„როცა საქართველოს სახალხო პარტია ვთანამშრომლობდით ევროპის სახალხო პარტიასთან, სააკაშვილი მასთან კონტაქტსაც ვერ ბედავდა“
მარიამ მჭედლიშვილი ახალი თაობა 11.01.2021
„ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებს საინფორმაციო ბიულეტენებს უგზავნის. მმართველი პარტია იტყობინება, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი აღარაა ერთპარტიული და საკანონმდებლო ორგანოში უკვე მუშაობს ოპოზიციური პარტია -„ევროპელი სოციალისტები“, რომელიც, თავის მხრივ, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისგან“ გამოყოფილმა პირებმა დააარსეს. ბარიერგადალახული ოპოზიცია ( მისი უმრავლესობა) ისევ უარს ამბობს პარლამენტის მანდატებზე და ისევ რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს. ოპოზიციონერები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არ აღიარონ 2 020 წელს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგი. ამ და სხვა თემებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
მამუკა გიორგაძე:
_ეს ყველაფერი არასერიოზულია. საქართველოს პოლიტელიტა დასავლელ პარტნიორებს საქართველოზე არასერიოზულ შთაბეჭდილებას უქმნის. გარდა ამისა, ამის შემხედვარე საქართველოს მოსახლეობა და საგარეო მოკავშირეები ხედავენ, რომ საქართველო არშემდგარ სახელმწიფოდ გამოიყურება. საქართველოში მცხოვრები ადამიანები ამის გამო ვარდებიან ღრმა ნიჰილიზმში და ასკვნიან, რომ არაფერი გვეშველება. ამ პარტიების პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს ჯერ არ იღებენ ნატოში, რომ ქვეყანაში იქმნება ანტიდასავლური განწყობები და არ არსებობს დემოკრატია.
_ ამაში მმართველი პარტიაც მონაწილეობს და აქტიური ოპოზიციაც?
_ რასაკვირველია. მათ როლები აქვთ გადანაწილებული. ისინი მონაწილეობენ მრავალსერიან ანტისახელმწიფოებრივ სპექტაკლში. აბსოლუტური მნიშვნელობა არა აქვს, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ
-არა. საინფორმაციო ბიულეტების გაგზავნაც არასერიოზულია და ოპოზიციის მოწოდებებიც. საუბედუროდ, ამის მაყურებელ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მიმართ პატივისცემა უქრება და მათი დახმარება შეიძლება სხვა მოცულობის იყოს.
_ აშშ- საქართველოს მიმართ მკაფიოდ დაადასტურა ორპარტიული ინტერესი. რა მოვლენებიც არ უნდა მოხდეს კაპიტოლიუმში, ამერიკის ინტერესი ქვეყნისადმი გაიზარდა. ამ მხრივ რაღაც ხომ შეიცვლება?
_ რაღაც შეიცვლება. აშშ-ის ინტერესი არსებობს, მაგრამ დასავლეთს არ აქვს ჩვენს შიდა პოლიტიკაზე ზემოქმედების მძლავრი ბერკეტები. დასავლეთი რაღაცაში დაგეხმარება, შუამავლობას გაგიწევს, განახორციელებს ფინანსურ პროექტებს მაგრამ შენ თუ არ გინდა, სხვა ხომ ვერ აგიშენებს სახელმწოფოს?! დასავლეთს უნდა ნორმალური გარემო და სტაბილურობა საქართველოში. ის ამ ამოცანის შესრულებას ცდილობს. ეს იგივეა, რომ ექიმი ძალ-ღონეს ახმარდეს პაციენტს, პაციენტი კი თვითლიკვიდაციისკენ იყოს მიმართული. ასეთ შემთხვევაში მედიკოსი უძლურია.
_ მსოფლიოში დიდი ძვრები ხდება. საქართველოს მომავალი მხოლოდ ამ პარტიების ქცევაზეა დამოკიდებული? აღმოსავლეთ ევროპის (ყოფილ სოციალისტურ) სახელმწიფოებში პოლიტიკური სპექტრი შეიცვალა.
_ ჩვენი პრობლემა ისაა, რომ სხვას შევყურებთ, ჩვენს საზოგადოებას აკლია თვითორგანიზების უნარი. ვერ გამოვსულვართ ბელადომანიის მარწუხებიდან. საბჭოური ტრადიციებით, პარტია, სახელმწიფო და ხელისუფლება ერთი და იგივე გვგონია. ასეთი საზოგადოების მანიპულირება ადვილია. პოლიტიკა საქართველოში პერსონიფიცირებულია და არ ემყარება იდეათა ჭიდილს, ქვეყნის მშენებლობას. აშშ-ში ამ დღეებში ამაღელვებელი მოვლენები მოხდა. ბევრი ამას პირადად ტრამპის სახელს უკავშირებს. სინამდვილეში, იქ იდეოლოგიების შერკინებაა-მემარცხენე რადიკალები, ცენტრისტი მემარცხენეები ებრძვიან მემარჯვენე ტრადიციონალისტებს. ჩვენთან კაციშვილმა არ იცის, რა იდეოლოგიას მისდევენ ივანიშვილი და სააკაშვილი. ჩვენ, საქართველოს სახალხო პარტიას, მჭიდრო თანამშრომლობა და იდეოლოგიური ერთობა გვაკავშირებდა ევროპის სახალხო პარტიასთან. როცა პარლამენტში აღარ ვიყავით, ეს კავშირი დაირღვა. როცა საქართველოს სახალხო პარტია ვთანამშრომლობდით ევროპის სახალხო პარტიასთან, სააკაშვილი მასთან კონტაქტსაც ვერ ბედავდა. იმ დროს სააკაშვილი ევროპელ სოციალისტებთან და ლიბერალებთან ცდილობდა საერთო ენის გამონახვას.
_ ნაციონალები რამდენიმე წელიწადია აღარ არიან ხელისუფლებაში. ევროპის სახალხო პარტიასთან მაინც თანამშრომლობენ?
_ დიახ. ნაციონალური მოძრაობა ითვლება ქვეყანაში მეორე პარტიად, ანუ მთავარ ოპოზიციად. ამიტომ მას ლობირებენ და მის გაქრობას არ დაუშვებენ. ნაციონალები ამით სპეკულირებენ.
_ თუმცა, მათ დასავლეთის მხარდაჭერა არა აქვთ. ბოლო დროს ეს უფრო მკაფიო გახდა.
_ გეთანხმებით. იმისათვის, რომ დასავლეთის მხრიდან ნაციონალების დასაცავად განცხადებები გაკეთდეს, „ოცნება“ იბრძვის. მაგალითად, დასავლეთმა არ მოიწონა პარლამენტში არშესვლა. მეორე დღეს გამოხტნენ „ქართული ოცნების“ წევრები და დაიმუქრნენ, რომ რეგისტრაციას გაუუქმებენ ნაცმოძრაობას. ამას მოჰყვა დასავლელი პარტნიორების უკმაყოფილო რეაქცია. იდეოლოგიურად გაურკვევლობაშია „ქართული ოცნება“. ადრე რამდენჯერმე თქვეს, სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიისკენ ვიხრებითო. შე კაი დედმამიშვილო, თუ სოციალ-დემოკრატი ხარ, დამანახე! ჩვენი პარტია სხვა პოზიციაზე დგას, მაგრამ შენი სოციალ-დემოკრატობა მაჩვენე იმ დროს, როცა ეკონომიკა ჩამოიქცა!
_ საქართველოს პოლიტიკაში ისევ ბელადომანია იქნება? არაფერი იცვლება?
_ საუბედუროდ, არა. ნაციონალურ მოძრაობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს, მაგრამ სააკაშვილი არავის წინ წამოწევას არ დაუშვებს. ის სხვა პოლიტიკურ ლიდერებს არ გაახარებს. ეშინია, რომ სხვა მას გადააგდებს. ესეც საბჭოთა ტრადიციაა. თვითონაც ასე მოექცა შევარდნაძეს. არც „ოცნებაში“ იქნება რეალური ცვლილებები, რაც უნდა ფორმალური გადანაცვლებები მოხდეს.