ახალი თაობა 1.04.2021 მამუკა გიორგაძე – ნიკა მელიას პატიმრობა ნაციონალურ მოძრაობას „კაიტიპობისთვის“ სჭირდება.
„უშედეგო მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქაოსსა და დესტრაბილიზაციას, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის მიერ“
„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება თავისი რესურსებითაც შეუძლია“
ვისი ინტერესი დგას დიდი ტელევიზიების უკან?
მარიამ მჭედლიშვილი
ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების მეორე რაუნდის ჩაშლისა და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესახებ „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ კიდევ ერთი მედიაცია ევროკავშირის მონაწილეობით უშედეგოდ დამთავრდა. ალბათ, ეს ფინალი ამ ეტაპზე მოულოდნელი არ ყოფილა?
_ ამას მოველოდით. ეს სავალალო სიტუაცია არ იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ არავისთვის არ იყო საიდუმლო, რა ნაბიჯებს დგამდნენ მხარეები. ვითარება შეთანხმებისკენ არ მიდიოდა. მედიატორის საბოლოო დოკუმენტს ასეთი სახე იმიტომ ჰქოქნდა, რომ როგორმე მიღწეულიყო კომპრომისი. მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა ყველა ღონე იხმარა, მაგრამ პოლიტიკურ მოთამაშეებთან ვერაფერს გახდა.
_ დააზუსტეთ.
_ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი რუსეთის თამაშს თამაშობს. ქაოსი და დესტაბილიზაცია რომ კრემლის ინტერესს შეესაბამება, ეს მედიატორებმაც განაცხადეს. უშედეგო მოლაპარაკებებიც ხელს უწყობს ქაოსსა დესტაბილიაზციას, რომელიც ორგანიზებული რუსეთის მიერ.
_ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თქვით, რომ ქვეყანაში რუსეთის ორგანიზებით გააქტიურდა მართვადი ქაოსი.
_ შემიძლია იგივე გავიმეორო. დააკვირდით, რა პროცესები ვითარდება პოსტსაბჭოთა სივრცეში-იქ, სადაც დიდია რუსეთის გავლენა და ძლიერია რუსეთის აგენტურა. მარტო საქართველოში კი არა, ყველგან არის ქაოსი, კლანების დაპირისპირება, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის შეფერხება ან ინსტიტუტების მოშლა და დასუსტება, ასევე კორუფცია. კორუფცია ამ სივრცეში მხოლოდ ფაქტს არ წარმოადგენს. კორუფცია პროცესების წარმმართველია. ეს პროვოცირებულია რუსეთიდან. კრემლი ამით დასავლეთს ატყობინებს, რომ ეს მისი გავლენის ტერიტორიებია. ის, რაც საქართველოში ხდება და ამ დღეებში მიმდინარეობდა, სინამდვილეში არის დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის.
_ არენაზე პროდასავლური ძალების გარეშე?
_ რასაკვირველია. არც ერთი მათგანი არაა პროდასავლური. რუსეთუმეობას ერთმანეთს აბრალებენ. დანიელსონმა დაახლოებით ეს აზრი გვითხრა-ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვები, ხელი შეგიწყვეთ, სახელმწიფოს კი ჩვენ ვერ აგიშენებთო. ეს ვითარება ახალი არ არის და 30 წელიწადია გრძელდება. განა რას გვირჩევს ისეთს ევროკავშირი (საერთად, დასავლეთი), რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყოს? გვაძლევენ რეკომენდაციას, მივიღოთ კარგი კანონმდებლობა არჩევნების შესახებ, გავატაროთ ნამდვილი სასამართლო რეფორმა, დავამკვიდროთ დემოკრატიული სამართლიანი მართლმსაჯულება. დასავლეთს ეს შეუძლია, აბა რუსეთივით ვერ იმოქმედებს.
_ ჩვენ რით ვპასუხობთ?
_ ჩვენ ვპასუხობთ სპექტაკლებით, „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირებით. ამას ახლავს ემოციური ფონი. ყველაფერი გადადის ხალხის კისერზე. აქტიურ პოლიტიკურ სპექტრში საზოგადოების ინტრესებს არავინ იცავს. დამოუკიდებელი, ხალხის პრობლემების გამზიარებელი სუბიექტი მათ შორის არ ჩანს. ასეთ ძალებს დაბრკოლებებს უქმნიან. იმის მაგივრად, რომ განიხილონ მართლმსაჯულების საკითხი, დავა მიდის იმაზე, გამოუშვან თუ არა მელია და რურუა. ეს აბსურდამდე დადის. ან რა გახდა ცოტა ხნით ციხეში ჯდომა? შე კაი დედმამიშვილო, გიორგი სააკაძემ შაჰ აბასის კარზე ანგელოზივით შვილი დატოვა და თქვენ ორი თვე ციხეში ვერ რჩებით? მოგვეწესრიგებინა მართლმსაჯულების პრობლემა და ეს პატიმრები ისედაც გამოვიდოდნენ. ნიკა მელიას პატიმრობა ნაციონალურ მოძრაობას ჰაერივით სჭირდება.
_ რისთვის? ყურადღების მისაპყრობად?
_ „კაიტიპობისთვის“. ამით კაიბიჭობის საბაბი ეძლევათ. ნაციონალებს სიხისტეს უხვედრებენ „ქართული ოცნების“ წევრები.
_ ზოგ ლიდერზე ამბობენ, ბუნებით კონფლიქტური და ხისტიაო.
_ არა. ასეთები რომ იყვნენ, ხელის ბიჭები ვერ გახდებოდნენ. როგორ შეიძლება ხელის ბიჭი იყოს პრინციპული და ხისტი? ვინც ასეთად გვაჩვენებს თავს, იმას ასეთი როლი აქვს მიკუთვნებული. საარჩევნო კანონმდებლობა ავიღოთ. ამისთვის სულ არ არის საჭირო ნაციონალური მოძრაობა.
_ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსის მიღება ისედაც შეუძლია?
_ რასაკვირველია. „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება თავისი რესურსებითაც შეუძლია.
_ ბარიერს ვერ დაწევს.
_ ბარიერის დაწევას ესაჭიროება საკონსიტუციო უმრავლესობა, რომელიც მმართველ პარტიას არა აქვს, მაგრამ საარჩევნო ბარიერი მთავარი არ არის. თუ ნორმალურ საარჩევნო კანონმდებლობას მიიღებ, სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ბარიერი არ წყვეტს ყველაფერს. ამდენი ადამიანი რომ გამოვიდა ქუჩაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ, ამაზე ხომ შეიძლებოდა რეაგირება!
_ თქვენც მიიჩნევთ, რომ მისი აშენება არ შეიძლება?
_ მეც მაგ აზრისა ვარ. ნამახვანჰესის კაბალური ხელშეკრულებით ვერც ენერგომადოუკიდებლობას მოვიპოვებთ და ვერც ეკონომიკას ვუშველით. ხომ შეიძლება, ხელისუფლებამ ითანამშრომლოს საზოგადოებასთან, სხვა პოლიტიკურ ძალებთან. „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს დალაპარაკება სხვებთან, მაგალითად, ჩვენს სახალხო პარტიასთან. ურჩევნია, ნაციონალებს ეკამათოს.
_ ასეთი დიალოგი რომ შედგეს, სასწარაფოდ მოსაგვარებელი საკითხებიდან რომელს წამოსწევდით?
_ იმას, რასაც ევროკავშირი გვეუბნება. უნდა შეიქმნას ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრცე. მოსაწესრიგებელია საარჩევნო კანონმდებლობა და დასამკვიდრებელია ნორმალური მართლმსაჯულება. პოლიტიკურ სუბიექტებს უნდა მიუდგნენ ჯანსაღი კრიტერიუმებით. უნდა იყოს კონკურენტული გარემო. სულ გავიძახი, რომ მისაღებია ლუსტრაციის კანონი. სასწარაფოდ გადასაწყვეტი ესაა. ნახევარსიმართლე არ არსებობს. სრულ სიმართლეს კი ვერ გაიგონებ ტელევიზიებში. „ქართულ ოცნებას“ და ნაციონალურ მოძრაობას გადანაწილებული აქვთ ტელესივრცე. „იმედს“ და „მთავარს“ რომ უსმინო და უყურო, იფიქრებ, რომ სხვადასხვა საქართველოში ცხოვრობ. ესეც პოლიტიკის შემადგენელია. აქ გარკვეული სქემები მუშაობს.
_ რა სქემები?
_ იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობა სიღატაკის ზღავრზეა, ტელევიზიებში უზარმაზარი ფული ტრიალებს. დადგენილია, რომ დიდი არხები თავს ვერ ინახავენ. მათ სჭირდებათ დოტაცია. დოტაციები მისდით მათგან, ვისი ინტერესიც დგას დიდი ტელევიზიების უკან. ეს პოლიტიკური ინტერესია. საქართველოში პოლიტიკას განაგებს რუსეთი. გარკვეული პირები იღებენ დივიდენდებს და დებენ ფულს ტელევიზიებში. რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობენ პოლიტიკურ სპექტაკლებში. მათთან დაკავშირებული ხალხი დგას ტელევიზიების უკან. გადაცემის წამყანი, რომელიც 40 000-იან ხელფასს იღებს, გულს ისაწყლებს მშიერი ადამიანის ეკრანზე ჩვენებით. აი, ესაა ტელევიზიების სახე. ტელევიზიები აქტიურად არიან ჩართული პოლარიაზაციაში და სიტუაციის დაძაბვაში. ეს რომ საქმეზე კამათი და იდეათა ჭიდილი იყოს, მისასალმებელი იქნებოდა, მაგრამ ეს აქტორები ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობას.
_ ნაცმოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მეორე უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ზეწოლას მოახდენენ „ქართულ ოცნებაზე“ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ევროკავშირი რომ პროცესში ჩაება, ეს საქართველოს არცერთი პოლიტიკური ძალის დამსახურება არ არის.
_ ცხადია. ნაციონალური მოძრაობა ოსტატურად ინიღბება. იცის, რომ კანონების მიღებაზე, რეფორმაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. ამიტომ, ნებისმიერ კრიტიკას დასავლეთიდან საკუთარ ძალისხმევად ასაღებს. „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს ასეთი ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობას რამე რომ მოუვიდეს, „ქართული ოცნება“ ხუხულასავით ჩამოიშლება.
_ არსებობს მოსაზრება, რომ „ოცნებას“ გიორგი გახარიაც ჩამოშლის, თუ ხალხი მმართველი პარტიიდან მასთან გადავიდა.
_ გიორგი გახარია ახალი აქტორია პოლიტიკურ თამაშში. რუსეთს რაღაც ეტაპზე ყოველთვის შემოჰყავს ახალი გმირი. ადრე იყო პაატა ბურჭულაძე, და ა. შ. პიესაში რომ წერია ხოლმე, „იგივე მონაწილეები და ახალი პერსონაჟი“. შეგვიძლია ვთქვათ „იგივენი და გახარია“. ეს საჭიროა მოვლენების დრამატიზებისა და მიზანსცენებისათვის. მთავარია, მოედანზე დამოუკიდებელი მოთამაშე შემოვიდეს, რომელიც დაშლის ამ სისტემას და დაამთავრებს რუსეთის ბოგინს ქართულ პოლიტიკაში. ქვეყანას ეს გადაარჩენს.