ვულოცავთ საქართველოს მისი უწმინდესობის აღსაყდრების 40 წლისთავს
ერის ლიდერი
უფალს მადლობას უნდა სწირავდეს, სიამაყით ივსებოდეს და ბედნიერად მიაჩნდეს იმ ერს თავი, რომელსაც უფალმა, ძნელბედობის ჟამს, ბრძენი, დამთმენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მომადლა. ეკლესიის წინამძღოლი, რომლის სიბრძნემ და წინდახედულობამ, ურთულეს პერიოდში, ბეწვის ხიდზე გამოატარა საქართველოს ეკლესია და განკუთვნილ სიმაღლეზე აიყვანა მისი ავტორიტეტი, არათუ მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში, არამედ სხვა სარწმუნოების ჩვენს მოქალაქეებშიც და ანგარიშგასაწევ ძალად აქცია იგი საერთაშორისო სარბიელზე.
საბჭოთა პერიოდში საქართველოს ეკლესია ქართული სახელმწიფოებრიობის, საქართველოს ისტორიის თანამედროვეობასთან, თაობათა შორის კავშირის უწყვეტობისა და მუდმივობის გამომხატველი ერთადერთი ლეგალურად მომქმედი ინსტიტუტი იყო და, ბუნებრივია, რომ 70 –იანი წლების ბოლოს, როცა ახალგაზრდობამ დავიწყეთ ფიქრი ამ სამყაროში ადამიანის დანიშნულებაზე და ვეძებდით ჩვენს ადგილს საქართველოს მიმდინარე ცხოვრებაში, ჩვენი მზერა მიიპყრო საქართველოს ეკლესიამ, სადაც თვალსაჩინო ხდებოდა საბჭოთა გავლენისგან თავისუფალი და მაღალი სულიერების მქონე სასულიერო პირთა ძალიან მიმზიდველი და საინტერესო მოღვაწეობა. მეუფე ილიას სახით იკვეთებოდა საქართველოს ახალი სულიერი ლიდერი, რომელმაც ტაძრები ახალგაზრდების გულანთებულ ქრისტიანებად და, შესაბამისად, პატრიოტებად ჩამოყალიბების კერებად აქცია.
საქართველოს ეკლესიამ ფართოდ გაუღო კარები და თბილად ჩაიკრა გულში თავისი შვილები. ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით როცა საქართველოს პატრიარქის ილია II-ის გაცნობის პატივი გვერგო წილად. მან ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ მაშინ ვიპოვეთ ქართული იდეის და საქმის გამომხატველი, ჩვენი სულიერი წინამძღოლი და მფარველი. მან გვაპოვნინა საკუთარი თავი, პიროვნული თავისუფლების მოპოვების და ცხოვრებაში დამკვიდრების გზა.
ყველანაირად ხელს გვიწყობდა, რომ სწორი გზით წავსულიყავით. მივყავდით უფლისკენ და ამავდროულად, ის გახდა ჩვენთვის სულიერი მეკავშირე ჩვენს წარსულთან, საქართველოს მეფეებთან და პატრიარქებთან, წმინდა მამებთან და თავდადებულ მამულიშვილებთან. გვაგრძნობინა წარსულის სუნთქვა და სულისკვეთება, დაგვაფიქრა აწმყოზე და მოგვცა მომავლის იმედი. მან ახლად გაგვააზრებინა საქართველოს საკაცობრიო მნიშვნელობა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ახლო ურთიერთობა გვქონოდა მასთან და გვქონდა ისეთი განცდა, რომ მისი სახით არამარტო მოქმედ პატრიარქს ვეხებოდით, არამედ ვეხებოდით ცოცხალ მრავალათასწლოვან საქართველოს ისტორიას. მისი უწმინდესობა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამოვსებულიყო ის სიცარიელე, ქართველი ერის ისტორიაში ის წყვეტა, რაც ბოლშევიკების შემოსვლიდან მის აღსაყდრებამდე იყო. პატრიარქი თავად გახდა ხიდი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.
ძნელბედობის ჟამს, როდესაც პოლიტიკური ძალები და საზოგადოება ვერ ახერხებს საქართველოს ინტერესების დაცვას ან, თუნდაც, ქართველი ერის პოზიციის გამოხატვას, დედა ეკლესია ხდება მთავარი გოდოლი ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია გარდა თავისი სამოციქულო და აღმსარებლობითი დანიშნულებისა ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. შესაბამისად მისი ავტორიტეტის, მის მიმართ ნდობისა და საზოგადოებაში მაღალი რეიტინგის საფუძველი, მისიონერულ საქმიანობასთან ერთად, ყოველთვის იყო ეკლესიის საზოგადოებრივი აქტიურობა. ამას ადასტურებს ისტორიული თუ მიმდინარე პერიოდის მრავალი მაგალითი.
პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ სიონის ეზოში სულ ახალგაზრდული ხმები ისმოდა. მოკლე პერიოდში მრევლის რაოდენობა ძალიან გაიზარდა. სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზო გახდა დისიდენტების თავშესაყარი, რომლებიც პატრიარქისგან ყოველთვის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობდნენ (შედარებისთვის, რუსი დისიდენტების შეხვედრის ადგილები მაიაკოვსკის და პუშკინის ძეგლების გარშემო იყო). ამ პროცესით ეკლესიამ შეუწყო ხელი პიროვნებების დისიდენტური საქმიანობის გარდაქმნას მძლავრ ეროვნულ მოძრაობად. ჩვენ პატრიარქის ფრთებქვეშ ვიყავით შეფარებული. ბევრი პრობლემა შექმნია მას იმის გამო, რომ სტიქაროსანთა უმეტესობა ეროვნული მოძრაობის ლიდერები და აქტივისტები იყვნენ, მაგრამ ერთხელაც არ უგრძნობებია ეს მას ჩვენთვის.
სწორედ მისი უწმინდესობა იყო და არის ეროვნული მოძრაობის ლიდერი. მისი უწმინდესობის უდიდესი დამსახურებაა, რომ ეროვნული იდეა და მოძრაობის ძირითადი ბირთვი სწორედ სიონის ეზოში და ტაძრის საკურთხეველში ჩამოყალიბდა. სიონიდან ეწოდებოდა საქართველოს სიმართლე. მისი უწმიდესობის ქმედებები, ეპისტოლეები და ქადაგებები მხოლოდ რელიგიური დატვირთვის მატარებელი არ არის, ამავე დროს მათში ჩვენი ცხოვრების წესის განსაზღვრის და ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი და ცხოვრებისეული მთავარი ღირებულებებია წარმოდგენილი. ისინი, ფაქტიურად, ეროვნული მოძრაობისთვის სამოქმედო ორიენტირებად იქცა.
მისი უწმინდესობა, თავისი დიდი რწმენით, ლოცვის მადლით, სიმტკიცით, სულიერი ფუნქციითა და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მისი როლით მუდამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ავანგარდში იყო და არის.
მან ათეისტური, წარმართული და გზააბნეული “საბჭოთა ხალხი” მორწმუნე ადამიანებად გვაქცია. შეიძლება ითქვას, რომ თითო-თითოდ შეგვკრიბა ტაძარში. ყველა გადაარჩინა ვინც უფალმა მისცა.
პირადი ცხოვრებით გვაჩვენა თუ როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და მისში ცოდვა გძულდეს, იყო ადამიანებთან რბილი და თბილი და ამავდროულად, მათთან საქმეში პრინციპული, მტკიცე და შეუვალი.
მთელი სიდიადით დაგვანახა ვახტანგი, დავითი, ილია… მათი მოღვაწეობა და ხედვები გახადა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარ ფასეულობებად. (მისტიური საუბარი ერთან. მაგ. 1987-ში ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვამ ერში მის იდეებზე სწორება განაპირობა).
საქართველოსთვის მძიმე დღეებში უწმინდესი ყოველთვის იქ იდგა, სადაც ერის სულიერი მამა უნდა მდგარიყო. მე იმ იშვიათ ადამიანთა შორის ვიყავი, რომელიც ასეთი წუთების დროს მის გვერდით აღმოჩნდა. კარგად მახსოვს 1988 წლის 28 ნოემბრის ღამე. მაშინ მთავრობის სახლთან მისვლა ბევრ პოლიტიკოსსა და ცნობილ პიროვნებას შეეშინდა. მისი უწმინდესობა კი მობრძანდა და სანამ საფრთხე იყო მოშიმშილეთა შორის მდუმარედ იდგა. ყველას ემახსოვრება 1989 წლის 9 აპრილი. მაგრამ, შეიძლება, ყველამ არ იცოდეს, რომ დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე მოლაპარაკების მომიზეზების საბაბით ის იქიდან გაიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ, როცა დარწმუნდა, რომ მისმა ბოლო მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, შენობაში არ შეჰყვა მათ და, ვნახე პატრიარქი, რომელმაც გაარღვა მილიციის კორდონი და დაბრუნდა მოშიმშილეებთან. მახსოვს 1991 წლის თბილისის ომიც. იმ საშინელ დროს პატრიარქმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სისხლი არ დაღვრილიყო. ის მზად იყო დაპირისპირებულთა შორის ჩამდგარიყო, თავიც კი გაეწირა, ოღონდ ქართველს ქართველზე ხელი არ აეწია. აფხაზეთის ტრაგედია მის პირად ტრაგედიად იქცა. 2008 წლის აგვისტოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი შესვლა და სხვა მრავალი გვახსოვს.
თქვენო უწმიდესობავ, გვინდა თქვენი ღვაწლის გამო შეგკადროთ უღრმესი მადლობა და ამასთან ერთად, სინანული გამოვთქვათ, რომ ვერ შევძელით თქვენი შესაბამისი ღირსეული სულიერი შვილობა. ვერ შევძელით, სამოქალაქო სივრცეში ჩვენი წილი პარტნიორობა გაგვეწია თქვენთვის.
გთხოვოთ პატიებას, რომ ჩვენი ქმედებებით ბევრჯერ გული გატკინეთ, ვერ შევაჩერეთ მრავალი ნასროლი ქვა, რომელიც უღირსმა ადამიანებმა თქვენი მიმართულებით ისროლეს.
ისროლეს რათა ხელი შეეშალათ საქართველოს ეკლესიის მამამთავრისთვის, საქართველოში ყველზე გამორჩეული ფიგურისათვის, რომელიც გაშლილად, დიდი მასშტაბით ამკვიდრებს ერში აბსოლუტურ ზნეობრივსა და მორალურ ღირებულებებსა და სტანდარტებს; გახლავთ ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტი (როგორც გარე მტრების, ასევე შიდა კუთხურობისა და ფედერირების წინააღმდეგ).
დღეს ახალი ამოცანებია გადასაჭრელი. საქართველოს პატრიარქი ცხოვრების ამაღლებულ მიზნებს, უსახავს არა მხოლოდ სულისა და გონების ელიტას, არამედ თითოეულ ადამიანსაც. იგიUუზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის თვითმყოფადობას, ღმერთთან, ცხოვრებისა და კეთილდღეობის უმთავრესს წყაროსთან, მის კავშირს. ახალი მოწოდებით _“ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”_ მიისწრაფვის, რომ გათითოკაცებული ქართული საზოგადოება იხილოს, როგორც თავისი უფლებებისა და მოვალეობების მცოდნე და დამცველი თავისუფალ პიროვნებათა ერთობა, ერთიანი შეკრული მრევლი, რომელიც ძლევს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
ჯანმრთლელობას, გამძლეობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ, თქვენო უწმიდესობავ, რათა კვლავ წაუძღვეთ ერს ღვთის სადიდებლად, სამშობლოს გასაძლიერებლად და ადამიანთა საკეთილდღეოდ!
დიდი პატივისცემიტ და სიყვარულით – მამუკა გიორგაძე, სახალხო პარტია
პატრიარქობის 40 წელი
December 25th, 2017 shalva chkhaidze