მეოცე საუკუნე საქართველოს ისტორიაში სამნიშვნელო უღელტეხილით დაიწყო: – ისახება ქართული რენესანსი. ამ მოვლენის ”მტკიცება” ჯერჯერობით მეტად საძნელოა: ეხლახან მისი „შეგრძნობა” თუ შეიძლება მხოლოდ. გარნა, ისიც უნდა გვახსოვდეს ამავე დროს, რომ ასეთი მოვლენის ღრმა გრძნობა ხანდახან უფრო გულისხმიერია, ვიდრე მისი მშრალი მტკიცება.
მისტიური სიმბოლო ქართული რენესანსის ჩასახვის წიწამურის ველია: ქართველმა მოჰკლა საქართველოს მძლავრი მხედარი, – ხოლო, სისხლით შესვრილ ხელს რო დახედა, მკვლელმა საქართველოს სახე დაინახა. ილია ჭავჭავაძე მსხვერპლია, შეუცნობლად შეწირული საქართველოს საყოფელი სახის ხილვისათვის.
და მართლაც: მგონი, არასოდეს ისე მძაფრად არ უგრძვნია ქართველს საქართველო, როგორც ამ ტრაგიკულ წამს. უკანასკნელ წვეთამდე რისამე გრძნობა კი მისი შესაძლო სხეულის კვეთილობას უდრის. ქართველმა იგრძნო საქართველო – და ამ გრძნობიდან ისახება ქართული რენესანსი.
ხსენებული რენესანსი მეოცე საუკუნემ უნდა განამტკიცოს. ამ საუკუნეში საქართველო ან სრულად მოისპობა, ან და აყვავდება მსოფლიურად. მოსალოდნელი უფრო მეორეა. ქართული რენესანსის საწინააღმდეგოდ რამოდენიმე სიძნელე იმართება. საქართველოს ისტორიის საქმეა სძლიოს ეს სიძნელენი. ძლევისათვის მათი შეცნობაა საჭირო.
პირველი სიძნელე უფრო ანთროპოლოგიური ხასიათისაა. ცნობილია: არც ერთი ხალხი იმთავითვე ერთი ეროვნული პლაზმით არ ჩამოსხმულა: ჯერ მრავალი სხვადასხვა ხალხოსნური თესლი – და შემდგომ – მათში გამართული ბრძოლის მიერ წარმოშობილი. ერთი პლაზმა - აი, მარტივი ხაზი ხალხის ჩამოყალიბებისა. ბერძნები, ფრანგები, რუსები: – მაგალითები.
მეტად საინტერესოა ვიცოდეთ: საქართველოს ისტორიაში გვაქვს თუ არა ასეთი განსხეულება. მარტო იჭვიც კი საპრობლემოდ ხდის ამ საკითხს. ჩვენ ვიცით მრავალი ეთნიური თესლი, რომელიც ორგანულად შეედუღა ვითომ საქართველოს ეროვნულს პლაზმას. ამას გვასწავლის საქართველოს ისტორია, მაგრამ ძალზე გვაფიქრებს ეს „ვითომ“.
და მართლაც: ხანდახან იჭვიც იბადება, როცა ფიქრი ამ სახის შედუღებას უვლის გარს. ჩვენში საშინელი სიმძაფრით თავსა ჰყოფს თემური პარტიკულარიზმი: იმერელი, ქართლელი, კახელი, გურული, მეგრელი და სხვა- ერთი ხის შტოა ყოველი მათგანი. ეს ერთგვარი მრავალფერობაა: მდიდარი სხვა-და-სხვაობაა. მაგრამ მეორის მხრით ეს “სხვაობა” იმ ზომამდე მიდის ხანდახან, რომ უნებლიედ ფიქრი იბადება: შესაძლოა ისინი სხვა და სხვა ხის დგაან წარმოადგენდენ, ნათესაურს რკალში მოქცეულს. ყოველს შემთხვევაში ჩვენში არსებული პარტიკულარიზმი დამაფიქრებელია მეტად.
მეორე სიძნელე სახელმწიფო ყალიბს ეხება.
ჩვენმა ისტორიამ არ იცის სასტიკი აბსოლუტიზმი. აბსოლუტიზმი, როგორც ერთ-ერთი ისტორიული საფეხური, აუცილებელიც არის და საჭიროც. ისტორიულის ახსნა „ისტორიულობით“ შეიძლება მხოლოდ. კულტურის ტრაგედიას სხვათა შორის, ისიც შეადგენს, რომ ისტორიის რომელიმე ხანაში მონობაც არის აუცილებელი და საჭირო. რაციონალიზმის სქემებით ისტორიის ახსნა ყოვლად შეუძლებელია. ჰეგელის დიადმა ფილოსოფიურმა სისტემამ, ერთი ფილოსოფოსის თქმა რომ ვიხმაროთ, მთელი მსოფლიო ლოგიკურ სილოგიზმში მოაქცია, – მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისტორიის ერთი ნაბიჯის ახსნაც ვერ შეძლო. რისთვის? მისთვის, რომ იდეათა სფეროში (თუ გინდ დიალექტურად იხსნებოდეს ეს უკანასკნელი), ყველაფერი იმთავითვე დასრულებულია, როგორც მათემატიკურ რკალში, ხოლო ისტორია თავისთავად შემოქმედებაა, ზრდა, განვითარება. ეს სხვათა შორის. აქ უნდა აღვიაროთ მხოლოდ, რომ აბსოლუტიზმი ისტორიაში აუცილებელიც არის და საჭიროც: მრავალ სასტიკს მხარესთან ერთად მას აქვს ერთი მეტად მნიშვნელოვანი მხარეც: იგი ჰქმნის ერთ მთლიან ფსიქიკას. სასტიკი ყალიბით ასხეულებს ერის ნებისყოფას.
ჰელადის მაგალითი აქ მოსაყვანი არ არის. რადგან იგი მეცნიერებისათვის ჰამოცანაა ნამდვილი: ხალხთა შორის ძველი ბერძნები გენიალურ გამონაკლისს წარმოადგენენ.
საქართველოში, – ვიმეორებ, – სასტიკი აბსოლუტიზმი არ ყოფილა. ამ მოვლენამ ხელი შეუწყო ჩვენს ეროვნულ დაქსაქსულობას.
გარდა ამისა: არის კიდევ ერთი უცნაურობა ჩვენს ისტორიაში. დასავლეთს ევროპაში ფეოდალიზმის ნანგრევებზე აიმართა აბსოლუტიზმი, ჩვენში კი ფეოდალური მიდრეკილებანი სუსტი აბსოლუტიზმის შემდგომ თანდათან ძლიერდებიან. რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, ეს მაინც ასეა, და მართალ არიან ჩვენი მარქსისტები, როცა ამტკიცებენ, რომ საქართველოს ერთიანობა რუსეთის ხელმწიფების ქვეშ განმტკიცდა. გაერთიანება მონობით - ეს ხომ საშინელი უცნაურობაა!
ერთი სიტყვით, რომელი მხრითაც უნდა შემოვუაროთ ამ საკითხს, ერთი რამ ნათელყოფილია: პოლიტიკურს ცხოვრებაში ჩვენ ვერ შევქმენით მტკიცე და მძლავრი ხელმწიფება. ამან ხელი შეუწყო ჩვენი „ანარქიული“ ბუნების განვითარებას.
მესამე სიძნელე “გავლენის” სფეროს ეკუთვნის. ჩვენმა ისტორიამ ხშირად იცის „სხვისი“ გავლენა: მონგოლების შემოსევა, არაბულ-სპარსული გავლენა, ბიზანტიური „შემორევა“, რუსული „შემოსვლა”. თავის თავად ცხადია, ყოველი ერი გავლენას განიცდის. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ყოველს ჯანსაღ ერს შესწევს შემტევი ძალა, რომელიც ამ გავლენას უმკლავდება: ამ ბრძოლაში ყალიბდება ერის შემოქმედება.
ახლა ვიკითხოთ: ჰქონდა თუ არა საქართველოს მაგარი შემტევი ძალა? ეს საკითხიც ერთგვარი პრობლემაა. ჩემთვის პირადათ სინამდვილეა ის, რომ საქართველოს ჰქონდა შემტევი ძალა, მხოლოდ ისეთი, რომელიც სურვილს აღგვიძრავს, რომ უფრო მაგარი და მძლავრი ყოფილიყო იგი. გარდა ამისა, ჩემთვის ისიც სინამდვილეა, რომ ეს შემტევი ძალა, – მხოლოდ ისეთი კი, რომელიც სურვილსა სტოვებს, რომ კიდევ მაგარი და მძლავრი ყოფილიყო იგი. გარდა ამისა ჩვენთვის ისიც სინამდვილეა რომ ეს შემტევი ძალა საქართველოში ყოველთვის არ ყოფილა მახვილი და მედგარი. აქედან ერთი რამ გამომდინარეობს: ჩვენს კულტურას, ყოველ სფეროში, მრავალი „გავლენა” შესისხლხორცებული და გარდაქმნილი კი არა აქვს, არამედ მიკრული მეტხორცად. ეს გავლენა – „მეტხორცი“ მესამე სიძნელეა ქართული რენესანსის საწინააღმდეგოდ ამართული.
აი სამი სიძნელე, რომელიც უნდა სძლიოს ქართულმა რენესანსმა. ძლევა აქ მეტად საძნელოა. ქართული რენესანსის მონაწილემ ორგანიული სხეულებით უნდა იგრძნოს საქართველო, მის ისტორიულ დენაში და მონახოს მისი ნამდვილი საყოფელი საქმე. შემდგომ – შემოქმედი ხელმწიფებით უნდა გამოჰკვეთოს მან იგი სახე კულტურულს შემოქმედებაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შექმნის ქართული რენესანსი ნამდვილ სტილს. ეს კი მეტად საძნელოა. საგულისხმო მაგალითი, ივ. ჯავახიშვილი ერთს თავის ლექციაში საბუთიანად ამტკიცებდა, რომ ქართულ არქიტექტურაში „აღნაგობას“ (აგებულებას) ჰქონდა მინიჭებული უმთავრესი ადგილი, „სამკაულს“ კი არა აუცილებელი. არქიტექტურა გადმოქვცემს მთელი ხალხის ნებისყოფას. ამ მხრით, მეტად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ძველი ქართველი ხუროთმოძღვარი განსაკუთრებულ ყურადღებას „აღნაგობას“ აქცევდა და არა „სამკაულს”. თუ ჩვენს დღევანდელ კულტურულ შემოქმედებას ავიღებთ, დავინახავთ სრულიად საწინააღნდეგოს: თანამედროვე ქართველისათვის, პირველყოვლისა, „სამკაული” არსებობს და შემდგომ „აღნაგობა”. ავიღოთ ეხლანდელი ქართული ლექსი, ეს საუკეთესო გამომხატველი ქართული კულტურის: იქ მრავალია „სამკაული” (რითმა, სახე, ფერი, სხივი), ხოლო სრულიად არ არის „აღნაგობა” (ლექსის ტანი, სხეული, ფაქტურა). რომელია ჩვენი სულის საფარდო? პირველი თუ მეორე – ეს საკითხია. და სწორედ ქართველმა ხელოვანმა უნდა გამონახოს საქართველოს ნამდვილი სტილი.
ქართული რენესანსისათვის პირობები თანდათან უკეთესდება. დღეს თუ ხვალ – საქართველო განთავისუფლდება. ეს სინამდვილეა. იგი გაერთიანდება და გამთლიანდება. ამ შესაძლო სინამდვილესაც ვერავინ უარჰყოფს. ერთობლივი და მთლიანი საქართველო მრავალს სიძნელეს გადალახავს. არც აქ გამტყუნდება წინასწარმეტყველება. მხოლოდ არის ერთი რამ ჩვენთვის აუცილებელი, რომელიც ყოველს წამს უნდა გვახსოვდეს. ჩვენ უფრო იმპულსის ხალხი ვართ, ვიდრე გრძნობისა. გრძნობა კი, ნამდვილი, შეურყეველია, ღრმაა, სასტიკი, გრძნობა უკანასკნელს წვეთამდე, – აი, რა არის ჩვენი თავი და თავი. განსაკუთრებით ახლა ქართველმა უნდა იგრძნოს რაინდული შემოქმედებით საქართველო: მხოლოდ ამ შემთხვევაში აყვავდება ქართული რენესანსი. ასეთს გრძნობას, ხან და ხან მისტიურობამდე აყვანილს, ვერა სიძნელე ვერ გადაეღობება წინ: იგი ყოველს ზღუდეს გადალახავს. განსაკუთრებით ეს ჰმართებს ქართველ ხელოვანს: იგი თანვე რაინდიც უნდა იყოს სულიერი, რომ მთელი ქართველობა ამოსწუროს მის ისტორიულობაში და გამოჰკვეთოს მისგან ნამდვილი ქართული სტილი.
გრიგოლ რობაქიძე
1917 წელი, „საქართველო” # 257