მოახლოებულ არჩევნებზე, 2020 წლის საარჩევნო გარემოზე, ოპოზიციის ტაქტიკაზე, ხელისუფლების არგუმენტებზე ,,კვირა“ მამუკა გიორგაძეს ესაუბრა:
– ოპოზიციის საარჩევნო ბლოკებში ძალზე ჭრელი პარტიული სპექტრია, აქ გაერთიანებულ პოლიტიკოსებს არც წარსულში ჰქონდათ საერთო ინტერესები, სავარაუდოდ, არც მომავალში ექნებათ. როგორ წარმოგიდგენიათ მათი თანამშრომლობა პარლამენტში?
– მოდით, შევთანხმდეთ, ვინ არის ოპოზიციაში. სამწუხაროდ, ამომრჩეველი მათ განცხადებებში ვერანაირ სიღრმისეულ აზრს და ქმედებას ვერ ხედავს. აქცენტი არ კეთდება კონცეპტუალურ განსხვავებებზე მათსა და ხელისუფებას შორის. პოლემიკა მიმდინარეობს არაფრისმთქმელ საკითხებზე: ვინ უნდა გახდეს პრემიერმინისტრი, დედას აფიცებენ ერთმანეთს, რომ არ ითანამშრომლებენ ბიძინა ივანიშვილთან და ძირითად ამოცანად ისახავენ, როგორ დაიცავან საარჩევნო ხმები. ჯერჯერობით ოპოზიცია სამყაროს მხოლოდ თეთრად და შავად ხედავს და ამასვე სთავაზობს ამომრჩეველს. არც იმაზეა ლაპარაკი, რა საკითხებზეა შესაძლებელი ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და რაზე -არა. როცა დასჭირდებათ, ნუ გეშინიათ, კარგად პოულობენ საერთო ენას…
– ესე იგი, ოპოზიცია ამომრჩევლის ზურგს უკან ურიგდება ხელისუფლებას?
– რასაკვირველია. ოპოზიციის ამოცანაა სწორი მოცემულობა ქვეყანაში. მათ კი დღემდე ორი ლოზუნგი აქვთ: ,,გაუმარჯოს“ და ,,წადი!“ ამ ორ ლოზუნგს შუა არაფერია.
– ოპოზიციის მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა.
– 9 წელი რომ იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ რა გააკეთეს? ერთხელ არ შემოუთავაზებიათ დეოკუპაციის გეგმა, ერთხელ არ დაუყენებიათ აფხაზეთის დაბრუნების საკითხი, ერთხელ არ უხსენებიათ ლუსტრაციის კანონის აუცილებლობა.
დღევანდელი ოპოზიცია ანუ გუშინდელი პოზიცია – მათთვის რუსეთი მხოლოდ ოკუპანტი იყო და რუსეთ – საქართველოს ურთიერთობა ამ წერტილში გაყინა. დისკუსია იმის შესახებ, რა უნდა რუსეთს საქართველოსგან, ერთხელაც არ გამხდარა მსჯელობის საკითხი. სწორედ დისკუსიის გზით უნდა ყალიბდებოდეს ამომრჩევლის დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხზე, და არა ხელისუფლების შემოთავაზებული ლოზუნგებით.
– ანტირუსული რიტორიკა ოპოზიციის პარტიათა მთავარი კოზირია?
– რა არის რუსეთის მთავარი ინტერესი საქართველოში, რა უნდა რუსეთს ჩვენგან? თუ ამ საკითხს არ სვამდა გუშინდელი მთავრობა და დღევანდელი ოპოზიცია, გამოდის, რომ ის პროუსულია. დისკუსია იმაზე, ვინ დაიწყო ომი 2008 წელს, არასწორია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ. მე-18 საუკუნიდან ჩვენ ვართ რუსეთის კოლონია, თუმცა არც ხელისუფლება იკლავს თავს წინა ხელისუფლებების ქმედებების შესაფასებლად 2003 წლიდან 2012 წლამდე, დაწყებული ფსევდორევოლუციით, რომელსაც, რატომღაც, ,,ვარდების რევოლუცია“ უწოდეს.
– ქართული ოპოზიცია დღეს ძლიერი გაერთიანების შექმნას ცდილობს. გამოუვათ?
– ვერ გავიგე, ვინ დანიშნა ისინი ოპოზიციური აზრის მმართველად. თუ გაერთიანებას აპირებენ, უნდა თქვან, რა არის მათი ერთიანობის საფუძველი. პიროვნების მიმართ ზიზღი? ეს ამბავი უკვე 5-ჯერ გავიარეთ: ეს არა და ის! თუმცა, რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ამას ვერ გვეუბნებიან, იმიტომ, რომ შენ უკეთესი ტიპი ხარ? 2 წელია 30 პარტია იკრიბება. ისე, არითმეტიკა სკოლაში ვისწავლეთ ჩვენც და 30 პარტია როგორ დაითვალეს, ეგ სხვა საკითხია. სინამდვილეში ,,ნაციონალები“ 25 ნაწილად გაიშალნენ. თუმცა მათი შეკრების თემად არასოდეს გამხდარა მთავარი კითხვა: რაც არ მოგვწონს, როგორ შევცვალოთ და ამ თემაში თუ ვართ ერთიანნი?
– ოპოზიცია ერთ რამეში ნამდვილად თანხმდება: საარჩევნო გარემო საქართველოში უნდა შეიცვალოს!
– როგორ? თუკი არსებულზე უკეთესი არ ხარ, რა აზრი აქვს შეცვლას? საარჩევნო სიები ხომ უნდა მოგვარდეს? ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ გაყალბების ისეთი ექსპერტები სხედან, უკეთესს ვერ ინატრებ. დღეს მთავარი საარჩევნო პრობლემა ცესკოს დამტკიცებული საარჩევნო და სამაგიდო სია ერთმანეთისგან განსხვავებულია.
– 25 წელზე მეტია, ყველა დროის ოპოზიციას ეს პრობლემა სწორედ არჩევნების წინ რატომ ახსენდება?
– აი, მაგალითად, 20 წელია, ჯერ კიდევ „ნაციონალების“ დროიდან, ჩემს ბინაში 3 ადამიანია მიწერილი,
ვინმე ხარებავები. როდესაც წყლის გადასახადი მომივიდა უცხო ადამიანებზე, აღვშფოთდი და საჯარო რეესტრიდან ეს ადამიანები ამოვაშლევინე, თუმცა, საარჩევნო-სამაგიდო სიებში დარჩნენ. სააკაშვილის მოსვლამდე, დიდი ბრძოლის შედეგად მოვახერხეთ და ამომრჩეველთა სია ბინების მიხედვით დავალაგეთ. სააკაშვილმა ,,სახალხო პარტიის“ მიღებული ეს მცირე დეტალი მოსვლისთანავე შეცვალა და საარჩევნო სია კვლავ ანბანის მიხედვით შეცვალა.
– რატომ იყო თქვენი პარტიის შეთავაზება უკეთესი?
– როცა არჩევნებზე მივდივარ, ვხედავ ჩემს მისამართზე ჩემი ოჯახის წევრების გარდა კიდევ ვინმე თუა მიწერილი და ვაპროტესტებ. ანბანის მიხედვით დალაგებულ სიაში ეს გამორიცხულია. თეორიულად, თუ რომელიმე ასო- ბგერის 1500 მოქალაქის გვარი წავიკითხე, შესაძლოა, გაყალბება აღმოვაჩინო, მაგრამ ვინ იზამს ამას? ცალკე საუბრის თემაა იმ ამომრჩეველთა სია, რომლებმაც საქართველო დატოვეს და ლეგალურად თუ არალეგალურად უცხოეთში ცხოვრობენ. ამ კუთხით არჩევნების სერიოზული გაყალბებაა მოსალოდნელი.
– შესაძლებელია დარჩენილ დროში ოპოზიციამ არჩეული ტაქტიკა შეცვალოს და სერიოზულ მებრძოლ ძალად ჩამოყალიბდეს?
– ოპოზიცია უვიცი არ არის, მას დღეს არცერთ შემთხვევაში არ აწყობს პრინციპებზე საუბარი. თუ ოპოზიცია შეძლებს საკითხები პრინციპებისა და კონცეფციების რანგში განიხილოს, მაშინ ის მეტ წონას შეიძენს. ოპოზიციამ 1 წელი დახარჯა საარჩევნო სისტემის განხილვაზე, ამ დროს საარჩევნო კოდექსში დატოვებულ „ხვრელებზე“ ხმა არ ამოუღია. არც იმ თემაზე გაუმახვილებია ყურადღება, რა თანხები იხარჯება სარეკლამო ბანერებზე და არც კონკურენტი პარტიების საარჩევნო „შავი“ ბუღალტერია უმხილებია.
– რა იყო ამის მიზეზი?
– ოპოზიციას ცალსახად აწყობს საარჩევნო ,,ხვრელები“, რომელსაც სათავისოდაც გამოიყენებს. დღეს თუ ვინმეს აძლევს ხელს დესტაბილიზაცია და ქაოსი, ეს ოპოზიციაა. ყველა საკითხი ქაოსურად წყდება და კონცეფციების ჭრილში არ განიხილება.
11:57 1.09.2020 “კვირა” მედიაჰოლდინგი