„ეროვნული მოძრაობის დროს პარტიის ლიდერმა მიტინგზე გამოაცხადა, ხვალ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიქმნება პარტია და, ვისაც გინდათ, მოდითო“

germanuli_modeli_

აბიტურიენტთა კასტინგის შემდეგ პოლიტიკოსთა კასტინგმა ჩვენი საზოგადოება გაახალისა. გაჩნდა სხვადასხვანაირი ვერსიები, მათ შორის, ისეთიც, რომ პოლიტიკურ ლიდერად შექმნას პოლიტიკური ქარტეხილი სჭირდება და არა მიმინოშვილის ტრენინგები. ცალკეულმა ექსპერტებმა მაია მიმინოშვილის ჩართვა ამ საქმეში იმით ახსნეს, რომ „ქართული ოცნება“ შვიდ წელიწადში დაბერდა და მას მომავალი აღარ აქვს. ამიტომაც ახალი სახეების მოზიდვას მიმინოშვილის მეშვეობით ცდილობენ, თუმცა პარტიაში მხოლოდ მედროვეები და ფულზე დახარბებულები თუ მივლენ.

პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ მაია მიმინოშვილის გამოჩენა თავისებურად ახსნა. მისი აზრით, მიმინოშვილი ივანიშვილთან მივიდა, თავი შეაცოდა და თანამდებობა სთხოვა. ამდენად, მაია მიმინოშვილის მიერ დაკავებული თანამდებობა ხელოვნურად გაზრდილი შტატია და ეს შტატი ამ ქალბატონმა „ქართული ოცნების“ ლიდერის პროტექციით დაიკავა. ასეთი თანამდებობა მსოფლიოში არ არსებობს და „ქართული ოცნების“ წევრების გადამზადება მიმინოშვილის მხრიდან სასაცილოა. მით უმეტეს, რომ მისი გამოცდები აბიტურიენტებისთვის არაფრის მომცემი არ ყოფილა.

გამორიცხული არ არის, რომ მაია მიმინოშვილის, როგორც „ქართული ოცნების“ ახალი სახეების დამატრენინგებლის ბედი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში გადაწყდა, როცა მიმინოშვილი „ქართული ოცნების“ ოფისს ესტუმრა. იმ დღეს „ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა.

მართალია, განათლების ახალი მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თვალსაწიერში მაია მიმინოშვილი არ მოხვდა და მან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დატოვა, მაგრამ ეს მიმინოშვილისთვის პირველი მწარე გამოცდილება არ ყოფილა. ჯერ კიდევ დიმიტრი შაშკინმა განათლების მინისტრის პოსტზე ყოფნისას მიმინოშვილი დაითხოვა, რასაც თანამშრომელთა სოლიდარობის პროტესტი მოჰყვა.

მიმინოშვილის მოხსნა მაშინ „ქართული ოცნების“ აქციაში მისი შვილის მონაწილეობას დაუკავშირეს. გარდა ამისა, კიდევ იყო ერთი მომენტი, რაც მას „ნაციონალთა“ თვალში არაპოპულარულად წარმოაჩენდა. კერძოდ, მაია მიმინოშვილის ძმა, ჯგუფ „შინის“ გიტარისტი გერმანიიდან ტელეფონით ესაუბრა თავის ბავშვობის მეგობარს, იმჟამინდელ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერს, მაია ფანჯიკიძეს და „ოცნების“ საპროტესტო აქციის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.Ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არასერიოზულია, კასტინგი ჩაატარო პოლიტიკაში მონაწილეობისთვის. შესაბამისად, მაია მიმინოშვილმა რა უნდა გააკეთოს? უნარ-ჩვევებში გამოსცადოს ეს ხალხი? განა შეიძლება, ერთმა ადამიანმა შეარჩიოს ადამიანთა კატეგორია, რომლებმაც პოლიტიკა უნდა აკეთონ?!

„ახლა არ დავასახელებ, მაგრამ თავის დროზე, როდესაც ეროვნული მოძრაობა ფეხს იდგამდა და პარტიების შექმნა მოდაში იყო, ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა ერთ-ერთ მიტინგზე გამოაცხადა, ხვალ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიქმნება პარტია და, ვისაც გინდათ, მოდითო. ფაქტობრივად, ეს კასტინგი იყო და, ვინც ჩათვალა, რომ ეს ლიდერი კარგი იყო, მიდიოდა ვაჟა-ფშაველას ძეგლთან. დღესაც ანალოგიურია, ეს არ არის პარტიის მშენებლობა, ეს არის მხოლოდ პიარი. ახალი ძალების მიზიდვას ყველა პარტია ცდილობს, მაგრამ ამისთვის არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაციები, ჯგუფები, პარტიული სტრუქტურები, ეს ყოველდღიური მუშაობა უნდა იყოს და არა- 2020 წლისთვის სამზადისი“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე For.Ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ახალი სახეების კასტინგი ტრაგედიაა, რადგან მმართველი პარტია ვერ აცნობიერებს, რა არის პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ინფრასტრუქტურა. მათი ნებაა, როგორც უნდათ, ისე მიიზიდონ ადამიანები, მაგრამ ისინი იქცევიან ისე, როგორც იქცეოდა კომპარტია, ანუ ერთადერთი, მუდმივი, განუმეორებელი „წინამძღოლი“ ქართველი ერისა.

„ახლა ატარებენ კასტინგს, შემდეგი შინაარსით, ვისაც გინდათ, თანამდებობაზე ყოფნა, მოდით და გვაჩვენეთ, როგორ დაიცავთ კონკრეტული კლანის ინტერესებს. ეს მეტყველებს, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია ქვეყანაში. რომელ ახალგაზრდებზე ლაპარაკობენ, როცა თვით დეპუტატებსაც არ აქვთ წარმოდგენა, რა კონკრეტული პროგრამა აქვს ხელისუფლებას. ახლაც ერთადერთი მიზანია, ახალი მომსახურე პერსონალის გაჩენა. ეს კომუნისტებისდროინდელი ე.წ. პარტიული სკოლების მსგავსია, სადაც ავლენდნენ, ვინ უფრო იყო მზად იმისთვის, რომ თეთრზე შავი ეძახა“, – აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

მანანა ნოზაძე

20 მაისი, 2019  for.ge

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress