ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით საქართველოში არჩევნებს პოლიტიკურად ნეიტრალური დაწესებულების ნაცვლად მმართველი პარტია ატარებს. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის აპარლამენტო არჩევნები, რბილად რომ ვთქვათ, გააყალბა .“სახალხო პარტიას“ ამის დამადასტურებელი მრავალი მტკიცებულება გააჩნია. ამ უკანონობის ერთ-ერთი მსხვერპლი ქართველ ხალხთან ერთად „სახალხო პარტიაც“ გახლავთ. მაგრამ, ამ მომენტში ეს არ არის მთავარი – ეს უკვე მომხდარი ფაქტია. მთავარია რა მოცემულობა მივიღეთ დღეს და რა შეიძლება მოხდეს ხვალ?!
„ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალურად გამოიყენა მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან „ნაც-მოძრაობის“ მიმართ არსებული მიუღებლობა. ამის გამო იმდენად მყარად მიაჩნდა თავისი მდგომარეობა, რომ არა თუ არ მოაგვარა სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე მდგარი, ნაცების მიერ შექმნილი პრობლემები, არამედ კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება. ივანიშვილის ზურგს ამოფარებული ოცნების სპიკერების ბოლშევიკური თავხედობით გაკეთებული განცხადებებიდან აშკარად იკვეთება ხალხის დააშანტაჟების მცდელობა ფორმულით – მე ფეხებზე მკიდიხარ, ჩემი კეთილდღეობისთვის რასაც მინდა იმას ვაკეთებ და ამას თუ არ აიტან ნაცებს გავუხსნი გზას და მერე ნახე რაც მოგივა.
თავის მხრივ, ოპოზიციად წოდებულმა ნაცების. მისი და ოცნების ნატეხების („ხალხში“ დაბრუნებული ივანიშვილის ყოფილი კონტრაქტორების) გაურკვეველმა კონგლომერატმა, თავის დროზე, პროპორციული ან მასთან მიახლოებული საარჩევნო სისტემების შემოღებაზე გადაატანინა ხალხს ყურადღება, მიჩქმალა „საარჩევნო კოდექსში“ ჩაწერილი არჩევნების გაყალბებისთვის საჭირო პუნქტების არსებობა და ერთი წელი ცრუ მოლოდინის რეჟიმში ამყოფა საზოგადოება. სათავისოდ გამოიყენა კანონმდებლობაში არსებული „თეთრი ლაქები“, ხელისუფლებასთან თანამონაწილეობით მაქსიმალურად შეზღუდა მათთან გარიგებაში არ მყოფი ძალები. არჩევნების შემდეგ კი „მოტყუებული“ ხალხისა და ოცნებისგან გადაგდებული პარტიების ინტერესების გამომხატველ, სიყალბის წინააღმდეგ მებრძოლ ერთადერთ ძალად შემოგვთავაზა თავი.
სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა ვერ მოახერხა ამ ანტისახელმწიფოებრივი პროცესის შეჩერებისთვის აუცილებელი თვითორგანიზება და ვითარების კარდინალური შეცვლა.
ხელისუფლებამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ პოლიტიკურ მოედანზე კვლავ წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ორი მთავარი სუბიექტი, უფრო სწორად, ორი პერსონა, რომლებიც ერთობლივად მაქსიმალურ მონოპოლიზებას უკეთებენ პოლიტიკურ სივრცეს. ოცნების მიერ გამოცხადებული „შუას გაკრეფის“ პოლიტიკის ფარგლებში კვლავ ხელოვნური ორპოლუსიანი სისტემას ქმნიან პრინციპით – შენიანი – ჩემიანი, რომელშიც საღი სახელმწიფოებრივი აზრის ადგილი არ რჩება. რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის რუსეთის აგენტურისა და პოლიტიკური ავანტურისტებისთვის.
მაღალ ემოციურ ფონზე დღეს მიმდინარე პროცესი ემსახურება არა ქართველი ხალხის, არამედ ხელისუფლებისა და მისგანვე შერჩეული სპარინგ-პარტნიორის ინტერესებს და კოაბიტაციის ახალი ფორმით განხორციელებას. ვითარების დრამატიზირებისთვის ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს პატიმარ რურუას ცემა ან მელიას სამაჯურის მოხსნის გამო პროკურატურის „უცნაური“ აქტიურობა, რაც ნორმალური ადამიაბის აღშფოთებას გამოიწვევს. მაშინ, როდესაც საარჩევნო პროცესში უზომო ფინანსების შეუზღუდავი ხარჯვის საშუალებას აძლევ და თან ნაცმოძრაობას არჩევნებიდან არ ხსნი სხვა ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის გამო, რაც ქართული კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. კანონი პოლიტიკური მანიპულაციისთვის არ უნდა გამოიყენო!
მოსახდენი მოხდა – ოცნების „უმოქმედობით“ ნაცებმა ორპოლუსიანი სისტემის ერთ-ერთ პოლუსზე დაიმკვიდრეს ადგილი. სიღრმისეული პოლიტიკური პროცესისთვის მთავარი ესაა. ამ მოცემულობის მყარი, სამართლებრივი გაფორმება კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას.
რა ვქნათ ჩვენ, რომლებიც ვთვლით, რომ იგივეს გაგრძელება ქვეყნისთვის საფრთხეა: მართვადი ქაოსის შექმნა, უარესის შიშით ცუდის მხარდაჭერის პროპაგანდა… „ნახევრადმართალი“ რიტორიკით ხალხის შეცდომაში შეყვანა, სწორი სიტყვების საფარქვეშ ამ სიტყვების საწინააღმდეგო ქმედებების განხოციელება, ყალბი ეროვნული და პროდასავლური ორიენტირების წარმოჩინება და ა.შ. საქართველოს პერმანენტული ანარქიის ზღვარზე ამყოფებს და მიმართულია იმისკენ, რომ ქართულმა სახელმწიფო პოლიტიკურმა აზრმა ვერ შეძლოს კონსოლიდირება.
მერამდენეჯერ მეორდება მსგავსი ვითარება ქვეყანაში. რამდენჯერ უნდა ავფეთქდეთ ერთიდაიგივე ნაღმზე!
საქართველოს დღევანდელი კრიზისული მდგომარეობის დაძლევისათვის საქართველოს საზოგადოების ყველაზე გონივრული ქმედება დღეს, ჩვენი აზრით, არის ის რომ გაყალბებაზე პასუხი ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ისე რომ არ ისარგებლოს დანაშაულში თანამონაწილე ძალამ (ძალებმა).
საჭიროა უმოკლეს დროში ქმედითუნარიანი ერთობის შექმნა, რომელიც შეძლებს: - პროცესზე ზემოქმედების რეალური ბერკეტის მოპოვებას და არ მისცემს არავის სამოქალაქო ცხოვრების პოლარიზაციის, მოსახლეობის დაშანტაჟებისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების საშუალებას.
- ხელისუფლების იძულებას რადიკალურად შეცვლილი, რეალისტური საარჩევნო კანონის მიღებასა და მის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
- ამ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული ხელისუფლების ფორმირებაში მონაწილეობის მიღებას და ქვეყნის განვითარების დაწყების უზრუნველყოფას.
„სახალხო პარტია“ გამოთქვამს მზადყოფნას თავისი აქტიური წვლილი შეიტანოს ამ სახელმწიფოებრივად საშურ და სასიცოცხლოდ აუცილებელ საქმეში.
მამუკა გიორგაძე სახალხო პარტია 3.11.2020
პ.ს. ნიშანდობლივია ისიც, რომ 2016 წ და 2020 წ არჩევნების შედეგებიც იგივეა (ოცნება 48% და ნაცები 27%). ,,სახალხო პარტია” საზოგადოებას თავის დევიზით -„იგივე რომ არ განმეორდეს“ – სწორედ ამას აფრთხილებდა!