მამუკა გიორგაძე: „საქართველოში ხდება პოლიტიკის დეგენერატიზაცია“
„საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რისთვის არის საჭირო მრავალპარტიულობა“
მარიამ მჭედლიშვილი
წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, მამუკა გიორგაძეს
_ 30-მდე ოპოზიციური პარტია აფორმებს დეკლარაციას იმის შესახებ, რომ ისინი უარს ამბობენ მომავალში „ქართული ოცნების“ კოალიციაში შესვლაზე. თქვენი პოზიცია როგორია?
ეს ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი აბსურდია. იმის მაგივრად, რომ განიხილებლდეს საარჩევნო პერიპეტიები, იყოს იდეების ჭიდილი, გვთავაზობენ ასეთ უაზრო თემებს. მაგალითად, ვინ უნდა დასახელდეს პრემიერ-მინისტრის კანდიდატად და ვინ არ უნდა შევიდეს კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან“. მანამდე ხალხი გააბრუეს იმაზე ყვირილით, მაჟორიტარული უნდა იყოს სისტემა თუ პროპორციული, ან პროპორციულთან მიახლოებული, ვინ არის პოლიტპატიმარი.
_ ამ საკითხებისთვის ამდენი ყურადღება არ უნდა დაეთმოთ?
რასაკვირველია. მთელი ყურადღება გადატანილია იმაზე, რაც არ არის პოლიტიკის პრობლემა. საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს ვინ დაჯდება და ვინ არ დაჯდება ივანიშვილთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ივანიშვილი თვითონ მშვენივრად თანამშრომლობდა ნაციონალურ მოძრაობასთან. შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში, ხელისუფლებაში და ყოფილი ნაციონალები გვერდით დაიყენა. გაარკვიონ, რა აღელვებს ხალხს.
_ სოციალური მდგომარეობის გარდა, რა აღელვებს ხალხს?
რა თქმა, უნდა, ტერიტორიული მთლიანობა. ადამიანებს უნდათ გაიგონ, რას იტყვის ხელისუფლება აფხაზეთზე. ეჭვი მეპარება, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ რაიმე სასიკეთო გააკეთოს, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ეს მოხდა. თუ მართალც ქვეყნისთვის სასიცოცხლო ნაბიკი გადადგა, რატომ არ უნდა დაველაპარაკო მაშინ ხელისუფლებას?! იქნებ, დეკლარაციების მოყვარული ოპოზიცია უშვებს დიდ შეცდომას ან დანაშაულს ქვეყნის წინაშე, მაშინ, აპრიორი რატომ უნდა ვთქვა, რომ მათთან ვარ?!
_ ანუ ამგვარი დეკლარაციების მიღება და რაღაც პირობების დადება სწორი არ არის?
რასაკვირველია. არის ხმაური ფორმებზე და არა შინაარსზე. ეს არ არის პოლიტიკა. საქართველოში ხდება პოლიტიკის დეგენერატიზაცია. ეს დაახლებით იგივეა, თბილისის „დინამოს“ ბარსელონას ან რეალის მაისურები რომ ჩააცვა და კარგი ფეხბურთი მოსთხოვო. მთავარ, სახელმწიფოებრიც პრობლემებზე არავინ მსჯელობს. 20 წელიწადია, არც ერთი ხელისუფლებისაგან აფხაზეთის პრობლემის განხილვა არ მოგვისმენია. არ ხდება საშუალო და მცირე ბიზნესის პერსპექტივებზე ლაპარაკი, ასევე საქართველოს როლის განსაზღვრა ნატოსა და ევროკავშირში.
_ საქართველოს ამ ორგანიზაციებში შესვლაზე დროდადრო საუბრობენ.
იშვიათად საუბრობენ. მე ამ ორგანიზაციებში საქართველო მათხოვრად არ მინდა. ჩვენ გვინდა, საქართველო ღირსეული იყოს და იქ თავისი ღირსებებით შევიდეს. სად არის პრობლემებზე მსჯელობა? სად არის ილიასეული მორიგება საზოგადოების ფენებს შორის, რატომ არ ჩანს კონსენსუსი?! თუ ამ ვითომ ოპოზიციას სამართლიანი არჩევნები უნდა, რატომ მთავარს არ მოითხოვს?!
_ მთავარი რა არის?
საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა. ცესკოში რომ 12 წევრიდან 10 „ქართული ოცნებისაა“, ამაზე რატომ არაფერს ამბობენ? ამომრჩეველთა სიები ისეთივე გაბერილია, როგორც 2 012 წელს და მანამდე იყო. სამართლიან არჩევნებზე, სახელმწიფოებრივ, სულიერ საკითხებზე არავინ ლაპარაკობს. ხელისუფლებასაც მეტი რა უნდა. გვთავაზობენ ისეთ არჩევანს, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო-ან წითელი, ან შავი.
მაშინ წითლები და შავები, ანუ კომუნისტური ხელისუფლება და კრიმინალური სამყარო ერთმანეთთან გარიგებული იყვნენ. „შავებთან“ თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასაც“ წამოაძახებენ ხოლმე.
საბჭოური ტიპის მმართველობა გულისხმობს ვითარების მონიპოლიზაციას სხვადასხვა სფეროში, კრიმინალი იქნება ეს თუ კულტურა. ეს ხელისუფლებაც ხომ კლანურია, „ქართული ოცნება“ კი კლანებისაგან შედგება. ასეთივე იყო სააკაშვილის, ასევე შევარდნაძის მმართველობაც.
_ გამოდის, რომ კრიმინალური სამყაროს გარეშე მართვა არ გამოსდით?
არ გამოსდით. კრიმინალური სამყარო აუცილებელი ხდება მაშინ, როცა არ არსებობს ნამდვილი სასამართლო და ხდება შავი ფულის განაწილება. საქართველოში დღესაც ბევრი არალეგალური ფული ტრიალებს, წილები გადასანაწილებელია, გავრცელებულია „ატკატების“ პრაქტიკა, ტენდერები უსამართლოდ ტარდება. ნაციონალებმა ეს ყველაფერი კარგად იციან. ისინი თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და ამაში მონაწილეობდნენ. კიდევ ერთი რამ არ შეცვლილა-სამართალდამცავი სისტემის პოლიტიზაცია.
_ ამ ჩამოთვლილი მიზეზების გამო კრიმინალი იზრდება?
ცხადია. როცა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს მისცემ ერთ, ორ, სამ დავალებას, შემდეგ „შავები“ თავისას მოითხოვენ. გვაქვს ეს სიმბიოზი, მაგრამ არ გაგვაჩნია პოლიტიკური ინფრასტრუქტურა.
_ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამდენი პარტია იყო და არის?
მმართველი ძალები არ იყვნენ დაფუძნებული იდეებზე, თანამოაზრეთა ერთობებზე. მათ ნორმალური პროგრამებიც არ ჰქონიათ. „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ ზვიად გამსახურდიას სახელზე იყო ჩამოკიდებული, ახლანდელი „ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის სახელს ებღაუჭება. „მრგვალი მაგიდა“ შემდეგ ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდა. ეს სუბიექტები გამსახურდიას გარეშე არაფერს წარმოადგენდნენ. „მოქალაქეთა კავშირში“, ასევე ნაციონალურ მოძრაობაშიც განხეთქილება გაჩნდა და კლანები ერთმანეთს შეეჯახნენ.
_ „ოცნებაზე“ რისი თქმა შეიძლება?
„ქართული ოცნებისათვის“ ნაციონალური მოძრაობა მორგებული ოპოზიციაა. ამათ რომ ჰკითხო, სააკაშვილის დროს მოსამართლეები ცუდად იქცეოდნენ, ახლა კი სანიმუშოები გახდნენ. კახა ოქრიაშვილით დაწყებული, „ოცნების“ წევრებით და სხვებით დამთავრებული, ყველანი მჭიდროდ არიან მიბმული ნაციონალურ მოძრაობაზე. ირაკლი ოქრუაშვილი, როცა სჭირდებათ, მოწმეა, როცა სჭირდებათ, პატიმარი. „ვითომ“ ოპოზიციურ პარტიებს ივანიშვილი აფინანსებს. ყველამ იცის და არავისთვის არ არის დაფარული, რა მოხდა 2 016 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ. არსებობს იმის დამადასტურებელი მასალა, რომ ბურჭულაძის პარტია ფულს ივანიშვილსაგან იღებდა. ფული მიუტანეს ვითომ თავის მოწინააღმდეგეს. ეს ერთი მაგალითია. ამ სისტემაში ყველაფერი გარიგებულია.
_ ახლანდელი საარჩევნო მოდელით ეს სისტემა გაირღვევა?
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემა ძირითადად არ შეცვლილა, შანსი არსებობს. ამ შანსს აჩენს ხელისუფლების სისუსტე. ხელისუფლება რომ ასე იქცევა, ეს მისი სიძლიერის გამოხატულება არ არის.
ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს გაუჩნდათ შესაძლებლობა ისევ მოიკიდონ ფეხი პოლიტიკურ ველზე.
რასაკვირველია, მმართველ პარტიას და მასზე უარეს ოპოზიციას არ აწყობს, რომ ვინმემ პარლამენტში ნამდვილ იდეებზე ისაუბროს.
მთავარია, საზოგადოებამ გაიაზროს, რა არის ქვეყნისთვის აუცილებელი. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რისთვის არის საჭირო მრავალპარტიულობა.
ეს აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისათვის. ამის გარეშე არ გვექნება ნამდვილი უსაფრთხოება და კეთილდღეობა.
ამის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არავინ ისაუბრებს. მაინცდამაინს სახალხო პარტია უნდა იყოს პარლამენტში, რომ აფხაზეთის თემა წამოსწიონ და ამ პრობლემაზე სახელმწიფოს ხედვა წარმოადგინონ?!
ჯანსაღი, თვითმართვადი ოპოზიცია საჭიროა ამ დამყაყებული სისტემიდან გამოსასვლელად. ხრუშჩოვი რომ წავიდა, მოვიდა ბრეჟნევი. სისტემა იგივე დარჩა. ახლაც იგივეა.
ეს რომ აღარ გაგრძელლდეს და ერთ კაცზე რომ არ იყოს ქვეყანა ჩამოკიდებული, აუცილებელია ცვლილებები. პარლამენტში უნდა მოვიდნენ ძალები, რომლებიც სახელმწიფოებრივ პრობლემებს გადაწყვეტენ. სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება მოიტანს კეთილდღეობას, უსაფრთხოებას ბიზნესისთვის, ადამიანებისათვის, კრიმინალის შემცირებას და სხვა.
„ახალი თაობა“ 25.08.2020