ჟურნალი „გზა“ 25.11.2021 ,,ვუყურებთ, რას იტყვის, ნიკიფორე ელპიტეზე, ელპიტე-იაკინთეზე და ა.შ.“
მამუკა გიორგაძე: ,,მტერსაც ეს უნდა – ქაოსი, ჩვენი გათითოკაცება“
ჟურნალი „გზა“ 25.11.2021 გიორგი ნეფარიძე
მამუკა გიორგაძე თანამედროვე ქართული პოლიტიკის ვეტერანია. საინტერესოა მისი მოსაზრებები ქვეყნის დღევანდელ, რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მზარდი ურთიერთქიშპობის პირობებში, რომელი ფუნდამენტური საკითხები გვრჩება ყურადღების მიღმა. რატომ გავხდით ქართველები ასეთი სასტიკები ერთმანეთის მიმართ, რამდენად იყო მოსალოდნელი ბოლო ათწლეულებში მოვლენების ამ გზით განვითარება?
- ამ და სხვა საკითხებზე ,,სახალხო პარტიის“ ლიდერს ვესაუბრეთ.
_ სახელმწიფოებრივი პროცესები და მიმდინარე ხმაურიანი თემები უნდა განვასხვაოთ. პირველში ფაქტობრივად ვერ ვნახავთ ფუნდამენტური საკითხების განხილვას, რაც დღეს ქართულ სახელმწიფოს სჭირდება; ვერ ვნახავთ, ეს ენერგია რაში იხარჯება, რა კონცეპტუალური დავა მიდის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის, რა დუღილია ქართულ საზოგადოებაში… არ განიხილება, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თემები, არ განიხილება ინსტიტუტების მშენებლობა, არ განიხილება, ასევე – ჩვენი საგარეო ორიენტირები, ეკონომიური რეფორმები, თვითმმართველობა, სასამართლო, თუნდაც ყველაზე მტკივნეული თემები, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ანდა რა ბედი ეწევა დავით გარეჯას, ხუჯაბს და ა. შ. ვსაუბრობთ რაზე?.. ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთში არკვევს არაარსებითს, კონკრეტული პიროვნების სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა-არგადაყვანას და საზოგადოების დამოკიდებულება როგორია?.. მიმდინარეობს ემოციური საკითხებით ძირითადი თემების გადაფარვა, რაც სახელმწიფოზე დადებითად არ აისახება. როდესაც 30 წელი ერთი და იგივე გრძელდება, მერე ვკითხულობთ, რატომ ვართ ამ მდგომარეობაში? რატომაა ჩვენი უსაფრთხოება დაუცველი, ტერიტორიები ისევ ოკუპირებული, მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, რატომ გავხდით ადამიანები ასეთი სასტიკები ერთმანეთის მიმართ, ვერ ვიტანთ ერთმანეთს, ვებრძვით ეკლესიას. ეს ყველაფერი გადაფარულია და მუდმივად ვუყურებთ, რას იტყვის ნიკიფორე ელპიტეზე, ელპიტე – იაკინთეზე და ა. შ. დროა დავუბრუნდეთ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, ბოლო ათწლეულებში მიმდინარე მავნე პრაქტიკა რამენაირად უნდა უკუვაგდოთ.
_ ჩამოთვლილი ფუნდამენტური საკითხები რატომ არ განიხილება?
_ მმართველ პოლიტიკურ ძალას და მის პარტნიორ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ამ თემაზე საუბარი ხელს არ აძლევს – სათქმელი არაფერი აქვთ. არ შეუძლიათ ქართველ ხალხს უთხრან, როგორ აპირებენ აფხაზეთის დაბრუნებას, რა პოლიტიკას ეწევიან ცხინვალის რეგიონში, როგორ დაიცავენ მოსახლეობის კეთილდღეობას. რადგან ეს არ შეუძლიათ და მაინც სურთ ძალაუფლების პყრობა (მისგან გამომდინარე პრივილეგიები), მიმართავენ დაძაბულობასა და ქაოსს. როგორც წესი, ამღვრეულ წყალში თევზს იჭერს ის, ვისაც ანკესი უჭირავს, ანუ – ვისაც გავლენები აქვს.
შესაბამისად, რეალობა ხელს აძლევს ხელისუფლებას, ასევე – ,,ნაციონალურ მოძრაობას“, მღვრიე წყალში თევზს მხოლოდ ისინი იჭერენ. ქაოსით სარგებლობენ და პირად კეთილდღეობას იწყობენ. არადა წლების წინ ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვსაუბრობდით აფხაზეთის დაბრუნების გზებზე, სასამართლოს რეფორმირებაზე, კანონის უზენაესობაზე, ამაზე დღეს სიტყვასაც კი არ ამბობენ. ეს ტაქტიკა ქართველი ხალხის გასაბითურებლად აირჩიეს. ტრაგედიაა, როცა ამ სპექტაკლს, ტრაგიკომედიას, პოლიტიკოსების ჯამბაზობას ვუყურებთ და ვბითურდებით. ვუყურებთ სიპიტოს, რომელიც ტიპობს, რადგან ძალაუფლება აქვს და მეორე მხარე ტიპობს, რადგან მედიაზე წვდომა აქვს.
_ და მაინც, რამდენად იყო ქვეყნისათვის გამოსავალი, ამ ეტაპზე მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა და შიმშილობის აქტის შეწყვეტა?
_ ნახეთ თავად სვამთ კითხვებს, რომელიც არაარსებითია დღევანდელობისათვის, არადა, პოლიტიკური ცხოვრების მთავარ ღერძად იქცა. საშიში მდგომარეობა სწორედ ეს არის. სააკაშვილი შიმშილობდა თუ არა, მეორე ხარისხოვანია, რისთვის შიმშილობდა? თავისთავად შიმშილობა არ მიკვირს, ერთ- ერთი მათგანი ვარ, ვინც შიმშილობა საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის ფორმად აქცია. ვშიმშილობდი, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი, დამკვიდრებულიყო კანონის უზენაესობა, რომ ეროვნული ღირებულებები კანონმდებლობაში ასახულიყო. როგორ დაეცა ქართული პოლიტიკური ცხოვრება: ვშიმშილობთ, რომ პატიმარი გადაიყვანონ სამკურნალო დაწესებულებაში!.. და რაც სახელმწიფოს, ხალხს, ეროვნული ღირებულებების დაცვას სჭირდება, უკანა პლანზეა გადატანილი.
მსოფლიო თანამეგობრობა, დასავლეთი იმაზე კი არ გველაპარაკება, ნატოს წვრთნები, რომ იყო შავ ზღვაზე და რუსეთთან დამოკიდებულება შეცვალეს, უფრო გაამკაცრეს. ნატომ საერთოდ გაწყვიტა მოსკოვთან ურთიერთობა. რა ხდება ყარაბახში, აგერ ჩვენს თვალწინ იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება, იმაზე კი არ ვსაუბრობთ, საქართველოს რა პერსპექტივა აქვს ცივილიზებულ სამყაროში ან მინიმუმ იმაზე, რა ხდება ჩვენს თავს, ყოველ დღე 80 კაცი, რომ გვეღუპება კოვიდისაგან. არადა მოწინააღმდეგის ამოცანაა, ისევ მესამეხარისხოვან საკითხებზე ვისაუბროთ. მტერსაც ეს უნდა – ქაოსი, ჩვენი გათითოკაცება, რომ ერთმანეთთან საერთო ვერ მოვძებნოთ. ამასობაში ერთიანი ეროვნული ამოცანა დაიკარგა. ხელისუფლებაც ისე მოიქცა, ეს საკითხი მთავარ პრობლემად აქცია. თორემ კაცს თუ იჭერ, მიუყენე შესაბამისი კანონი და ამის მიხედვით პასუხიც მოსთხოვე. არა, ამას არ ვაკეთებთ. ხელს ვუწყობთ, რომ კვლავაც აქტუალური იყოს, ისეთი დესტრუქციული ძალა, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობაა“; მათ შირის განგრძობად პინგ-პონგს ვაკვირდებით.
_ ბრძანეთ, რომ სასტიკები გავხდით ერთმანეთის მიმართ, აქამდე რამ მიგვიყვანა?
_ ქართველებს გაგვიწყდა ის ძარღვი, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს, როდესაც ენერგიას საერთო ინტერესებზე არ ვხარჯავთ. თავის დროზე ილია ჭავჭავაძე საუბრობდა, რომ ყველაში თითო არ არის და თითოში ყველა. ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე არ ვიცით ჩვენი ფუნქცია და როლი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. თანადგომის განცდა დაიკარგა.
ახლა ველოდებით სარაგბო ნაკრების თამაშს ფიჯისთან, ყველა ქართველი სოლიდარული ვართ და რატომ? რადგან ერთიანი ამოცანა გვაქვს – გვინდა, ჩვენმა ბიჭებმა კარგი რაგბი აჩვენონ და თამაში მოიგონ. თუ ერთიანი ამოცანა არ იქნება, ვერ გავარკვიეთ, ჩვენიანი რომელია, ერთად ვერ ვიქნებით… ჩვენ ყველაზე დაბლა მდგომ პირუტყვს ვემსგავსებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავსა და შვილზე ფიქრობს. სანამ არ გავიაზრებთ, რომ ქართველებს რაღაც გვაკავშირებს, ამ მდგომარეობაში ვიქნებით.
ეს კი არა, ინტენსიური შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიაზე. ფაქტობრივად, XX საუკუნის დასაწყისის ვითარებაში ვართ. უაზროთ დაპირისპირებული ქართველები, სოციალ – დემოკრატების ორი ფრთა, მენშევიკები და ბოლშევიკები წყვეტენ ქვეყნის ბედს; ხალხი, რომელსაც ქართული სახელმწიფო და ცნობიერება არ აინტერესებს. ესაა ჩვენი ტრაგედია. ვატყუოთ ერთმანეთი და ვიყოთ გაუსაძლის ვითარებაში…
_ რა მიგვიყვანს ერთიანი ეროვნული ამოცანების გააზრებამდე და სათანადო ნაბიჯებამდე?
_ თითოეული უნდა დაუფიქრდეს, რა აქვს საერთო მეორე ადამიანთან და ამ იდეით შეკავშირდეს. მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია გვეუბნება, რომ შეკრული მცირე ჯგუფი კონკრეტული მიზნით იწყებს მოქმედებას, ცოტა ხანში მასის დიდი ნაწილი აჰყვება და შედეგი მიღწეული იქნება. შევადაროთ გიორგი II – ის პერიოდი და იგივე ხალხი, როგორი იყო დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობისას; მართვის მხოლოდ მცირე ჯგუფი შეიცვალა და ქვეყანა უმაღლეს საფეხურზე ავიდა!.. საჭიროა, ამ ,,მენშევიკ – ბოლშევიკებს“ უარი ეთქვათ, მოედანზე ეროვნული ცნობიერების მატარებელი ჯგუფები გამოვიდნენ, სწორი პოზიციით, მიზანმიმართული ნაბიჯებით ქვეყანა განვითარების ნიშნულამდე მიიყვანონ
- იქამდე, რაც ქართველ ერს ეკუთვნის იმ უდიდესი ისტორიული საგანძურის გამო, რომელსაც ქართულ კულტურას, ეროვნულ ღირებულებებსა და ცნობიერებას ვუწოდებთ.
_ დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას შეუძლია ამ ამოცანის საკუთარ თავზე აღება?
_ ვინც ეს პრობლემები შექმნა. მს მომგვარებლად არ გამოდგება. სამწუხაროდ დღევანდელი პოლიტიკური კლასი ანტისახელმწიფოებრივი, არტიქართული ცნობიერებით შეკრული ადამიანები არიან, რომელთაც მხოლოდ პირადი კეთილდღეობა აინტერესებთ, ყოველი დღე ამის ნათელი მაგალითია. ამ ელიტას უარი უნდა ეთქვას. სხვათა შორის ეს ელიტაც არ არის, ნომენკლატურული ძალებია, რომლებიც თავისუფალ გარემოში კონკურენციას ვერ გაგიწევენ. დადგა დრო, ნორმალურმა, ეროვნული ცნობიერებით აღვსილმა ადამიანებმა ძალისხმევა იმისათვის გააერთიანონ, რომ ეს ამოცანები წარმატებით გადაიჭრას.
_ საზოგადოებაში ამისათვის რესურსი რამდენად არსებობს?
_ ძალიან დიდი რესურსია, უბრალოდ გათითოკაცებას თავი უნდა დავაღწიოთ. ადამიანებმა თავში ძალა უნდა მოძებნონ, ერთობით საქმე აკეთონ. უსაშველო არაფერი გვჭირს. ქართველ ერში უდიდესი პოტენციალია და მისი რეალიზებაა საჭირო. სხვათა შორის, ჩვენს ამ პოტენციალს მტერიც ხვდება და მოყვარეც. სწორედ მოყვარე ჩაგვჩიჩინებს, ამ პოტენციალს რატომ არ იყენებთო; ხოლო მტერი ცდილობს, ყველანაირად გაგვთიშოს და ეს რესურსი არ იქნეს გამოყენებული. სიტყვა ,,საზოგადოება“ ახსენეთ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში სიტყვათხმარებიდან ,,ერი“ ამოვაგდეთ. საზოგადოება ესაა კონკრეტული ინტერესებით შეკრულ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, ხოლო ერი – მუდმივი სუბიექტია. ჩვენ ერის ინტერესები ჩავანაცვლეთ საზოგადოების ანუ დღევანდელი მოთხოვნებით. საწყისებს უნდა დაუბრუნდეთ.
_ თქვენი ყოფილი თანამებრძოლები დღეს პოლიტიკურ სპექტრში გადანაწილებულები არიან: ზოგი ხელისუფლებაშია, ნაწილი ოპოზიციას უჭერს მხარს. ამ რეალობის მიმართ რა დამოკიდებულება გაქვთ?
_ ნათელი გამოხატულებაა – თავის დროზე ერთიანი ეროვნული ამოცანით შეკრული ადამიანები შემდეგ ცხოვრებამ სხვის თამაშში მონაწილე მამლუქებად როგორ აქცია. ხალხი, რომელიც 9 აპრილს მტრის ტანკებს უწვებოდა ან აფხაზეთში საომრად იარაღის გარეშე მიდიოდა, რადგან გული ქონდა, დღეს ათ-ოც ლარად ვიღაცეების ხელის ბიჭად იქცა. ესაა სწორედ ჩვენი ქვეყნის დღევანდელი სახე, ამიტომ საწყის მდგომარეობაში უნდა დავბრუნდეთ. საჭიროა, ის მთავარი იდეა წამოვიდეს წინა პლანზე და საძოვარზე მიშვებული ფარა აღარ ვიყოთ. ვიყოთ ერი, რომელსაც აქვს თავისი მუდმივი ინტერესები, პასუხისმგებლობით აღვსილებმა ქართულ სახელმწიფოს მივხედოთ.
_ როგორც ქართული პოლიტიკის ვეტერანი, 30 წლის წინ რამდენად ელოდებოდით ქვეყანაში მოვლენების მსგავსი გზით განვითარებას?
_ სურვილი არ მქონდა, ასე ყოფილიყო, მეორე მხრივ, ქართული სახელმწიფოს მთელი ისტორია ამის ნათელი დადასტურებაა. დიდგორის შემდეგ ჩვენ ხომ არსებობისათვის ბრძოლა გვიწევდა, მარტყოფის შემდეგ იყო ბაზალეთი. დიახ, მარაბდა საამაყოა მაგრამ შემდგომ?.. ამიტომ, როგორც კი თავისუფლებისათვის ბრძოლას ერთი წამით მაინც შეაფერხებ, მაშინვე დიდი პრობლემის წინაშე დგები. ჩვენ ამ ერთი წამით ყურადღება მოვადუნეთ და დღევანდელი შედეგი მივიღეთ. თვით ილია ჭავჭავაძემაც კი, მისმა უდიდესმა მადლმა და ღვაწლმა, საზოგადოების ფართო ფენების თანამონაწილეობის გარეშე ვერ შეძლო შედეგის მიღწევა. ჩვენი ამოცანაა, რადგან ეს პრინციპები-ღირებულებები გვაქვს, გვყავდა ილია, დავითი, რომლებმაც ჩაწერეს ეს ყველაფერი, მათზე დაფუძვნებით დღეს მაინც მოვახერხოთ კონსოლიდირება, ერთიანი ეროვნული ამოცანის განსაზღვრა და ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მიზნამდე მიგვიყვანს.