საქართველო ლიდერია პოლიტიკური პარტიების რაოდენობის მხრივ და მათი რიცხვი 238-ია! რამდენად ნაყოფიერია მათი არსებობა ქვეყნისთვის, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ ,,სახალხო პარტიაზე“, რომლის ლიდერი მამუკა გიორგაძეა, რომელიც 2020-ის არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას. „ალიასთან“ ინტერვიუში მამუკა გიორგაძემ ბევრი საგულისხმო და საინტერესო რამ თქვა:
-დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში არათუ უმოქმედო პარტიების სიმრავლეა, არამედ რეალური, მიზნობრივად რეალიზებული პოლიტიკური პარტიების სიმწირეა! ჩვენთან უბრალოდ არიან გაფორმებული პარტიები, რომლების თავის ფუნქციას არ ასრულებენ, არადა ეს მაშინ როცა პოლიტიკური პარტია ეს არის -ერთიანი მსოფლმხედველური ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა, რომლებიც ამ ღირებულებებს იცავენ! ჩვენთან ხშირად გაიგებთ ასეთ ფრაზას ,,ერთკაციანი პარტია“, ხომ? დასცინიან კიდეც ამ პარტიის ლიდერებს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ჭეშმარიტად ერთკაციანი პარტიაა „ქართული ოცნებაც“ და თუკი ბიძინა დატოვებს პარტიას, მაშინ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, მაშინვე შეწყვეტს არსებობას! ერთკაციანი პარტია იყო მიშა სააკაშვილიც და მისი „ნაცმოძრაობა“! ერთკაციანი იყო ,,მოქალაქეთა კავშირიც“ და ეს ნათლად გამოჩნდა, როცა ედუარდ შევარდნაძე წავიდა ,,სახლში“, პარტია დაიშალა!
ჩვენი და ქვეყნის პრობლემა ზუსტად ეს არის იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად, ეროვნული განვითარებისა და პერსპექტივის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს ერთკაციანი პარტიები, რომელთა ხუშტურებითაც იმართება სახელმწიფო! დააკვირდით, პრობლემები ყველა ქვეყანას აქვს, მაგრამ ჩვენთან პიროვნული ინსტიტუტები არ გვაძლევენ განვითარების საშუალებას და თუ გადავხედავთ მსოფლიო პრაქტიკას…. ყველაზე მეტად, ადამიანის უფლებებს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას იცავს არა ერთი კონკრეტული პიროვნება, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტები და არ აძლევენ, თუნდაც ერთ ავტორიტეტულ პიროვნებას იმის უფლებას, რომ დაჩაგროს რიგითი მოქალაქეები! დიახ, სახელმწიფო ინსტიტუტებია გარანტი კონკურენციის და გარანტი იმის, რომ მოსახლეობა იმყოფებოდეს კეთილდღეობაში, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით! ჩვენთან კი ამ 30 წლის განმავლობაში, პიროვნებებზე ვართ გადასული და ამიტომაც ვერ ხერხდება მძლავრი ინსტიტუტების ჩამოყალიბება, რომელიც ყველა ზემოთქმულ სიკეთეებს მოიტანს! ავიღოთ თვითმმართველობა, ჩვენთან ხომ არ არსებობს ასეთი? არც სასამართლოს დამოუკიდებლობა არსებობს და ყველაზე მთავარი, არც პარლამენტი არსებობს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო იმიტომ, რომ აქაც 1 კაცის ნება-სურვილის გათვალისწინება ხდება და პარლამენტი ამ ნება-სურვილების დამმოწმებელი ნოტარიუსი ხდება მომენტალურად! არც მთავრობა არ არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და საერთოდ, თბილისიდან წყდება, რომელ სოფელში კანალიზაცია როგორ გაიყვანონ…
-გეთანხმებით. თქვენ რას ფიქრობთ გუბერნატორობის ინსტიტუტზე, რომელიც სრულიად გაურკვეველი, გაუმჭვირვალე საქმიანობას ეწევა?
-აი, მითხარით, რა ფუნქცია აქვს გუბერნატორს, გარდა იმისა, რომ 1 კაცზე მორგებული საშტატო დანამატია და 1 კაცის ზედამხედველია კონკრეტულ რეგიონში? ჟარგონით რომ ვთქვა, „მაყურებელია“! რატომ იყო საჭირო გუბერნატორის ინსტიტუტი? იმიტომ რომ კონტროლი გაუწიოს იმას, რასაც თვითმმართველობა უნდა აკეთებდეს! რა საჭიროა გუბერნატორი იქ, სადაც თვითმმართველობაა? ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატები – ყველაზე გავლენიანი პირი, პრეზიდენტიც კი უძლურია, რომელიმე ქალაქის მერის ნებისმიერ ქმედებაზე იმიტომ, რომ მერიც მოსახლეობის არჩეულია! ჩვენთან კი ამ კუთხით რაც ხდება, ეს არის საბჭოთა სიმბიოზი, გამიგეთ? ახლა მეორე საკითხი… პოლიტიკური ინფრასტრუქტურის არ არსებობა გამოწვეულია იმ მიზეზითაც, რომ არ არსებობდეს მდგრადი, სტაბილური სისტემა სახელმწიფოს მართვაში! არსებობს მხოლოდ მართვის ორი მიმართულება – პოლიტიკური ინფრასტრუქტურა, ანუ პარტიები და მეორე, მისი ალტერნატივა – კლანები! თუ პოლიტიკური პარტიები, ცივილურად არკვევენ ერთმანეთში ურთიერთობას, ქვეყანა მეტნაკლებად ვითარდება, მაგრამ როდესაც კლანები არკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას, იქ სახელმწიფო განვითარება არ ხდება!!! ჩვენთან როგორაა? გვყავს ერთი დიდი ბელადი, თავის პატარ-პატარა ბელადებით და იმათაც თავიანთი კერპები ჰყავთ! ვიმეორებ, როგორც კი ბელადი განუდგება პარტიას, ის პარტია იშლება!!!
-გასაგებია ეგ ყველაფერი, მაგრამ მეორე უბედურებაა ისიც, რომ კერპებიც გაცვეთილი სახეებია, ხშირ შემთხვევაში, მარგინალურიც კი, ხომ მეთანხმებით?
-აი, ეს უკვე სისტემის გაჭირვებაა, რომელიც იმდენად დამპალია, რომ ძლიერ პიროვნებებს, ჯანსაღ სუბიექტებს ვეღარ იტანს და მათ შეძლებისდაგვარად ებრძვის! აბა, დააკვირდით, დღეს პოლიტიკური ცხოვრება სად მიდის და საითაა მასების ყურადღება გადართული? – ტელევიზიებისკენ ხომ? ანუ ვხედავთ იმას, რომ ძირითადი პოლიტიკური ცხოვრება გადატანილია ტელეეთერებში, სადაც ჯანსაღი იდეების ჭიდილი არ არის, ანდა როგორი უნდა იყოს პოლიტიკური ცხოვრება, პროგრამების გარკვევა, როგორია პოლიტიკური მოცემულობა ადგილზეც და მსოფლიოშიც, შეფასება, ანალიზი როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და ა. შ. კი არ ხდება, არამედ ერთმანეთის ლანძღვითა და კომპრომატებითაა წარმოდგენილი! არადა ამასობაში იკარგება მთავარი, როგორ ხედავ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხს, რა გზები უნდა დასახო და განახორციელო! როგორ ხედავ საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების გზებს! როგორ ხედავ ახალგაზრდობის მომავლის საკითხს, რომ ხელი შეუწყო და გახადო ისინი თვითკმარი, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაშია! ფეხბურთი იქნება, კალათბურთი, რაგბი თუ ნებისმიერი სპორტის სახეობა, ესენი ხომ უდიდესი დამოუკიდებელი ბიზნესებიაა? მაგრამ ჩვენთან, ნახეთ, როგორაა? სახელმწიფო დოტაციაზეა იმიტომ, რომ ამ კლანებს არ აწყობთ განვითარება და იმიტომაც, რომ ჩვენთან სპორტი მიბმული უნდა იყოს ერთი კაცის ნება-სურვილზე, მის შეხედულებებსა თუ ფინანსებზე! ყველა ბიზნესი მიბმული უნდა იყოს, რომელიმე კლანზე და ეს მაშინ როცა მთელ მსოფლიოში სპორტი ლეგალური ბიზნესია, უდიდესი ფინანსური რესურსებით და მათ შორის ჩვენნაირ პატარა ქვეყნებშიც კი! ჩვენთან ხდება ოლიგარქიული კაპიტალის დემონსტრირება, არადა ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის გარანტი, სინამდვილეში წვრილი და საშუალო ბიზნესია, საიდანაც სახელმწიფო ხაზინაც მდიდრდება! ამერიკაშიც კი, სადაც მილიარდერების ყველაზე დიდი კონტიგენტი ცხოვრობს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასაქმებულია მცირე ბიზნესში და ეს კი გარანტია იმისა, რომ მოქალაქე არ არის მიბმული რომელიღაც კლანზე! აქ როგორააა, თუ ქარხნის დირექტორი იყრის კენჭს და მას თავისი მუშა არ მისცემს ხმას, გაგიშვებ სამსახურიდანო, ემუქრება,ხომ ასეაა? რატომ? იმიტომ რომ ოლიგარქიული კაპიტალია და მონოპოლიზებულ სახელმწიფოში აცხოვრებენ მოსახლეობას! ამასთანავე, შრომის კანონმდებლობაც ისეთია – ეგვიპტეში, ადრე მონებად რომ ამუშავებდნენ ებრაელობას, იმ კანონზე უარესი! რომ არა კლანურობა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ოდესმე საქართველოში ნაცმოძრაობა გახდებოდა მმართველი პარტია? დიახ, აქ არსებულმა კლანებმა, უცხოეთში არსებულმა კლანებმა და სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს მათი მოთრევა ხელისუფლებაში და ეს იმ დროს, როცა ისინი არც მალავდნენ თავის გნებავთ, რელიგიურ და გნებავთ, პოლიტიკურ მისწრაფებებს, რაც შემდგომ აღასრულეს კიდეც! დააკვირდით 30 წლის განმავლობაში, არც ერთმა ხელისუფლებამ არ მიიღო ლუსტრაციის კანონი და ეს იმ დროს, როცა სადაც კი ამერიკის ინტერესები შედის, იქ უპირველესი ლუსტრაციის კანონის მიღებაა! ხომ ამბობენ, რომ ამერიკის პარტნიორი ქვეყანა არიან, რომ ითვალისწინებენ მათ რეკომენდაციებს და შტატების ელჩს ეკითხებიან, რა და როგორ გააკეთონ? მაშინ მიიღონ ლუსტრაციის კანონი, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნებმა გააკეთეს და იქ გამოჩნდება, ვის აქვს უფლება ქვეყნის სათავეში მოექცეს და ვის არა! აქ როგორაა? კლანურობით მოსული ძალა, მაგნიტივით იზიდავს სხვა კლანურ პარტიებს და ბევრ სხვა უბედურებასთან ერთად, დიდძალ ფულსაც შოულობს იმისთვის, რომ მუდმივად იტივტივოს იმ პოლიტიკურ სიმბიოზში, რომელსაც თითქოსდა, ქვეყნის აღმშენებლობა უნდა! ახლა დააკანონეს კიდევ ერთი ფულის საშოვნელი მექანიზმი, კერძოდ ნებისმიერი პარტიის ლიდერი და პარტია, ვისაც სურვილი აქვს, რომ მოხვდეს პარლამენტში – ვალდებულია გაიკეთოს ნარკოტესტი, რაც კარგია, მაგრამ ჩემისთანა პარტიამ, რომელმაც რის ვაი-ვაგლახით მოვაგროვეთ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ფინანსების მინიმუმი, ყველამ ვინც საარჩევნო სიაში გვეყოლება, ყველამ უნდა გაიკეთოს ნარკოტესტი, რომელიც 50 ლარი ჯდება! არ არის პრობლემა, გავიკეთებთ ბატონო, მაგრამ ამოდენა ფული საიდან უნდა მოვიტანოთ? ანუ ხელოვნური ბარიერია ერთგვარად, ისევე როგორც ხელოვნური ბარიერებია ტელევიზიებში მოსახვედრად და ჩვენთვის დაკეტელია ყველა ეთერის კარი იმიტომ, რომ სადღაც, ვიღაცამ ასე გადაწყვიტა და ჟურნალისტებიც ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას! მადლობა ღმერთს, ბეჭდური მედია ამ მხრივ ასე თუ ისე თავისუფალია და დღევანდელი ჩვენი ინტერვიუც ამისი ნათელი მაგალითია!
– ბატონო მამუკა, თავში განმარტეთ რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში საკვანძო თემებზე არ მიმდინარეობს აზრთა ჭიდილი და მაგალითად მოიყვანეთ აფხაზეთის თემაც…
-თქვენ გემახსოვრებათ, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხზე, სახალხო პარტია ნებისმიერ სხდომაზე აყენებდა საკითხს, როგორ გვემოქმედა, იმიტომ რომ დრო გადიოდა და ეს თემები მივიწყებას რომ მიეცემოდა, ამას თითქოს შინაგანად ვგრძნობდით… რომ არა 2008 წლის ომი, მერწმუნეთ ცხინვალის რეგიონიც არ იქნებოდა მსჯელობის საგანი საქართველოს პარლამენტში, არადა ეს ის თემებია, რომელთა აქტუალიზაციაც მსოფლიო მასშტაბით სასიცოცხლოდ აუცილებელია! ყოველდღიურად უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებზე, ისე აფხაზთა და ოსთა ჩვენთან თანაცხოვრების შესაძლებლობის გზებზეც, ჰუმანიტარულ თუ იგივე სპორტის ჩართულობაზე ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, სახალხო დიპლომატიის მასშტაბების გაზრდაზე და ა.შ. მაგრამ აბა, დააკვირდით ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტს ოდესმე მსგავსი გაუკეთებია? თითო-ოროლა დეპუტატის მეტს აზრადაც არ მოსვლია და მეტიც, ფეხებზე ჰკიდია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გადართულები არიან კლანურ მმართველობაში ვინ ვისთან და რა სარგებელით დამკვიდრდნენ! დააკვირდით, როგორი ფრაზის დამკვიდრება მიდის? ჩვენ ჯერ აფხაზები უნდა დავიბრუნოთო, ხოომ? შე კაი დედ-მამიშვილო, თუ აფხაზები ვერ დაიბრუნე, ამიტომ აფხაზეთის დაბრუნებაზე უარს ამბობ? მაშინ იმ 300 000 დევნილის უკან დაბრუნებაზე უარს ამბობ და მხოლოდ წინასაარჩევნოდ დაპირებებს ისვრი, რომ აფხაზეთს დაიბრუნებ წინასაახალწლოდ თუ მარიამობის თვეში? მეორე საკითხი და ამას ხაზს ვუსვამ -სახალხო პარტია ყოველთვის იყო დიალოგის მომხრე! ვინ მონაწილებს, რამდენი მხარე და რამდენი კაცი, ამას მნიშვნელობა არ აქვს! დიალოგი უნდა გვქონდეს რუსთანაც, აფხაზთანაც, ოსთანაც, ამერიკელთანაც, ჩინელთაც და ყველასთან, ოღონდ ჩვენს მისწრაფებებში უნდა ვიყოთ მკაფიო და შევინარჩუნოთ სახე ამ პროცესის სამხედრო მდგენელთან! ჩვენ არცერთ შემთხვევაში ახალი სამხედრო კონფრონტაცია არ უნდა დავუშვათ და მოლაპარაკებების დროს მკაფიოდ უნდა დავარწმუნოთ მეორე მხარე, რომ ოკუპაცია შეგვჭამს როგორც ჩვენ, ისე მათ!
-ანუ თქვენ ახლა აფხაზების მოსაზრებას ეთანხმებით, რომლებიც დიალოგის დაწყებამდე თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ ჩვენგან, ხოომ?
-დაახლოებით, ოღონდაც არა სამხედრო, არამედ სულ სხვა გარანტიების საშუალებით! მაგალითად, სახალხო პარტია შემოდის ინიციატივით, დაარსდეს აფხაზეთის განვითარებისა და ინვესტიციების ფონდი სადაც მოვიზიდავთ საერთაშორისო დონორებს, რომლებიც ჩადებენ ინვესტიციას აფხაზეთის ეკონომიკის თუ ინფრასტრუქტურის აღორძინებაში, დაეხმარებიან აფხაზებს მთელ რიგი პრობლემების მოგვარებაში, ოღონდ ფონდის დამაარსებლები უნდა ვიყოთ მკაცრი იმ მიმართულებით, რომ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები იქნებიან უსაფრთხოდ და მათ ეთნიკური ნიშნით არ შეავიწროებენ! გნებავთ ამ ფონდის დონორები იყვნენ მდიდარი აფხაზებიც, რაც გარდა ფინანსური ვალდებულებებისა, ურთიერთდაახლოვების ახალ გზებსაც ადვილად იპოვნიან და ამით, მხოლოდ კარგი საქმეები გაკეთდება! აი, ეს ფინანსური კოზირი აუცილებლად უნდა გამოიყენოს საქართველომ ისევე როგორც აუცილებლად გამოსაყენებელია ენგურის კაშხალის თემაც და რომლის „ტურბინაა“ მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე! თქვენ იცით, თუ არა, რომ ენგურჰესიდან აფხაზებისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური ჩვენს ტარიფებშია ასახული და სახელმწიფომ ამ დენის საფასურის გადანაწილება კი არ მოხდინა, არამედ ჩვენ დაგვაკისრა მისი გადახდაც და კორუფციულ, გაურკვეველ სქემებში ლავირება ურჩევნია, სახელმწიფო ინტერესების სანაცვლოდ…
-ამ რამდენიმე დღის წინ ნატო-ს ჯარების ყოფილმა მთავარსარდალმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა – საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაჩქარდება, თუ ჯერ ალიანსის წევრები გახდებით და შემდეგ დაიწყებთ ფიქრს ოკუპირებული რეგიონების დაბრუნების გზებზეო, თუმცა აქვე ისიც დასძინა, ნატო-სთვის ამ საქმეში რუსეთის არსებობა რთული თემააო…
-ჩვენთან საერთოდ ნებისმიერ თემაზე დისკუსიის პრობლემაა და არ მიდის დისკუსია თუნდაც იმაზე, რა არის და სად არის ზღვარი, თუნდაც დიალოგის დასაწყებად? რას ითხოვენ რუსები, რის დათმობას აპირებენ და რის არა, ვიცით? ჩვენ ხომ არ ვიცით ის მინიმალური ზღვარიც კი, რაზეც შეიძლება ქართველები დავთანხმდეთ? როცა ამბობენ სიტყვა – დალაგებას, რა იგულისხმება ამ დალაგებაში, ხომ უნდა ვიცოდეთ, თორემ დალაგების წინააღმდეგი როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი იყოს? თუ ის დალაგება იგულისხმება, რომელიც 200 წლის წინ დაიწყო, მე ასეთი დალაგება სწორად არ მიმაჩნია და თუ სხვა რამეს გულისხმობენ, კი ბატონო, დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, მე ამის მომხრე ვარ!
ახლა მეორე მხარე – რას ითხოვს დასავლეთი ჩვენგან, კერძოდ კი ნატო? ანუ, რამდენად ჯდება ჩვენს სახელმწიფო, ეროვნულ ინტერესებში, მათი შემდგომი მოთხოვნები, რომელიც მათ აუცილებლად გაუჩნდებათ? მაგალითისთვის… თუ თვითმმართველობას, სასამართლო დამოუკიდებლობას, არჩევნების გამჭირვალედ, დემოკრატიულად ჩატარებას, ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვს, კი ბატონო, მივესალმები და მადლობა დასავლეთს, რომ ითხოვს, მაგრამ
მოდი ახლა ის ვთქვათ – რატომ გამოდის ნატო ასეთი ინიციატივით ახლა და ხომ არ შეეპარა მას ეჭვი საქართველოს ხელისუფლებაში, რომ იგი შესაძლოა, სხვა ინტერესების გამო, სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ გაისარჯოს?
-რას გულისხმობთ?
– რას ვგულისხმობ და იმას, რომ როგორც ენგურჰესის მემორანდუმში რა წერია, ის არ ვიცით, ისე არ ვიცით, რა წერია იმ მემორანდუმებში, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებებმა სხვადასხვა რუსული ბიზნესების დამკვიდრებისთვის გააფორმეს! ამ ბიზნესების გაფურჩქვნას ეწირება ქართველების სიმწრით ნაშოვნი ფული, როგორც დენში, ისე წყალში, ისე ფიჭურ კავშირში, გაზში და ა.შ., ანუ ჩვენ ვავსებთ რუსეთის ბიუჯეტს, ჩვენი გადასახადებით! ანუ სრულიად შესაძლებელია ნატო-ს ეს ეჭვები რეალურ დოკუმენტებსაც ექვემდებარებოდეს და ამიტომაც გვთავაზობს სასწრაფო გაწევრიანებას, უფრო მეტის დაკარგვის შიში და შიშით იმისა, რომ ჩვენ ხელისუფლებებს ბოლომდე არ შემოეჭამოთ ისიც, რაც საქართველოსგან დარჩა, გამიგეთ, რისი თქმა მინდაა? მეორე და ყველაზე გამაღიზიანებელი რაც არის მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს მონური მუხლის კანკალია ნებისმიერ პარტნიორთან ურთიერთობაში და ეს რომ ასე არ უნდა იყოს, მოვიყვან ერთ მაგალითს, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჯო ბაიდენმა, ისრაელის მაშინდელ პრემიერ მინისტრს, ქედმაღლურად და მკვახედ საუბარი დაუწყო კონგრესში….ეს ძველი, ნაომარი ბეგინი, მოუტრიალდა ბაიდენს და უთხრა – „მე მართალია პატარა ქვეყნიდან ვარ, მაგრამ არა იმდენად პატარიდან, მუხლის კანკალით რომ დავუწყო ლაპარაკი დიდ ქვეყანასო!!!“ ვიდრე საქართველოს აი ეს თვითშეგნება არ დაუბრუნდება, ვერც ნატო-ს და ვერც ვერავის ვერ დაელაპარაკება ღირსეულის პოზიციიდან და მუდამ იმ მდგომარეობაში დარჩება, როგორადაც დღესაა! აი, ამიტომ მოვდივართ და ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში სახალხო პარტია, რადგან ჩვენ ღირსეული საქართველო გვინდა!!!
ირინე გოგოსაშვილი, ალია №32