რატომ უნდათ აცრის მომხრეებს აუცრელების კოცონზე დაწვა, აცრის მოწინააღმდეგეებს კი აცრილების შეჩვენება

mamuka 123

თითქოს კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ ამირან გამყრელიძე (დანარჩენ ორ „მუშკეტერად“ წოდებულებთან ერთად) ყოველდღიურად ამარაგებს მოსახლეობას ინფორმაციით, რომ სექტემბრამდე ყველა პედაგოგი, ლექტორი და სტუდენტი უნდა აიცრას, ჯარსა და პოლიციას, ხომ, ვგონებ, არც არავინ შეეკითხა, ისე დაცრეს ჯგუფურად. 

ცხადია, მე არ შევუდგები აცრილობის ან აუცრელობის ავკარგიანობის გარჩევას, თუმცა უკვე საზოგადოებაშიც შეინიშნება ისეთი განწყობები, ჰიტლერსაც რომ ააცმუკებდა იქ, სადაცაა: აცრილებმა ლამისაა, მოითხოვონ აუცრელების საჯაროდ კოცონზე დაწვა (ეს გულში), საჯაროდ კი მათთვის ყოველგვარი უფლების ჩამორთმევა, მეორე მხრივ კი, აცრის მოწინააღმდეგეთა ნაწილი აცრილებს აშინებს, რომ, მაქსიმუმ, 2 წელიწადში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, არადა, მე რომ ბკითხოთ, ადამიანს, რაკი მოაზროვნე არსებაა, უნდა აუხსნა აცრების შემადგენლობაც, მიაწოდო ნამდვილი სტატისტიკა, გააცნო შესაძლო რისკები (ოღონდ ობიექტური და არა ცენზურაგავლილი), რადგან ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს გააზრებული არჩევანი. მამუკა გიორგაძესთან ერთად გავარჩევთ თემას, რატომ აღმოჩნდა ასე ახლოს ჩვენს მენტალობასთან ბოლშევიზმი, რასაც ახლა ჩვეულებრივი ნაციზმიც დაემატა?

– როგორ აღმოჩნდა, რომ გარდა ბოლშევიზმისა, ნაციზმისკენ მიდრეკილებაც ფრიად თვალში საცემია? პირადად მე ვერავის მოვუწოდებ, რომ ან აიცრას, ან არ აიცრას, მე ვიცი, მე რა გადაწყვეტილებას მივიღებ.

– ასეთ დროს ყველა ერში არიან ადამიანები ამგვარი კატეგორიული აზროვნებით და საქართველოშიც, ბუნებრივია, ასეთები საუკუნეების განმავლობაში არსებობდნენ. მაგრამ რუსულმა იმპერიალიზმმა და, განსაკუთრებით, ბოლშევიზმმა ეს ავადმყოფობა მასობრივად შემოიტანა. სოციალ-დემოკრატიულმა აზროვნებამ მუტაცია განიცადა რუსულ იმპერიალიზმთან და მივიღეთ ბოლშევიზმი. ჩვენებური ბოლშევიზმის ჯერ კიდევ 40 წლის წინათ არ მჯეროდა, მაგრამ ცნობილი დისიდენტი ლიზიკო ქავთარაძე გვეუბნებოდა, იმდენადაა ჩვენში ეს ბოლშევიზმი გამჯდარი, ვერც კი ვამჩნევთ და შესაბამის დროს ეს თავს იჩენსო, მაშინ მე არ მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ასეთი ნაკლოვანების ასე მასობრივად გამოჩენა ჩვენს ერში, მაგრამ დადგა პერიოდი და ყველაზე მდარე ადამიანური გრძნობების აქტივირება იქცა სახელმწიფო პოლიტიკად. შედეგად მივიღეთ რადიკალური და კრიტიკული აზროვნება. გავიხსენოთ მისი უწმიდესობა ქადაგებებში ყოველთვის ამბობს, ანალიტიკური აზროვნება დანერგეთ, მაგრამ არა – ჩვენთან არის კრიტიკული და რადიკალური აზროვნება.

– ალბათ, კრიტიკულ დამოკიდებულებას გულისხმობთ, თორემ კრიტიკული აზროვნება სულაც არაა ცუდი.

– დიახ, ამჯერად ვგულისხმობ, რომ ყველაფერს შეხედო კრიტიკულად ისე, რომ არც გააანალიზო. ადამიანმა შეიძლება, კამათი დაგიწყოს, რომ ხე არ არის ხე. ამდენად, ეს ბოლშევიზმი, რადიკალიზმი ჩარჩა ჩვენს სულებში. ასე იყო მანამდეც. ვინც ლენინელი არ არის, მტერია, ვინც ეკლესიაში დადის – მტერია… რაც თავი მახსოვს, მესმის სამი თემა – რომ ეკლესია სიბნელისკენ მიგვაქანებს; რომ დასავლეთი გვრყვნის და რეფორმები მხოლოდ ერთმა პარტიამ უნდა გაატაროს და მმართველი პარტია ყოველთვის ყველაზე ჭკვიანი, განათლებული და პროგრესულია.

– მაგრამ… ერთია, რომ ხელისუფლებებს აქვთ ბოლშევიკური მიდრეკილებები და მეორე, რომ პირწავარდნილი ნაცისტური აზრები აქვთ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ხელისუფლებასთან და პოლიტიკასთან.

– არა, ეს პირდაპირაა დაკავშირებული ხელისუფლებების მოქმედებებთან.

– და რით ვერ იმოქმედა ჩემზე ამ ხელისუფლებებმა? არ ვარ ცხებული, ჩვეულებრივი მოკვდავი გახლავართ.

– ჩვენთან არ არის ხელისუფლებისგან განცალკევებული საზოგადოება. ინდივიდები კი ბოლშევიკების დროსაც არსებობდნენ, მათ დისიდენტები ერქვათ, იჭერდნენ და ასახლებდნენ, ამიტომ მე ინდივიდებზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ თვითონ სისტემაა ისეთი, რომ, მაგალითად, მიიჩნევა, რომ ყველა მდიდარი არის საზიზღარი.

– ეს მეც მიკვირს: არადა, წესით, ის უნდა გინდოდეს, ყველანი გავმდიდრდეთ.

– ლამის გენეტიკურ კოდში ჩაგვიდეს, რომ ამ ქვეყანაში კანონიერად ფულის შოვნა არ შეიძლება და ყველა, ვინც ფულს შოულობს, უკანონოდ შოულობს, მაგრამ, ვინაიდან იმავე ამერიკელსა და ევროპელს არ აქვს მსგავსი გენეტიკური ინფორმაცია, პირიქით, მიესალმება, რომ მეგობარი ჰყავდეს მდიდარი. რატომ? იმიტომ რომ, მაგალითად, გერმანიის კონსტიტუციაში სიმდიდრე დატვირთულია საზოგადოებისთვის სიკეთით და ამიტომაც ეჯიბრებიან ერთმანეთს ქველმოქმედებაში. შეხედეთ, როგორ იქცევიან ცნობილი მილიარდერები.

– აქეთ წამოვიდეთ: იაკობ გოგებაშვილს, რაც ჰქონდა, დაუტოვა საზოგადოებას, სარაჯიშვილი უდიდესი ქველმოქმედი იყო, ექვთიმე თაყაიშვილი, საერთოდ, განსაკუთრებული ფენომენია, ილიას საადგილმამულე ბანკი…

– ეს ადამიანები შედარებით თავისუფალი სამოქალაქო სივრცის შვილები იყვნენ. სიმდიდრე პიროვნებას ანიჭებს თავისუფლებას და რადგან ეს ის პერიოდია, როდესაც ქართული თავისუფალი აზრი მეტ-ნაკლებად შედგა, ასეთი ადამიანები გაჩნდნენ, მაგრამ ბოლშევიზმმა ეს მოსპო. სამი წლის განმავლობაში ვიყავით დამოუკიდებლები და 30 წლის განმავლობაში ანადგურებდნენ ამ დამოუკიდებლობის შემქმნელ თაობას: ნაწილი დახოცეს, ნაწილი გაასახლეს, ნაწილი ციხეში ჩაყარეს და მივიღეთ ხელისუფლებასთან შეზრდილი საზოგადოება, რომლის თვითდამკვიდრების საშუალება რადიკალიზმია. ამ ყველაფერს აქვს ორგანიზებული სახე, რა თქმა უნდა, ადამიანის მდაბიო ემოციებზე მუშაობას შედეგად მოაქვს ის, რომ ადამიანი თავად ხდება ასეთი მდაბიო ღირებულებების მატარებელი. მაგალითად, ხომ იგივე ხალხი ცხოვრობდა საქართველოში დავით აღმაშენებლის დროს, რომლებიც ცხოვრობდნენ გიორგი მეორის დროს? მაგრამ 5-7 კაცი შეიცვალა და შეიცვალა სისტემა. იმის თქმა მინდა, რომ, როგორც ილია და იაკობ გოგებაშვილი ამბობდა, თუ ერს წინ მიუძღვის განათლებული ინტელიგენციის მცირე ჯგუფი, მათ ერი აჰყავთ მაღლა, თუ ხელისუფლებაში არის ინტელექტუალური ჯგუფი, ისინი ცდილობენ, რომ მოსახლეობის ინტელექტიც აამაღლონ, მაგრამ, თუ ხელისუფლებაში არიან მდარე პოლიტიკური თავისებურებების მქონე ადამიანები, პირიქით, ისინი ცდილობენ, საზოგადოება აქციონ უსახურ მასად და ამ დროს ჩვენ ვიღებთ შემაშფოთებელ და ქართველისთვის მიუღებელ ტენდენციებს. ნაციზმი არ არის დამახასიათებელი ქართველისთვის და არც, ცუდი გაგებით, ნაციონალიზმი. პირიქით – საქართველოს ყოველთვის ჰქონდა თავისი კონკურენტუნარიანობის განცდა, ამიტომ ის მუდამ სიმაღლისკენ მიისწრაფვოდა, მაგრამ დღეს რაც ხდება, ერის სულიერი დეგრადირების გამოხატულებაა. და ამის გამოვლინებებია დამოკიდებულება ვაქცინებისადმი, კოვიდისადმი, ფეხბურთისადმი, არჩევნებისადმი. ერს, რომელსაც არ აქვს თვითორგანიზების მაღალი ხარისხი, არ აქვს თავისუფლების ხარისხიც. დღეს ინდივიდებს წაახალისებენ რადიკალური შეხედულებების გამო და არა იმიტომ, რომ ერთად მოვიფიქროთ და გადავწყვიტოთ. არადა ილია ჭავჭავაძის იდეაა მორიგება – თაობების, რელიგიისა და მეცნიერების, ამ დროს კი, სწორედ, ილია ჭავჭავაძეს უპირისპირდებიან. ილიას სურათი ეკიდათ ბოლშევიკებსაც და რა მერე?! დღესაც უკიდიათ, მაგრამ ილიას გზით მიდიან? არა! „სტუმარ-მასპინძლის“ ერად მოგვაქვს თავი და მეორე კაცის შემწყნარებლობა არ ვიცით, თითქოს რუსთაველით ვამაყობთ, მაგრამ რუსთაველის რომელ ღირებულებას ვიზიარებთ დღეს?!

– არც ერთს. მეტიც, ლაშა ბუღაძეს თავის გადაცემაში ნიკა გვარამია ჰყოლია მიწვეული „ვეფხისტყაოსანზე“ სასაუბროდ და დაუსკვნიათ, რომ ტარიელსა და ავთანდილს ჰომოსექსუალურად უყვარდათ ერთმანეთი.

– ისინი, რადგანაც სიღრმისეულად ვერ იაზრებენ, ასე იგებენ. თუ ვინმეს „ვეფხისტყაოსანზე“ უნდა საუბარი, აგერაა „ვეფხისტყაოსნის“ ცოცხალი ლეგენდა ნოდარ ნათაძე, რომელიც 50 წლის წინათ იყო „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და თავის დროზე შოთა რუსთაველის იუბილეს 850 წლისთავის ორგანიზატორი. მაგრამ მათ არ აინტერესებთ შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის სიღრმისეული ანალიზი. ეძებენ რაღაცას, რაც შებღალავს ავტორს, ნაწარმოებსა თუ ღირებულებას და სწორედ, ესაა ბოლშევიზმი. აბა, სხვა რით უნდა გამოიჩინოს თავი გვარამიამ ან ბუღაძემ, თუ არა ასეთი სკანდალური და ეპატაჟური განაცხადებით?! სხვა მეტი ვერაფერი ნახეს „ვეფხისტყაოსანში“?! ილია ჭავჭავაძეს ათასი წერილი მაინც აქვს დაწერილი რუსეთის უარყოფით როლზე და რომელიღაც ჩინოვნიკისადმი გაგზავნილ პირად წერილებში, სადაც ცდილობს, რაღაც გააკეთებინოს ქართველებისთვის, დადებითი თუ აქვს ნათქვამი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, აი, ამას იხვევენ ხელზე, რუსეთუმე იყო ილიაო. საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, საკუთარი მცდარი აზრების გასატანად არ ერიდებიან ავტორიტეტებსა და ღირებულებებს და ბოლშევიზმიც სხვა არაფერია.

– მე კი ვფიქრობ, რომ საზოგადოების წვლილიცაა ასეთი მასობრივი გაბოლშევიკება, მაგრამ, მაგალითად, როდესაც გამოდის გამყრელიძე, ხელისუფლების ნაწილი და ამბობს, რომ, ვინც აიცრება, შეღავათებს დავუწესებთ. ეს ხომ ოფიციალური ნაციზმია?

– ემსახურებიან რა ხელისუფლებას და არც თუ უანგაროდ, მათ უწევთ ასეთი შეკვეთების შესრულება. ნამდვილად დავიჯერებდი, რომ კომენდანტის საათი საჭიროა, თუ ხელისუფლება ამას დაიცავდა. დამაჯერებდა კოვიდაცრების დამცველთა პათოსი, რომ არა მათი ანტიეკლესიური გამოსვლები. როგორ? წინა წელს, ხელისუფლება რომ არ მიდიოდა სააღდგომო ლიტურგიაზე, კივილი ატეხე, კუბოების რიგი დადგებაო და წელს, თურმე, წასვლა შეიძლებოდა?! აი, ესაა ბოლშევიზმი, როდესაც ხელისუფლება პარტნიორად არ განიხილავს სამოქალაქო საზოგადოებას, თუმცა ის არც არსებობს, იმიტომ რომ თავისით არ იქმნება, ჩვენი არც ერთი ხელისუფლება კი არ არის დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების შექმნით.

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 30.06

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress