XX ს. ქრიატიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობების განმსაზღვრელი პირობები

besarion

XX-ე საუკუნეში პროტესტანტული აღმსარებლობის ევროპულ ქვეყნებში, კარლ მარქსის ნაშრომების გავლენით მსოფლიოში გავრცელდა სოციალიზმის იდეები. ძმობა-მეგობრობის იდეოლოგია ითვალისწინებდა სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას, სრულ სახალხო მმართველობას, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია, გარანტირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება.

ევროპელმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა უარის თქვეს რევოლუციურ სოციალიზმსა და კლასთა ბრძოლის იდეებზე და დაიკავეს უფრო ზომიერი პოზიცია, რაც ითვალისწინებდა სოციალიზმის დამყარებას პოლიტიკური რეფორმების მეშვეობით. დროთა განმავლობაში კლასებს შორის სხვაობა თანდათანობით გაქრებოდა ლეგალური საკანონმდებლო რეფორმებისა და ეკონომიკური პროგრამების მეშვეობით. ევროპაში სოციალ-დემოკრატები არ მიმართავდნენ რეაქციულ რეჟიმსა და ძალადობას. სოციალ-დემოკრატიულმა მოძრაობამ რუსული მენტალობით სულ სხვა სახე მიიღო. ბოლშევიკების ფრაქცია ლენინისსტალინის, ტროცკის ხელმძღვანელობით მიზნის მისაღწევად უფრო რადიკალური და რევოლუციური ტაქტიკის უპირატესობას აღიარებდა. მკვლელობა, დაშინება, ქონების წართმევა, შანტაჟი პარტიისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ლენინი წერდა: „მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ სწორედ ახლა უნდა მივცეთ ყველაზე გადამწყვეტი, დაუნდობელი ბრძოლა შავრაზმულ სასულიერო ფენას და ჩახშობილ იქნას მათი წინააღმდეგობა ისეთი სისასტიკით, რომ მათ ეს არ დაივიწყონ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში.“

განსხვავებულად აზროვნებდა ილია მართალი. ქრისტიანულმა აღზრდამ და სამშობლოს გმირულმა წარსულმა, რომელსაც იგი ბავშვობიდან აზიარეს ოჯახში, ევროპელ სოციალ-დემოკრატთა ნაშრომების გაანალიზებამ ილია ჩამოაყალიბა ქრისტიან-დემოკრატიული მსოფლმხედველობის ლიდერად. ის დაუღალავად მოღვაწეობდა ყველა მიმართულებით: მწერლობა, პუბლიცისტიკა, მეცნიერება, განათლება, საზოგადოებრივი საქმიანობა, ეკონომიკური მიმართულება.

მისი სალიტერატურო ნაშრომები  ერსა და ბერს  დამოუკიდებლობისთვის ამზადებდა.  _ ლუარსაბი ყველა დროის არსებული უსახური ქართველი კაცის არქეტიპია, რომლის ძირითადი საზრუნავი კომფორტული უზრუნველი ცხოვრებაა. ასეთი ადამიანების მსოფლმხედველობაში არ მოიზარება სამშობლი, საზოგადოება და არც მომავალი თაობა წარმოადგენს რაიმე ღირებულს.

გლახის ნაამბობი – რუსულ სივრცეში, ქალაქში გაზრდილი გადაგვარებული თავადი დათიკო. 14 წლის ყმაწვილები რუსეთში სამხედრო საქმიანობასთან ერთად ითვისებდნენ იქაური საზოგადოების გარყვნილობას, რაც ცუდად ისახებოდა ქართველთა მენტალურ განვითარებაზე. სწორედ ასეთ ერთ გაორებული პიროვნების ტრაგედიას აღგვიწერს ილია და წუხს ასეთი აღვირახსნილი თავადის შინაგან მდგომარეობაზე, განიცდის მისი ყმის _ გაბრიელის ოჯახის ნგრევას და გული სტკივა, რომ მეგობრობის, სიყვარულის მაგივრად ვაჟკაცი ქართველები ერთმანეთს ანადგურებენ.

და ბოლოს რუსი ექზარხოსის დამწყსილ ეკლესიის მხილება – „განდეგილში“ილია შენატრის იმ ძველ დროს, როცა ღვთის სიყვარულით ქართველ ბერთა საძმო ცივ ბეთლემის მონასტერში ღვთის დიდებას  აღავლენდა. ილია გადატანითი მნიშვნელობით რუსეთის აუტანელ რეჟიმის აღგვიწერს. ადამიანებს შორის დაკარგულია სიყვარული, ნდობა. ნათლად ჩანს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ერი და ბერი. უნიჭო, კომფორმისტი ქართველები განაგებენ ერის მომავალს. თვით სიტურფეს და ყალბ სათნოებებს იყენებენ ხალხის სულიერი სიკვდილისთვის. ეკლესიაში ამ დროს გავრცელებულია მომხვეჭელობა, აღვირახსნილობა. გორის სემინარიის სტუდენტებს მამათმავლობის ცოდვაში ითრევდნენ, შემდეგ მათ თბილისის სასულიერო სასწავლებელში უწევდნენ რეკომენდაციას და მის კარიერას წარმართავდნენ შავბნელი საქმეებისთვის. წმ. კირიონმა, როცა იგი გორის სასულიერო სემინარიაში მოღვაწეობდა, მამათმავლობის ცოდვაში ამხილა სემინარიის ინსპექტორი ალექსი დავიდოვი (დავითაშვილი). კირიონი დატუქსეს და თბილისში გადაიყვანეს, ხოლო გახრწნილი ალექსი თანამდებობაზე დატოვეს. ამ ამბის გამო ოჯახები მტრულად გადაეკიდნენ ერთმანეთს. ალექსის ძმამ დავით დავიდოვმა (დავითაშვილმა) რუსეთის აგენტმა ორჯერ სცადა პატრიარქ კირიონის მკვლელობა, თუმცა დაჭერის მაგივრად შემდგომ პატრიარქ ლეონიდეს დაუყენეს მდივნად, ქართული ეკლესიის სამართავად.

განდეგილში ილია წარმოაჩნეს ბერის არასწორ სულიერ მდგომარეობას. განდეგილს ჯერ ცეცხლთან უნდა დაესვა წვიმაში გალუმპული გოგო, შემდეგ დაეპურებინა და შემდეგ მოყვასის გონება ხილული მზიდან უხილავი ღმერთისკენ უნდა მიემართა.  ამდენად ცივ ბეთლემში ვერ დაიბადა ახალი სულიერი ურთიერთობა ერსა და ბერს შორის. ამ ფორმით ილიამ ამხილა სასულიერო პირების ხიბლში, კომფორტულ ტკბობაში ყოფნა და მათი ღვთისა და სამწყსოსადმი არასწორი განწყობა.

ასეთმა ნაშრომებმა, თეატრმა, გაზეთმა, პუბლიკაციებმა, ევროპიდან ახალი სამეუნეო და სამრეწველო სიახლეების  შემოტანამ, სოციალური თანასწორობის იდეებმა ხელი შეუწყო გადაგვარებული საზოგადოების სწორი სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებას.

ილია წინასწარ ჭვრეტდა, რომ ქყვეყანას დასჭირდებოდა პოლიტიკური პარტიული ინსტიტუტი, ამ მიზნით 1905 წ. ქმნის ეროვნული დემოკრატიული პარტიის დებულებას და საზოგადოებაში ღიად საუბრობს ერის სურვილზე – ეკლესიის ავტოკეფალიისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის  აღდგენაზე.

პარალელურად აქტიურობდნენ სასულიერო პირებიც. 1905 წლის მაისში ავტოკეფალიის აღდგენის მსურველებმა თბილისის სასულიერო სემინარიაში საგანგებო კრებაც კი მოიწვიეს, რომელმაც შესაბამისი პეტიცია მიიღო. 1906 წელს კი სანკტ-პეტერბურგში  ეპისკოპოსებმა – კირიონმა, ლეონიდემ, ექვთიმემ_ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი  წამოჭრეს. ყველა ხვდებოდა, რომ სასლიერო და საერო პირების ასეთი შემართებით ქართული ეკლესია და ქვეყანა მალე მოიპოვებდა ავტოკეფალიას და დამოუკიდებლობას.

სამწუხაროდ, სხვანაირად ფიქრობდა კრემლი, 1907 წლის აგვისტოში  კლავენ ილიას.

1908 წლის მაისში კი კლავენ რუსეთის ექზარხოზ ნიკონს. მკვლელობა ბრალდება ქართველ სასულერო პირებს და ამის გამო ავტოკეფალიის აღგენა გადაიდო წლობით. საქმეში ფიგურირებენ  ილიას მკვლელები: რუსეთის საიდუმლო სამსახურის აგენტი, ბოლშევიკი ილია იმერლიშვილი და პავლე ფშავლიშვილი, სტალინის მარჯვენა ხელი ალექსი ქართველოვი (ქართველიშვილი). – ამდენად, რუსეთის საიდუმლო სამსახურმა, სოციალ-დემოკრატიულ ბოლშევიკურ ძალებთან თანამშრომლობით განახორციელა მკვლელობები, რომელიც ქართული ეკლესიის, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ეს მკვლელობი განკუთვნილი იყო იმ ეროვნული მოღვაწეების გასაფრთხილებლად, ვინც გააგრძელებდა მის გზას. მართლაც შემდომ გამოჩენილი სასულიერო და საერო მოღვაწეების საჯარო მკვლელობა იქცა დაშინების, ანგარიშსწორების ნიმუშად. ილიას შემდეგ მონასტერში საკუთარ კელიაში კლავენ კირიონს, შემდეგ მის მომხრებს. აქაც გზავნილი – ჩვენ ყვალგან ვართ  მონასტერშიც კი. საქმე დახურეს და არ გამოუძიებიათ დღემდე.  გენერალი მაზნიაშვილის, კოტე აფხაზის და სხვა მამულიშვილების, არაადამაინური დახოცვა უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოებაზე ზეწოლის, დაშინების ფსიქოლოგიურ იარაღად. ასეთი ქმედებები გათვლილია ფსიქიკის პარალიზებისთვის, იწვევს საზოგადოების დაშინებას და ეროვნული ძალების უმოქმედობას.

ეკლესიის დამოუკიდებლობა და მშენებლობა ეროვნულ დემოკრატიული ძალების უპირველესი ამოცანაა.  ამიტომაც ბუნებრივია, რომ 1917 წლის 8 სექტემბერს თბილისში გახსნილ სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას თავმჯდომარეობდნენ სპირიდონ კედიატრიფონ ჯაფარიძე (ედპ კომიტეტის წევრი),   გიორგი ჟურული.  ედპ წევრებმა ორგანიზება გაუწიეს კირიონის რუსეთიდან ჩამობრძანებას და კრების ორგანიზებას.

ამავე წელს სპირიდონ კედიამ თანამოაზრეებთან ერთად ილიას პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით დააფუძნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. სასულიერო პირებიც გულშემატკივრობდნენ პარტიის მშენებლობას. წმინდა ნაზარი მიტროპოლიტი ფულით დაეხმარა სპირიდონ კედიას პარტიული გაზეთის გამოსაშვებად.

ამდენად, ეკლესია და ედპ ერთიან ეროვნულ ღირებულებათა სისტემად გვევლინება. სოციალ დემოკრატებისთვის კი პირიქით, ეკლესია, როგორც პარტნიორი, სახელმწიფოს მშენებლობაში არ მოიაზრებოდა. ეს განსხვავებული მიდგომები აისახა ქართველი სოციალ-დემოკრატების ეკლესიისადმი განწყობაშიც. ნოე ჟორდანიამ არ გაითვალისწინა პატრიარქ კირიონის პირადი თხოვნა და მიღებული კანონით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში მოქმედ სხვა კონფესიებს გაუთანაბრა. მათთვის ყოვლისშემძლე ძალად ევროპის სოციალ-დემოკრატიული ინტერნაციონალი მოიაზრებოდა და არა საკუთარი ხალხი. თბილისში აფრიალებულ წითელი დროშის ფონზე, ქუთაისში ასე ანუგეშებდნენ შეშინებულ მოსახლეობას მენშევიკები „ამხანაგებო გული არ გაიტეხოთ ევროპის ინტერნაციონალი და ევროპის პროლეტარიატი, ბოლშევიკებს ამას არ შეარჩენსო“ – იგონებდა გაოგნებული სპირიდონ კედია. ასე ტყუილებით აბრუებდნენ  ხალხს და ბრძოლის მაგივრად სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ.

კომუნისტური რეჟიმის სამოცდაათწლიანი მმართველობის პერიოდში ძნელი იყო ღირსეულად ცხოვრება. კომუნისტური წყობა ადამიანებს გადარჩენის და თავშესაფრის (ე. წ. კრიშის, მფარველობის) მიზნით უბიძგებდა შესულიყვნენ ან კომუნისტურ ან ქურდულ კლანურ მფარველობაში, ან სახლში გამოკეტილი ცხოვრებით ეცხოვრათ. სხვა აზროვნება საბჭოთა კავშირში არ მოიაზრებოდა. ეროვნული იდეოლოგია მაქსიმალურად იდევნებოდა, სამაგიეროდ გზა ხსნილი ჰქონდა ყალბ ეროვნულ ღირებულებებს. თუ ვინმე გადაწყვეტდა ღმერთი მოეაზრებინა მფარველად, ესეც გათვლილი ჰქონდათ. „უღმრთა კავშირის“ ასი ათასიანი საზოგადოება მზად იყო რევანშისთვის. დაცინვა, სამსახურში კრებებზე დაბარება, სკოლაში მშობლების დაბარება ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მათ კარგად იცოდნენ, რომ მხოლოდ დედაეკლესიის წიაღში აღმოცენდებული ქრისტიანული იდეოლოგიით განმსჭვალული ეროვნული ძალა, შეძლებდა  სოციალ-დემოკრატიული ძალების გარდატეხასა და დამარცხებას.

1977 წელს სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქ ილია II-ეს გარშემო შეკრება დაიწყო ასეთი ეროვნული სულით ანთებულმა ახალგაზრდებმა. სტიქაროსნებს გია ჭანტურიას და მამუკა გიორგაძეს შემოუერთდნენ პატრიოტულად განწყობილი ახალგაზრდები. სწორედ 1988 წელს ედპ-ს მიერ მოწყობილი ნოემბრის მასშტაბური აქციით მოხდა გარდატეხა, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ედპ ეწინააღმდეგებოდა მოვლენების გადატანას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში, რადგან ეს მყარ ნიადაგს უქმნიდა რუსეთის სპეცსამსახურებს კონფლიქტების გაღრმავებისთვის. 1990 წელს ედპ იყო ეროვნული კონგრესის  ერთ-ერთი დამფუძნებელი. მოიაზრებოდა, რომ ეროვნულ ძალებს პოლიტიკური პასუხისგებლობა აეღოთ, ხოლო ადმინისტრაციული და სამეურვეო პასუხისგებლობა დაეკისრებინათ არსებულ კომუნისტურ მთავრობისთვის. კონგრესი ავტორიტეტის და ძალაუფლებას წყალობით უმტკივნეულოდ დაიწყებდა რეფორმებს. არ ჩამოიშლებოდა ეკონომიკა, არ დაინგრევოდა სამეცნიერო და სამეურენეო დარგები. ამასთანავე  შემდეგ ეტაპზე გაძლიერებული ეროვნული ძალები, გამოცდილი კადრებით მოახდენდა მთავრობის მშვიდობიანად ჩანაცვლებას. ეროვნული ძალების გააქტიურებისთანავე გააქტიურდა უშიშროება, მათი საქმიანობა მიმართული იყო ეროვნულ ძალებში დაპირისპირების და ქაოსის შესაქმნელად. აშკარაა, რომ მიზანი ერთი იყო – ეროვნულო მოძრაობის დისკრედიტაცია, მათი დანაწილება და სათითაოდ განადგურება. ასე თანდათანობით მოხდა გამოუცდელი გულანთებული ეროვნული ძალების დაქსაქსვა რუსეთის უშიშროების მიერ და საქართველოს საჭადრაკო პოლიტიკურ დაფაზე მათთვის სასურველი პარტიის და პიროვნებების შემოყვანა.

გია ჭანტურია საჯაროდ აკრიტიკებდა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში რუსეთის უხეშად ჩარევას. შინაგან საქმეთა მინისტრს შოთა კვირაიას (გარდაიცვალა მოსკოვში) უშიშროების მინისტრ იგორ გიორგაძეს (ამჟამად მოსკოვშია) და თავდაცვის მინისტრს ვარდიკო ნადიბაიძეს (ამჟამად მოსკოვშია) და მათ პრორუსულ ორიენტაციაში სდებდა ბრალს. კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ესნგ-ში შესვლას. 1994 წლის 3 დეკემბერს თბილისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობის დღეს, დილით სახლიდან გამოსული გია ჭანტურია, მეუღლის თანდასწრებით  საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

ასეთი მეთოდი წარმოადგენს გამორჩეული პოლიტიკური ლიდერის განადგურებით საზოგადოების დაშინებას. მიზანი ერთია, საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს მისაბაძი პიროვნება. ასეთი მკვლელობები ადამაინების ფსიქიკას არაცნობიერად  უბიძგებს უარი თქვან ეროვნულ ღირებულებებზე და აირჩიონ სხვა იდეოლოგია. მართლაც, თუ ახლობლებს დამიშინებენ, ტვინს გამასხმევინებენ, ან ტყვიებით დამცხრილავენ, შემდეგ თვითმკვლელობას დამაბრალებენ, ცხედარსაც კი სადღაც ტყეში, მიწაში ჩააგდებენ, როგორც გენერალ მაზნიაშვილის და კოტე აფხაზის ცხედრებს მოექცნენ. რისთვის ვიბრძოლო? თანაც ყველგან დევნა, შიში, შევიწროება. ღირს კი ეს ყველაფერი  ამად. მიუხედავდ ამისა ეროვნულ დემოკრატები არ ეგუებოდნენ არაფერს და შეუპოვრად აგრძელებდნენ პარტიულ ბრძოლას.

სოციალ-დემოკრატების და ქრისტიან-დემოკრატების საუკუნოვანი პოლიტიკური ბრძოლის შედეგები ასეთია. 1919 წელთან შედარებით 1995 წელს ედპ-მ საპარლამენტო არჩევნებში 2-ჯერ გაუმჯობესა შედგები. იმ დროს ედპ ყველაზე ახალგაზრდულ, ორგანიზებულ და ეკლესიის პარტნიორ პარტიად მოიაზრებოდა. ამასთანავე ამ დროს გია ჭანტურიას, აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანული ინტერნაციონალის გენერალური ხელმძღვანელის პოსტა ეკავა. ამდენად ასეთი რესურსებით, აქტიური პარტიული კამპანიის შედეგად, დიდი შანსი იყო პარტიას პარლამენტში ხმების უმეტესობა მოეპოვებინა. ამით ევროპასთან კავშირები გამტკიცდებოდა, შემცირდებოდა კრემლის გავლენები და შესაძლოა ბევრი კონფლიქტები თვიდან აგვეცილებინა.

გია ჭანტურიას მკვლელობით საზოგადოებას დაანახეს ვინ არის საქართველოში რეალური ძალა. თუ სხვა ეროვნული მოძრაობის ლიდერები: მერაბ კოსტავა, ზურა ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, გია ჭანტურიას მკვლელობა იმპერიის ძველი მეთოდით განხორციელდა, რაც ძალიან ჰგავს ილიას მკვლელობას. ტყვიებით დაცხრილვა, ხალხში, საჯაროდ დღისით შემაძრწუნებელი მკვლელობა გათვლილი იყო პარტიის, დასაშლელად და აქტიური პოლიტიკური თამაშიდან გასაყვანად – მოსწყვიტეს მწყემსი და განიბნიერ ცხოვარნი მისნი. მკვლელობა ამასთანავე მთავარ მიზნად ისახავდა საქართველოს განვითარების შეჩერებას ევროპის მიმართულებით.

უახლესი ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატიული სულისკვეთების ეროვნულ ძალებს შეუძლიათ პოლიტიკური პროცესები, წარმართონ ეკლესიასთან ერთად, სახელმწიფოს სწორი განვითარებისაკენ. მართალია პარტიას მოუკლეს ილია ჭავჭავაძე, კოტე აფხაზი, გია ჭანტურია, მიუხედავად ამისა ეროვნულ დემოკრატიულ ძალებს მორალურად თამაში უკვე მოგებული აქვთ. მას ჰყავს ზეციური მფარველები: წმ კირიონი, წმ. ნაზარი, ილია მართალი, ექვთიმე ღვთისკაცი. ამდენად საჭიროა მხოლოდ ნების გამოხატვა და უკვე მოგებული თამაშის პარტიულ გამარჯვებად გაფორმება. მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატიულ ძალებს ძალუძთ სრული უმეტესობით ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევში, სათავეში ჩაუდგნენ ახალ მოძრაობას, რომელიც საქართველოს მიიყვანს ჭეშმარიტ გამარჯვებამდე.

საქართველოში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პირევლი ეტაპი – ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა, უნდა შეფასდეს დიდ გამარჯვებად. ეროვნული მოძრაობა უნდა გადავიდეს მეორე ეტაპზე. დამოუკიდებელი, თვითკმარი, თვიდგანვითარებადი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნით უნდა დაიწყოს ქვეყნის მშენებლობა. სამშობლოს სჭირდება გამბედავი პოლიტიკოსები და მეცნიერები, რომლებიც ფუტკრებივით თავიანთი საქმით იქნებიან დაკავებული და ცოდნას ახალგაზრდა თაობას აზიარებენ – ასე ხედავდა მამარდაშვილი ქვეყნის მომავალს. სამოქალაქო საზოგადოებას უნდა მობეზრდეს მის მაგივრად გადაწყვეტილების მიღება, ხალხმა უნდა გაიღვიძოს, სიცოცხლე უნდა დაიბრუნოს – ეს არის ეროვნული გრძნობების გამოღვიძების გზა. ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ ცოცხალი, მყარი წერტილი, ასეთი არის ხალხის სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ, ეს ის მარადიული, ღვთაებრივი ძალაა, რომელიც გაგვაბედინებს და ყველას მიგვახვედრებს, რომ საქართველოს ისტორიამ უნდა იაროს თავისი ბუნებრივი სწორი გზით და არა სხვისი დაგეგმილი ოცნებებით.

ბესიკ ბოგველი – 8 თებერვალი, 2019

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress