მიწის მართვა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა
ბატონო პრემიერ-მინისტრო,
გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ ქვეყნისათვის იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ეხება საქართველოში მიწის მართვისა და აღრიცხვის საკითხს. მისული ვართ იმ სავალალო შედეგამდე, რომელსაც ჰქვია მიწის რესურსებზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა. პრობლემის გადაუწყვეტელობა არარეალურს გახდის ეროვნული ეკონომიკის წინსვლას, გააღრმავებს უნდობლობას ხალხსა და მთავრობას შორის და დიდ დაძაბულობას გამოიწვევს.
2004 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მთავრობამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უსაფუძვლოდ, გააუქმა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და, მისი ძირითადი ფუნქციები გადაანაწილა იუსტიციის, სოფ¬ლის მეურნეობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს შორის. ფუნქციების ამ გადანაწილებას (გახლეჩას) შედეგი არ მოჰყოლია. მიწის აღრიცხვა და მიწის ბალანსის შედგენა დღემდე არ ხორციელდება. დღეს ვერავინ გეტყვით, თუ რამდენი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გააჩნია ქვეყანას, მათ შორის რამდენია კერძო საკუთრებაში, მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში. რაც მთავარია, არ ვიცით მიწის ფართობები დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით.
2005 წლამდე ქვეყანაში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელიც შემდეგ გადაეგ-ზავნებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს. თითოეულ რაიონში ჩატარებული მიწის აღრიცხვის საფუძველზე ხდებოდა საქართველოს მიწის ყოველწლიური ბალანსის შედგენა. მიწის ბალანსი განიხილებოდა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად და მტკიცდებოდა მთავრობის დადგენილებით, რომელშიც მოცემული იყო მიწის რაციონალურად მართვის რეკომენდაციები.
მიწის ყოველწლიური ბალანსის საშუალებით სახელმწიფო აკონტროლებდა მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას, მათ შორის ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატება-კლების დინამიკას, ქალაქმშენებლობის, გზების და სხვა საჭიროებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ბრუნვიდან ამოღებას, სამაგიერო მიწის ჩანაცვლებას და ა.შ.
დღეს მსოფლიოში არ არსებობს საქართველოს გარდა სხვა რომელიმე ქვეყანა, სადაც მიწის ყოველწლიური ბალანსი ან მსგავსი რამ არ კეთდებოდეს, მთავრობას მხოლოდ პრივატიზებული მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები აინტერესებდეს და არ აანალიზებდეს, არ აკონტროლებდეს მიწის რესურსების მოძრაობას (დინამიკას), არ იცოდეს, თუ როგორ იცვლება ქვეყანაში მიწის კატეგორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლა, რაც აქტუალური გახდა სავარგულის თითოეულ სახეობაზე გადასახადის მნიშვნელოვანი განსხვავების გამო, არ ახორციელებდეს ქმედით ღონისძიებებს მიწის რესურსების რაციონალური მართვის მიზნით.
სამწუხაროდ, სამთავრობო სტრუქტურების ზოგიერთი ხელმძღვანელი მიწის ბალანსს ვერ ასხვავებს მიწის კადასტრისგან და აცხადებს, რა საჭიროა მიწის აღრიცხვა, როცა გვაქვს და ვაკეთებთ მიწის კადასტრს. მიწის კადასტრი არის რეგისტრაციის მომენტისათვის მიწის ფართობის ერთჯერადი დადგენა კარტოგრაფიული და იურიდიული მდგომარეობით.
მიწის ბალანსი მიწის აღრიცხვა არის მიწის ფართობების დადგენა მიწის დანიშნულების, კატეგორიებისა და მესაკუთრეების მიხედვით. მაგალითად. მიწის ბალანსი რაიონში აღრიცხავს და აზუსტებს მთლიან ფართობს, მათ შორის რამდენი ჰექტარია სასოფლო-სამეურნეო მიწა კატეგორიების მიხედვით (სახნავი, სათიბი, საძოვარი, მრავალწლოვანი ნარგავები: ვენახი, ხილის ბაღები, ციტრუსები, ჩაის ფართობები და სხვ.), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ტყის ფონდის მიწა, წყლის ფონდის მიწა და სხვა მიწები მესაკუთრეების მიხედვით.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხშირად აქვს ადგილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის ცნებების აღრევას – სავარგული არის მიწის ნაკვეთი, რომელიც უშუალოდ გამოიყენება პროდუქციის მოსაყვანად. სავარგულების კატეგორიებია: სახნავი, ნასვენი, მრავალწლოვანი ნარგავები, სათიბები და საძოვრები; ხოლო, საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთად რეგისტრირებულ მიწებში იგულისხმება სავარგულები და ასევე, ნაკვეთებზე არსებული შენობა-ნაგებობები, გზები, ქარსაფარი ზოლები, არხები და ა.შ., რომლებიც ემსახურება სასოფლო-სამეურნეო წარმოებას.
საინტერესოა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც ევალება მიწის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, როგორ ადგენს ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამოქმედო გეგმას, როდესაც არ გააჩნია მიწის განვითარების ხედვა, სტრატეგია, აღრიცხვის მონაცემები და სახელმწიფო პროგრამა. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ როგორ შეიმუშავა: „სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წწ.“, როდესაც არ იცის და არ აქვს დაზუსტებული, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონაცემები, მათი დინამიკა კულტურებისა და საკუთრების მიხედვით.
როგორც ცნობილია, კონტროლს მიწის გამოყენებაზე უნდა ახორციელებდეს სახელმწიფო. მიწის ფონდის კონტროლი და მართვა მხოლოდ სახელმწიფოს განსახორციელებელია და ამისთვის შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურა ქვეყნის რაციონალური, სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გარანტი უნდა იყოს.
მართალია, რეგისტრაციის შედეგად მიღებული მიწასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან და ძვირფას რესურსს, მაგრამ სრულყოფილი რეესტრის წარმოების შემთხვევაშიც კი, მარტო ამ რესურსზე დაყრდნობით სახელმწიფოს მიერ ქვეყნის მიწის პოლიტიკის განხორციელება და ეფექტიანად მართვა შეუძლებელი იქნება, თუ არ იარსებებს მიწის მართვის ძლიერი სახელმწიფო ორგანო.
იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი საქმიანობა უნდა განხორციელდეს, პოლიტიკური განსჯის საგანი არ უნდა იყოს ის, თუ რომელ სამინისტროს ან ორგანიზაციას შეუძლია უკეთესად შეასრულოს მმართველის ფუნქცია – აუცილებელია შეიქმნას მიწის ადმინისტრირების მაკოორდინირებელი ორგანო (სახელს მნიშვნელობა არა აქვს, იქნება სააგენტო, სამსახური თუ სხვა), რომლის ამოცანა იქნება მიწის ადმინისტრირება – სახელმწიფო მმართველობა, სახელმ¬წიფო ზედამხედველობა, მიწის გამოყენების კოორდინაცია, მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა – ცვლილებების ყოველწლიური ანგარიშის მომზადება. ანუ, მიწის ადმინისტრირების ორგანო უნდა ფლობდეს ძლიერ პოზიციას მთავრობაში – ერთიანი რესურსის ინფორმაციასა და ძალაუფლებას შორის ურთიერთკავშირის აუცილებლობის გამო.
ქვეყნის უპირველესი ეროვნული სიმდიდრის – მიწის – დაცვა და მისი რაოდენობრივ-ხარის¬ხობრივი აღრიცხვის მოწესრიგება შეუძლებელი იქნება მიწის მართვის სახელმწიფო სტრუქტურის შექმნის, მიწაზე მონიტორინ¬გისა და მიწის კოდექსის მიღების გარეშე.
საქართველოს პარლამენტში ამჟამად განხილვაში მყოფი კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკაშირებით არ პასუხობს არც ერთ ამ მოთხოვნას, ფრაგმენტულია და არასისტემური.
მიწის ფართობების ყოველწლიური აღრიცხვის უგულებელყოფას და მიწის კოდექსის არარსებობას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ.
იმედი გვაქვს, რომ ქმედით ნაბიჯებს გადადგამთ ამ სახელმწიფოებრივად არსებითი პრობლემის გადასაჭრელად.
მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), დეკანოზი თევდორე (ამბროლაძე), გია არეშიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, დემურ ბახტაძე, გივი ბუცხრიკიძე, მერი გაბედავა, ბონდო მძინარაშვილი, მამუკა გიორგაძე, რევაზ გოგოხია, ვახტანგ გურული, ავთანდილ დემეტრაშვილი, მერაბ ვაჩნაძე, დავით ზარდიაშვილი, ჯემალ კაციტაძე, ჯუმბერ კოპალიანი, ბესიკ მამინაშვილი, გოგოლა მარგველაშვილი, გურამ მაქაცარია, შოთა მაჭარაშვილი, რევაზ მახარობლიძე, ანზორ მესხიშვილი, ზურაბ მიქელაძე, ნოდარ ნათაძე, ზაურ ნაჭყეპია, ოთარ ჟორდანია, ბადრი რამიშვილი, ნიკა სანებლიძე, ლევან სვანაძე, სანდრო სვანიშვილი, ავთანდილ სილაგაძე, ნაუმ ტურაბელიძე, თენგიზ ურუშაძე, ჯუმბერ ფანჩულიძე, ყარამან ფაღავა, ლევან ფრუიძე, თამაზ ყურაშვილი, გელა ღლიღვაშვილი, ზვიად შვანგირაძე, მამული ჟღენტი, ნიკო ჩიხლაძე, მურმან ცეცხლაძე, მიხეილ ჭიჭაყუა, ჯემალ ხაჩიძე, ელიზბარ ჯაველიძე, მიხეილ ჯიბუტი, ზაურ ჯინჯოლავა, დოდო ჯოლოხავა, პაატა კოღუაშვილი.
fact2.ge 14/06/2019