მამუკა გიორგაძე: „სახელმწიფოს დასუსტება და ინსტიტუტების მოშლა რუსეთის ამოცანებში შედის“
მარიამ მჭედლიშვილი
რამდენიმე აქტუალურ საკითხზე
„ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ წინა ინტერვიუში განაცხადეთ, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველოს არც ერთმა ხელისუფლებამ არ გაატარა არც ერთი დასავლური დემოკრატიული რეფორმა. ისიც თქვით, რომ დავწინაურდით ლგბტ-საკითხებში. ამჟამად ქვეყანაში პოლარიზაციას და ვნებებს სწორედ ეს თემა იწვევს: „თბილისი პრაიდის“ მიერ 5 ივლისიდან დაანონსებულ აქტივობას რადიკალურად განწყობილი მოწინააღმდეგეები ჰყავს.
_ მადლობა აქცენტების სწორი დასმისათვის. მართლაც, არ განხორციელებულა და ბოლომდე არ მიყვანილა არც ერთი რეფორმა. როცა ვსაუბრობთ დასავლურ ღირებულებებზე, ვგულისხმობთ იმას, რომ ეს იმავდროულად არის ქართული ღირებულებები და ჩვენ ამის იმპორტირება არ გვესაჭიროება. დასავლეთში დიდი ყურადრება ექცევა ადამიანის უფლებებს, თვითმმართველობას, დამოუკიდებელ და ძლიერ სასამართლოს, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას. დემოკრატიულ სახელმწიფოებში უზრუნველყოფილია ყველას უფლებები. რასაკვირველია, უმცირესობებსაც იცავენ. საქმე ისაა, რომ ჩვენსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის დიდი სხვაობაა.
_ რა სხვაობა?
_ დასავლეთში ლგბტ-საკითხები არის ერთ-ერთი 100 მთავარ თემას შორის. ჩვენთან ასე არაა. ბოლო პერიოდში საქართველოში ლგბტ-საკითხი, „ღირსების მარშის“ გამართვა-არგამართვა გახდა ყველაზე მთავარი. მან გადაფარა ყველა პრობლემა. პოლიტიკაც ეს არის, ეკონომიკაც, საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრებაც. არ მახსოვს, როდის განიხილეს ტელეარხებზე აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემები. თავის დროზე, ცხინვალის რეგიონში 60 000 კაცი ცხოვრობდა. 100 000 ოსი დასახლებული იყო დანარჩენ საქართველოში. ჩვენ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა და ძმობა გვქონდა. იმის მაგივრად, რომ ვიფიქროთ მათთან, ასევე აფხაზებთან მისასვლელ გზებზე, სხვა გადაუჭრელ საკითხებზე, მთელ დროსა და ენერგიას ვხარჯავთ ლგბტ-თემატიკაზე.
_ ამ პროცესს თან ახლავს ანტიდასავლური პროპაგანდა. მოსახლეობაში ინერგება აზრი, ლიბერტარიანული და ლიბერალური მიმართულების პოლიტიკური პარტიების უკან დასავლეთი დგას.
_ დასავლეთი მოგვიწოდებს, მივხედოთ საარჩევნო, სასამართლო რეფორმებს, ავაშენოთ ინსტიტუტები. საზოგადოების ჯგუფებად დაყოფა და ერთმანთთან დატაკება არ შედის დასავლეთის ინტერესში. ვინც ცდილობს ხალხის მთელი ყურადღების გადატანას ამ თემაზე, იმას არ აწყობს რეფორმების გატარება, მაგალითად, ნორმალური სასამართლო სისტემის, ასევე თვითმმართველობის ჩამოყალიბება. არასტაბილურობა, რადიკალების შეჯახება, ეკლესიაზე მიზანმიმართული შეტევები არ მომდინარეობს დასავლეთიდან. აგერ, 4 თვეა დარჩენილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და კაციშვილს არ ახსენდება, რომ არ არ გვაქვს ნამდვილი თვითმმართველობა, რომ გასაზრდელია იმ ერთეულების უფლებები, სადაც უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობა. მაგალითად, ჩოხატაურს, ჩხოროწყუს და სხვებს მიეცეთ თავისი მიწების განკარგვის უფლება. სოფლები მთლად უუფლებოა. მათთვის იურიდიული სტატუსიც კი არ არსებობს.
_ ნამდვილი თვითმმართველობა სხვა დროსაც არ ახსოვდათ. მომავალი არჩევნები სხვა დატვირთვის მატარებელიცაა და თვითმმართველობაზე, თქვენს გარდა, ალბათ, არავინ ილაპარაკებს.
_ ყველას აინტერესებს შეთანხმებაში ჩაწერილი 43%. სადაც შეგვეძლება, ჩვენ ვილაპარაკებთ თვითმმართველობაზე. არჩევნებზე სადაც შესაძლებელი იქნება, კანდიდატებსაც წამოვაყენებთ.
_ ლგბტ-პრაიდის გამო დაპირისპირება ვიღაცის ინტერესში შედის?
_ ცხადია. სპორტში არის ასეთი წესი-ერთ ტურნირში, უეფას წესდებით, ერთ მეპატრონეს არ შეიძლება ჰყავდეს ორი გუნდი. ქართულ პოლიტიკაში ამის საწინააღმდეგო (არაოფიციალური) ტრადიციებია განვითარებული.
_ რომელი ტრადიციები?
_ ერთ მეპატრონეს ჰყავს 15 და მეტი პოლიტიკური პარტია. ეს განსხვავებული ძალებია. მათი წარმომავლობა ინიღბება. ზოგი პროდასავლურის როლს თამაშობს, ზოგი-ეროვნულის, ზოგი-პრორუსულის. ეს არის რუსული სპეცსამსახურების სფერო. 45 წელიწადია ვმონაწილეობ და ვაკვირდები პროცესებს. როცა ვსაუბრობ რუსეთის აქტიურ მონაწილეობაზე საქართველოს პოლიტიკაზე, ვეყრდნობი არა მარტო ჩემი დაკვირვების შედეგებს, არამედ, სარწმუნო ინფორმაციასაც. რუსეთს უნდა საქართველოს სახელმწიფოს ნგრევა. სახელმწიფოს დასუსტება და ინსტიტუტების მოშლა რუსეთის ამოცანებში შედის. კრემლი თბილისში ჯარს ვერ შემოიყვანს. ახლა კი არა, 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების შემდეგ გაიყვანა რუსეთმა არმია დედაქალაქის ქუჩებიდან. ტანკების შემოყვანის მაგივრად რუსეთი ეწევა დამანგრეველ მუშაობას. ამაში მას ეხმარებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები. ვიღაცას რომ ისინი მედასავლეთეები ჰგონია, ეს არაფერს ნიშნავს. შტირლიცზეც ეგონათ, რომ გერმანიას ემსახურებოდა, სინამდვილეში ის სტალინის საქმეს აკეთებდა. მიმდინარეობს ბრძოლა სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის წინააღმდეგ. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო ვაშენოთ და რეფორმები ვატაროთ, დაკავებული ვართ სხვა საკითხებით. ცუდია, რომ ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობს სახალხო დამცველი.
_ კერძოდ?
_ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიკერძოებულია, მათ შორის, საეკლესიო თემატიკის მიმართ. მან გამოამჟღავნა ანტიეკლესიური მოქმედებები. ეს გამოჩნდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხში. ეს პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ლგბტ-პრობლემებსაც არასწორად წარმოაჩენს. არ მომწონს სახალახო დამცველის საქმიანობა, მაგრამ მისი გადაყენების მოთხოვნა არასერიოზულად მიმაჩნია.
_ რატომ?
_ იმტომ რომ ლომჯარიას არავინ არაფერს ჰკითხავს. პასუხი უნდა მოვთხოვოთ იმას, ვინც ლომჯარია დანიშნა.
_ „ქართული ოცნების“ ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის უმრავლესობის სხვა წევრები მიზანშეუწონლად მიიჩნევენ „ღირსების მარშის“ გამართვას ლგბტ-ღონისძიებების ფარგლებში. გგონიათ, რომ მათი განცხადებები თვალთმაქცურია?
_ დიახ, ეს არის ფარისევლობა. მათი როლია, სიტყვიერად შეეწინააღმდეგონ პრაიდს, ლომჯარიამ სხვა როლი უნდა შეასრულოს. არის კიდევ ერთი პარტია-„გირჩი“. მისი ლიდერები „გასაბერი ეკლესიის“ საშუალებით ხელს უშლიდნენ გაწვევას საქართველოს ჯარში, ასევე საჯაროდ ახდენდნენ მარიხუანის მოხმარებას, მოხმარების რეაკლამირებას. ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები. არავინ დასჯილა. ხდება ასეთი გამრუდებების სტიმულირება. დასავლელი პარტნიორები არ გვეუბნებიან, რომ სახელმწიფო უნდა დავანგიოთ და ლგბტ-საკითხები უნდა იყოს ყველაფრის სათავე. იმისთვის, რომ უმცირესობები დაიცვა, უმრავლესობის უფლებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
_ ჩვენთან არ არის უზრუნველყოფილი?
_ ჩვენთან ყველაფრის პრობლემა დგას. დასავლეთში ჯერ დემოკრატია დაამყარეს, უმრავლესობის უფლებები დაიცვეს, მერე მიხედეს ლგბტ-თემის უფლებებს. იქ ეს ერთ-ერთი საკითხია. რასაც მოგვიწოდებენ-საარჩევნო, სასამართლოს რეფორმების განხორციელებას, -იმას არ ვაკეთებთ. ხდება ამ პრობლემების გადაფარვა და რადიკალების გააქტიურება ორივე მხრიდან. ხალხი ნიჰილიზმშია. ბევრს არ ესმის, რატომ უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი.
_ ამას ახსნა სჭირდება?
_ პროცესები არასწორად წავიდა. რუსეთის მონდომებით ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობამ ადამიანებს გაუჩინა პესიმიზმი. ადამიანებს ვერ გაუგიათ, რომ დამოუკიდებლობა მომგებიანია. ქვეყნის დამოუკიდებლობა ისეთივე სასარგებლოა, როგორც საკუთარი ბინის ან სახლის და ბიზნესის ქონა. რუსეთის სპეცსამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობისადმი არასწორი მიდგომა ჰქონოდათ.
_ ეკლესიაზე შეტევა ახსენეთ. რამდენად სწორია, როცა ამ საკითხს პოლიტიკური პარტიები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ?
_ ამ საკითს ვერავინ ვერ გამოიყენებს. ვერც ერთი პარტია ვერ გამოიყენებს ეკლესიის თემას საკუთარი მიზნებისთვის. ამის უფლებას უფალი არ მისცემს. როცა უფალთან ვიყავით, მაშინ ჰქონდა საქართველოს გამარჯვებები. ისტორიულად ასე ხდებოდა. უახლეს ისატორიაში ამის მაგალითია საქართველოს დამოუკიდებლობა. დამწუხაროდ, ჩვენ ეს დამოუკიდებლობა ვერ გამოვიყენეთ და დავუშვით, რომ პროცესები არასწორად განვითარებულიყო. თუმცა, მდგომარეობის გამოწრორების შანსი არსებობს.