ახალი თაობა 24.09.2021
მამუკა გიორგაძე- „როცა ხალხისთვის პრინციპული და პოზიტიური სათქმელი არ გაქვს, ჯობია, მას ჩხუბი შესთავაზო. ეს მომგებია „ქართული ოცნებისთვისაც“ და ნაციონალური მოძრაობისათვისაც.
მარიამ მჭედლიშვილი
მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
ბოლოდროინდელი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებამდე ხშირი იყო გამოთქმა, რომ საქართველოში არჩევნებს ფაქტობრივად ატარებს სუსი, რომელიც ოპონენტებსაც დევნის. თქვენი აზრით, რა ხდება ამ მიმართულებით? შეიცვალა თუ არა რამე?
თქვენს კითხვას მმართველობის ფორმასთან მივყავართ. ჩვენ, სახალხო პარტია, ათწლეულების განმავლობაში ვსაუბრობდით განსხვავებებზე საბჭოთა და დემოკრატიულ მმართველობას შორის. დემოკრატიულ სისტემაში, ანუ ცივილიზებულ სახელმწიფოებში სამოქალაო საზოგადოება და პოლიტიკოსები აკონტროლებენ სპეცსამსახურებს. საბჭოური ტიპის მმართველობისას (ასეთი მმართველობა არსებობს რუსეთში, საქართველოში) სპეცსამსახურები აკონტროლებენ სამოქალაო საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენში სპეცსამსახურები ქმნიან და შლიან პოლიტიკურ ორგანიზაციებს. საქართველოში სპეცსამსახურების ვერტიკალზეა ჩამოკიდებული პოლიტიკური ცხოვრება.
რასაც ახლავს მიყურადება-თვალთვალი?
ასეა. სპეცსამსახურს, იმის მაგივრად რომ მან მიხედოს გარე საფრთხეებს, დაკისრებული აქვს სსვა ფუნქცია. მან მორჩილებაში უნდა იყოლიოს სამოქალქო საზოგადოება, ეკლესია, პოლიტიკოსები და ასე შემდეგ. სანამ ჩვენ ყველანი ერთად ეკლესიასთან ერთად არ მოვითხოვთ ჯანსაღ გარემოს, არაფერი გვეშველება. რაც თავი მახსოვს, მე და ჩემი თანამებროლები სულ ლუსტრაციას მოვითხოვთ. ჩვენთვის ბევრჯერ უპასუხიათ, რომ ლუსტრირება მტკივნეულია, რომ ის დაკავშირებულია პირადი ცხოვრების გასაჯაროებასთან, ლუსტრირებულების შთამომავლობასთან. ახლა რომ პროცესი ხდება, ის უკეთესია?! ჯობია, ერთხელ მოვახდინოთ ლუსტრაცია და მოვახდინოთ კათარზისი, ვიდრე ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ალაგ-ალაგ ვიღებდეთ ინფორმაციას.
სიტუაცია არ შეიცლება?
სანამ სისტემა ძირფესვიანად არ გარდაიქმნება, არაფერი შეიცვლება. მოგეხსენებათ, ადრე ედპ-ში ვიყავი. მაშინ, საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ედპ-ს ოფისში აღმოჩნდა მოსასმენი აპარატი. ამაზე გია ჭანტურიამ რამდენიმე პრესკონფერენია გამართა. მაშინაც საბჭური მმართველობა იყო. მას შემდეგ არც არაფერი შეცვლილა.
საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის ჩარევაც უცვლელია?
რა თქმა უნდა. საბჭოური მმართველობა მიბმულია იმ ვერტიკალზე, რომელიც რუსეთში არსებობს. რუსეთს საქართველოში( სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, პარტიებში) 100 ათასობით აგენტი ჰყავდა ჩანერგილი ამ ხალხის დიდი უმრავლესობა არსად წასულა. ამათ დაემატნენ რუსეთის სხვა აგენტები. არსებული მმართველობის სისტემა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ამ აგენტურისათვის.
რა შეიცვალა მმართველი პარტიისათვის ამ სკანდალის შემდეგ?
„ოცნებამ“ გამოქვეყნებული სკანდალური ჩანაწერებით მხოლოდ მორალურად იზარალა, ეს კი მისთვის არაფერს ნიშნავს. მმართველი პარტია ზნეობრივ კატეგორას არაფრად აგდებს.
ელექტორალური ზარალი არ მიადგებოდა „ოცნებას“?
ჩემი დაკვირვებით, არა. არსად გამიგონია და მინახავს, რომ „ოცნების“ რომელიმე წევრს ან მხარდაჭერს მომხდარის გამო პროტესი გამოეთქვას, თანამდებობა ან მანდატი დაეტოვებინოს. კრიტიკაც კი არ მომისმენია. მომხრეებზე და წარმომადგენლებზე ვამბობ. მათი მოწინააღმდეგეები ისედაც არ მისცემდნენ „ოცნებას“ ხმას.
სახელმწიფოს მიადგა დარტყმა?
ამის თქმას ვაპირებდი. თუ ვინმეა დაზარალებული, ესაა ქართული სახელმწიფო და ხალხი. შემიძლია პუნქტებად ჩამოვთვალო ზარალი. ჯერ ერთი, ამით შეირყა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი. არადა, იმ ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, საერთაშორისო მხარდაჭერას და საერთაშორისო ავტორიტეტს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ჩვენ პოლიტიკური და მორალური თანამდგომის გარდა, ეკონომიკური მხარდაჭერაც გვჭირდება. ქვეყანამ, რომელიც დიპლომატებს უსმენს, შესაძლოა, დახმარება დაკარგოს. მეორე-ამ ფარული ჩანაწერების „გამოგდებით საზოგადოებაში დიდი უნდობლობა გაჩნდა. მესამე-ამის შემდეგ ეკლესიასთან მებრძოლ ძალებს მიეცათ საკვები და მათ გააცხოველეს თავიანთი ანტიეკლესიური მოქმედებები. ვიღაცები ცდილობენ, სახელ გაუტეხონ ეკლესიას და პატიოსან სასულიერო პირებს. იმ ჩანაწერებში სუფთა და თავდადებული სამღვდელობაც ხომ არის! უღირსი ყველგან ყველა სფეროში არსებობს. 3 000 მღვდლიდან რომ 2 800 უპატიოსნესია, ამაზეც ხომ უნდა ითქვას?! ჩვენი სასულერო პირები მოღვაწეობას ეწევიან ისეთ რთულეს ადგილებში, როგორიცაა ჯავახეთი, თრუსო და სხვა. ამ სკანდალში იკვეთება ძალიან საშიში რამ-სახელმწიფო ინსტიტუციების ნგრევა. არ ვიცი, რატომ არ იღებენ ამაზე ხმას ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა აქვთ და რომლებიც მთავარ ოპოზიციად ითვლებიან.
ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობთ?
დიახ. წვრილმანი საკითხების გამო მოუწოდებიათ ხალხისთვის, ქუჩაში გამოდიო და ახლა გატრუნულები არიან.
სუს-ის უფროსის, ლილუაშვილის გადადგომა მოითხოვა ოპოზიციამ.
საქმეც ეგაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლასთან გვაქვს საქმე, ესენი კი ერთი წინადადებით შემოიფარგლებიან. დღე და ღამე ტელევიზიებში სხედან და მეტი ვერაფერი თქვეს, ქუჩაში არ გამოვიდნენ.
სხვა პარტიებმა საკითხის პარლამენტში მოსმენა მოითხოვეს.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პარლამენტში განხილვა არარეალურია. თანაც, ამ პირობებში ამგვარი მოსმენა დაემსგავსებოდა თეატრალურ სანახაობას. ნაციონალური მოძრაობის ამ უმოქმედობის შემდეგ ჩნდება ეჭვი, რომ ნაცმოძრაობა გარიგებულია „ოცნებასთან“ სახელმწიფოს, ეკლესიისა და ხალხის წინააღმდეგ. ამის გამო მეტი საფუძველი გვაქვს, რომ ყველანი ერთად დავდგეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის დასაცავად. ეკლესია მხოლოდ რელიგიური ინსტუტუტი არ გახლავთ. ესაა სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი ორგანიზმი. მოვუწოდოთ ხალხს-დავდგეთ ერთად და აივირჩიოთ პროგრამა, რომელიც ქართველი ხალხისთვის იქნება უკეთესი.
წინასაარჩევნო ძალადობაზე რას იტყვით? ნაცმოძრაობა „ოცნების“ მხრიდან მუშტების გამოყენებაზე ლაპარაკობს, „ოცნება“ კი დმანისში მომხდარ ძალადობას ნაცმოძრაობის პროვოკაციებით ხსნის.
როცა ხალხისთვის პრინციპული და პოზიტიური სათქმელი არ გაქვს, ჯობია, მას ჩხუბი შესთავაზო. ეს მომგებიანია „ქართული ოცნებისთვისაც“ და ნაციონალური მოძრაობისთვისაც. ამ პარტიებს კონცეპტუალური შემოთავაზებები არასდროს წარმოუდგენიათ. მაგალითად, აფხაზეთზე. მარტო იმას გაიძახიან, საქმის კურსში ჩავაყენოთ უცხოელი პარტნიორებიო. მერე როცა ეს პარტნიორები სასარგებლო რეკომენდაციებს იძლევიან, ყურს არ უგდებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ თვითმმართველობა არ ახსენდებათ.
ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვიტყვით, რომ 1 998 წლის საკრებულოებს უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდათ, ვიდრე ახლანდელს. მაშინ შესაბამისი კანონმდებლობა ჩვენი, სახალხო პარტიის დაჟინებით იქნა მიღებული. „ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა ხალხს ჩხუბს სთავაზობს.
მუშტი-კრივის დროს პრობლემების განხილვისთვის ადგილი აღარ რჩება. ისინი მიჰყვებიან მარქსიზმის ერთ ნაშრომს დაპირისპირებათა ერთიანობის შესახებ. ჩხუბით რჩება ორსუბიექტიანობა და იკრიფება შუა.