მამუკა გიორგაძე – დამთავრდა სასამართლო სერიალის კიდევ ერთი სეზონი!

mamuka777
შედეგით ორივე მხარე კმაყოფილია. თუმცა, პროცესი უნდა გაგრძელდეს, მონაწილეები არ უნდა გაიშიფრონ, შესაბამისად, ურთიერთბრალდებები არ უნდა შეწყდეს!
ხაზარაძე – ჯაფარიძის მხარემ შესანიშნავად იცოდა ფინანსური მაქინაციის შესახებ, თვითონვე ამბობდნენ, ამ საქმეზე საერთაშორისო პარტნიორებისგან საყვედურიც მივიღეთო და ხელისუფლებამ კი ხანდაზმული საქმე ფულის გათეთრების ბრალდების საბაბით ამოწია – პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილიო.
ხელისუფლებამაც კარგად იცოდა, რომ თაღლითობის მუხლი ხანდაზმულობას ექვემდებარებოდა და ამნისტირებულიც იყო, ფულის გათეთრების მუხლის, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს, სამართლებრივად კვალიფიციულად დამტკიცება, ვერც ქართულ და, მით უმეტეს, საერთაშორისო სასამართლოში ვერ მოხერხდებოდა.
მაგრამ, ორი არჩევნები უნდა გადაგორებულიყო. ამ პროცესს მარტო სააკაშვილის თემა ვერ ქაჩავდა. საჭირო გახდა ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის მიმდინარე სპექტაკლის დამატებითი მიზანსცენებით გაძლიერება.
ხელოვნურად პოლარიზებულ საზოგადოებაში, როცა პროკურატურა, სასამართლო და მედია მაქსიმალურად მიკერძოებულია და ჩართულია ამოცანის რეალიზებაში, ემოციური ფონის აწევა, დრამატული და „მჩქეფარე“ დაპირისპირების დემონსტრირება ტექნიკის საქმე იყო.
დღეს, ვისაც დანახვა უნდა, ყველაფერი თვალნათელია.
ხაზარაძე – ჯაფარიძემ შეირგო ყველაფერი და დაპატიმრებაც აიცილა თავიდან, თან ხელისუფლებისგან დევნილისა და ჩაგრულის იმიჯით!
ხელისუფლებამ, რომლის ამოცანა არა ხაზარაძე – ჯაფარიძის ციხეში ჩასმა არამედ, მათი მხრიდან თაღლითობის მხილება იყო – საჭირო შედეგი დადო!
პროკურატურას შრომა დაუფასდება, რომლის მატერიალურ განზომილებას უახლოეს მომავალში საგამომძიებლო ჟურნალისტთა ჯგუფი გვამცნობს!
მოსამართლეც თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა, ოსტატური ფინტით მუხლი გადააკვალიფიცირა და სეზონი „ჰეფი ენდით“ დაასრულა – ორივე მხარეს თავისი მომხრეებისთვის სათქმელი გამარჯვების არგუმენტი მისცა!
ჯამში, გაბითურდა ქართული სახელმწიფო!
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress