„სააკაშვილის ნათქვამი, „მე გამათავისუფლეთ და მერე მე მთელ საქართველოს გავათავისუფლებო“, ასეთი რამ არ უკადრებია არც ერთ ეროვნულ ლიდერს“

mamuka-mamuka-300x157

„ნელსონ მანდელას ახსენებენ ხშირად სააკაშვილთან მიმართებით და ავიწყდებათ, რომ მანდელას ციხიდან უშვებდნენ, მაგრამ თვითონ არ გამოვიდა და თქვა, სანამ არ მოგვარდება სახელმწიფო პრობლემები, მანამდე ვიჯდები ციხეშიო. რაც შეეხება ცოტნე დადიანს, რომლის სახელსაც ამ ბოლო დროს ხშირად ახსენებენ, ცოტნე დადიანი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მორალური უპირატესობა მოიპოვა მოწინააღმდეგეზე და იმ ნოინმაც დააფასა ცოტნეს ვაჟკაცობა. თაფლის წასმა და შიმშილობის აქცია ეს არის მოწინააღმდეგეზე მორალური ზემოქმედების საშუალება. დღეს კი ე.წ. შიმშილობით ეროვნული ღირებულებების დევალვაცია მიმდინარეობს“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე.

„ნაციონალები“ პარალელებზე საუბრობენ, რომ დღევანდელი მასობრივი შიმშილობის მსგავსი საქართველოს არ ახსოვს 1988 წლიდან მოყოლებული. რეალურად, მასობრივი შიმშილობა მოეწყო 1989 წლის 9 აპრილის წინა პერიოდშიც, როცა განსხვავებული იდეალები იყო, ადამიანები ანთებულნი იყვნენ ეროვნული გრძნობებით. რამდენად სწორია, როცა „ნაციონალები“ აიგივებენ სააკაშვილის გასათავისუფლებლად წამოწყებულ შიმშილობას ამ წმინდა თარიღებთან და ხედავთ თუ არა რაიმე პარალელს თქვენსა და ახლანდელ შიმშილობას შორის?

- პირველი დიდი შიმშილობა საქართველოში იყო 1988 წლის ნოემბერში, სადაც 1000 კაცამდე შიმშილობდა. როგორც ამ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შემიძლია დავადასტურო მოშიმშილეთა რაოდენობაც და შიმშილობის ხარისხიც. მაშინ აღტკინება იყო იმიტომ, რომ საკითხი ეხებოდა საქართველოს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ინტერესს, რომლის დასაცავად სიკვდილიც ღირდა და სიცოცხლეც. ყველა მოშიმშილე მზად იყო, როგორც ქვეყნის ჯარისკაცს, საკუთარი სიცოცხლე გაეწირა, ოღონდ ქვეყნის ინტერესი დაკმაყოფილებულიყო. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში შედიოდა ცვლილება, სადაც საქართველოს, ფაქტობრივად, ერთმეოდა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის უფლება. შემოდიოდა ახალი ინსტიტუცია, რომელიც მთლიანად ჩანთქავდა ისედაც ფარატინა ქაღალდზე არსებულ ჩვენს სუვერენულ უფლებებს. ამის გასაპროტესტებლად დავიწყეთ შიმშილობა. შესაბამისად, ახლა ხდება ღირებულებების დევალვაცია, ხდება სპეკულაცია და ვიღებთ არა ბრძოლას, არამედ ბრძოლის იმიტაციას. მით უმეტეს, როდესაც საუბარია შიმშილობის ჩანაცვლებაზე, როცა საუბარია, რომ მხოლოდ ლოკალურ ადგილას განხორციელდეს ეს ყოველივე.

მე ერთ-ერთი მათთაგანი ვარ, ვინც შიმშილობა პოლიტიკური ბრძოლის ფორმად აქცია საქართველოში. ჩვენ ასეთი განწყობა გვქონდა, რაც გინდათ, პერსონალურად ის გაგვიკეთეთ, გინდა დაგვიჭირეთ, გინდა მათრახი გვირტყით, ოღონდ ის მოთხოვნა დააკმაყოფილეთ, რაც გვაქვს. მერაბ კოსტავა, რომელიც დაპატიმრებული იყო, თავის განთავისუფლებაზე უფრო წინ აყენებდა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს. გია ჭანტურიას, სხვა დისიდენტებს, ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს, წინა პლანზე წამოწეული ჰქონდათ სახელმწიფოებრივი მოთხოვნა და არა კონკრეტული კერძო ინტერესი, რომ ციხიდან გამათავისუფლეთო.

ეკლესიურად შიმშილობა თვითმკვლელობაა, მაგრამ არის მაღალი იდეალები, როდესაც ეს გამონაკლისი შეიძლება დაიშვას. ეკლესია როგორ უყურებდა თქვენს მაშინდელ შიმშილობას?

- 1988 წლის ნოემბრის შიმშილობა ეს იყო ერთადერთი შიმშილობა, რომელიც საქართველოს ეკლესიამ მოიწონა და მისი უწმინდესობა 28 ნოემბერს ღამით (როცა დაინახა, რომ ტანკები და ბეტეერები გამოვიდნენ ქუჩაში) მობრძანდა და 2 საათის განმავლობაში იდგა მოშიმშილეთა შორის, მაქსიმალურად იცავდა მოშიმშილეთა ინტერესებს. როცა დარწმუნდა, დარბევა არ მოხდებოდა, მხოლოდ მაშინ დაგვტოვა. აქ მთავარია მიდგომა, ჩვენი შიმშილობა ფორმით იყო შიმშილობა, თორემ თავისი არსით ეს იყო მძიმე მარხვა. ყოველდღიურად აღევლინებოდა პარაკლისი, ყოველდღე მობრძანდებოდნენ ეპისკოპოსები, მღვდლები, ტარდებოდა უმნიშვნელოვანესი რელიგიური რიტუალები და ხდებოდა ზიარება. თავისთავად, ზიარება ევქარისტიის ნაწილია და ამ დროს მიღებული მცირე ნაწილაკი შიმშილობაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენდა, ჭამას ამას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ საზიარებელი მცირე ნაწილაკი, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, შიმშილობას უდიდეს ზნეობრივ მოვლენად აქცევდა, რის გამოც, ეს შიმშილობა თვითგვემა კი არ იყო, არამედ სახელმწიფოებრივი და რელიგიური აქტი. ამ კუთხითაც განსხვავდებოდა ჩვენი შიმშილობა ახლანდელისგან.

მაშინდელი თქვენი შიმშილობა დაახლოებით ირლანდიელი მოშიმშილეების მსგავსი აქტი იყო? მოგეხსენებათ, ირლანდიელები მოითხოვდნენ ირლანდიის გაერთიანებას და ეს ითვლებოდა ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის ბიოგრაფიაში სამარცხვინო ლაქად, „რკინის ლედიც“ ამიტომ ეწოდა, რომ მან არ შეიწყალა ირლანდიელები და მოშიმშილეები სიკვდილისთვის გაწირა.

- ირლანდიელების თვითშეწირვა სწორედ მათი ბრძოლის უმაღლესი ფორმა იყო. იმ პერიოდში ჩვენთვის შემოსაზღვრული იყო შიმშილობის ბოლო ვადა, 29 ნოემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს სესიაზე როგორი გადაწყვეტილებაც იქნებოდა მიღებული კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით, იმის მიხედვით მოვიქცეოდით. მეორეც, ჩვენ შიმშილობაზე უფრო მაღალი კატეგორიის ბრძოლის ფორმებიც გვქონდა. ჩვენ გვქონდა ისეთი ფორმა, როგორიც იყო ეროვნული დაუმორჩილებლობა, სხვა სახის პოლიტიკური ქმედებები. შესაბამისად, 29 ნოემბერს ჩვენ უკვე გადავწყვეტდით იმისდა მიხედვით, თუ რა პასუხი გვექნებოდა კრემლიდან, მაგრამ კრემლმა დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები და აღარ დაგვჭირდა სხვა მეთოდების გამოყენება. იმ პერიოდში არ იდგა თვითშეწირვის საკითხი, თუმცა თავის დროზე ჩვენს პარტიას ასეთი გამოცდილებაც ჰქონდა. მაგალითად, ცნობილმა ვიქტორ ყარანგოზიშვილმა, რომელიც სოლოვეცკის კუნძულზე იყო გადასახლებული, პროტესტის სხვა ფორმა ვერ მოძებნა და 6 თვის თავზე შიმშილობით დაიღუპა. ირლანდიელებთან ერთად ჩვენც გვაქვს ასეთი მაგალითები. ყარანგოზიშვილი გახლდათ კოტე აფხაზის მოადგილე „ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში“. კოტე აფხაზი დახვრიტეს, ხოლო ვიქტორ ყარანგოზიშვილი გადაასახლეს და გადასახლებაში აღესრულა. ასევე, შეიძლება გავიხსენოთ პატიმრობის დროს მერაბ კოსტავას რამდენიმეთვიანი შიმშილობა, მერაბ კოსტავა მხოლოდ 30 კილო იყო დარჩენილი. ის მიდიოდა თვითშეწირვაზე, რადგან საბჭოთა ტოტალიტარული დანაშაულებრივი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა ფორმა ვერ მოძებნა. დღევანდელ დღეს ცოტა სხვა მოთხოვნებია. დღეს უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ვართ, დღეს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ამოცანა გვაქვს და ასეთი ფორმის დესტრუქცია „ციხიდან გამათავისუფლე“, სახელმწიფოს მშენებლობას ხელს უშლის. „მე გამათავისუფლე და მერე მე მთელ საქართველოს გავათავისუფლებ“, – ასეთი რამ არ უკადრებია არც ერთ ეროვნულ ლიდერს. კოსტავა, გამსახურდია, ჭანტურია, ასეთი რამ მათგან არ გამიგია და ვერც საზოგადოებას ვერ აკადრებდნენ, ვერც საკუთარ თავს, რადგან ამ ადამიანებს თავიანთი თავი ქართული ეროვნული მოძრაობის რიგით წევრად მიაჩნდათ და არა ლიდერად. ჩვენ ვეძახდით მათ ლიდერებს, თორემ ისინი საკუთარ თავს ცოტა უფრო თავმდაბლად მოიხსენიებდნენ. დღევანდელი მიდგომა კი საზოგადოების შეურაცხყოფაა და საკუთარი მომხრეების შეურაცხყოფაცაა. იმ დონეზეა დეგრადირებული პოლიტიკური ჯგუფი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბელადს აღიარებს, აღიარებს ერთ კაცს – ვინ იყო ის? – მაჰმუდი. ეს არის უბედურება ქვეყანაში და აქ გვაქვს სერიოზული პრობლემა. სამწუხაროდ, ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს, წარმოაჩინოს სააკაშვილი, როგორც წამებული. რად უნდოდა ხელისუფლებას პენიტენციური სისტემიდან კადრების გავრცელება? სასამართლოზე სააკაშვილის ორსაათიანი მოხსენების გაკეთება? რა საჭიროა ის განცხადებები, რასაც ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები აკეთებენ, ხომ იციან, რომ ეს ხელს უწყობს სააკაშვილის დაცვას? სააკაშვილს არ სჭირდება ხელის შეწყობა, ობიექტურად წარიმართოს ეს ყოველივე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას აწყობს ასეთი დაპირისპირება, აწყობს, რომ კვლავ პოლარიზებული, ორსუბიექტიანი გარემო არსებობდეს.

ისე, ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ სასამართლოზე ორსაათიანი გამოსვლები სააკაშვილისთვის წამგებიანი იყო, რადგან არაერთი თვითაღიარება გააკეთა და, წესით, აღარც სააკაშვილს არ უნდა აწყობდეს საჯარო სპონტანური გამოსვლები.

- ასეც შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაფერს თავი დავანებოთ, ერთი გვითხრან, იმ მანქანაში, რომლითაც სააკაშვილი შემოვიდა საქართველოში, მძღოლმა როგორ გახსნა უკანა კარები და შეუშვა სააკაშვილი?! საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს, როგორ შეიძლება ერთმა კაცმა ასეთი მძიმე კარები პეტლებიდან მოხსნას და იქ კაცი შეუშვას? რაღაცნაირად სააკაშვილს იმის საშუალება ეძლევა, სკანდალები, აჟიოტაჟები მოაწყოს, ეძლევა იმის საშუალება, თავი მოაგიჟიანებინონ. იმ ადამიანს თავისი გაჭირვება ეყოფა, სუფთა ადამიანურად ვიცი, რომ სამკურნალოა, უმკურნალონ, ბატონო და დამშვიდდება. ადამიანი იძახის, სასამართლოზე ვერ მივდივარო და ამ დროს ციხის ფანჯრიდან მოხსენებას აკეთებს. ეს ხომ შეუსაბამოა. შთაბეჭდილება მრჩება, პროცესები ისე მიდის, სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა უნდათ. ეს არ იქნება ქვეყნისთვის კარგი და სწორი. რაც ხდება დღეს, საქართველოს სახელს არ წაადგება.

შესაძლოა, მართლაც აპირებენ უკრაინისთვის სააკაშვილის გადაცემას, რადგან უკრაინაში პროცესები მის სასარგებლოდ ვითარდება. კერძოდ, ახლახანს უკრაინის გენპროკურორმა მოინდომა, პეტრო პოროშენკო დააპატიმროს. ვინ იქნება პეტრო პოროშენკოს მთავარი მტერი, თუ არა სააკაშვილი?! მას ყოველთვის აქვს ასეთი ბედი, როცა ის კონკრეტულ ვითარებაში საჭირო ხდება ხოლმე.

- უკრაინაში მის წაყვანას არ გამოვრიცხავ, რადგან სააკაშვილს იყენებენ თავიანთი ინტერესებისთვის, რუსული ინტერესების სფეროში სააკაშვილი ნამდვილად არის.

რუსული ინტერესი ახსენეთ, ვინ არის თემურ ალასანია ამ კონტექსტში და რა როლი აკისრია ალასანიას მიშას ან საქართველოს ცხოვრებაში?

- მიშას ცხოვრებაში თემურ ალასანიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი, მაგრამ საქართველოს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფიგურას არ წარმოადგენს. უბრალოდ, გამოყენებულ იქნა სიტუაციის დასაძაბად, პიესის აქტში სიპიტო რომ გამოდის სცენაზე, დაახლოებით ასევეა, რამდენიმე დღეა, ქართული საზოგადოების საუბრის თემაა თემურ ალასანიას ჩამოსვლა. ეს ფუნქცია შეასრულა ალასანიამ, ამოწურა თავი, დაკრა ფეხი და გაუშვეს საქართველოდან.

რატომ გაიოლდა 21-ე საუკუნეში ტიტულების მიკერება – ცოტნე დადიანი, დავით აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული, ნელსონ მანდელა? ქართველების დასახსნელად თვითონ დაჯდა თაკარა მზეზე თაფლწასმული ცოტნე დადიანი საწამებლად და სხვებისთვის არ მოუწოდებია, თქვენ წაისვით თაფლი და თაკარა მზეზე დასხედითო. ნაცი ლიდერები კი თვითონ იმალებიან და წინასაახალწლოდ საწყალ ხალხს აშიმშილებენ…

- ესეც დიდი თამაშის შემადგენელი ნაწილია, ხდება ეროვნული ღირებულებების დევალვაცია, იმ თემების გაბითურება, რომლითაც ქართველებს თავი მოგვწონს, ხდება ემოციურ ტალღაზე მოვლენების გადატანა. როცა ნელსონ მანდელაზეა საუბარი, მანდელას ციხიდან უშვებდნენ, მაგრამ თვითონ არ გამოვიდა და თქვა, სანამ არ მოგვარდება სახელმწიფო პრობლემები, მანამდე ვიჯდები ციხეში, რომ ყველამ იცოდეს, პრობლემები არსებობსო. ამიტომაა მანდელა დიდი, რომ არ უსარგებლია თავისუფლებით, კარი რომ გაიღო, არ გამოვარდნილა ციხიდან. სანამ ხელისუფლება არ აიძულა, დადებული პირობა შესრულებულიყო, მანამ ციხიდან არ გამოვიდა. ცოტნე დადიანი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მორალური უპირატესობა მოიპოვა მოწინააღმდეგეზე, იმ ნოინმაც დააფასა ცოტნეს ვაჟკაცობა. თაფლის წასმა და შიმშილობის აქცია ეს არის მოწინააღმდეგეზე მორალური ზემოქმედების ფორმა და საშუალება. შენ კი როცა ამ ფორმას იყენებ ისე, რომ სხვა დანარჩენი ქმედებებით ვერ ახდენ მორალურ ზემოქმედებას, ეს უკვე სპექტაკლს ემსგავსება.

28 დეკემბერი, 2021

 მანანა ნოზაძე for.ge
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress