სახელმწიფოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისის დროს მთავარი პოლიტიკური აქტორი მიდის, ეს ან დიდი უპასუხისმგებლობაა ან ვიღაცას ემალება. დამატებით ეჭვებს აჩენს საკუთარი ქონებით მანიპულაცია.
ქვეყნის ერთგულებისა და პასუხისმგებლობის ყველაზე დაბალი ხარისხის მქონე მოქალაქე თუ მართლა რეალურად დააპირებდა პოლიტიკიდან წასვლას, მაშინ მას მკაფიო განმარტება უნდა გაეკეთებინა იმის შესახებ რა მოსდის:
- მასზე აწყობილ ვერტიკალს – ფინანსური ნაკადებს და ძალოვან სისტემას, რომელიც პერსონალურად მისი კონტროლის ქვეშ იყო.
- პირადი გემოვნებით შედგენილ მთავრობას, რომელშიც პრემიერ გახარიას ერთი მინისტრიც არ დაანიშნინეს.
- მასზე მიბმულ პარლამენტს, სასამართლო, თვითმმართველობის და ა.შ ინსტიტუტებს.
- ჯიბის პარტიას, ვინ უნდა შეკრას პარტია ან დარაზმოს ამომრჩეველი. ირაკლი კობახიძე ყველაზე შეუსაბამო ფიგურაა ამ ფუნქციის შესასრულებლად. მისი ნეგატიური რეიტინგი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პოზიტიური. რაც მომავალში პარტიის დაშლის ან მარცხის წინაპირობაა.
„ქართული ოცნების“ დაპირისპირებული კლანენი და რიგითი წევრები როცა გაარკვევენ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა და თავზე დაასვეს კობახიძე, ეს სერიოზული შიდაპარტიული დაძაბულობის საფუძველი გახდება.
დღეს არსებული სისტემა მუშაობს იმის განცდით, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა პირობითია. არავინ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ წასვლის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერევა პარტიის საქმიანობასა და პოლიტიკაში.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენა მათში ეჭვს ბადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას რეალურად არ აპირებს. ბიძინა ივანიშვილის ფანები კობახიძეს დამოუკიდებლად არ მიიღებენ. მას არც საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი და არც რამე სხვა რესურსი არ აქვს, განსხვავებით, მაგალითად, კალაძისგან და გახარიასგან.
ივანიშვილი თუ რეალურად წავიდა პოლიტიკიდან პარტიაში ყოჩობისთვის დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. რამდენად მოხერხდება ახალი ,,ბელადის” გამოჩეკა, ამომრჩეველის გემოვნებას და გონებრივ მონაცემებს რომ შეეფერება, მარტივი თემა არ იქნება. შედეგად რამოდენიმე ინტერესჯგუფად დაყოფილ „ოცნებას“ მივიღებთ.
და სანამ ოცნება ჩამოყალიბდება ან ჯანსაღი ძალები გაძლიერდება სივრცე ეხსნება სააკაშვილს, ყველაზე მეტად ის იხეირებს შექმნილი ვითარებით (თუ პატრონის სურვილი იქნება). ამჟამად მხოლოდ მას ჰყავს ორგანიზებული მხარდამჭერები.
ქვეყანა დიდი დესტაბილიზაციისკენ მიექანება!
მაშინ როდესაც პოლიტიკურ სივრცეში ერთი გამოკვეთილი, რეალური გავლენების მქონე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სუბიექტი არ არის მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებს და მის პარტნიორებს ეძლევა საშუალება თავიანთი ინტერესების შესაბამისად მაქსიმალურად მართოს ქაოსი.
“ლაზარე, გამოვედ გარე!”
მამუკა გიორგაძე