გიორგი გვაზავას სიტყვა გაზ. `საქართველო~ 1918 წ. თებერვლის 6 #29

გვზავა

(წარმოთქმული მიტინგზე, რომელიც გაიმართა ქართული კლუბის დარბაზში)

გაზ. `საქართველო~ სამშაბათი 1918 წ. თებერვლის 6 #29
მოქალაქენო! ძნელია დღეს ლაპარაკი. ირგვლივ ანარქიაა, ძარცვა-გლეჯა, მხეცური მკვლელობა, და სხვა და სხვა არევ-დარევა. მიუხედავად ამისა არის ერთი ძირიათადი იდეა, რომლის ირგვლივ ტრიალებს და უნდა იტრიალოს ყოველ მოძრაობამ. ეს გახლავთ იდეა ერთა განთავისუფლებისა.
…თავისუფლება არის უმთავრესი ძალა, რომელიც ბოლოს და ბოლოს დაიმორჩილებს ყოველგვარ სოციალურ მოძრაობას.
…ძლიერი ერი ბრძოლით, მოტყუებით, ან სხვა რაიმე ღონისძიებით, იმონებს მეორე ერს და იპყრობს მის მიწა-წყალს. თავის ბატონობის განსამტკიცებლად იგი თავდაპირველად სპობს ყოველ წყაროს ეროვნული განვითარებისას, სკოლა, სამართალი, ადმინისტრაცია, ეკლესია და სხვა ამისთანა დაწესებულებანი იმ წამსვე გადადის გაბატონებული ერის ხელში და ამნაირად დამონებულ ერს ესპობა ყოველი წყარო ეროვნული კულტურის და განვითარებისა.
…დამონებული ერი… ეკონომიკურად ჰრჩება წელმოწყვეტილი. ამნაირად იმპერიალიზმი სარგებლობს ორი მეთოდით _ ეს არის _ დენაციონალიზაცია და დეკაპიტალიზაცია.
მოწინააღმდეგე მიმართულებაა იდეა ერთა განთავისუფლებისა. აშკარაა, ამ განთავისუფლების იარაღი იქნება _ ერთი ნაციონალიზაცია ყველა სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებებისა, და მეორე კაპიტალიზაცია ერისა, ე.ი. უკან დაბრუნება მთელი ტერიტორიის ბუნებრივი სიმდიდრის და ისე მოწყობა შრომისა და ცხოვრებისა, რომ ყოველი მისი ნაყოფი დარჩეს და მოხმარდეს ისევ ერს. მაგრამ ყველაფერი ეს შეუძლებელია, თუ არ არის პოლიტიკური დამოუკიდებლობა.
მაინც ბევრი პოლიტიკური პარტიები დღემდე ებღაუჭებიან რუსეთსს და თავის მიდრეკილების გასამართლებლად მოჰყავთ ის ისტორიული ხანა, როცა საქართველო დაუახლოვდა და მიეკრა რუსეთს. მაგრამ ავიწყდებათ, რომ მეთვრამეტე საუკუნე და ეხლანდელი დრო სრულებით არ წარმოადგენენ ერთ და იმავე პირობებს. წარსულში უმთავრესი ფაქტორი იყო სარწმუნოება, ახლა კი ამ ფაქტორს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა…
…ეხლა არ უნდა დავარღვიოთ ეროვნული ფრონტი და არ ავტეხოთ შინაური ჩხუბი და დავიდარაბა. ციხე შიგნიდან ტყდებაო და თუ შინ დავიწყეთ ბრძოლა, ყოველი მტერი წაგვლეკავს. ეხლა ყველამ უნდა შეიგნოს, რომ დროებით მაინც გადადებული უნდა იქნას ყოველი კლასობრივი ბრძოლის გამწვავება, მოვა ამის დროც, ახლა ხანაა ეროვნულ განთავისუფლებისა. იცოდეთ, რომ ყოველი მტერი საქართველოსი ეხლა ცდილობს გამოიწვიოს ეს შინაური განხეთქილება, ჩვენმა მტრებმა ძალიან კარგად იციან, რომ შინაური ბრძოლა დასცემს საქართველოს და გახდის მას ადვილად გადასაყლაპავ ლუკმად. ამიტომ და მხოლოდ ამიტომ შემოაქვსთ ჩვენში შხამი ბოლშევიკებისა. რა ვაჟბატონები ბრძანდებიან ეს ბოლშევიკები ნათლად სჩანს შაუმიანის განცხადებიდან: იმან აღუთქვა განთავისუფლება სომხეთს… საქართველოში კი შემოაქვს შინაური განხეთქილება და სისხლის ღვრა. მიზანი აშკარაა.
მაგრამ საქართველოც არ არის ველური ქვეყანა, შეიძლება ამისთანა ქადაგებამ გადაიბიროს ერთი ორი შეუგნებელი ჯარის კაცი, შეიძლება აქა-იქ მოახდინოს კიდევ ხულიგნური მკვლელობა და ძარცვა გლეჯა, მაგრამ საერთოდ ქართველი ერი შეიგნებს ნამდვილ თავის ინტერესებს და დარაზმული გამოვა თავის თავისუფლების და მიწა წყლის დასაცველად.
(იბეჭდება მცირე შემოკლებით!)

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress