოებამ
გაიღვიძოს. დროა, პოლიტიკური სპექტაკლებიდან გამოვიდეთ და ქვეყნის განვითარებას
მივხედოთ. ვიმყოფებით სამყაროს ახალი კონფიგურაციის ჩამოყალიბების საფეხურზე.
რუსეთი თმობს პოზიციებს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მან მოთხოვნები შეცვალა. საქართველომ
ამ კონფიგურაციაში თავისი ადგილი უნდა მოძებნოს. 30 წლის წინ მსოფლიო მატარებელს
ჩამოვრჩით. ახლა მაინც უნდა ვიპოვოთ ჩვენი ადგილი. ამისათვის აუცილებელია
ხელოვნური პოლარიზაციისა და პოლიტიკური სპექტაკლების დასრულება.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress