„ახალი სახეების ამ ფორმით შემოყვანით მეორდება საბჭოური პრაქტიკა“
„სააკაშვილიზმი უნდა დამთავრდეს!“
მარიამ მჭედლიშვილი
წინსაარჩევნო სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა „სახალხო პარტიის“ ლიდერს, ყოფილ დეპუტატს მამუკა გიორგაძეს
როგორ აფასებთ ვითარებას ქვეყანაში არჩევნებამდე თვენახევრით ადრე? არის რაიმე სიახლე?
ხდება ის, რაც ჩვეული და ტრადიციულია საქართველოს პრაქტიკაში. ისევ არ არის ნამდვილი პოლიტიკური ჭიდილი, პროგრამების, იდეების წარმოჩენა და პოლიტიკური დისკუსიები. კამათი ბევრია, თუმცა ესაა კლანების შეჯახება. ჩვენთან პარტიების ნაცვლად უმთავრესად არიან კლანები. მათი ნაწილი გარედან იმართება, ნაწილი-შიდა კლანებია. კვლავინდებურად უვარგისი საარჩევნო გარემოა. ამომრჩეველთა სიები, რბილად რომ ვთქვათ, არ არის დაზუსტებული. კლანები იყოფენ მილიონებს.
რას გულისხმობთ?
მილიონ-მილიონი ბიუჯეტიდან ჩაერიცხათ პრივილიგირებულ პარტიებს. ზოგიერთმა მიიღო 600 000 წინასაარჩევნო რეკლამისათვის. ბარემ ადგენენ და გამოგვიცხადონ, რომ მანდატები გაყოფილია. ამაში მთავარი მოთამაშეები არიან „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა. მდგომარეობა ასეთია, მაგრამ საშველი არსებობს. ნებსით თუ უნებლიეთ მოგვეცა საშულება, დავასრულოთ არსებული მონოპოლია.
1%-იანი ბარიერი და მეტი პროპორციულობა იძლევა ამის საშუალებას?
რასაკვირველია. დიდი მნიშვნელობა ექნება რამდენიმე ისეთი ქმედითი დეპუტატის გაყვანას, რომელიც ამ პარტიებზე დამოკიდებული არ არიან და აქვს საკმარისი გამოცდილება. ორი-სამი დამოუკიდებელი და ჯანსაღი პოლიტიკოსი დაასრულებდა ქართულ პოლიტიკურ თეატრს და ქვეყნის ნგრევას.
რას გააკეთებდნენ ეს დეპუტატები?
დასვამდნენ საჭირბოროტო პრობლემებს. თუნდაც, ლუსტრაციის კანონის მიღების, ტერიტორიული მთლიანობის, თვითმმართველობის, ეკლესიასთან დამოკიდებულების, სამართლიანი სასამართლოს, განათლების საკითხებს, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის თემას. ამაზე ყველა ჩამოაყალიბებდა თავის პოზიციას და ყველა გაიშიფრებოდა. გამოიკვეთებოდა ნათელი და ბნელი. თვითმმართველობაზე წინა წლებში ბევრი ლაპარაკი იყო, მაგრამ ვერ ვეღირსეთ. არადა, ცივილიზებული სამყარო შეიქმნა თვითმმართველობის საფუძველზე. ამაზე დიდ აქცეტს აკეთებდა ჯორჯ ვაშინგტონი. ჯანსაღი დეპუტატების ინიციატივით გამოცხადდებოდა რა უნდა საქართველოს, რა მოთხოვნები აქვს რუსეთს, რას გვირჩევს დასავლეთი, რას ითხოვს ჩვენგან უფალი. ბოლოს და ბოლოს, უნდა განვსაზღვროთ, მათხოვარ ქვეყნად გვინდა დარჩენა თუ დროა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ დემოკრატიულ სამყაროსთან ურთიერთობისას! დაზუსტდებოდა ღირებულებათა სისტემა.
ამის დეკლარაციას ისედაც ახდენენ.
საქმეც ესაა, რომ სიტყვით შემოიფარგლებიან. ჩინოსნებს კაბინეტებში ილია ჭავჭავაძის, იგივე წმინდა ილია მართლის გამოსახულებები აქვთ. საქმით არავინ არ მისდევს ილიას იდეებს. ილია ბანკირიც იყო, მწერალიც, დიდი განმანათლებელიცა და პოლიტიკოსიც. მას სურდა პარტია, სახელმწიფო იმსტიტუტების გაძლიერება, იგი ისწრაფვოდა ავტოკეფალიის აღდგენისა და ავტონომიისკენ. ამ ბრძოლას შეეწირა. ჩვენ, ვინც მის იდეებს არ ვასრულებთ, ილიას მკვლელები ვართ. კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, ამის დაფინანსება მას შემდეგ ჩაკვდა.
კულტურული საქმიანობის სპონსორის თემა ამ დღეებშიც აქტუალურია-ცნობილი მსახიობები საყვედურობენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მომხრე თეატრალების გამკრიტიკებლებს. ისინი ამბობენ, რომ ივანიშვილმა თეატრი გააცოცხლა.
აქაც ვერ გამოვსულვართ საბჭოთა აზროვნებიდან. მეცენატობა განვთარებულია დასავლეთში. იქ მეცენატი აფინანსებს სპექტაკლს და არა მსახიობს. მსახიობი და რეჟისორი არ ხდება მასზე მიბმული. ჩვენთანაც შეუწყონ ხელი სპექტაკლებს, ასევე მეცნიერებას, მეცნიერთა კვლევებს! ჩვენ შესანიშნავი მეცნიერები გვყავს.
„ქართული ოცნების“ მიერ პრეზენტირებული სიის ოცეულზე რას იტყვით?
აქაც გამოჩნდა, რომ საქართველოში აღრეული პოლიტიკური დეფინიციები. პიროვნულად არავის ვერჩი, მაგრამ პარლამენტში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და იყვირთონ პასუხისმგებლობა. „ოცნებაში“ ისედაც არ იყვნენ პოლიტიკოსები. ახლა მოჰყავთ ახალი სახეები. რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალი სახეები გახდა თვითმიზანი. ზოგჯერ ახალი სახე ხდება პირი, რომელსაც რიგიანად საკუთარ სფეროშიც არ იცნობენ. ფეხბურთელი მესი 11 წლის ასაკსი უკვე ცნობილი იყო.
მას თავის სამშობლოში დეპუტატობაზე არა აქვს პრეტენზია.
დიახ. არა აქვს. სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოწვევა პარლამენტში საბჭოური პრაქტიკაა. საბჭოთა კავშირში უმაღლეს საბჭოში არსებობდა კვოტები სპორტსმენების, მუშების, მწველავების, ტრაქტორისტების, ასევე-ინტელიგენციისა და პარტიული მუშაკებისათვის. ეს ხალხი იღებდა მანდატებს და სარგებლობდა პრივილეგიებით, გადაწყვეტილებებს კი არ იღებდა. თავი მოგვაბეზრეს განათლების თემით.
უცნობი კანდიდატების უცხოეთში მიღებულ განათლებაზე საუბრობთ?
ცხადია. სააკაშვილის დროს იყო ასე და ეს გძელდება. სააკაშვილიზმი უნდა დამთავრდეს! არ მესმის, რატომ ეპყრობიან ასე ცუდად საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს! ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბოლო წლებში დიდ წარმატებას მიაღწია. ჩვენი სტუდენტებიც ქებას იმსახურებენ. ესენი კი ჩვენს სტუდენტებს სტიმულს უკარგავენ.
არსებობს მოსაზრება იმაზე, რომ მზადდება „ვარდების რევოლუცია 2“. თქვენ ხედავთ ამის ნიშნებს?
არა. რევოლუციის ნიშნებს ვერ ვხედავ. გრძელდება დაძაბულობა და ქაოსი, რომელიც აწყობს „ქართულ ოცნებას“, ასევე ნაციონალურ მოძრაობას. ამის მიზანია ტყუილი საფრთხეების წარმოჩენა, ხალხის დაშინება და პოლიტიკურ ველზე მსხვილი მოთამაშეების დატოვება. 8 წელია ამას ვუყურებთ. თუმცა, უკვე უჭირთ.
რა უჭირთ?
ხალხის მოტყუება. „მგელი მოდის!“-აღარ ჭრის. „ოცნება“ და ნაცმოძრაობა ამას ხვდებიან და თამაშში წვრილ-წვრილი პარტიები შემოჰყავთ. ისინი ყველანი „ოცნებისა“ და ნაცმოძრაობის ნატეხები არიან. იგივე შეიძლება ითქვას ე. წ. ექსპერტებზე. ტელევიზიებში სულ ეს ხალხია. საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა გადაცემებში მოსაწვევ პირთა სია. თანამედროვე დამოუკიდებელ საქართველოში ზუსტად იგივე ხდება. აბა, რანაირად შეიძლება, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ტელევიზიებში ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ? მუდმივად ეკრანებზე ჩანან ისეთი პარტიების ლიდერები, რომელთა რეიტინგი სახალხო პარტიაზე ნაკლებია. ისინი მგზნებარედ ლაპარაკობენ, თუმცა არაფრით გამოირჩევიან. უბრალოდ, დაშვებული არიან „ქართული ოცნებისა“ და ნაცმოძრაობის მიერ. იგივე მიდგომაა ე. წ. ექსპერტების მიმართაც. ამიტომ ვამბობ, რომ ეს პოლიტიკური თეატრი დასასრულებელია.
„ახალი თაობა“ 15.09.2020