რატომ გაიყვანეს ქართული პოლიტიკური ველიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში პროფესიონალები და ჩაანაცვლეს პოლიტიკური ჯამბაზებით

mamuka 123

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ, რომ სინდისი ეს გრძნობაა, რომლითაც ადამიანი საკუთარ ქმედებას აფასებს და აკონტროლებს. ჰოდა, თუ ჩვენებურ პოლიტიკოსებს გადავხედავთ, იოლად შევამჩნევთ, რომ მაკონტროლებელი ფუნქცია ამ გრძნობას დაუკარგავს. 

მაგალითად, ნინო ბურჯანაძე იოტისოდენა უხერხულობასაც არ გრძნობს, რომ პოლიტიკურად ეჭუკჭუკება პოლიტიკურ ძალას, რომელმაც 2009 წლის 26 მაისის ღამეს მისი მომხრეების სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი (არადა ისინი სწორედ ქ-ნ ბურჯანაძის მოწოდებით იმყოფებოდნენ იქ), შესაბამისად, მათთან ჭუკჭუკის ფაქტით სრულად ათავისუფლებს ჩადენილზე პასუხისმგებლობისგან, შალვა ნათელაშვილიც არანაკლებ პოლიტიკურ ჭუკჭუკშია პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ „ლეიბორისტების ლიდერი“ რუსეთის აგენტია, ისევე, როგორც „რესპუბლიკელები“, მაგალითად, სანდო წყაროთა მტკიცებით, თაკო ჩარკვიანის წრეგადასული (აღზრდა არ მაძლევს უფლებას, დავწერო ისტერიკა, ამიტომ ვიტყვი) ლანძღვა-გინების საფუძველი მხოლოდ ისაა, რომ ის „ოცნებამ“ კულტურის მინისტრად არ დანიშნა, მაგალითად, მამუკა ხაზარაზე ხელისუფლებას ედავება ლარის გაუფასურებას, არადა ლარის კურსს (არსებული წესით) სწორედ „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ ადგენენ (მარტივად რომ ვთქვა), მაგალითად, გიორგი უგულავა უკვე ისე მიეჩვია ყვირილსა და დებოშის მოწყობას, მისი ადრინდელი მესგან აღარაფერია დარჩენილი… ერთი სიტყვით, მაგალითების გაგრძელება უსასრულოდაა შესაძლებელი, რომლებიც ადასტურებს, რომ ქართული პოლიტიკური კულტურა ჩასცდა ფსკერსაც კი. მიაქცევდით ყურადღებას, რომ ყურადღება მხოლოდ ოპოზიციაზე გავამახვილე და იმას გარდა, რომ ხელისუფლებას არ ახასიათებს თავის მოგიჟიანება, სხვა მიზეზიცაა: თუ შემცვლელი შესაცვლელზე უკეთესი არაა, შეცვლას აზრი არ აქვს და სწორედ ესაა, ჩემი აზრით, ქართული პოლიტიკური სისტემის ტრაგედია.

ჩემი დაკვირვებით, დამოუკიდებლობის 30 წელი მოწმობს მხოლოდ ერთს: დამოუკიდებლობისთვის მზად ჩვენი საზოგადოება არც მაშინ იყო და ახლა, მით უმეტეს, არაა. ამას აქვს, ბუნებრივია, თავისი მიზეზები, რასაც მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.

– თავად გაეცით პასუხი დასმულ შეკითხვას. არაფერი განსაკუთრებული არ გვჭირს. პრობლემა ისაა, რომ ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური კლასი. მივეჩვიეთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვება ერთჯერადი აქტია და ამის შემდეგ თავისით აეწყობოდა ყველაფერი. მაგრამ ასე არ ფიქრობდა მოწინააღმდეგე ძალა, მან მაქსიმალურად გამოიყენა ჩვენი ეს უგერგილობა და ფაქტობრივად, თავს მოგვახვია თავისი თამაში. თამაში კი ასეთია: ჯანსაღი ეროვნული ცნობიერების მქონე, რეალურად ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადამჭრელი ადამიანები გაიყვანეს პოლიტიკური ველიდან და შემოგვთავაზეს ის ჯამბაზები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ. რა არის მოწინააღმდეგის მთავარი ინტერესი? რომ ამ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე არ ჩამოყალიბდეს სახელმწიფო. ამისთვის კი საჭიროა, რომ მშენებლობაში ჩართო ისინი, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოს მშენებლობა. სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკაა, რომ ბუნებრივად გამოიყურებდეს ესა თუ ის ოპერაცია. მაგალითად, ვინმეს ავარიაში მოყოლა თუ გჭირდება, ამისთვის ყველაზე ბუნებრივია, მძღოლად დასვა ადამიანი, რომელმაც ტარება არ იცის და ის რომელიმე მოსახვევში აუცილებლად ამოტრიალდება. თუ გეჩქარება ავარია, შეგიძლია, დამატებით პროცედურაც ჩაატარო, მძღოლი აღელდება და უფრო მალე გადავარდება ხრამში. ზუსტად ასე ხდება. დღეს სპეცსამსახურები ქმნიან გარემოს, რომ საქართელოში სახელმწიფო არ აშენდეს და ჩვენი ყურადღება და ემოცია გადატანილი იქნას შენებაზე, ვითომ ვაშენებთ. დიახ, სწორედ, ესაა და ამისთვის საჭიროა ლამაზი სპექტაკლების გათამაშება, რომ გააბითურო ადამიანები, მასა და ლიდერებად დასვა ისინი, რომლებიც არასდროს ფიქრობენ ამ ხალხზე და არც სახელმწიფოს აშენება აინტერესებთ, მაგრამ აქვთ მოტივაცია თავის გამოჩენის, საზოგადოებრივი ცნობადობის მიღწევის, კარგი ცხოვრების, ძალაუფლებისადმი ცხოველური ჟინი. ასეთი ადამიანები შერჩევით გამოჰყავთ პოლიტიკურ სცენაზე და გვთავაზობენ, როგორც ქართველი ერის გადამრჩენებს. ის, რომ ხელისუფლება არ გივარგა, ერთი დიდი უბედურებაა…

– და უფრო დიდი უბედურება, როდესაც ოპოზიცია არ გივარგა, იმიტომ რომ იძლებული ხარ, დატოვო ის ხელისუფლება.

– აი, სწორედ ესაა საქმე: ოპოზიცია რომ არ გივარგა, ეს უკვე უბედურება კი არა, ტრაგედიაა, იმიტომ რომ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ტოვებ უვარგის ხელისუფლებას. ხოლო უარესში – საერთოდ კარგავ პერსპექტივას და უპერსპექტივობის განცდაა ყველაზე უარესი, რისკენაც ნელ-ნელა მივყავართ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პოლიტიკური ველიდან გაიყვანეს ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, ჰქონდათ ნიჭი, უნარი, პატიოსნება, რომ მომსახურებოდნენ ქვეყანას. აქტიური ადამიანების ძირითადი ნაწილი: ზოგი დაშინებით, ზოგი დაიღალა, ზოგი გაჭირვების, ზოგი ოჯახური პრობლემების გამო ჩამოაცილეს ამ პროცესს და მიიღეს აგრესიული მასა, რომელიც მიისწრაფვის ხელისუფლებისკენ და, საბოლოოდ, გამოვიდა, რომ მტერმა მიაღწია მიზანს.

შესაბამისად, საქართველოში იმაზე კი არაა ჭიდილი, რა გავაკეთოთ უკეთესად, როგორ გადავჭრათ აფხაზეთის საკითხი, როგორ მოვუაროთ პანდემიას, როგორ ავამაღლოთ ეკონომიკა, რა ვქნათ გარეჯში, ჰერეთში, არამედ 30 წელია, მიდის ბრძოლა – ოღონდ ის არა და ვინც გინდა სხვა, ყველა ერთის წინააღმდეგ… რადიკალური გამოსვლებია, რომლებიც არ ემსახურება განვითრებას, რადგან, სადაც დაპირისპირებაა იდეების გამო, ყველა ის ქვეყანა ვითარდება. თავი დავანებოთ ყველაფერს – ეროვნულ მოძრაობაში ყველანი ერთ აზრზე კი არ ვიყავით, მაგრამ საერთო მიზანი გვაერთიანებდა! დღეს ქართული სახელმწიფოს საერთო მიზანი არ აქვთ მათ, ვინც პოლიტიკურ სცენაზეა – მათი მიზანია საკუთარი კეთილდღეობა. როგორ გგონიათ, რომ არა ასეთი გარემოებები, ბუნებრივი შერჩევის გზით სააკაშვილი ოდესმე მოვიდოდა ხელისუფლებაში?! ბუნებრივი შერჩევით ის ხალხი, რომლებიც დღეს ტელევიზიებიდან ჭუას გვასწავლიან, ოდესმე მოვიდოდნენ ხელისუფლებაში?! რა თქმა უნდა – ვერა! მიზანია, ერთი მხრივ, ხელისუფლებაში მოიყვანონ ისეთი ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ვერასდროს ააშენებენ და, მეორე მხრივ, აგერ არიან ადამიანები, რომლებსაც გაუჩნდათ პირადი კეთილდღეობის მოპოვების შანსი და ასე შემდეგ. აქვე დავამატებდი: ეროვნული ცნობიერებისა და შინაგანი ეროვნული განცდებისგან თავისუფლები უნდა იყვნენ ეს ადამიანები. გადახედეთ, დღეს არსებული პარტიების წევრებიდან, რომელი იყო ეროვნულ მოძრაობაში?! რომელი იყო დისიდენტი?! ან რამე პრობლემა შექმნია ქვეყნის გამო?! და მეორე – ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ ის უნარ-ჩვევაც კი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ექსტრემალურ სიტუაციაში ჯანსაღი პოლიტიკოსი. მათ უნდა ჰქონდეთ მართვადი მარიონეტის უნარ-ჩვევა. ამიტომაცაა ამაზრზენი მათი ხელოვნური ვითომ ემოციურობა და მტერიც აღწევს მიზანს: ქვეყანა ვერ ვითარდება. გადავხედოთ რა ძვრებია ჩვენ გარშემო: ყარაბაღი, თურქეთის აქტივობა, შავ ზღვაზე პროცესები, მსოფლიო ტენდენციები, იდეოლოგიური დაპირისპირებები და ამ დროს ჩვენ ვმსჯელობთ, არის თუ არა კანონიერი ბუშტის გაშვება, არის თუ არა იარაღი შეშა და რა თქვეს დახურულ შეხვედრაზე რომელიღაც საელჩოში?! ესეც კიდევ ერთი აბსურდი! ჩვენს შიდა საქმეებში რატომ ვითრევთ დასავლელ პარტნიორებს? საკუთარ თავებს რატომ ვერ ვუვლით?!

– საზოგადოებამ ნორმად მიიღო ბავშვთა პორნოგრაფიის გამართლება. ანუ ჩემი ქვეყნის მამაკაცების უმეტესობამ „გადაყლაპა“ ბრალდება, რომ ერთხელ მაინც უყურებიათ ბავშვთა პორნოგრაფიისთვის. ამიტომ ვფიქრობ, პრობლემა საზოგადოების დეგრადაციაა?

– უბედურება ის არის, რომ გასაბერი ეკლესიიდან ბავშვთა პორნოგრაფიამდე ერთი ნაბიჯია. ყველას აქვს თავისი პასუხისმგებლობის ხარისხი. ჩვენ მოვდივართ საბჭოთა დროიდან, როდესაც უფრო დიდ უმსგავსოებასაც უყუჩდებოდნენ ადამიანები. აქ სხვა პრობლემაა. მონის ფსიქოლოგიის თემაა. ეს არის საბჭოური მენტალიტეტი, არ უნდა, ჩაიხედოს ამაში, იმიტომ რომ მაშინ სარკეში დაინახავს თავის თავს და ეს არ უნდა. პრობლემა ის კი არ არის, რომ ქართველ ქალსა და კაცს სახე აქვთ დაკარგული, პროცესს გავდივართ, როგორც ებრაელმა მონებმა გაიარეს უდაბნოში თავისუფლებისკენ მიმავალი გზა. უფალმა, როგორც ებრაელებს, ამდენი სასწაული მოგვივლინა, ამდენი რამ გვაჩვენა, მაგრამ პირველივე პრობლემაზე, როგორც ის ებრაელები, ავწუწუნდით – დაგვაბრუნეთ მონობაში, იქ სახლი გვქონდა, საჭმელი გვქონდა… პრობლემა სხვაა – ვინც თავს მიიჩნევს საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე უკეთესად და ხმას არ იღებს! თორემ მასას არ აქვს თვითორგანიზების უნარი. ასე რომ იყოს, მაშინ ჩვენ დიდგორის შემდეგ დამოუკიდებლობის პრობლემა არ უნდა დაგვდგომოდა. რამდენიმე დღის წინათ ხრესილის ომის წლისთავი იყო და არც ხრესილის ომის შემდეგ უნდა გვქონოდა პრობლემა. საქმე ისაა, რომ ყოველდღიურობაში მასა იქცევა ისე, როგორც მის წინ მდგარი ლიდერების ჯგუფი. აი, ესაა დეფიციტი, საქართველოში ვერ მოხერხდა ისეთი მდგრადი პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, რომლებიც ამ ხალხს სწორი მიმართულებით წაიყვანდა. პოლიტიკური კლასია დეგრადირებული, ერთი წელია, „სახალხო პარტია“ ამბობს, ხელისუფლება რომ ხარ, „ოცნებავ“, დაიცავი კანონი, დამიცავი მე – იმიტომ რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს არჩევნების პროცედურებში მონაწილეობის უფლება და ის ახლა იწყებს ამაზე საუბარს, ანუ მაქსიმალურად შეუწყო ხელი სააკაშვილს. ნიკა გვარამია 8 წელი, ბოდიში ჟარგონისთვის, „აბლატავეს“ ტელეეთერიდან და მრავალი სხვა… ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ვინც ამის უფლება მისცა?! ვინ არის ბავშვთა პორნოგრაფიაზე პასუხისმგებელი? ვინც იმ ორგანიზაციას აფინანსებს, რომლის წარმომადგენელმაც ეს თქვა! ეს ორი ძალა ერთმანეთს აცოცხლებს, მაგრამ გვაქვს პრობლემა: უფრო უნარიანმა ადამიანებმა უნდა შევქმნათ ისეთი ძალა, რომელიც ჩააჩოჩებს ამ ამაზრზენ ოპოზიციას და ერთი-ერთზე დაჯდება „ოცნებასთან“, ან აიძულებს, რომ გააკეთოს საქმე, ან იძულებულს გახდის, უკეთესით ჩანაცვლდეს. და, ბოლოს, ერთ მაგალითს მოვიყვან, როგორც მეოცე საუკუნის 20-იან წლებში გაანადგურეს ინტელექტუალური ელიტა და მოიყვანეს საბჭოთა ელიტა, ახლაც ავანსცენაზე გამოჰყავთ საბჭოთა მენტალიტეტის პოლიტიკური კლასი, რომელიც არ არის მოწოდებული, გამოადგეს ქვეყანასა და ხალხს.

ავტორი: ნინო ხაჩიძე

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress