დაპყრობილ სახელმწიფოს საფუძვლებდანგრეული ერის თავისუფლებისა და აღდგენა_აღორძინების იდეურ მეთაურ ილიას სისხლი, წიწამურის ველზე დაიღვარა, მტრის მიერ მოსყიდული ხელით. ილიას მიერ მოცემულ დედა იდეებსა და აზრების ირგვლივ, მისსივე და მის თანამგრძნობ მესამოციანელთა წლების ეროვნულ მოღვაწეთა მიერ, შექმნილ ნაციონალ-პოლიტიკურ ასპარეზზედ შემოიკრიბა, დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულება, რომელიც საბოლოოდ 1917 წლის თიბათვეში, ორგანიზაციულად მოწყობილი პოლიტიკური პარტიის სახით, მოევლინა ქართულ საზოგადოებას. იდეური თუ პრაქტიკული პოლიტიკის საკითხებისადმი მეთაურთა სხვა და სხვა შეხედულებანი, მიზეზი გახდა პარტიაში ფრაქციების შექმნისა. 1921 წლის დასაწყისში საქართველოს დედაქალაქ თბილისში ყრილობაზედ შეიკრიბა პარტიის წევრთა 365 წარმომადგენელი, მოსულნი საქართველოს ყოველი კუთხიდან. ამ ისტორიულ ყრილობაზე მოხდა საქ. ერ. დემოკრატიულ პარტიასთან მტკიცე საფუძველზედ, იდეურად მასთან მონათესავე ჯგუფების გაერთიანება. არჩეულ იქნა მთავარი კომიტეტი, დადასტურებული პარტიის პროგრამა და პოლიტიკური მოქმედების გეზი.
თავისუფალი საქართველოს სახელმწიფიებრივ აღმშენებლობის ასპარეზზედ ისახებოდა ამ სახელმწიფოებრივი პარტიისათვის საიმედო პერსპექტივები. მის ფარგლებში მოთავსებულ მეცნიერული, კულტურული, სასოფლო მეურნეობისა თუ ვაჭრობა მრეწველობის, ეკონომიურ ფინანსურმა წრეებმა, მოუმზადეს და შეუქმნეს საქართველოს თავისუფალ სახელმწიფოს აღდგენას, სულიერი და მატერიალური საფუძვლები. ეს ძალები მეთაურობდნენ და განაგებდნენ სინამდვილეში, აღდგენილი საქართველოს სულიერი და მატერიალური ცხოვრების დარგებს. ამ ძალების ერთ სახელმწიფოებრივი პოლიტიკური პარტიის ორგანიზაციაში მოქცევა, ახლო მომავალში უთუიდ მათ სახელმწიფოს მართვა გამგებლობის პოლიტიკურ საჭესაც მიანიჭებდა.
ერთხელ კიდევ შესწყდა ქართველი ერის თავისუფალი სახელმწიფოს არსებობა. ამ მოვლენამ სხვა დანიშნულება და მიმართულება მისცა, საქართველოს თავისუფლების მოპოვებისათვის ეროვნული ბრძოლის ახალ ასპარეზზედ გადასულ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას. ამ მიზნისათვის მოქმედებასა და ბრძოლაში დაჰკარგა პარტიამ, მის წევრთა და თანამგრძნობთა დიდი უმრავლესობა და განსაკუთრებით ხელმძღვანელთა თითქმის მთელი შემადგენლობა: 1924 წლის ეროვნული აჯანყების სამზადისის ხანებში, გმირულის სიკვდილით მოიხადა მამულიშვილური ვალი, პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე აფხაზმა.
25 წლის წინ გარდაიცვალა მესამოციანთა წლების დასიდან, პარტიის ხელმძღვანელთა შორის უხუცესი, ცნობილი ეროვნულ-პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე.
ათიოდე წლის წინ გარდაიცვალა პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი გვაზავა, რომელმაც მთელი სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაცვას შეალია. ხუთიოდე წლის წინ უდროოდ დავკარგეთ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, პარტიის თავმჯდომარე დღიდან მისი დაარსებისა, მისი ბელადი და მეთაური, დიდი ქართული ბუნებისა და ღრმა შეგნების ადამიანი, სპირიდონ კედია. ათი წლის წინად გარდაიცვალა უცხოეთში, 1924 წლის ეროვნული აჯანყების ხანაში მებრძილი, პარტიის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ამირეჯიბი, რომელმაც ღირსეულად შეასრულა მასზედ დაკისრებული ეროვნული მოვალეობა. იმაზე წინ, უცხოეთშივე გარდაიცვალა მეოთხმოციანთა წლების ეროვნულ მოღვაწეთა წრიდან გამოსული, ყოფილი სენატორი, პარიზის პარტიული ბიუროს თავმჯდომარე ივ. ზურაბიშვილი. კიდევ უფრო ადრე დავკარგეთ დიდი მრეწველი და საზოგადო მოღვაწე, ერთხანად პარტიის საზღვარგარეთელი ბიუროს თავმჯდომარე იოსებ დადიანი. უკანასკნელ წლებში გარდაიცვალნენ ილია ჭავჭავაძის ეროვნული დასის წარმომადგენელნი, ერ. დემოკრატიული მიმართულების ფრიად თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწენი ვ. ღამბაშიძე და გ. ჟურული. უკანასკნელი მსოფლიო ომის ხანებში, საომარ ასპარეზზედ დაიღუპა ჩვენი პარტიის უცხოეთის ორგანიზაციის შემადგენლობის ერთი მესამედი; მათ თავი დასდეს სამშობლოს თავისუფლებისათვის.
ბედი, ისევე როგორც საქართველოსა და ქართველი ერის მიმართ, ულმობელი აღმოჩნდა, უკანასკნელთა უბედობისა და ჩაგვრის შავ ეპოქაში ჩასახული, ერ. დემოკრატიული პარტიისადმი: საგანგებოთ შერჩეული, ჯერ კიდევ დაუძლეველი ავადმყოფობით, უეცრად წაიქცა, დღემდე ძლიერი და ჯანსაღი სულისა და სხეულის მქონე, პარტიის უკანასკნელი ბელადი – მეთაური, თავმჯდომარე და ხელმძღვანელი ალექსანდრე ასათიანი, და ამით ძნელად გამოსასწორებელი ზიანი მიაყენა ბრძოლის უკანაასკნელ გადამწყვეტ ხანაში შესულ პარტიასა და ერს.
გაჩერდა გული სამშობლოსათვის, რომ სძგერდა; აღმოხდა სული, სამშობლოს უბედობით რომ იტანჯებოდა; დადუმდა ბაგე, სამშობლოს იდუმალის ხმით, რომ უგალობდა; მოკვდა საღი გონება, ერისთვის, რომ შეუჩერებლად ფიქრობდა და აზროვნებდა; დაიხუჭა სამშობლოსაკენ განუწყვეტელი მზერით დაღლილი თვალები; შეწყდა მაჯისცემა და გაცივებული ხელიდან გავარდა დაუშრობელი ქართული კალამი, მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე, თეთრ პერგამენთზე, შავ ცრემლებს, რომ აფრქვევდა სამშობლოსა და ერისათვის.
ღვთისა და ბუნებისაგან კეთილშობილი. მაღალი სულით და გონებით ნიჭითა და უნარით, საღი ფაქიზი ზნეობითა და გრძნობით, ფიზიკური ჯანსაღობით უხვად დაჯილდოებული, მშობელი მიწისაგან აღზრდილი, შვილი ქართველი ერის ხანგძლივი სულიერი წარსულის. ის იმ იშვიათ ქართველთაგანი იყო, რომელნიც სისრულით ჩასწვდებიან და განიცდიან მშობელი ერის გულთნადებს, მისი ჭირითა და ლხინით სცოცხლობენ მხოლოდ და რომელთაც უფლება აქვთ მშობელი ქვეყნისა და ხალხის სახელით ილაპარაკონ და ერს წარუძღვენ.
ის სულიერი შვილის-შვილი იყო ქართული ცხოვრების, მესამოციანთა დიდ ეროვნულ მოღვაწეთა დასის. ალბათ ამიტომაც იყო, რომ მისი დროის უფროსმა ეროვნულ-პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, თბილისის სამოქმედო ასპარეზზედ გამოჩენილ ჯერ კიდევ ფრიად ახალგაზრდას, ჩააბარეს და მიანდეს ისეთი საპასუხისმგებლო საქმე, როგორიც იყო დიდი ილიას მიერ მოცემული ეროვნული იდეებისათვის ორგანიზებული წყობის შექმნა, ერ. დემოკრატიული პარტიის დაფუძნება-დაარსებით. მისდამი მინდობილ ამ დიდ მისიას ის ჩინებულად ასრულებს სხვებთან ერთად: ძველად ,,ივერიის” წრიდან დარჩენილ ხნოვან მოღვაწეთა, ყოფილი კლდის ჯგუფისა, თბილისის ,,საქართველოსა” და ქუთაისის ,,სამშობლოს” ირგვლივ შემოკრებილი ქართველ ინტელიგენტთა ფენიდან მოწვეულ პირველ კონფერენციაზე თბილისში 1917 წელს თიბათვეში. Gგარკვეულ იდეურ საფუძველზედ ფუძნდება და ორგანიზაციულ ფორმას ღებულობს საქ. ერ. დემოკრატიული პარტია. ალ. ასათიანი თან დაჰყვა, მისი ახლო თანამშრომლობით დაარსებულ პარტიას, როგორც ნიჭიერი და უნარიანი ორფანიზატორი. Aდვილი საქმე არ იყო სხვა და ერთი მეორისადმი უცნობი წრეებისაგან, ისეთი ფართო მაშტაბით დაარსებული პოლიტიკური პარტიისათვის ორგანიზაციული წყობის გამომუშავება და დამყარება. ის ამ დარგში იშვიათ ნიჭსა და უნარს იჩენს. პირველ კონფერენციაზედვე პარტიის თავნჯდომარის ამხანაგად არჩეული. მისი ზრუნვის მთავარ საგნად იხდის ორგანიზაციულ საქმიანობას. მას შეგნებული აქვს, რომ დიდისა და ძლიერი იდეის გამარჯვების მთავარი საწინდარია ძლიერი ორგანიზაცია. Pპარტიის პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებასთან ერთად ის ხელში იღებს პარტიის მთავარი ორგანო ,,საქართველო”-ს ორგანიზაციისა და ფინანსურ მხარესაც. ამ ორგანოს მნიშვნელოვან ფინანსურ წყაროს აღმოუჩენს და უზრუნველყოფს მის ყოველდღიურ რეგულარულ გამოცემას. ამ ხანებში საქართველოში ქაღალდის ნაკლებობის გამო ხიფათში ვარდება არა თუ ,,საქართველო”-ს, არამედ სხვა პოლიტიკური ორგანოების, ისტორიულ და მეცნიერულ დარგების გამომცემლობაც მთლიანად. ის ახერხებს ბანკების საშუალებით, დიდი ფინანსური ოპერაციის გაკეთებით, ფინლანდიიდან, დიდძალი ქაღალდის შემოტანას, რაც საშუალებას აძლევს ქართველ გამომცემლებს, ბეჭვდითი სიტყვის გაგრძელებისას. მის მიერვე ჩატარებული ფინანსური ოპერაციების წყალობით, პარტია იძენს რუსულ ყოველდღიურ გაზეთს ,,გრუზიას”, მთელი მისი ქონებით, ყიდულობს თბილისში არსებულ ყველაზე დიდ ქართულ-რუსულ სტამბას. ამგვარად მატერიალურად მომძლავრებულ პარტიას, ხუთი ბეჭვდითი ორგანო აქვს: ყოველდღიური გაზეთი ,,საქართველო”, ,,გრუზია”, ორკვირეული ,,სასოფლო სამეურნეო ჟურნალი”, ახალგაზრდათა პერიოდული ჟურნალი ,,ახალი ძალა” და ქუთაისში ყოველდღიური გაზეთი ,,სამშობლო” და შემდეგ ,,ჩვენი ქვეყანა”.
ალექსანდრე ასათიანის მოქმედების ასპარეზი არ ისაზღვრება ერ. დემოკრატიული პარტიის ფარგლებით. ის ქართულ საზოგადოებრივ არეში გადადის და აქ მისი პიროვნება და აქ მისი პიროვნება დიდი საზოგადო მოღვაწის სახით გვევლინება. Aახლად განთავისუფლებულ და აღდგენილ სახელმწიფოში, იწყება დიდი მეცნიერული, კულტურული, ეკონომიური, სასოფლო თუ საქალაქო მეურნეობისა და ფინანსური დარგების აღდგენა და აღმშენებლობა. ალ. ასათიანი ახალგაზრდა, საქართველოს ეკონომიური ცხოვრების ღრმა მცოდნე; თეორიულად, ეკონომიურ და უფლებრივ დარგებში ფრიად განსწავლული, მისთვის ჩვეულებრივის თაოსნობითა და ენერგიით ებმება ქართული ცხოვრების ამ დარგებში და მნიშვნელოვან კვალსაც აჩენს. საქართველოს დედაქალაქში არსდებიან: ,,სასოვლო სამეურნეო პალატა”, ,,წვრილ ხელოსანთა კავშირი “ და ,,ვაჭარ-მრეწველთა პალატა”, რომლებშიდაც თავს იყრიან და ერთიანდებიან ამ დარგებში ძველთაგან არსებულნი, თუ ახლად დაარსებულნი საზოგადოებები, ამქრები თუ კავშირები. მათთან ერთად არსდებიან ამ დარგებისათვის ქონებრივად ხელშემწყობი საბანკო დაწესებულებები.
Aალ ასათიანი ყველა ამ საქმეების უშუალო მონაწილეა, ზოგან წამომწყები და თაოსანი, ზოგან უახლოესი თანამშრომელი და დასახული გეგმების პრაქტიკულ – ორგანიზაციულად განმახორციებელი. ამ დარგების მეთაურნი და მათი თანამშრომელნი მისი პოლიტიკური პარტიისა და მიმართულების თვალსაჩინო წევრნი და თანამშრომელნი არიან ალ. ასათიანიც, ბუნებრივად, მის წრესა და საზოგადოებაში გრძნობს თავს და შეუმჩნევლად ერთსა და იმავე ფარგლებში ათავსებს მის პოლიტიკურსა და საზოგადიებრივს მოღვაჭეობას. მისი ეროვნულ სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიხედვით ალექსანდრეს სწამდა, რომ ამ სასოფლო სამეურნეო, საქალაქო, სავაჭრო სამრეწველო და საფინანსო დარგების დაარსება დაწესება, მყარ ფესვებს და საფუძვლებს უქმნიდა ახლად აღდგენილ საქართველოს სახელმწიფოს, მისი მთავარი ზრუნვის საგანსა და მისი სიცოცხლის მიზანს, რომ შეადგენდა.
ალ. ასათიანი თვალსაჩინო წევრია საქართველოს ეროვნული საბჭოსი, პარლამენტის და შემდეგ დამფუძნებელი კრებისა, შესაფერი საჭირო თეორიული და საქართველოს ისტორიული ცხოვრების შესწავლა დაკვირვებიდან შეთვისებული პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, გონიერი, დინჯი და დარბაისელი. ის ამ უკანასკნელი დაწესებულების ფინანსური კომისიის წევრია. ეკონომიური და ფინანსური საკითხების გარჩევის დროს ის არის პარტიის ,,პორტპაროლი”. მისი გამოსვლები და სიტყვები დამუშავებული და დაურღვეველ ფაქტებზედ დამყარებული, დადებითი ხასიათისა და დინჯი ტონით, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ბანაკშიც. ჩვენმა უბედობამ ქართული სახელმწიფოს არსებობას წითელი სისხლის წერტილი დაუსვა. აქვე შესწყდა ამ უთუოდ მომავალი დიდი სახელმწიფო კაცის სახელმწიფოებრივი კარიერაც.
Aალ. ასათიანი იყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის არა მარტო ორგანიზატორი, არამედ მისი ერთ ერთი მთავარი იდეოლოგიც: პარტიის კონცერენციებზე მის მიერ წაკითხული სოციალურ-ეკონომიური ხასიათის მოხსენებები იყო ფრიად მნიშვნელოვანი და ახლად დაარსებული სახელმწიფოებრივი პარტიისათვის მიმართულებისა და გეზის მიმცემი. Mის კალამს ეკუთვნის ჩვენი ერის დამოუკიდებლობის ხანაში გამოცემული ,,თვითმართველობის საკითხი საქართველოში”, ,,მუშათა საკითხი საქართველოში”, და ,,მიწის საკითხი საქართველოში”. უკანასკნელი შრომა დღესაც მიღებულია ქართული უნივერსიტეტის ეკონომიური დარგის სტუდენტთა სახელმძღვანელოდ. მისი მუდმივი შესწავლის მთავარი საკითხი იყო ილია ჭავჭავაძის ,,მესამოციანთა და მეოთხმოციანთა წლების” ნაციონალური იდეოლოგია და მოღვაწეობა. პირველის გაშლა და გავრცელება, მეორის მიუდგომელი დაფასება. ეს იყო მისი აზროვნების თესლი და ძირები: მათი გამოცოცხლება და თანამედროვე ცხოვრებასთან მათი შეთვისება იყო მისი ეროვნული იდეოლოგიის მთავარი ნიშანდობლივი თვისება. ,,მესამოციან – მეოთხმოციანთა” ეროვ-ნულ მოაზროვნეთა და მოღვაწეთა მემკვიდრედ მიაჩნდა მას მისი თავი და ერივნულ დემოკრატიული პარტია. უცხოეთში მის მიერ გამოცემული პირველი სქელტანიანი წიგნი ,,ძველი და ახალი მემკვიდრეომა”Qზემოთ აღნიშნულს მიზანს ემსახურებოდა უმთავრესად. მისსივე კალამს ეკუთვნის უცხოეთშივე გამოცემული ,,ქართული ეროვნუ-ლი პოლიტიკის ძველი და ახალი გზები”, იმავე მიზნითა და გაშუქებით დაწერილი.
ალ. ასათიანი იყო უთუოდ ღრმა, ნაყოფიერი მოაზროვნე და ნიჭიერი მწერალი. ჩვენი ემიგრაციის 33 წლიან ხანაში, არც ერთი მნიშვნელოვანი ეპოქა არ გამოჰპარვია, რომ აქტუალურ ეროვნულ-პოლიტიკურ პრობლემების შესახებ, მისი აზროვნებისა და ფიქრის ნაყოფი მოხსენების სახით ემიგრაციის ფართო წრეების წინაშე არ გამოეტანა და საზოგადოების მსჯელობის საგნად არ გაეხადა; მდიდარი შინაარსითა და სერიოზუ-ლად დამუშავებული, მისი მოხსენებები ეროვნულ დემოკრატიული პარტიის გეზსა და მიმართულებებს ამჟღავნებდა აქტუალური პრობლემებისადმი და ქართული საზოგადოების მიერ შესაფერ დაფასებასაც პოულობდა.
დიდი ომის წინ, თხუთმეტი წლის მანძილზე, ამ სტრიქონების დამწერის უახლოესი თანამშრომლობით, ის სცემდა პარტიის პერიოდულ ორგანო ,,სამშობლოს”, რომელშიდაც შერჩეული თანამშრომლების დახმარებით, დამუშავებული და გამოქვეყნებული იყო, ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის საჭირო და მნიშვნელოვანი პრობლემები და საკითხები. ამ გამოცემის მთავარი სულის ჩამდგმელი და ხერხემალი მხოლოდ ის იყო. ალ. ასათიანი იყო პირველი თანამშრომელი და პოლიტიკური გეზის მიმცემი, დიდი ომის შემდეგ გამოცემული ეროვნულ-პოლიტიკის ორგანო ,,ივერია”-სი, იგივე იყო დიდი ომის წინ არსებული რუსეთის მიერ დაჩაგრულ ერთა ორგანო ,,პრომეთე”-ს ერთ-ერთი მთავარი თანამშრომელი. ყველა ამ გამოცემებში გამოქვეყნებული მისი წერილები უდაოდ ქართული ჟურნალისტური მწერლობის ღირსეულ ნიმუშად დარჩებიან.
რა ადგილი ეჭირა და როლი ჰქონდა ალ. ასათიანს, ქართულ პრაქტიკულ პოლიტიკურსა და ეროვნულ მოძრაობაში: ქართველი ერის დამარცხებისა და საქართველოს ოკუპაციის დღიდგანვე, თანახმად ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის, ბათუმში გამართული სხდომის დადგენილებისა, ის სხვებთან ერთად საქართველოში რჩება და ეროვნული წინააღმდეგობისა და ბრძოლისათვის პოლიტიკური და სამხედრო ძალების დარაზმისათვის მუშაობს. დამოუკიდებლობის ხანაში ოპოზიციური როლის მქონე პარტია, გაბედული ბრძოლის პოზიციას იკავებს გაბატონებული უცხო ძალის მიმართ დაპყრობილ ერს სულის ჩამდგმელად ევლინება და ნაციონალურ განმანთავისუფლებელი ბრძოლის მესვეურად გამოდის. პარტიას ბუნებრივად შეგნებული აქვს, რომ ამ ბრძოლის წარმოებისათვის აუცილებელია ქართულ პოლიტიკურ პარტიათა მტკიცე ერთობა. სპ. კედიას, ალ. ასათიანის და გრ. რცხილაძის თაოსნობით ეწყობა მათი შეთანხმება და ,,დამოუკიდებლობის კომიტეტის” შედგენა – დაფუძნება. ეს კომიტეტი ხელში იღებს ეროვნული ბრძოლის ორგანიზაციასა და ხელმძღვანელობას. ალ. ასათიანი თვალსაჩინო როლს თამაშობს ამ საქმიანობაში: მისი ინიციატივით ეწყობა სამხედრო კომიტეტი და ცენტრსა და პროვინციებში, აჯანყებისათვის საჭირო და შესაფერი, საიდუმლო ორგანიზაციები. გენიუს კონფერენციის წინა ხანებში, ბოლშევიკური მთავრობა აპატიმრებს ქართული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს. ისტორიული მეტეხის კედლებში თავს იყრის ქართული ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში ადგილობრივი ხასიათის აჯანყებები იწყება. გენუის კონფერენციის საყურადღებოდ თბილისსა და პროვინციის ქალაქებში ეროვნული დემონსტრაციები იმართება. Aმას მოჰყვება მასიური დაჭერები. სუსტდება და ინგრევა ახლად შექმნილი ფარული პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაციები. ალ. ასათიანი ციხის საავადმყოფოში ნაოპერაციები, სამი დღის შემდეგ, ახერხებს გაქცევას. ,,საგანგებო კომისიის” მიერ გააფთრებული მისი ძებნის მიუხედავად, ის ახერხებს თბილისში ორიოდე თვით დამალვას, ჩავარდნილი ორგანიზაციების ხელ-ახლად აღდგენას; ჩამოივლის დასავლეთ საქართველოს. იქაც აღადგენს ბრძოლისათვის საჭირო პოლიტიკურსა და სამხედრო ორგანიზაციებს. ამის შემდეგ საზღვარგარეთ გამოდის, ადგილობრივი მდგომარეობის გამოსატანად და საერთაშორისო სიტუაციის გასაცნობად.
1924 წლის აჯანყებამ იფეთქა და ერთ ღენერალთან ერთად ისიც საქართველოსაკენ მოემართება საგანგებო დავალებებით. მოკლე ხანში ჩაქრობილი აჯანყების მეთაურნი და მონაწილენი სტამბოლში ხვდებიან მას. აჯანყების სწრაფად ჩაქრობის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ქართველი ერი მარტო დარჩა დიდი მტრის წინაშე კავკასიის არეში.
ალ. ასათიანი ქართული პოლიტიკის აქტუალურ მიზნად ისახავს, კავკასიის ერებისა და ხალხების ერთობის შექმნას. ამ მიზნით აწარმოებს ის მუშაობას და 1924 წელს სტამბოლში აარსებს პირველ კავკასიის კომიტეტს, რომელშიაც შემდეგ მონაწილეობას იღებენ სხვა ქართული პოლიტიკური წრეებიც. ეს კავკასიური ხაზი იყო მისი პრაქტიკული პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძარღვი და შემთხვევითი არ არის, რომ ის ამ ორი წლის წინ ხელახლად აღდგენილი ,,კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტის” თავმჯდომარის პოსტზედ კვდება. 1926 – 1927 წლებში ქართველთა თაოსნობით სწარმოებდა მუშაობა, რუსეთის მიერ დაბყრობილი ერების საერთო ფრონტის შესაქ-მნელად. განსვენებულ გ. გვაზავასთან ერთად ალ. ასათიანმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ამ მიმართულებით ,,პრომეთეს” საზოგადოების დაარსებისა და საქმიანობაში. ის დიდი ომის წინ იყო ,,პრომეთეს” პარიზის კლუბის თავმჯდომარე და ერთ-ერთი მისი სულისჩამდგმელი.
მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. გერმანიამ საბჭოთა რუსეთს ომი გამოუცხადა. დადგა დრო ეროვნული ემიგრაციის აქტიური პოლიტიკური მოქმედებისა. ალ. ასათიანი მისი მოქმედი ბუნების თანახმად ამ მოძრაობაში ებმება. ქართულ ლეგიონებში ტრიალებს. მათში ეროვნული შეგნებისა და მათი პოლიტიკურად მომზადებისათვის დაუღალავად მუშაობს, როგორც უბრალო პროპაგანდისტი. ბრძოლის ასპარეზზედ მოქმედ ლეგიონებს ფეხ და ფეხ მიჰყვება კავკასიის საზღვრებამდე. განსაზღვრული ჰქონდა თან შეჰყოლოდა მათ კავკასიასა და საქართველოში, იმ მიზნით, რომ ახალი ოკუპაციის დროს მოსალოდნელი გაუგებრობანი აეცილებინა მისი ხალხისათვის. გერმანიის დამარცხება საზღვარს უდებს მის განზრახვებსა და ოცნებას, რის შემდეგაც ქართველი ოფიცრების თანხლებით საფრანგეთისაკენ მოეშურება, რათა მოახერხოს, აქ მდგარი ქართული ნაწილების ესპანეთში გადაყვანა და იხსნას ისინი რუსეთისათვის მოსალოდნელი ჩაბარებისაგან. მოვლენათა სწრაფი განვითარება მას საშუალებას არ აძლევს ამ მიზნის განხორციელებისას.
Dდამარცხების შენდეგ საფრანგეთის ხელისუფლება გაუგებრობის გამო აპატიმრებს მას როგორც გერმანელებთან თანამშრომელს. აქ ის გვევლინენა როგორც გაბედული და პასუხისმგებელი პოლიტიკური პიროვნება; არავის ზურგის უკამ არ იმალება: თვით გამოდის პირადათ, როგორც პასუხისმგებელი პოლიტიკური მეთაური. ამართლებს მისი და საერთოდ ქართველების გერმანელებთან თანამშრომლობას, რომლის მიზანი იყო მხოლოდ საქართველოს განთავისუფლება.
როგორი იყო ალ. ასათიანის პოლიტიკური ტაქტი, ქართულ პოლიტიკურ წრეებისადმი დამოკიდებულების სფეროში? ქართულ პოლიტიკურ ძალთა ერთობის აუცილებლობა, ძირი და საფუძველი იყო მისი ნაციონალურ პოლიტიკური აზროვნებისა და მოქმედებისა. ჩვენი ემიგრაციის ხანგძლივი ეპოქის მანძილზე, ქართული პოლიტიკის შინაური თუ საგარეო საკითხების გამო, ხშირად დარღვეულა ეროვნულ პოლიტიკურ ძალთა ერთობა, რასაც ადგილი ჰქონდა, როგორც წარსულში ისე ამ უკანასკნელი წლების განმავლობაშიც, მისი ზრუნვის საგანი იყო დარღვეული ერთობის კვლავ აღდგენა, მისი და მისი პარტიის მიერ საღად და სწორად მიჩნეული ეროვნული პრინციპებისა და პოზიციის ირგვლივ. უმნიშვნელო ხასიათის პატარა საკითხებში დათმობა მას ეხერხებოდა, და ხშირად საჭიროდაც მიაჩნდა, მაგრამ მოჩვენებითი ერთობის აღდგენისათვის, მას არასოდეს შეუწირავს მისი უმთავრესი იდეებისა და მიზნისადმი განუყრელად დაქვენდებარებული და დაკავშირებული ძირითადი პრინციპები. წამოჭრილ პრობლემებსა და საკითხებს, დიდი და სპეტაკი მიზნისაკენ მიმავალ გზებსა და საშუალებებს ის ზნეობისა მორალის საზომით არჩევდა და აფასებდა. სულიერი ,,პრიმატი” იყო მისი პოლიტიკური მოქმედებისათვის მიმართულების მიმცემი. ეს იყო მისი მთავარი ძალა. მისი პირადი და საზოგადოებრივი სიცოცხლე და ცხოვრება ამას ადასტურებს. ქონებრივად ღარიბი, სულიერად მდიდარი, მივიდა ის უცხოეთში გათხრილი საფლავის წინ. მის მიერ, დასუსტებული, დატანჯული და ძალით მოკლული სხეული შიდ ჩაასვენა. სიმძიმისაგან განტვირთული და მიზნის მიღწევის ლოდინში განთავისუფლებული დაუღალავი სული შეუერთა იმ ქართველთა დიდსა და უკვდავ სულიერ ოჯახს, რომლებმაც უკვდავ ჰყვეს მათი მშობელი ქვეყანა და ერი და მათი სახელიც.
მისი სახით ქართველმა ერმა, კავკასიელმა და მათ ბედში მყოფმა ერებმა დაჰკარგეს ეროვნული თავისუფლებისათვის დაუღალავი და შეუდრეკელი იშვიათი მებრძოლი.
როგორი იყო ალექსანდრე როგორც ადამიანი მის კერძო ცხოვრებაში. ქართული ბუნებით უკლებლივ აღჭურვილი, იყო რაინდი, გონიერებასთან ერთად მეტად მგრძნობიარე, კეთილი და მარტივი; დიდთან დიდი, პატარასთან პატარა. ყველასთან შემთვისებელი, კარგი მეგობარი, გაჭირვებულთა და დავრდომილთა გვერდით მყოფი, მათი ჭირ-ვარამის შემსუბუქებელი და უაღრესად ,,პურ- ღვინიანი”. მისთვის ქართველთა ყოველი წრის ოჯახის კარი ღია იყო. ასევე ღია იყო ყველასათვის მისი ღარიბი ბინისა და მდიდარი გულის კარიც. მას ყოველ წრეში ყავდა მეგობრები და მოყვარენი. ამიტომაც იყო, რომ ქართულ დროშაში შეხვეულსა და ყველა წრეებისაგან მოძღვნილი ვარდ ყვავილებით შემოსილს მის კუბოს, ქართველთა საერთო ცრემლები დაეფრქვა და უცხო მიწაში გათხრილ საფლავში, ქართველთა თბილი სიყვარულის გრძნობები ჩაჰყვა.
ეროვნულ დემოკრატიული პარტიისა და მიმართულების იდეური ფესვები ,,ქართლის ცხოვრების” შორეული ღრმა წარსულიდან მოდიან. წინა საუკუნეში მათი ამაცოცხლე-ბელი დაერის სულიერ საფუძველზედ დამდები იყო დიდი ილია და მისი სახელოვანი დასი. მათ მიერ გადამუშავებული ნაციონალური თავისუფლების, სახელმწიფოებრივი, სულიერი და ქონებრივი აღორძინების საპროგრამო იდეები, რომელიც საფუძვლად გაიხადა შემდეგ დაარსებულმა ერ. დემოკრატიულმა პარტიამ, იმდენადვე მარადიულია, რამდენადაც თვით ქართველი ერი. თუ კი ისინი არ ჩამორჩებიან და ფეხდაფეხ მიჰყვებიან უკანასკნელსა და საერთოდ ქვეყნიერების წინსვლასა და პროგრესს; ამ მიმართულების მატარებელ და მეთაურ ადამიანთა სიცოცხლე კი ხანდაზმულია და ბუნების კანონით განსაზღვრული. ამ იდეებისათვის მომუშავე და მებრძოლთა რამოდენიმე თაობამ გაიაზრა უკვე ბუნების მიერ მათდამი მისჯილი ხვედრი. ამით კიდევ უფრო გაიზარდა, გაძლიერდა და ამაღლდა ჩვენი მაცოცხლებელი უკვდავი იდეია. დიდ წარსულზე და სულიერ მემკვიდრეობაზედ დაყრდნობილი, ეს მარადიული იდეები, ბუნებრივად ახალ და მომავალ თაობას მიიზიდავენ და ღვთით ახალ მესვეურთა და მებრძოლთა დასი გაუჩნდება ამ მიმართულებას. ამის უდაო საწინდარია მათი ცხოველმყოფელობა.
ელ. პატარიძე.
სამშობლოს სამსხვერპლოზე – ალ. ასათიანი
February 8th, 2018 shalva chkhaidze