ახალი თაობა 8.10.2021
მამუკა გიორგაძე: „დღეს ყველანაირი პრივილეგიით სარგებლობენ სატელიტები, რომლებიც არჩევნებში 0, 5%-საც ვერ იღებენ“
„ქართული ოცნება“ არ აბათილებს აბსურდულ განცახდებებს იმის შესახებ, თითქოს ნაცმოძრაობა საქართველოში მთავარი პროდასავლური და ანტიპუტინისტური ძალაა“
„არჩევნების ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ამომრჩეველთა სიები“
მარიამ მჭედლიშვილი
სააკაშვილის მომხრეები მოითხოვენ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას. ამ მოთხოვნით დაგეგმილია ფართომასშტაბიანი აქციის გამართვა. მოსალოდნელია თუ არა კონტრაქციაც? რა ხდება ქვეყანაში? რა უნდა დავასკვნათ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ტურის შემდეგ? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, მამუკა გიორგაძეს
_ ნაცმოძრაობა და მისი მოკავშირეები აანონსებენ დიდ საპროტესტო აქციას სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. როგორ გგონიათ, კონტრაქციაც ხომ არ არის მოსალოდნელი?
_ თქვენი გაზეთის მკითხველს ეხსომება ჩემი სიტყვები, რომელიც ვთქვი დაახლოებით ორი თვის წინ ინტერვიუში. მაშინ აღვნიშნე, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას და მასთან დახვედრას არ წყვეტენ თვითონ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. გავიმეორებ-ამგვარ გადაწყვეტილებებს რუსეთი და მისი სპეცსამსახურები იღებენ. სააკაშვილის გამოჩენა დამოკიდებული იყო რუსეთის საჭიროებაზე. როცა ჩათვლიდნენ აუცილებლად, მაშინ ჩამოვიდოდა. კრემლი ასეთ ხმაურიან ამბებს სხვა თემების გადასაფარადაც იყენებს.
_ ამჟამად ყურადღება გადატანილია მწვავე დაპირისპირებაზე „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის?
_ ყურადღება კი არის გადატანილი, მაგრამ რეალობა სხვაა. „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირება იმიტირებული და სიმულირებულია. ამას თანდათან ხვდება საქართველოს მოსახლეობაც და ცივილიზებული სამყაროც. 2 ოქტომბრის არჩევნებს ბევრი უცხოელი დამკვირვებელი აკვირდებოდა. რატომღაც თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება მათ მიერ გამოთქმულ ორ შენიშვნას. ერთი ეხება იმას, რომ წინასაარჩევნო ბრძოლა მიმდინარეობდა სატელევიზიო და სოციალური ქსელების სივრცეში, მეორე- იმას, რომ წაშლილია ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის.
_ ამას ეთანხმებით?
_ რასაკვირველია. იმის მაგივრად, რომ იყოს ნორმალური დებატები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, მიდის კინკლაობა ამ ორ ძალას შორის. ამისთვის გამოიყენება ტელევიზიები და სოციალური ქსელები. თუ პარტია ჩამოყალიბებულია, აქვს სწორი ხედვები და ჰყავს პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ საუბარი და დებატები, მან იმ ხერხებს არ უნდა მიმართოს, რასაც იყენებენ დიდი რესურსების მქონე „ოცნება“ და ნაცმოძრაობა. ჩვენ, მაგალითად, სახალხო პარტიამ, ვიცით, როგორ ვისაუბროთ აფხაზეთზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება-გაძლიერებაზე, თვითმმართველობაზე…
_ თუმცა, ამაზე დებატებში მონაწილეობის საშუალება არ
გეძლევათ?
_ ცხადია. დებატებს საერთოდ ვერ ვხედავთ. სამაგიეროდ, 30 წელიწადია, ვაკვირდებით, როგორი კონფლიქტები და სპექტაკლები თამაშდება და როგორ ეხეთქებიან ერთმანეთს შუბლებით პოლიტიკოსები. ჩემი თაობის ადამიანებს და უფროსებს გვახსოვს მარჯანიშვილის თეატრის ძალიან წარმატებული სპექტაკლი „ძველი ვოდევილები“. მისი გმირი დაკითხვაზე ლაპარაკობს ყველაფერზე, მთავარის გარდა. ეს პოლიტიკოსებიც ასე არიან. ყვირიან, საუბრობენ და კამათობენ ყველაფერზე, საქართველოს პრობლემების გარდა.
_ ახლა ყველა სააკაშვილზე ლაპარაკობს.
_ არის თუ არა სააკაშვილი დამნაშავე, ეს გაარკვიოს ღია სასამრთლო პროცესმა. ჩემი აზრით, მთავარი 2 008 წლის მოვლენებია. ჩვენ ისიც არ დაგვიდგენია, რა მოხდა 2 003 წელს. ამაზე შესაძლებელია უამრავი ადამიანის გამოკითხვა. პირადად მეც იმ რიცხვში ვართ, ვისაც უნიკალური ინფორმაცია გვაქვს. ქოცები და ნაცები ხდენენ კონფლიქტის იმიტირებას და ყველაფერს აკეთებენ ხალხის ზურგს უკან. უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა-ხალხის თავზე. საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია არ უნდათ. ეს არ შედის ქვეყნის ინტერესში.
_ აქციასა და კონტრაქციას არ გამორიცხავთ?
_ არაფერი არ არის გამორიცხული. რუსთაველზე სისხლი ბევრჯერ დაღვრილა. 90-იანებშიც, შემდეგაც. 2 003 წელსაც დაიღვარა სისხლი, თუმცა ამაზე არავინ ლაპარაკობს. პრობლემებიც იგნორირებულია. ნამდვილ პრობლემებზე ვამბობ, თორემ, წვრილმანი საკითხებით გააყრუეს ქვეყანა-ხან დავა მიდის პროპორციული უნდა იყოს სისტემა თუ შერეული ან მაჟორიტარული, ხან რეფერენდუმს ჰპირდებიან ხალხს, ხან მთელი ძალისხმევა გადატანილია მერის არჩევნებზე. ახლა, ამ ფონზე, განსაკუთრებულად ხდება ნაციონალური მოძრაობის აფიშირება. ამას ზურგს უმაგრებს ხელისუფლება. ყურები გამოგვიჭედეს იმით, თუ როგორი ანტირუსული ძალაა ნაციონალური მოძრაობა. „ქართული ოცნება“არ აბათილებს, არ ეწინააღმდეგება აბსურდულ განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ნაცმოძრაობა საქართველოში მთავარი პროდასავლური და ანტიპუტინისტური ძალაა. ეს სასაცილოა. ვინც სიმართლეს ვამბობთ, იმათ არსად გვიშვებენ აზრის გამოსათქმელად. თქვე ოჯახაშენებულებო, საარჩევნო სუბიექტი მაინც ხომ ვართ, არ შეიძლება, ერთხელ ცოტა ხნით ტრიბუნა დაგვითმოთ?!
_ დასავლელმა პარტნიორებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი საარჩევნო უთანასწორობას და უთანაბრო პირობებს. ამაში სხვა პარტიების იგნორირებაც იგულისხმება.
_ სპორტულ შეჯიბრებებზე თანასწორობა უზრუნველყოფილია. ტურნირამდე შეიძლება პატარა პრივილეგია ჰქონდეს ჩემპიონს ან მასპინძელს. ტურნირზე ყველა თანასწორია. ჩვენს პოლიტიკაში არ არსებობს თანაბარი სასტარტო პირობები. ნახეთ, ვინ არის პრივილეგირებული პარტია. დღეს ყველანაირი პრივილეგიით სარგებლობენ სატელიტები, რომლებიც არჩევნებში 0, 5%-საც ვერ იღებენ. მათ აქვთ ტელეეთერი, დაფინანსება ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ხარჯზე ჰყავთ წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში და ამ დროს ნახევარ პროცენტს ვერ იღებენ. ასე რომ, კვალიფიციური პარტიები არიან ხელოვნურები. მათ არ ჰყავთ ნორმალური კადრები, თუმცა საზოგადოებას მუდმივად ელაპარაკებიან. ღმერთმა ნუ ქნას, მთელი საზოგადოება ამათნაირი იყოს. პარტიებს გარეთ უამრავი უნიჭიერესი და პატიოსანი, პატრიოტი პროფესიონალია. ისინი არსად ჩანან. რომ გამოჩნდნენ, დაწინაურებულ პარტიებთან უნდა ითანამშრომლონ. ჩვენი უცხოელი პარტნიორები შესანიშნავად ხედავენ, რა ხდება. ჯერ ერთი, გარკვეული გზა გავლილი აქვთ. მათ რუსული გავლენების შესახებაც მოეხსენებათ. აკი, ეუბნებიან კიდეც პოლიტიკოსებს, რუსულ თამაშს თამაშობთო. საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს და არ გახდეს ბინძური პოლიტიკური სპექტაკლების მაყურებელი და მონაწილე. უცხოელი მეგობრები გვეხმარებიან რეკომენდაციებით, სხვანაირადაც, მაგრამ ისინი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებენ. ჩვენი ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია.
_ არჩევნებს შევეხოთ. როგორც ვიცი, თქვენმა სახალხო პარტიამ რამდენიმე კაცი გაიყვანა საკრებულოებში?
_ დიახ. ეს მოვახერხეთ დიდი უთანასწორობის პირობებში. ამის გამო თვითკმაყოფილებას არ ვეძლევით და მეტის გაკეთება გვინდა. მინდა ვთქვა ერთ პრობლემაზე, რომელსაც ყურადღება არ ექცევა. ესაა ამომრჩეველთა სიები. არსებობს ნახევარმილიონიანი ცდომილება. აღწერის, რეესტრისა და ცესკოს სიები აცდენილია ერთმანეთს. გარდა ამისა, არსებობენ საქართველოდან წასული ამომრჩევლები.
_ სხვა პრობლემებსაც წააწყდით?
_ რასაკვირველია. უსახსრობას. ფული ადამიანს წინასაარჩევნოდ გადაადგილებისთვის მაინც სჭირდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საკრებულოებში გასულების ათეულში მოვხვდით. მომავალში მეტია საჭირო. ერთადერთი პარტია ვართ, რომლის წარმომადგენლები დისიდენტური მოძრაობიდან მოვდივართ. გვაქვს რეგენერაციის უნარი. გამოცდილ პოლიტიკოსებთან ერთად გვყავს ახალგაზრდები. იმედია, ჩვენი იდეები უფრო მეტად და მკაფიოდ იქნება გაგებული საზოგადოების მიერ.