უკრაინის ეკლესიამ, როგორც იქნა, მიიღო ტომოსი მსოფლიო პატრიარქისგან, რითაც ავტოკეფალია მიენიჭა, თუმცა ტომოსის ტექსტი საკმაოდ საინტერესოა, რადგან, ჯერ ერთი, უკრაინის ეკლესიამ უარი თქვა უკრაინის საზღვრებს გარეთ არსებულ ეპარქიებზე (უკრაინის ავტოკეფალურად წოდებული ეკლესია, რომელიც გასული საუკუნის 20-ან წლებში შეიქმნა, საბჭოთა დროს დევნილობას ემსხვერპლა და უცხოეთში მოქმედებდა) და ფაქტობრივად, უკრაინის ეკლესიისთვის უპირველესი სასულიერო იერარქი მსოფლიო პატრიარქია. ცხადია, უკრაინელების გადასაწყვეტია, რას დათანხმდებოდნენ, თუმცა ჩვენთან ისევ არ წყდება პოლარიზაცია: ერთნი ამბობენ, რომ ქართულმა ეკლესიამ ახლავე და უპირობოდ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის ავტოკეფალიას, მეორენი კი განგაშის ზარებს არისხებენ, რომ, როგორც კი ვაღიარებთ, მოსკოვის საპატრიარქოც მაშინვე აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის ეპარქიებს. მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ მოსალოდნელ საფრთხეებსა და მართლმადიდებელ სამყაროში შექმნილ ახლებურ რეალობაზე.
მამუკა გიორგაძე: უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თემა ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ, მაგრამ მაინც დამოუკიდებელ პროცესს მოიცავს. ერთია უშუალოდ უკრაინის ავტოკეფალიის თემა და მისი პოლიტიკური და რელიგიური შემადგენელი და ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რა მოჰყვება ამას უკრაინისთვის და მეორე თემაა, აი, ამ ტომოსის შემდგომ მართლმადიდებელ სამყაროში წარმოქმნილი ახალი გამოწვევები, რომლებიც ჩვენც გვეხება. რასაკვირველია, მივესალმები უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას, როგორც ადამიანი, როგორც ერისკაცი, როგორც პოლიტიკოსი და მით უფრო, რომ მქონია ურთიერთობა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩამოყალიბდა. ვიცნობდი ემიგრაციაში მყოფი უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტს, სიმონ პეტლიურას დისშვილს და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რა წერია უკრაინის ტომოსში, ეს არის მისასალმებელი ფაქტი, ეს არის გზის დასაწყისი. მრავალი პრობლემა ელოდებათ, მაგრამ იმედია, გადალახავენ.
მეორე საკითხია ამ პროცესით წარმოშობილი ახლებური რეალობა და ის უნდა გავიაზროთ. ჩვენ კი ეს გავამარტივეთ: ვცნოთ თუ არ ვცნოთ. ეს საქართველოს ეკლესიისთვის ასე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის. მე, როგორც, ერისკაცი, ვიღებ გადაწყვეტილებას, მქონდეს ურთიერთობა სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან, რომლებთანაც ვმეგობრობ, მაგრამ საქართველოს ეკლესიის ნებართვის გარეშე, მათთან ერთად მე ვერ ვილოცებ.
– ამას წინათ წავიკითხე, რომ, თურმე, საქართველოდან ყველა მიესალმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას – საქართველოს მუსლიმთა კავშირი, კათოლიკური ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც აქ არის. ბუნებრივია, მათ არაფერი ემუქრებათ, საქმე ეხება სხვა აღმსარებლობას.
– რა თქმა უნდა, მიესალმებიან, ისევე, როგორც მე გამიხარდება ჩემი მეგობრების წარმატებები, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა. მაგრამ სულ სხვა თემაა, ვილოცებ თუ არა მათთან ერთად. საქართველოს ეკლესიამ აი, ეს უნდა გადამიწყვიტოს. საქართველოს ეკლესია იმას კი არ წყვეტს, რა ურთიერთობა ექნება მამუკა გიორგაძეს უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიასთან, არამედ იმას, მექნება თუ არა უფლება, ვილოცო მათთან ერთად. ეკლესია ცხონებაში უნდა მომეხმაროს, თორემ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს თავად მივიღებ. აქ დგება მეორე საკითხი, რომელიც ეხება უკრაინის ტომოსში ჩაწერილი ზოგიერთ დებულებას, რომლებიც არღვევს საქართველოს ეკლესიის ინტერესებს. საინტერესო მომენტია: ჩვენ დაგვიდასტურეს ძველი ეკლესიის სტატუსი, ხოლო უკრაინას მიანიჭეს სტატუსი. საქართველოს ეკლესიას კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მოიხსენიებს, როგორც დედაეკლესიას, ხოლო უკრაინის ეკლესიას, როგორც შვილ ეკლესიას. იმავდროულად, ჩვენმა პატრიარქმა – ხელისუფლების, საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობის გარეშე, რაც დღეს უკრაინის ეკლესიას ჰქონდა, იბრძოლა და მიაღწია იმას, რომ ქართული ეკლესია და მისი უწმიდესობა პატივდებული იქნა იმ ღირსებითა და ადგილით, რომლითაც ადრიდანვე იხსენიებოდა უძველეს ქრონიკებსა და სხვა საეკლესიო წყაროებში.
– ჩვენს ავტოკეფალიას როდიდან აღიარებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო?
– გვაღიარებენ, როგორც უძველეს ეკლესიას, სწორედ ამიტომაც ჩვენ ვართ საპატრიარქო და გვყავს პატრიარქი, უკრაინისა და ზოგიერთ სხვა ეკლესიას ამ დოზით არ მოიხსენიებენ. ქართული ეკლესიის ტომოსში არის ასეთი ფრაზა: ვურჩევთ საქართველოს საპატრიარქოს, რომ ზოგადი ხასიათის საეკლესიო დაბრკოლებების დროს საკითხის გასარკვევად და განსასჯელად მიმართოს კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ანუ, როგორც ტოლი ტოლს დაელაპარაკოსო. უკრაინის ტომოსში კი წერია: სხვა კანონიკურ ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობებთან ერთად, ისევე, როგორც სხვა პატრიარქები და ეკლესიათა მეთაურები, აღიარებენ უწმიდეს საპატრიარქო სამოციქულო მსოფლიო საყდარს წინამძღოლად. გამოდის, უკრაინის ეკლესიაც, როგორც დანარჩენი საპატრიარქოები, ვალდებულებას იღებს, რომ თუ მის შინაურ საქმეებში შეიქმნა პრობლემა, მიმართოს კონსტანტინოპოლს. ესე იგი, თუ მანამდე კონსტანტინოპოლის პატრიარქი, იყო თანაბართა შორის უპირატესი, რომელსაც, როგორც უფროსს, პატივს მივაგებთ, უკრაინის ტომოსში პირდაპირაა ფრაზა, რომ ის წინამძღოლია.
– ანუ ამ ტომოსით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თავისი უპირატესობა წარმოაჩინა და განიმტკიცა?
– მე არ ვიცი… საქართველოს ეკლესიაში არიან მღვდელმთავრები, რომლებმაც ჩემზე, ჩვენზე მეტი იციან კანონიკაში, დოგმატიკაში. იციან საეკლესიო ისტორია და პრეცედენტები. ამიტომ მაინტერესებს ჩვენი ეკლესიის კომპეტენტური აზრი – თუ ვაღიარებთ უკრაინის ტომოსს, ეს ფრაზა ავტომატურად აისახება ჩვენზე?! ანუ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებით ვაღიარებთ თუ არა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ჩვენი წიანმძღოლია?! არსებობს თუ არა პრეცედენტი იმისა, რომ ავტოკეფალიის ტომოსის აღიარება მოხდეს შენიშვნებით: ამ პუნქტში არ გეთანხმებით, იმ პუნქტში გეთანხმებით?! ეს ყველაფერი სპეციალისტების სამსჯელოა, ეს არ არის ქუჩაში გასარჩევი თემა და გაუმართლებელია იმის ყვირილი, თუ უკრაინის ეკლესიას არ ვცნობთ, რუსეთის ორბიტაზე ვართ. შეიძლება, სინოდმა იმსჯელოს და ამ ტომოსით კი არ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, არამედ ცალკე ტექსტი შეადგინოს უკრაინის ეკლესიის ცნობისა და მასთან თანამშრომლობის შესახებ, რომელშიც ჩვენი ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. ჩვენი აზრით, ეს სამსჯელო საკითხებია და არ არის ისე მარტივად, რომ კი ან არა ვთქვათ. ამას გარდა, თავის დროზე მეთხუთმეტე ადგილზე ვცანით ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც არ ცნობს კონსტანტინოპოლის ეკლესია. უკრაინის ტომოსით, კონსტანტინოპოლი, რომელიც არ ცნობს ამერიკის ეკლესიას, მოითხოვს, რომ უკრაინის ეკლესია მეთოთხმეტეს შემდეგ იქნას მოხსენიებული. ეს რატომღაც, დაკონკრეტებულია ტომოსში, რაც ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ კი ამერიკის ეკლესიას მეთხუთმეტე ადგილზე ვიხსენიებთ. ეს არ ნიშნავს, რომ უპირატესობას ვანიჭებთ ამერიკის ან უკრაინის ეკლესიას, ეს ნიშნავს, რომ საკითხი კანონიკამ უნდა გადაწყვიტოს. უბრალოდ, სამუშაოა. მესმის, როდესაც ერისკაცები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ უნდა ვაღიაროთ უკრაინის ტომოსი, მაგრამ სასულიერო პირებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს საკითხები მოსაგვარებელია.
კიდევ ერთი თემა, რომელიც უნდა ვიცოდეთ: ჩვენ აქამდე იურიდიულად ვცნობდით უკრაინის იმ იერარქებსა და მღვდლებს, რომლებიც ექვემდებარებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს და გუშინ მათთან ერთად ვლოცულობდით. დღეს რას ვაკეთებთ?! თუკი ვცნობთ უკრაინის ავტოკეფალიას, ისინი როგორ მოვიხსენიოთ?! როგორ ვილოცოთ მათთან ერთად?! ჩემი უახლოესი ადამიანები ორივე მხარეს იმყოფებიან და ჩვენი სინოდის წევრთა უმეტესობაც ანალოგიურ მდგომარეობაშია. როგორ გადაწყდება ეს თემა?! მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არ ვაღიარებდით, გასული საუკუნის 80-ან წლებში ჩავდიოდი უკრაინაში და მათთან ერთად ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ მათთან ერთად არ ვლოცულობდი ეკლესიაში, იმიტომ რომ ჩემი ეკლესია მათ კანონიკურად არ აღიარებდა. ახლა კი, სწორ გზაზე რომ დავდგეთ, სინოდმა უნდა გაარკვიოს, რომელ ეკლესიასთან როგორ და რა ფორმით უნდა ვილოცოთ. ჩვენ სინოდისგან ასეთი საკითხებზე მსჯელობას და არგუმენტებულ პასუხს ველით. გამოითქვა აზრი, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობით ჩვენ ვებრძვით რუსეთს და ეს არის წითელი ხაზი.
– წავიკითხე მსოფლიო პატრიარქის შეხსენება-შეგონება, რომ რუსეთმა გაგვიუქმა ავტოკეფალია, ცხადია, უკრაინის ავტოკეფალიის ცნობის კონტექსტში. დიფტიქში ჩვენ მეხუთე ადგილი გვეკუთვნის, რომელიც კონსტანტინოპოლის სხვა პატრიარქმა რუსეთის ეკლესიას გადასცა. ესეც რომ გაიხსენოს და დაგვიბრუნოს?
– დიახ, თავის დროზე საქართველოს ეკლესია ითხოვდა მეექვსე ადგილს დიფტიქში და სწორედ ახლაა სამსჯელო, გვაქვს თუ არა იმის თავი, რომ ჩვენი კუთვნილი მეხუთე ადგილი მოვითხოვოთ?! ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აქ გავიდეს მაშინ წითელი ხაზი. ვიმეორებ: რელიგიური საკითხები სხვაა და საერო – სხვა. საქართველოს ეკლესია არის მესაჭე იმ გემის, რომელმაც ჩვენ სასუფეველში უნდა შეგვიყვანოს. ამიტომ ნურავინ ამოეფარება ფარისევლურად საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტს და ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი ნუ გადმოვა იმ სფეროში, სადაც მას ბევრი არაფერი პოზიტივი შეუქმნია. ნუ ამოეფარებიან იმ ანაფორას, რის მიმართ ნდობაც მისმა უწმიდესობამ ასწია საქართველოში და ნუ იყენებენ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვის სახელთანაცაა დაკავშირებული იმ ანაფორის პატივისცემა, რომლითაც საქმიანობენ. ამიტომ მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ დიფტიქში ჩვენს ადგილზე გავა წითელი ხაზები და როგორც მე წმიდა მამებისგან ვიცი, საქართველოს ეკლესიის შიგნით განხეთქილების პროვოცირება უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხში ამა თუ იმ პოზიციის დაჭერა. კეთილი ინებონ და, სასულიერო პირებმა შიგნით იმუშაონ ამ თემებზე, ხოლო, თუ შიგნით მუშაობა არ უნდათ, უკრაინაზე ზრუნვის საფარქვეშ აშკარად იკვეთება სხვა ძალების ინტერესები.
– რის დაშავება შეუძლია რუსეთს, თუ საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ტომოსს?
– რუსეთის ეკლესიისგან საფრთხე დღითიდღე იკლებს, მაგრამ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტები. ეს არის მათი აგენტურა და ავანტიურისტები საქართველოსა და უკრაინაში და ავანტიურისტები, რომლებიც სარგებლობენ აი, ამ ქაოსით. ამიტომ უნდა მოვსპოთ ქაოსი და საკითხზე მსჯელობა მშვიდ ვითარებაში გადავიტანოთ.
– საეკლესიო სამართლით, რუსეთის ეკლესიას აქვს რამე საფუძველი, რომ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა ცნოს?
– სამართლებრივად, არანაირი საფუძველი არ აქვს, მაგრამ საფრთხე არის, რადგან დღეს ზოგიერთი ეპისკოპოსი, წითელ ხაზს რომ ავლებს, არ ვიცით, ხვალ რას იზამს. მაგალითად, მეუფე პეტრე, რომელიც ზღვარს გადავიდა და ვითომ კეთილმოსურნის ტონალობით უტევს საქართველოს ეკლესიას. აი, ეს პროცესია საშიში. პეტრე კი არ არის საშიში, არამედ ის ძალაა საშიში, რომელიც პეტრეს უკან დგას. აი, ამ ხალხს იყენებს რუსეთი დესტაბილიზაციისთვის.