თბილისში ვიზიტის დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მიმართ: „ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, …რომლებიც უნდა გადაილახოს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას არსებული პოლიტიკური კრიზისი”. გამოკვეთა პოლიტიკური ამოცანაც – პოლარიზაციის დასრულება საშუალებას მისცემს „პოლიტიკურ აქტორებს მათი მთელი ყურადღება კოვიდ პანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი და საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ“.
აქვე ავღნიშნავთ, რომ თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებები, დროში დაემთხვა საქართველოს პრემიერის ადრე დაგეგმილ ვიზიტს ბრუსელში ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების მიმდინარეობაზე, ანგარიშის წარსაგენად. ანუ, ხელისუფლებას ისედაც უნდა ჰქონოდა პასუხი ევროკავშირის ხელმძღვანელობისთვის ქვეყანაში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ.
ამ რეფორმების ნაწილი, რომლებიც ქართული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გააჟღერა შარლ მიშელმა თბილისში ევროკავშირის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკების დროსაც.
შარლ მიშელმა (ევროკავშირმა) 6 პუნქტიან გეგმაში შეიტანა 3 საკითხი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გაწერილი გეგმის მიხდვით საქართველოს ისედაც შესასრულებელი ჰქონდა ანუ, ისეთი პუნქტები რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშეც უნდა შეასრულოს!!!
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა, საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის.
- კანონის უზენაესობა / სამართლის სისტემის რეფორმა, რომელიც მოიცავს : – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს; – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საკითხები; – კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებელ რეფორმებს.
- პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა სამართლიანი გადანაწილება – საგამოძიებო კომისიის, პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება.
,,ქართულ ოცნებას” შეუძლია და ვალდებულიცაა პარლამენტის თუნდაც ამ განლაგებით, ოპოზიიის გარეშეც, შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აუცილებლობა და მეორე – ვალდებულება გვაქვს ევროკავშირის წინაშე!!!
თავის მხრივ, ოპოზიცია, მმართველ ძალასთან სხვა საკითხებში დაპირისპირების დროსაც კი, საღი აზრის პოზიციიდან გამომდინარე, ვალდებულია ხელი შეუწყოს ამ პროცესს.
ბ-ნი მიშელის გეგმის შემდეგი 2 საკითხი დაპირისპირების ღიად გაცხადებული საგანი იყო – 4. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხის გადაჭრა, 5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მე-6 პუნქტით კი გათვალისწინებულია მედიაციის გაგრძელება, რომელიც მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის საგზაო რუკას მოიცავს და პროცესის განგრძობად და ქვეყნის ჯანსაღ პოლიტიკურ სივრცეში გადაყვანისთვისაა საჭირო.
ვითარების განმუხტვის პროცესის ნაცვლად რეალურად მივიღეთ უაზრო ისტერია:
სახელმწიფოს ბედზე მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა (ამის შესახებ პრემიერს შეახსენეს ბრუსელში). მას აქვს რესურსი შეასრულოს ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულება. მან უნდა უზრუნველყოს ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარება და ეროვნული ამოცანების რეალიზების დროს საზოგადოების კონსოლიდაცია.
ხელისუფლების ვალდებულებაში შედის კრიზისულ ვითარებაში პროცესების ჯანსაღ კალაპოტში მოქცევა, დაძაბულობის განმუხტვის საქმეში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური ჩართულობის ხელის შეწყობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ყველა დესტრუქციული ძალის, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის და მისი განაყოფების პოლიტიკური ველიდან ბუნებრივად ჩამოსცილებისათვის.
ასეთ შეთხვევაში, დღეს აქტუალური ნაციონალური მოძრაობის ახირებები ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდებოდა და მეტიც, წინასწარ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით როგორც მოსახლეობის, ასევე დასავლეთის რეაქცია დადებითი იქნებოდა.
ოცნებამ „პროცესების მართვის“ სხვა გზა აირჩია – მათი არაბუნებრივი „სიხისტე“, რომელიც დაძაბულობის შემცირების ნაცვლად ზრდის ემოციურ ფონს, სტიმულს აძლევს ოცნების და ნაციონალური მოძრაობის „უმწვავესი“ დაპირისპირების წარმოჩენასა და ვითარების კიდევ უფრო „დამძიმებას“.
დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და კეთილგონიერების, თუნდაც ყველაზე დაბალი ნიშნულის, მქონე ოპოზიცია მაქსიმალურად ეცდებოდა გამოეყენებინა უცხოელი პარტნორების ძალისხმევა და ქართული საზოგადოების ინტერესი პოლიტიკური მართლმსაჯულების გარანტირებული აღკვეთისა და რეალური თვითმმართველობის განხორციელების საქმეში. შეეცდებოდა მოეხსნა არსებული დაპირისპირება და ევროპული სტრუქტურებისა და მოსახლეობის მხარდაჭერით აეძულებინა ხელისუფლება ქვეყნისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. რითაც ქვეყნის საქმესაც გააკეთებდა და მოსახლეობის გარკვეულ კეთილგანწყობასაც მოიპოვებდა, როგორც პატიმრების გათავისუფლების ასევე, პოტენციური ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საქმეში.
„რატომღაც“ ოპოზიციამ ეს არ გააკეთა და არ შეეცადა საზოგადოების ნეიტრალური ნაწილის მხარდაჭერის მოპოვებას. ასევე, გაუგებარია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა საარჩევნო კოდექსში კარდინალური ცვლილებების (რასაც ევროპელი მედიატორები ითხოვენ) შეტანამდე.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ შეგნებულად ხდება არსებითი და მიმდინარე საკითხების ერთმანეთში აღრევა, არასწორი მოცემულობის შექმნა და საზოგადოების დეზირფორმირება. ორივე მხარემ სათავისოდ იყენებს მოლაპარაკების დროს დეტალების არგასაჯაროების საზოგადოდ მიღებული პრაქტიკას და საზოგადოებას უმალავს პრობლემის რეალურ არსს.
თუმცა, ეს შეეხო მხოლოდ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, მაგრამ მაქსიმალური ტირაჟირება გაუკეთეს ხელოვნურ პოლარიზაციას, ერთმანეთის რუსულ ძალად წარმოჩინებას და მძიმე პოლიტიკური კრიზისის გამო პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაკისრების მტკიცებას.
მაგრამ მთავარი ის არის, რომ რაც საქართველოში ხდება არ არის „ქართველი პოლიტიკოსების“ პოლიტიკური „აზროვნების“ ნაყოფი. ის მთლიანად ჯდება რეგიონში მიმდინარე პროცესებში. ღიად იკითხება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების სურვილი მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ კავკასიაში მის გარეშე ვერავინ ვერ „დაალაგებს“ სიტუაციას.
პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსი კი ნოყიერი ნიადაგია რუსული სპეცსამსახურებისა და მათი „ქართველი“ გავლენის თუ ნომრიანი აგენტების, ქვეყნის ხარჯზე, საკუთარი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, არც ამ უკანასკნელთ აქვთ გარანტირებული მდგომარეობა – თუ დავალება კარგად ვერ შეასრულეს ახალი აქტორების დაშვება მოედანზე პატრონებს არ გაუჭირდება.
ამის ფონზე, ნაციონალური მოძრაობის და ოცნების „გაჯიქება“ და „რადიკალიზმი“ ერთი მხრივ და მეორე მხრივ ევროკავშირის უპრეცედენტო აქტიურობა, ამ ხელოვნური პოლარიზაციის დასამთავრებლად, გასცდა საქართველოს საშინაო საკითხს და დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირების სიბრტყეში გადადის.
ამიტომაც, გაკვირვებულმა დანიელსონმა შეხვედრა დაიწყო იმით, რომ პირდაპირ უთხრა პროცესში მონაწილე „ქართველ პოლიტიკოსებს“: „თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის რუსულ ინტერესებში“.
ის არ იტყვის, მაგრამ ჩვენი მწარე გამოცდილებით ხომ ვიცით, რომ ამ ინტერესში შედის რუსეთისგან მართვადი, დაპირისპირების მუდმივი ესკალაცია საქართველოში და ახლა ჩვენ უნდა დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა: ვის მხარეს დგას ე.წ. „ქართული პოლიტიკური ელიტა“ საქართველოს თუ რუსეთის! და მივიღოთ პასუხის შესაბამისი გადწყვეტილება!
მამუკა გიორგაძე 03.23.2021 tbilisipost.ge
სახალხო პარტია