ახალი თაობა 19.04.2022 „საქართველოსთვის პრორუსულ ჯგუფებზე უფრო საშიში ის რუსული აგენტურაა, რომელიც ყალბ დასავლურ დროშას აფრიალებს“

mamuka-mamuka
ახალი თაობა 19.04.2022 „საქართველოსთვის პრორუსულ ჯგუფებზე უფრო საშიში ის რუსული აგენტურაა, რომელიც ყალბ დასავლურ დროშას აფრიალებს“
მამუკა გიორგაძე: „ევროკომისიის კითხვარის შევსებას დიდი ანალიზი და საზოგადოების ჩართულობა სჭირდება“
მარიამ მჭედლიშვილი
საქართველოში შექმნილ ვითარებასა და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო
პარტიის ლიდერს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ უკრაინის ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ
ომში ჩაბმის გარდა, სხვა საკითხებზე უნდა იაქტიუროს. დღეს თუ შეიცვალა რამე ამ მხრივ?
გააქტიურდა თუ არა ხელისუფლება?
_ ამ ხნის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა. საქართველოს ხელისუფლებას იმ
აქტიურობას ვერ ვატყობ, რაც ქვეყანას ესაჭიროება. სამწუხაროდ, პოლიტიკური ცხოვრება
გრძელდება წინასწარ დაგეგმილი სცენარების მიხედვით. ცოტა ხნის წინ იყო 1-კვირიანი
აურზაური უკრაინაში წასვლა-არწასვლის თემაზე, შემდეგ-წასვლის ფორმატზე. ისევ ხდება
ხალხის ყურადღების გადატანა არაარსებით, მოგონილ პრობლემატიკაზე.
_ საბოლოოდ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის
ვიზიტი შალვა პაპუაშვილის
ხელმძღვანელობით უკრაინაში შედგა. ამით უკრაინასთან მანამდე არსებული დაძაბულობა
არ შენელდებოდა?
_ ეს იყო ხელოვნურად წარმოქმნილი დაძაბულობა და გაუგებრობები. უკრაინას თავისი
პრობლემები აქვს. მისი სოლიდარულები ვართ, თუმცა ჩვენ ჩვენი უნდა ვიტიროთ.
პრობლემა მწვავეა. საქართველოს ხელისუფლება, მთელი პოლიტიკური კლასი, არასწორად
იქცევა. ხდება ჩვენი სატკივარის სხვაგან, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადატანა.
_ კერძოდ?
_ ზოგი გაიძახის, რომ საქართველოს ბედს მოსკოვი წყვეტს, ზოგი ამბობს, რომ ჩვენი ბედი
დასავლეთმა უნდა გასაწყვიტოს. დასავლეთის რეკომენდაციები გასათვალისწიენებელია,
გარე ფაქტორები-ანგარიშგასაწევი, მაგრამ ეს არ ნისნავს, რომ ყველაფერი სხვამ უნდა
გაგიკეთოს. საქართველოს ბედი ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ბრძოლითა და
შრომით. ისიც კი მოვისმინეთ, რომ ღმერთი გადაწყვეტს ყველაფერს. გამოდის, რომ შენ
უნდა წამოწვე და ხელი არ გაანძრიო. ღმერთს ყველაფერი შეუძლია. ღმერთი
ყოვლისშემძლეა, მაგრამ მაშინ, თუ კაცის ნებაც იქნება.
_ პოლიტიკური კლასი ნებას არ იჩენს და გულხელდაკრეფილია?
_ წყდება რეგიონის ბედი, მიმდინარეობს ძვრები. ამ დროს საქართველოს პოლიტიკური
კლასი დაკავებულია ერთმანეთისთვის ტალახის სროლითა და მოგონილი პრობლემების
აფიშირებით. ევროკომისიისგან მიღებული გვაქვს კითხვარი. ეს არ არის ჩვეულებრივი
კითხვები, რომლებსაც „დიახ“ ან „არა“-თი უპასუხებ. კითხვარის შევსებას დიდი ანალიზი და
საზოგადოების ჩართულობა სჭირდება.
_ უკრაინამ თავისი კითხვარი უკვე შეავსო. არის შანსი, რომ მალე საქართველო
ევროკავშირის ეწვრობის კანდიდატი გახდეს?
_ გამიკვირდა, რომ უკრაინამ ასე მალე შესავსო კითხვარი. თუმცა, ეს ქვეყანა ცხელ ომშია
ჩართული და განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ მაინც არ უნდა ვიჩქაროთ.
კითხვარი მოიცავს პოლიტიკის, ეკონომიკის, სასამართლოს, სხვა სფეროებს. მისი შევსება
მოსწრებაზე არ უნდა იყოს. ეს პროცესი მოითხოვს ანალიზს და დროს. ავიღოთ
სასამართლო, თვითმმართველობა, ტერიტორიული მთლიანობა, საარჩევნო
კანონმდებლობა, სახელმწიფო ინსტიტუტები. ამაზე დეტალური მსჯელობაა საჭირო.
პროცესი მოითხოვს საზოგადოების კონსოლიდირებას.
_ თქვენ თუ აპირებთ თქვენი წინადადებებისა და ანალიზის წარმოდგენას ევროკავშირის
კითხვარის ზოგიერთ საკითხზე?
_ მთელი კითხვარის დამუშავებას დიდი დრო და რესურსი სჭირდება. ზოგიერთ საკითხზე
მკითხეთ და ამაზე შეგვიძლია მუშაობა. ჩვენს წვლილს აუცილებლად შევიტანთ.
_ საქართველოში არნახული პრორუსული პროპაგანდა მიმდინარეობს. გააქტიურდნენ და
გამოჩნდნენ პრორუსული ჯგუფები, რომელიც აცხადებენ, რომ რუსეთი ძლიერდება და
იმარჯვებს და მას სანქციები ვერაფერს აკლებს..
_ უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე დღეს ცივილიზებული სამყარო
ცდილობს რუსეთის თავგასულობის შეკავებას. საქართველო არის რუსეთის
თავგასულობის მსხვერპლი. რუსეთის აღვირახსნილობას უნდა გამოვეხმაუროთ. ამისათვის
შესაბამისი ფორმებია მოსაძებნი. თქვენ მიერ ნახსენები პრორუსული ჯგუფები აცხადებენ,
რომ რუსეთს უნდა დაველაპაროთ, რომ მრუსეთთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთ.
რუსეთთან დაახლოებით ოთხასი-ხუთასი წელია კონტაქტები გვაქვს და არ მინახავს ვინმეს
მასთან ურთიერთობა ისე მოეგვარებინოს, რომ ამას ჩვენთვის ზიანი არ მოეტანოს.
ჩრდილოელ მეზობელთან გაგვიფორმებია ხელშეკრულებები, კონტრაქტები. არ ყოფილა
შემთხვევა, რომ რუსეთს რომელიმე მათგანი შეესრულებინოს და არ დაერღვიოს. რუსეთი
რომ მონსტრია, ამაზე ლაპარაკობდნენ ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი და სხვები. არა
მგონია, მათზე უკეთესი ქართველები და პატრიოტები იყვნენ ისინი, ვინც ახლა რუსეთთან
ურთიერთობის დალაგებას აპირებს. იმათგან, ვინც ამაზე ლაპარაკობს, ზოგი ორ კაპიკს
შოულობს, ზოგი-გულწრფელია. საშიში ისაა, რომ ხელისუფლება ამას არ ეწინააღმდეგება.
პირიქით, ამ პრორუსულ ჯგუფებს და პარტიებს ხელისუფლება ხან ღიად და ხან ფარულად
მხარს უჭერს.
_ ხელისუფლების დასტურის გარეშე ეს ხალხი აქტიურ რუსულ პროპაგანდას ვერ
შეძლებდა?
_ ბუნებრივია. ის, რაც ახლა ხდება, მეოცე საუკუნის ბოლოს, კომუნისტების დროს, 80-იან
წლებშიც არ მინახავს. მაშინ პრორუსული განწყობები, ფაქტობრივად, გაქრა.
საქართველოშიც იყო ინტერფრონტის შექმნის მცდელობა. ინტერფრონტს სათავეში
ჩაუყენეს ავტორიტეტული ფიგურა, მაგრამ სხვა ვერავინ აიყოლიეს. მაშინდელი
ხელისუფლებაც ვერ ბედავდა პრორუსული ნაბიჯების გადადგმას. პრორუსული ჯგუფები
ცუდი მოვლენაა, მაგრამ უფრო სახიფათოც არსებობს. საქართველოსთვის პრორუსულ
ჯგუფებზე საშიში ის რუსული აგენტურაა, რომელიც ყალბ დასავლურ დროშას აფრიალებს.
_ ცრუ პროდასავლელები საზოგადოებას ატყუებენ?
_ მოტყუების გარდა, ისინი ძირს უთხრიან დასავლეთს და დასავლურ ღირებულებებს.
ხალხის ნაწილს ჰგონია, რომ ცუდად დასავლეთის გამო ცხოვრობს, რომ დასავლეთიდან
ნეგატიური შემოდის. გაწბილებული ადამიანები ადვილად ეგებიან პრორუსულების ანკესს.
სინამდვილეში, მათი მდგომარეობა რუსეთიდან მართული ვითომ პროდასავლელების
ბრალია. წლებია, გვაყურებინებენ პოლიტიკურ სპექტაკლებს. ახლაც მიდის „დაუნდობელი
ბრძოლა“ პრორუსულებსა და ვითომ პროდასავლელებს შორის. ორივე მიმართულება
მოსკოვიდან იმართება.
_ რუსეთი საქართველოს პოლიტსპექტრის ნაწილის სამართავად მაინც მოიცლის?
სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები დააკავეს.
_ ერთი თუ დააკავეს, საქართველოზე სხვას მოამაგრებენ. უკრაინის ომმა გამოაჩინა
რუსეთის კორუფციის მასშტაბი. პუტინს უკრაინაში დაგეგმილი სცენარები არ გამოუვიდა
და ჯოხს ამ მაღალჩინოსნებზე გადატეხავს. ახალი ვინც მოვა, ისიც ფულის ჭამას დაიწყებს.
_ სანქციები როგორ იმოქმედებს რუსეთზე?
_ სანქციებით რუსეთი აუცილებლად დასუსტდება. ეს არის რუსეთის იზოლაციაში
მოქცევის ტაქტიკა, რომელიც დასავლეთმა ადრე გამოიყენა. ეს იყო პირველი მსოფლიო
ომის შემდეგ და 1 991 წელს. 1 918 წელსაც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და 1 991 წელსაც.
სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. ახლა მესამედ გვეძლევა შანსი. საქართველო ამ
პროცესებიდან უნდა გამოვიდეს გამარჯვებული და ჩვენ უნდა შევუდგეთ ნამდვილი
სახელმწიფოს მშენებლობას.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress