„რუსული პიარმანქანა მუშაობს იქ, სადაც მას წინააღმდეგობა არ ხვდება“

giorgadze-1

რუსული არხის – „როსია 1“-ის სიუჟეტს საქართველოში აღშფოთება მოჰყვა. ჟურნალისტი მაქსიმ კისილიოვი ორი ქვეყნის ისტორიულ, რელიგიურ, კულტურულ კავშირს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ რუსული ენა საქართველოსთვის 10 წლის წინ მოკვდა, თუმცა ეკონომიკამ ის კვლავ გამოაცოცხლა. კერძოდ, საქართველოში სულ უფრო იზრდება რუსულად მოლაპარაკეთა რაოდენობა, რუსი ინვესტორები კი საქართველოში ქონების შესაძენად უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე თურქები ან არაბები. მოკლედ, სიუჟეტის მიხედვით, ვინც რუსული იცის, მისთვის საქართველოში სამსახურის შოვნა უფრო ადვილია.

კისილიოვის თქმით, საქართველოში სამიდან ორი ტურისტი რუსულად საუბრობს, თითქმის ყველა რესტორანში მენიუ რუსულ ენაზეა. ჟურნალისტი წარსულ დროშიც გვამოგზაურებს და რუსი მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის მნიშვნელობაზეც საუბრობს, რომ სწორედ ვორონცოვის დროს გაიზარდა ქართული ღვინის წარმოება.

კისილიოვის მტკიცებით, ქართული ჩაიც არ იარსებებდა, რომ არა ვორონცოვი. ვინაიდან რუსის ჯარს დიდი რაოდენობით ჩაი სჭირდებოდა, ამიტომაც საქართველოში ჩაის პლანტაციები გაშენდა. ასევე, კისილიოვი რუს ჯარისკაცთა დამსახურებად აფასებს, რომ ისტორიული ძეგლი ვარძია, სადაც თამარ მეფე ლოცულობდა, საქართველოს დაუბრუნდა.

ქართველი ინტერნეტმომხმარებლები მწვავე რეაქციას არ იშურებენ კისილიოვის რეპორტაჟის და, ზოგადად, რუსული პროპაგანდის მიმართ. მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ამბობს, რომ ამ სიუჟეტის გადაღების საშუალება საქართველოში არ უნდა მიეცათ. ინტერნეტმომხმარებელი ნიკა ბაციკაძე გაკვირვებულია იმით, რომ საქართველო მიისწრაფვის ევროპისკენ და საქართველოში ისევ რუსული ენა დომინირებს, რადგან სამსახურს ისე ვერ შოულობ. რომელ ევროპულ ქვეყანაშია ასე?!

ფეისბუკმომხმარებლი ნიკა ბიგდიკაძე კი მიიჩნევს, რომ ოკუპანტებთან ბრძოლა ჯერ საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ და „პრივეტ“ და „ზდაროვა“ ჩვენი სასაუბრო ლექსიკიდან გავაქროთ.

რუსული პროპაგანდის გააქტიურების შესახებ For.Ge-ს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

ქვეყანაში, რომელიც ევროპისკენ მიისწაფვის, რამდენად ადეკვატურია რუსული გზისკენ ცქერა და რუსული ენის პოპულარიზაციისზრდა? კისილიოვის სიუჟეტი რუსული პროპაგანდის ნაწილია?

- ყველასათვის ცნობილია, კისილიოვი არის რუსეთის სახელმწიფოს საინფორმაციო მანქანის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურა. ის იმდენად თავხედურად და არაობიექტურად ასახავს ვითარებას, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკრძალული აქვს შესვლა. კისილიოვი ერთ სიტყვას არ იტყვის ისეთს, რომელიც არ ჯდება რუსეთის საინფორმაციო მანქანის ინტერესებში და ზუსტად იმ დროს ახმოვანებს სათქმელს, როდესაც რუსეთს ეს სჭირდება. ამიტომ კისილიოვს არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან. უნდა ვიცოდეთ, რომ კრემლი კისილიოვის ბაგეებით ღაღადებს. თუმცა პროპაგანდაში რაღაც ნაწილი მაინც უნდა იყოს სიმართლე, რადგან ტყუილს არავინ დაიჯერებს. ამდენად, კისილიოვი, გარკვეულწილად, სიმართლესაც ამბობს. შევხედოთ რეალობას, ჩვენს ტურისტებს შორის სამიდან ორი ნამდვილად არის რუსულ ენაზე მოლაპარაკე და ეს ფაქტია. მეორე მომენტია, რომ ქართულ მედიაში, სოციალურ ქსელებსა, თუ ჩვენს საზოგადოებაში გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თავხედურად ბედავენ იმის თქმას, თითქოს საქართველოში არანაირი ოკუპაცია არ არის. რა თქმა უნდა, ესენი რუსული სპეცსამსახურებისგან დაფინანსებული ადამიანები არიან. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც რუსეთისადმი ნოსტალგიით გამოირჩევა. თუნდაც 9 მაისის აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა რაიონში ხელისუფლების მონაწილეობით მოხდა და აქ რუსული პროპაგანდა ჭარბობდა. ეს არის ობიექტური რეალობა. რუსი ტურისტების მომსახურებისთვის აშკარად გამოიყენება რუსული ენა. ეს რატომ გვიკვირს? არ გვახსოვს, ათი წლის წინ ქობულეთში სომხური წარწერები რომ იყო რესტორნებში? ეს ბუნებრივი პროცესია და ეს მოთხოვნა გაჩნდა ტურისტებთან ურთიერთობის გამო, მრავალი კვების ობიექტი სწორედ ამ ტურისტებზე მუშაობდა. რუსეთი თავისი აგენტურის მეშვეობით ხელს უწყობს ამ პროცესთა წარმართვას. ეს ხდება ხელისუფლების თვალის დახუჭვის, ან ფარული დახმარების ფონზე. შესაბამისად, კისილიოვს და მისნაირებს საბაბი ეძლევათ, ილაპარაკონ საქართველოში საზოგადოებრივი განწყობების ცვლილებებზე. გავიხსენოთ ვორონცოვის პერიოდის ქართული საზოგადოება, რომელიც დითირამბებს უძღვნიდა ვორონცოვს.

მადლიერების ნიშნად ქართველებმა მიხეილ ვორონცოვს ძეგლიც დაუდგეს და მას „ყველაზე წესიერ რუსად“ მოიხსენიებდნენ.

- დიახ, ესეც ფაქტია. ვორონცოვს დითირამბებს უძღვნიდნენ, რადგან ვორონცოვის დროს დაიწყო ფსიქოლოგიური, მორალური გარდატეხა ქართულ საზოგადოებაში. თვით ის ხალხიც კი, რომლებიც 1832 წლის აჯანყების შემდეგ დაბრუნდნენ ქვეყანაში 5 წლის თავზე, ვორონცოვმა ჩართო თავისი გეგმების განხორციელებაში. ეს ხდებოდა ეროვნულ-პოლიტიკური აზროვნების ხელშესაშლელად და პოლიტიკური წინააღმდეგობის შესასუსტებლად. ესეც რუსეთის პოლიტიკა იყო. მრავალი ადამიანი, საკუთარ თავს ინტელიგენციას რომ უწოდებდა, საბჭოთა კავშირში იდეოლოგიურად გამოწრთობილი ინტელიგენციის ფენა იყო მთავარი ბარიერი ქართული ღირებულებების დამკვიდრების გზაზე. ცნობილი გამონათქვამია, რომ ყველაზე საშიშია კოლონიზატორების მიერ გამოწვრთვნილი და გამოზრდილი ელიტა. ასეთი ხალხი ორი საუკუნის წინაც და ახლაც გარკვეული პრობლემების მქონეა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ეს ობიექტური რეალობა და გამოვიტანოთ დასკვნა, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ შევზღუდეთ რუსული აგენტურისა და რუსული გავლენის მქონე ადამიანების საქმიანობა საქართველოში. ვერ შევძელით დამოუკიდებელი საზოგადოებრივი სივრცის შექმნა, ვერ უზრუნველვყავით ქართული ეკონომიკის ჯანსაღი განვითარება. ყველაფერს თავი დავანებოთ, 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ არ შეუწყო ხელი, რომ ევროკავშირის მიერ ჩვენთვის გამოყოფილი კვოტების სრული ათვისება მომხდარიყო. ვინც გავიდა ევროპაში, გავიდა საკუთარი, პირადი ინიციატივით. ხელისუფლებას არ შეუქმნია ისეთი გარემო, რომ ჩვენი პროდუქციის გატანის შესაძლებლობა მოგვცემოდა. თუ შეუწყო ხელი, ძალიან მინიმალურად და ისიც -საკუთარი ახლობლების ფირმებს. ამიტომ საჭიროა სწორი რეაგირება, პრობლემები ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ, ეს არ ნიშნავს, ოკუპაცია დავივიწყოთ. ჩვენი ბრალია ისიც, რომ დღევანდელ დღეს, მედია, სოციალურ, თუ პოლიტიკურ სივრცეში ოკუპანტების მიმართ ნოსტალგია ჩნდება.

ვორონცოვი ვახსენეთ და იმ პერიოდის ოკუპირებულ საქართველოში ვორონცოვი კულტურული პროექტების წახალისებას ეწეოდა, ასეთ შირმას აფარებდა დაპყრობილ ქართველებს, მაგრამ დღეს რუსები კულტურის წახალისებასაც არ ახდენენ, პირდაპიროკუპაციას გვთავაზობენ. საუკუნეთა განმავლობაში სწორედ ეს შეიცვალა რუსულ ხელწერაში და რუსები უფრო პრაგმატულებიგახდნენ?

- ქართულ კულტურას არაფერი სჭირდა ვორონცოვის დასახმარებელი. ქართული პოეზია, ხელოვნება ყოველთვის არსებობდა. უბრალოდ, ვორონცოვის ჩამოსვლა დაემთხვა იმ მომენტს, როცა უნიჭიერესი ქართველები გამოვიდნენ სარბიელზე და ვორონცოვმა ეს ყველაფერი მიიწერა, ხელი შეუწყო თეატრის შენობის აშენებას. ეს იმ ფონზე, როცა ვორონცოვი მაქსიმალურად ცდილობდა, შეეზღუდა ეროვნული ინიციატივები. ყველაფერს თავი დავანებოთ, ვორონცოვის შემდგომ პერიოდში განხორციელდა ქართული საგანძურის ძარცვა ეგზარქოსების და სხვა მეფისნაცვლების მხრიდან. ვორონცოვი ისეთ დროს ჩამოვიდა საქართველოში, როდესაც მას სჭირდებოდა საქართველოში არსებული საპროტესტო განწყობის ჩაქრობა. მეორე მხრივ, იმ პერიოდში ვორონცოვს თურქულ-რუსული ურთიერთობებისთვის ნამდვილად სჭირდებოდა ქართველების გულის მოგება. ასე რომ, უანგაროდ და საქართველოს გულისთვის მას არაფერი გაუკეთებია. ჩვენ ასმაგად უფრო მეტი მივეცით რუსებს თუნდაც იმავე თურქეთისა და ირანის წინააღმდეგ. ასე რომ, სხვისი დასამადლებელი არაფერი გვჭირს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც სააკაშვილის პერიოდში ისეთ პროცესებს ეძლეოდა გასაქანი, რომელიც დასავლური ღირებულებების ნიველირებას იწვევდა, ანუ დასავლური ღირებულებების სახელით ქართველი ხალხისთვის მიუღებელი ხელოვნური პროცესების წარმართვა ხდებოდა. სააკაშვილის დროს დაწყებული ეს პროცესი, რაც დღევანდელი ხელისუფლების დროსაც გაგრძელდა, მიზანმიმართულ პოლიტიკას ემსახურება, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს ნოსტალგია რუსეთის მიმართ.

ჩვენ არ ვუხსნით ხალხს, ოკუპაციას რა უარყოფითი პროცესები მოჰყვება. მე-19 საუკუნის ბოლოს იყო „ოხრანკის“ ხელმძღვანელი-რაჩკოვსკი, რომლის მოხსენებებიც, ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციის დღევანდელი საპროგრამო დოკუმენტებია. რაჩკოვსკი თავად წერს იმპერატორს, რომ აუცილებელია ლიბერალური ფრთაც გაძლიერდეს იმპერატორის ორგანიზების ქვეშ და საქართველოში ლიბერალური მიმართულებები გაძლიერდეს, რათა ხალხს ამ მიმართულებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდეს. აქ არაფერია ახალი, ისევე, როგორც არაფერია ახალი იმაში, რომ თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა აღმოაჩინა რუსეთის პირველი მინისტრის-გრაფი პანინის წერილი ტოტლებენისადმი, სადაც პანინი ტოტლებენს წერს, ქართველებს უნდა ეგონოთ, ვითომც ისინი თავად წარმართავენ პროცესებს, მაგრამ ჩვენს ჭკუაზე უნდა ვატაროთო. ეს გამოაქვეყნა ივანე ჯავახიშვილმა. დღეს ზოგიერთებს თავი მოაქვთ, ტოტლებენი იმიტომ ჩამოვიდა, საქართველო დაეცვაო, ივანე ჯავახიშვილმა კი დაადასტურა, რომ ტოტლებენი ჩამოვიდა არა საქართველოს დასახმარებლად, არამედ საქართველოს წინააღმდეგ. ზუსტად ასე იყო ვორონცივის დროსაც.

და ბოლოს, მაქსიმ კისილიოვის თქმით, რუს ჯარისკაცთა დამსახურებაა ისიც, რომ ისტორიული ძეგლი ვარძია, სადაც თამარ მეფელოცულობდა, საქართველოს დაუბრუნდა.

- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსების გარეშე მოიგო ერეკლე მეფემ ასპინძის ბრძოლა, ეს უნიკალური ბრძოლა და ვარძიის დაბრუნება არავის გაუკვირდება. ის, რაც რუსეთს საკუთარი იმპერიისთვის სჭირდებოდა, რუსეთმა განახორციელა, ხოლო, როცა რუსეთის იმპერიას მოუწია საქართველოდან გასვლა, ართვინი და სხვა ტერიტორიები თურქეთს გადასცა ლენინმა. უფრო მეტიც, ათათურქის არმიაში წითელგვარდიელები იბრძოდნენ. რუსეთს ჩვენთან არაფერი დასამადლებელი არ აქვს. უბრალოდ, რუსული პიარმანქანა მუშაობს იქ, სადაც მას წინააღმდეგობა არ ხვდება.

მანანა ნოზაძე   for.ge   20 მაისი 2019
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress