დიდი ვნებათაღელვა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მსჯელობისას არ წყდება. საკითხი უკვე გასცდა წმინდა რელიგიურ ჩარჩოებს და პოლიტიკურ პრიზმაში აღიქმება.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალისტურ მოძრაობას სოლიდარობას ვუცხადებდით საბჭოთა ათეისტური სისტემის ზეობის დროს (ზოგიერთმა დღეს გააქტიურებულმა მაშინ ეკლესიისკენ გზაც არ იცოდა, ზოგი სად იყო ღმერთმა უწყის (და ჩვენც!). პირადად მიგვიღია მონაწილეობა აქციებში კიევსა თუ ლვოვში ამ მოძრაობის ლიდერის მიტროპოლიტ მსტისლავისა (სკრიპნიკი, სხვათა შორის, სიმონ პეტლიურას დის შვილი) და ავტოკეფალური ეკლესიის უფლებების დასაცავად. (ინფორმაციისთვის, მიტროპოლიტი ფილარეტი (დენისენკო) მაშინ რუსეთის საპატრიარქო ტახტისთვის იბრძოდა).
ამდენად, ბუნებრივია, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ფაქტს, ჩვენ მივესალმებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის ტომოსში ჩაწერილი ზოგიერთი დებულება, ჩვენი აზრით, ბოლომდე ვერ ასახავს უკრაინის ეკლესიისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებს (ტომოსში მითითებული ავტოკეფალიის პირობები ავტონომიური ეკლესიის პირობებს უფრო ესადაგება). დარწმუნებული ვართ, რომ ეს აქტი დიდი და წარმატებული გზის მხოლოდ დასაწყისია. ისიც ცხადია, რომ საკითხის მოგვარება დროში გაიწელება, მაგრამ უკრაინის სახელმწიფოებრიობის განვითარებასთან ერთად რუსეთს, მაღალი ალბათობით, მოუწევს თავიანთი პრეტენზიების დათმობა.
მიმდინარე პროცესი ორი მიმართულებით უნდა განვიხილოთ: ერთია უშუალოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, მისი საეკლესიო, სამართლებრივი და პოლიტიკური შემადგენელი და მეორე, ამ მიზეზით მართლმადიდებელ სამყაროში დაძრულ პროცესებში საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი ახალი გამოწვევები და პერსპექტივები. უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენი წითელი ხაზები მხოლოდ საქართველოს ინტერესების პირდაპირ დაცვაზე გადის.
საყურადღებოა, რომ ხსენებული ტომოსის მიხედვით, თავისი წინამძღოლის ინტრონიზაციის შემდეგ, უკრაინის ეკლესია თავად დაიწყებს სხვა ეკლესიებთან ურთიერთობების მოწესრიგებას. მნიშვნელოვანია, რომ ჯერჯერობით ამ მხრივ უკრაინის ეკლესიას თავად არ აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი სტრატეგია (შესაბამისად, გაგებით ეკიდება საქართველოს ეკლესიის თავშეკავებას). ასევე, არ არის ცნობილი სხვა მართმადიდებელი ეკლესიების პოზიციები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია. მოვლენების გასწრებისა და მარქსზე უფრო მეტი მარქსისტობის წადილი საბჭოური მენტალიტეტის გადმონაშთია და მას უნდა ვებრძოლოთ საკუთარ თავში. მსგავსი შემთხვევები ისტორიაში არაერთი მომხდარა და ხელოვნურ დრამატიზებას არასდროს მოუტანია დადებითი შედეგი.
ღიმილისმომგვრელია, პოლიტიკოსების პოზიორობა, რომლებიც ეფარებიან რა მისი უწმინდესობის მაღალ ავტორიტეტს, ყალბი რელიგიური მორჩილების ზედმეტად ფარისევლური დემონსტრირებით უარს ამბობენ უკრაინელი ერის ისტორიაში ამ ერთერთი ყველაზე უფრო გარდამტეხი მოვლენის პოლიტიკური ასპექტების შეფასებაზე. თითქოს საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხებში არ გაეკეთებინოთ იგნორირება ეკლესიის პოზიციისთვის, ანდა კათოლიკურ, მუსლიმურ ან სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან ურთიერთობას თითქოს საპატრიარქოსთან ათანხმებდნენ. საერო პირებს და, განსაკუთრებით, პოლიტიკოსებს სხვა პოლიტიკური ვალდებულებები და, შესაბამისად, სხვა პასუხისმგებლობა აქვთ.
რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო და უკრაინა მას დაკარგული აქვს. მისი იმპერიული ოცნების აღსრულება შეუძლებელია, თუმცა მას იმდენი ძალა კი შერჩა, რომ თავისი აგენტურისა და ცდუნებული ავანტურისტების ხელით წერტილოვანი დარტყმები გააკეთოს. საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს ერთადერთი იარაღი აქვს – მართული ქაოსი, ეკონომიკური პრობლემებით შეჭირვებულ მოქალაქეთა დეზორგანიზება, ტურბულენტობის მაღალი ხარისხის შექმნა, რათა მისთვის საჭირო დროს გემი” წკიპურტითაც” კი ამოტრიალდეს. ამასთან, ყველას აღმოაჩნდება „მაღალი“ მოტივი სხვის გასამტყუნებლად.
გაოცებას იწვევს ანტირუსული პოზიციის „ლობირებით“ გატაცებული საქართველოს ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის, განსაკუთრებით, იერარქების ზედმეტი აქტიურობა: იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს უკრაინაზე „ზრუნვის“ საფარქვეშ რაღაც სხვა, უფრო „მნიშვნელოვანი“ ძალების ინტერესები გამოძრავებდეთ. ამ საკითხმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა ზოგიერთი რელიგიური თუ საერო პირის ნამდვილი სახე. მათთვის ეს თემაც, ისე როგორც სხვა თემები მორიგი საბაბია ეკლესიისთვის ტალახის სასროლად. საქართველოს ეკლესიის პრორუსულობის იარლიკით დაშანტაჟების გზით სურთ ნაჩქარევად იქნას მიღებული გადაწყვეტილება საკითხზე, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს საქართველოს ეკლესიის მიერ საკუთარი ინტერესების დაცვაში ხელის შეშლის პოტენციალს.
დღეს არაფერი აღარ იმალება, ყველაფერი აშკარავდება და ფრთხილად! მისი უწმინდესობის აღსაყრდრებამ გააცოცხლა საქართველოს ეკლესია. ჩვენ ყველანი მონატრული ვიყავით და ვხარობდით ეკლესიის გავრცობით და ახალგაზრდა იერარქების მომრავლებით. ნუ გადაზრდით ამ სიხარულსა და სიყვარულს საპირისპირო გრძნობაში!
როცა საკითხი დოგმატურ და/ან საღვთისმეტყველო თემებს შეეხება, ჩვენ მოკრძალებულად ვცდილობთ პოზიციების ანალიზს, მორჩილებითა და სიყვარულით, ხელზე მთხვევითა და უდიდესი პატივისცემით ვაღიარებთ თქვენს აღმატებულობასა და უპირატესობას და ველოდებით თქვენგან ჩვენი ცხოვნებისთვის საჭირო ერთიანი და სწორი სწავლების მოცემას.
პოლიტიკურ ასპექტზე კი, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული იმპერიული ხრიკების წინააღმდეგ ბრძოლა მავანთაგან არ გვესწავლება. (არც მთელ რიგ რელიგიურ საკითხებში გვჭირდება თქვენი სწავლება რა და როგორ გავაკეთოთ, ამასაც ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით) ასეთ საკითხებში, როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები, არჩევანში თანასწორნი ვართ ყველანი და თითოეულს საკუთარი პოზიცია შეიძლება გვქონდეს. ანაფორა აქ არც პრივილიგიას და არც საბოლოო ინსტანციის სტატუსს არ იძლევა. მით უმეტეს, რომ თქვენი აქტივობა იმ პიროვნებასთან დაპირისპირებაში გადაზარდეთ, ვისი დამსახურებაცაა ანაფორისადმი საზოგადოების ნდობა და პატივისცემა.
ეკლესიის სისავსე, კრებითობითი ერთობა და ჭეშმარიტების ერთგულება – ოკეანის შტორმების პირობებში გადამრჩენელი გემის მთლიანობა, გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც ეკლესიის მაღალი წარმომადგენლის კერძო მოსაზრება რომელიმე საზოგადო მოვლენაზე. მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის განხეთქილება აღიქმება როგოც უდიდესი ცოდვა, ასევე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს ეკლესიის განხეთქილების ორგანიზება რუსეთის მთავარი ინტერესია!
ველოდებით, რომ თქვენ თქვენს მოვალეობა შეასრულებთ, პოზიციებში კარგად გარკვევისა და შეჯერების შემდეგ, უკვე წმინდა სინოდი იმსჯელებს იმდენს, რამდენიც დასჭირდება ერთიანი გადაწყვეტილების მიღებას წამოჭრილი საკითხების მთელს კომპლექსზე. ხოლო სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ, საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ მღვდელმთვრები.
ერთიანად და შეთანხმებულად განგვიმარტეთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების კანონიკური და საეკლესიო პრაქტიკის საფუძველი. პოლიტიკურ ანალიზს ჩვენც ვახერხებთ და გადაწყვეტილების მიღებაც არ გვიჭირს. თქვენ ვისთან და როგორ ვილოცოთ იმაში გაგვარკვიეთ, საეკლესიო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გვიწინამძღვრეთ!
საქართველოს საკეთილდღეოდ, სამართლიანობის აღდგენა და რუსეთის „გამწარება“ თუ გინდათ, შევაერთოთ ჩვენი ძალისხმევა, მოვთხოვოთ საქართველოს მთავრობას აქტიური მხარდაჭერა და ეკლესიათა დიპტიხში საქართველოს ეკლესიის კუთვნილი ადგილისთვის ვიბრძოლოთ. გავარკვიოთ, დადგა თუ არა დრო, მთელი ერის ძალისხმევით ვიბრძოლოთ არა მხოლოდ მეექვსე, როგორც აქამდე, არამედ მეხუთე, რუსეთის ეკლესიის წინა (რაც წესით უნდა გვეკუთვნოდეს) ადგილისათვის? პარალელურად გავარკვიოთ, როგორი იქნება ამ საკითხში უკრაინის ეკლესიის პოზიცია და რატომ იკავებს თავს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო.
რა ნაბიჯების გადადგმა არის შესაძლებელი ერთობლივად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის რეალიზაციის მიმართულებით? უპირველესად, ეს ეხება მაქსიმალური გარანტიების მიღებას ამ რეგიონებთან დაკავშირებით, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიებმა არა მხოლოდ სიტყვით აღიარონ საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია, არამედ საქმითაც – შეიძლება გამოიძებნოს მექანიმზი, რომლის დახმარებითაც ამ პროცესის წარმატებით დაგვირგვინებას შევძლებთ.
მსოფლიო საპატრიარქო არ ცნობს ამერიკის ეკლესიის ავტოკეფალიას, ჩვენ ვცნობთ. არც თუ ისე მცირეა ამ ეკლესიის ქართველი მრევლი. ზოგიერთი ქართველი სასულიერო პირი, რომელიც იყო მივლინებული მსახურებისთვის, დღემდე რჩება ამერიკის ეკლესიის იურისდიქციაში. როგორ მოვიქცეთ ახლა, მეთოთხმეტეს შემდეგ (როგორც უკრაინის ტომოსში ითხოვს) ეკლესიად რომელი ვაღიაროთ და როგორ მოვიხსენიოთ წირვაზე?
გუშინ, რომ თანამწირველი იყავით მოსკოვის ეგიდით მოქმედი უკრაინის ავტონომიური ეკლესიის სასულიერო პირებთან. როგორი იქნება შემდგომში მათთან ევქარისტიის საკითხი?
როგორ უყურებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსში ჩაწერილი კონსტანტინეპოლის საყდრის არა უბრალოდ უპირატეს, არამედ წინამძღოლ ანუ უფროს ეკლესიად მოხსენიებას და მისი სხვა ეკლესიების შინაურ საქმეებში ჩარევის უფლების პრეცედენტის შექმნის მცდელობას? საეკლესიო კანონმდებლობით ტომოსის ცნობა ხდება მთლიანი ტექსტის უცვლელად აღიარება, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაცია თუ შესაძლებელია გარკვეული შენიშვნების დართვით ან ცალკე აქტის მიღება?
აი მცირე ნაწილი იმ კითხვებისა, რომელზე პასუხსაც თქვენგან ველით.
თუ შევადარებთ ქართული და უკრაინული ეკლესიების ტომოსების ტექსტებს დავინახავთ უსერიოზულეს დიპლომატიურ წარმატებას, რომელიც გახდა შედეგი იმ უზარმაზარი მუხლჩაუხრელი შრომისა და ბრძოლისა, რომელიც გასწია საქართველოს საჭეთმპყრობელმა საეკლესიო, პოლიტიკურ და სხვა სფეროებში ათეისტური სახელმწიფოსგან ხელის შეშლის პირობებში (უკრაინის განსაკუთრებულად კომფორტული პირობებიდან განსხვავებით). ეს კიდევ ერთხელ ნათლად გვიდასტურებს მისი უწმინდესობის უდიდეს პასუხიმგებლობას ერისა და ეკლესიის ბედზე, მისი გაკეთებული საქმეები, გამოცდილება და დამაჯერობლობა გვიძლიერებს რწმენას, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საჭირო დროს გაცხადებული.
მამუკა გიორგაძე სახალხო პარტია
21.01.2019