ისე მოხდა, რომ ედუარდ კოკოევს არ უშვებენ ცხინვალში, ხოლო მიხეილ სააკაშვილს – თბილისში, მართალია, არავითარ შემთხვევაში, არ ვაფასებ მათ ერთ დონეზე (მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მმართველობისადმი კრიტიკული ან არაკრიტიკული დამოკიდებულებისა). მიხეილ სააკაშვილი სამშობლოს გარეთ (თუმცა, თუ მისი განცხადებებით ვიმსჯელებთ, მაინც ვერ დგინდება ცალსახად, რამდენი სამშობლო აქვს) მაინც განაგრძობს პოლიტიკურ ღვწას და ის თავს ქართული სახელმწიფოს მამად მიიჩნევს, აი, ედუარდ კოკოევი კი, რომელიც, ასევე, რაცხს საკუთარ პერსონას „იუჟნაია ოსეტიას“ ფუძემდებელ მამად, პოლიტიკას ჩამოშორებულია და, სავარაუდოდ, ცხინვალში დაბრუნებაც, სწორედ, მეორე პოლიტიკური სიცოცხლის დასაწყებად უნდა, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გამოსდის. მანამდე კი ის ვიდეომიმართვას ავრცელებს და შეახსენებს სამხრეთელ ოსებს, რომ სწორედ მან დააჩოქა ცხინვალის ცენტრში ქართული ჯარი და მის პოლიტიკურ ანგარიშზეა ქართველების განდევნა. ედუარდ კოკოევისა და მიხეილ სააკაშვილის ბედისწერაზე მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
რატომ არ უშვებენ ედუარდ კოკოევს ცხინვალში, მიხეილ სააკაშვილს კი – საქართველოში
October 5th, 2020 shalva chkhaidze
– შემთხვევით აღმოჩნდა ეს ორი პერსონა თითქმის ერთნაირ მდგომარეობაში, თუ ომი, რომელშიც მესამე მხარე ხეირობს, უბრალოდ ჭამს თავის შემქმნელ-მონაწილეებს?
– შემთხვევით ამქვეყნად არაფერი ხდება, ღვთის განგებულობით ხდება ყველაფერი და იმ ადამიანთა მონაწილეობით, რომლებიც ამა თუ იმ ფუნქციას ასრულებენ და თუ ჩვენ გავიხსენებთ საბჭოთა, თუნდაც, პოსტ-საბჭოთა პერიოდს, დავინახავთ, რომ რუსეთის ხელისუფლება ბევრ რამეს მალავს. მალავს იმიტომ, რომ ის მოცემულობა, რაც მათ ოფიციალურ ვერსიად წარმოგვიდგინეს, სიყალბეა. რადგან სულ სხვანაირად განვითარდა მოვლენები. იმავე საქართველოში დამოუკიდებლობის პერიოდში არ გამოვიძიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, არათუ ყველა მოვლენა. მაგალითად, ლიტვაში, მართალია, 25 წლის შემდეგ, მაგრამ ის ცნობილი მოვლენა, ჩვენი 9 აპრილის მაგვარი, როდესაც 14 ადამიანი დაიღუპა, გამოიძიეს, დამნაშავეებს მიუსაჯეს, მერე რა, რომ ზოგი ასაკოვანი იყო და ზოგიც გარდაცვლილი?! სამართლიანობა აღდგა, სამართლიანობამ გაიმარჯვა.
ჩვენ კი, მაგალითად, არ გამოვიძიეთ 9 აპრილი. საბჭოთა კავშირის დროსვე შეიქმნა სობჩაკის კომისია, საქართველოშიც შეიქმნა, რაღაცები ილაპარაკეს, მაგრამ ჩვენ ისევ არ ვიცით, ვის რა წვლილი მიუძღვის როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად. არ ვიცით მერაბ კოსტავა მოკლეს თუ ეს უბედური შემთხვევა იყო?! არ ვიცით, იმიტომ რომ არ გამოგვიძიებია დამოუკიდებელ საქართველოში. ჩვენ არ გამოგვიძიებია, რა მოხდა 2008 წელს ცხინვალში.
– არც ის, რა მოხდა აფხაზეთში.
– არ გამოგვიძიებია, რატომ მოხდა, როგორ მოხდა, ვინ არის დამნაშავე, არადა პრეცედენტი გვქონდა, როდესაც ჩვენი პარტიის აქტიურობის შედეგად შეიქმნა გაგრის დაკარგვის მიზეზების დამდგენი კომისია, რომელმაც დაიწყო მუშაობა, მაგრამ შემდეგ ჩაკვდა. აი, გაგრის მოვლენები რომ გამოგვეძიებინა დროზე, შეიძლება, სოხუმი არ დაკარგულიყო.
– აფხაზეთის დაკარგვის მიზეზების შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობდა ალექსანდრე შუშანაშვილი, იმხანად იყო მთავარი სამხედრო პროკურორი. მას ჰქონდა უამრავი მასალა, გამოძიებულიც მაქვსო, ჩემთვის აქვს ნათქვამი, შევარდნაძის დაკითხვის ოქმი აკლია მხოლოდ, სულ მატყუებდა, რომ პასუხებს გამცემდაო და, ბარემ, იმასაც ვიტყვი, რომ სწორედ ბატონმა ალექსანდრემ მითხრა პირადად, აი, ეს კითხვარი, წამაკითხა, ფაქტობრივად, არის შევარდნაძის საბრალდებო დასკვნაო. ჩემთვის უცნობია, ახლა სად არის ის მასალები, თუმცა ვიცი, რომ ალექსანდრე შუშანაშვილს ასლები შენახული ჰქონდა.
– სწორედ ამას ვამბობ, დღესაც შეიძლება ამის გაკეთება. ისევე, როგორც თვალთახედვის არეალიდან დაგვეკარგა მხოლოდ გივი გუმბარიძე, სხვა კომუნისტური ნომენკლატურა ისევ საქართველოში იყო, ზოგი – პარლამენტშიც კი. რატომ დაიკარგა გივი გუმბარიძე? რა იცის ასეთი?! ჩვენ არ გამოგვიძიებია ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ამბავი, არ გამოგვიძიებია გია ჭანტურიას მკვლელობა, არ გამოგვიძიებია 2003 წლის მოვლენები. რა მოხდა? რა სპექტაკლი გათამაშდა 2003-ში?! არც აჭარის მოვლენები გამოგვიძიებია და ეს არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, დღევანდელ მმართველ ელიტას, ისევე, როგორც გუშინდელ ელიტას, არ აძლევს ხელს სიმართლის დადგენა. არ არის ხელსაყრელი მათთვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე, რადგან, როგორც კი სიმართლე გამოჩნდება, მოსახლეობა მაშინვე დაინახავს გამოსავალს. შეიძლება, ცოტა სხვა თემაა, მაგრამ ჩვენ არც ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობა გამოგვიძიებია. მრავალ ჩინოვნიკს თავის კაბინეტში ილია ჭავჭავაძის სურათი უკიდია, მაგრამ რა საგანძური გვაქვს ილია ჭავჭავაძის სახით, არც კი იციან. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ის თავისი პერიოდის ათ საუკეთესო მოაზროვნეში მოიაზრება, მაგრამ კონკრეტულად როგორი დამოკიდებულებები ჰქონდა სხვადასხვა საკითხისადმი, ვიცით?! ჩვენ არ გვაქვს ერთიანი აზრი, თუ რის გამო მოკლეს ილია ჭავჭავაძე. ვიცით, რას აკეთებდა ილია ჭავჭავაძე იმ პერიოდში, როდესაც მოკლეს?! და ვაკეთებთ თუ არა ჩვენ დღეს იმას, რასაც ის აკეთებდა?! მაგალითად: ვიცით, რაზე მუშაობდა ილია ჭავჭავაძე ბოლოს?! არადა მუშაობდა პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნაზე, პარტიას ქმნიდა, მუშაობდა სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაზე, ითხოვდა ავტონომიას, ეკლესიის ავტოკეფალიას, თვითმმართველობაზე საუბრობდა, რაზეც ჩვენ დღესაც არ ვსაუბრობთ. გვავიწყდება, რომ ილია მომრიგებელი მოსამართლე იყო, ილია ბანკირი იყო! დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საბანკო სისტემა რომ არის, ჩავხედოთ ილიას მემკვიდრეობას, იქნებ იქ არის საფუძველი ჩვენი დღევანდელი წარმატებების?! არჩევნების თემაზე, ქალთა უფლებების, ეროვნული უმცირესობების თემაზე რამდენი რამ აქვს დაწერილი! ჩვენ არაფერი ფუნდამენტური, რაზეც სახელმწიფო უნდა დაეფუძნოს, არ გაგვიკეთებია. ჩვენ განვიხილავთ, რა უთხრა ნიკიფორემ ელპიტეს, ელპიტემ – სევასტის და სახელმწიფოს ვაშენებთ ლოზუნგით, ოღონდ ის არა! ანუ ზიზღითა და ბოღმით ვმოქმედებთ და არ ვართ ორიენტირებულები საქმეზე, მომავალსა და პერსპექტივაზე. ჯერ კიდევ რეიგანი ამბობდა თავის დროზე, ჩვენ მხოლოდ ამერიკის დიდებულ ისტორიაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, უფრო წარმატებული მომავალი გვაქვს და წარსულისკენ ხედვა მომავალს გვაკარგვინებსო. ჩვენ კიდევ ისევ წარსულზე ვსაუბრობთ, ვიხსენებთ დიდგორს.
– სადღა ვიხსენებთ, მაგასაც კანტიკუნტად.
– მაგრამ რა უნდა გაკეთდეს, რომ ახალი დიდგორი შედგეს, ამაზე ხმას საერთოდ არ ვიღებთ. ესაა პრობლემა. თქვენი შეკითხვაც აქედან დაიწყო: შევაფასეთ კი ჩვენ 2003-2012 წლები?! ვისაც როგორ უნდა, ისეთ ინტერპრეტაციას აძლევს. დანაშაულებრივ რეჟიმად მოიხსენიებს „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან სხდება მოსალაპარაკებლად. როდესაც ამბობს „ოცნების“ წარმომადგენელი, სამართლებრივად ვერ ვებრძვით, ამიტომ ვებრძვით პოლიტიკურადო. რატომ ვერ ებრძვი სამართლებრივად?! 2008 წელს ვის მხარეზე იბრძოდა მთავარსარდალი, გაარკვია ეს ვინმემ?! არადა ესაა მთავარი და არა ის, ვინ დაიწყო ომი. ჩვენ საქართველოს ისტორიიდან ბევრი მაგალითი გვაქვს, როდესაც ქართველი მტრის მხარეზე იბრძოდა და მტრის ჯარს მოუძღოდა წინ. კოკოევი ახსენეთ და – ჩვენ აღვძარით სისხლის სამართლის საქმე იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ხელყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა? არსებობს დოკუმენტი, რომ კოკოევი, არძინბა თუ სხვები და სხვები არიან დამნაშავეები? მივაწოდეთ ვინმეს ეს ინფორმაცია?!
– როდესაც ჩვენები ამბობენ, რომ არძინბამ დაარღვია შეთანხმება და მან იცოდა და დაეთანხმა ჯარების შეყვანას რკინიგზის დაცვის მოტივით, ხომ შეიძლება, ის შეთანხმება მაინც გაასაჯაროო, რომელზეც არძინბამ ხელი მოაწერა? დოკუმენტები ხომ არსებობს?
– ჩვენ ყველამ ვიცით, რა მოხდა 2003 წელს, ვიცით იგორ ივანოვის, რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანის პროცესში, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიძიებთ და ვცდილობთ, ყველას მოვაცილოთ პასუხისმგებლობა. აფხაზეთი დავკარგეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, გენერლების რაოდენობამ მოიმატა. ეს მიდგომა ღუპავს პერსპექტივას და საქართველო გადავიდა კლანებს შორის დაპირისპირების რეჟიმში, სწორედ ამ უპასუხისმგებლობის ზეობის პირობებში ყველა, ვინც ხელისუფლებაშია, თავისუფალია ვალდებულებებისგან და პასუხისმგებლობას იღებს რიგითი ჯარისკაცი, იმიტომ რომ რიგითმა ჯარისკაცმა იბრძოლა აფხაზეთსა თუ ცხინვალში, იმიტომ რომ, რიგითმა მოქალაქემ დაიცვა საქართველოს ინტერესები. ჩვენ არ ვფიქრობთ ამ საკითხებზე, ფუნდამენტზე, პოლიტიკურ იდეოლოგიაზე, პრინციპებზე, არადა აქედან იწყება ყველაფერი დანარჩენი. ის, რომ გამოვა ვიღაც პოლიტიკოსი და ზოგად ფრაზებს იტყვის, რომ მტერი ივანიშვილია და ის უნდა მოცილდეს ან მტერი სააკაშვილია და ის უნდა მოცილდეს, უკვე გავლილი თემებია და ისევ ძველ ნაღმებზე ვფეთქდებით. მეტიც – ჩვენ საბჭოთა სისტემაც კი არ შეგვიფასებია. აი, ეს განაპირობებს ჩვენთან არსებულ მდგომარეობას, ქართველმა საზოგადოებამ ეს უნდა გააცნობიეროს.
– როდესაც ამბობთ, რომ არც ერთ სახელისუფლო ელიტას არ აძლევდა ხელს ნათლის მოფენა საკვანძო პოლიტიკური საკითხებისთვის, გულისხმობთ, რომ მაშინ ნათელი მოეფინებოდა იმასაც, რომ ქვეყანაში შიდა პროცესი გარედან იმართება?
– დიახ, იმიტომ რომ მაშინ სისტემა ინგრევა. თუკი პოლიტიკური სისტემა წარმატებული იქნება, ინგრევა ვერტიკალი, თუკი ცალკე სასამართლო ხელისუფლებაც კი წარმატებული იქნება, ვერტიკალი ინგრევა. სად არიან არაკონკურენტიანი ადამიანები წარმატებულები? მონოპოლიზებულ სქემაში. რადგანაც ბუნებრივი კონკურენციის გზით ისინი ვერ დაუმტკიცებდნენ საზოგადოებას თავიანთ უპირატესობას, ამიტომ ყველაფერი კეთდება მონოპოლიზების გზით. სხვათა შორის, ასე იქცეოდნენ ბოლშევიკებიც, მათ ყველა არჩევნები წააგეს, მაგრამ მონოპოლიზებული სისტემისა და ტერორის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში და მერე თქვეს, აბა, ვინ არის ჩვენი კონკურენტიო. დახოცეს ყველა კონკურენტი და ვინღა გაუწევდა კონკურენციას?!
ნინო ხაჩიძე