გურია და სოციალიზმი – გრიგოლ რობაქიძე

რობაქიძე

„საქართველო“, 1917, №269
ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე-გაშლილი სინთეზია, მოქნილი მთები, ბახმაროსკენ თანდათან ზვიადობით ამართული, თვალუწვდენელი ჭალადი, სამეგრელოსკენ ძლევამოსილებით გაფენილი, მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდნარი მუქი ზურმუხტი. გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი სამმუხოვან ლანდშაფტს ერთს ესთეტიკურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით. განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: იქ ვერ მონახავთ ვერცერთს „მყვირალა” ფერს, იქ ვერ იხილავთ ვერც ერთ უხეშ ხაზს: იქ ყოველი ნაკვთი რბილია, ნაზი, მჩატე, ნარნარი: თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრი ნატეხობით კი არ არის ამართული, არამედ ხავერდოვანი სირბილით. განსაკუთრებით კეკლუცია ჩაქვისაკენ მახლობელი მიდამო, ხოლო ეს სიკეკლუცე უფრო მიმზიდველია, ვიდრე იმერული ხტომით ნაყარი.
ძველი მესხეთის ნატეხია გურია. ამის ნიშანი ბევრი არის. თავდაპირველად „ქართული”. გურული ქართველი ლაკონიურია რუსთაველის სამშობლოს სიტყვასავით. საქართველოს არცერთ კუთხეში ისე სხატულად არ ლაპარაკობენ, როგორც გურიაში. გურული სინტაქსი უაღრესად ეპიგრამმატულია: მოკლე, მკაფიო, კეთილი, ჭდეული. თვითონ რუსთაველიც გურულებმა სხვადასხვა ქართველებზე უფრო იციან: გურიაში არის ოჯახები, სადაც „ვეფხისტყაოსნის” ზეპირი ცოდნა უბრალო ჩვეულებაა. გარდა ამისა, „ვეფხისტყაოსნის” ზოგიერთი სიტყვები, რაიც საქართველოს სხვა კუთხეებისათვის გაუგებარია, გურიაში უბრალოდ მუსაიფის ჟამს გვხდებოდა კიდევ: ძველ მესხთა შაირობა გურულებისთვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საამო გასეირნება.
ამაყია გურული: გურიაში ძალზედ არის განვითარებული გრძნობა თავის თავის ღირსების. არისტოკრატობა — „რჩეულობა” — გურულთა „რასის” მთავარი ნაკადია. ამ მხრივ თავადაზნაურობასა და გლეხობას შორის თითქმის არ არის განსხვავება „ყოველს გურულს უყვარს თავის გამოჩენა”. გურულებში ძალზე არის ნაგრძნობი „მანძილის პათოსი” (ნიცშესი). ამაყობა და გამორჩეულობა „რბილ” გურულს სასტიკად ხდის: ფირალად გავარდნა გურიაში ჩვეულებრივი მოვლენაა, — ფირალობას კი უმთავრესად ხასიათი უდევს საფუძვლად. გურულს გარეგნობაც რჩეული უყვარს: ძვირად თუ ვინმე ქართველი ისე ლამაზად ჩაცმული გამოვა, როგორც გურული. ცნობილია გურიის სიღარიბე, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ვერცერთს ხვა კუთხეში ვერ მონახავთ გურული „ოდის”-თანა კოხტაობას კეკლუცად მორთული ეზოთი.
მჩატე და ფიცხია გურული. ბევრს ეს თვისება სიღრმის უქონლობად მიაჩნია. არ არის მართალი. გურულის სიმჩატე და სიფიცხე სხვა გვარია, ვიდრე სიმჩატე და სიფიცხე „პირვანდელი” (კულტურა გაუვლელი) სამხრეთელისა. პირიქით: გურია მემკვიდრეა ნელი და მაგარი წინაპრის: მას მხოლოდ „ემჩატება” კულტურული სვლა, მისი სიფიცხე მხოლოდ ჟესტია არისტოკრატიული ზვიადობის. მართალია, გურული ვერ შექმნის გერმანელის სიღრმეს, რომლის სიძლიერე შეიძლება მხოლოდ უზარმაზარმა, დაკორძილმა და დაგრაგნილმა ხემ გადმოგვცეს, მაგრამ გურულს არც უყვარს „გრაგნილი საკორძე”… მისი გენია უფრო პლასტიური ზოლებით იკვეთება, — და ხალხთა შორის გურული უფრო რომაულ რასას ენათესავება, კერძოდ ესპანელებს, თავის ქედმაღალი ტემპერამენტით. ერთადერთი დამაფიქრებელი გურულის ნიჭში შემდეგია: გურიაში თითქმის ყველა ნიჭიერია, აქ არ არის „უფრსკრული გათხრილი პიროვნებასა და მასსას” შორის.თუ მივიღებთ როგორც ბევრს ჰგონია, ვითომ კულტურის ზრდაში არის საჭირო ერთგვარი მანძილი „პიროვნებასა” და „მასსას” შორის, მაშინ გურულის შემოქმედება, რასაკვირველია, საეჭვო გახდება სიძლიერეში. ყოველ შემთხვევაში ეს პრობლემაა და არა დადგენლი ფაქტი. ჩემი პირდი მოსაზრება ამგვარია: გურულის ნიჭი ჯერ კიდევ მემკვიდრეობის პოტენციით იშლება და მისთვის გურიაში თითქმის ერთნაირად ნიჭიერნი არიან ყველანი. მაგრამ, როცა გურული მემკვიდრეობას მხოლოდ „გამოიყენებს” ახალი ძალების ამოძრავებით, მაშინ გურულთა შორის აუცილებლად აისახება ის მანძილი, რომელიც კულტურის ვითარებით თავსა ჰყოფს „შემოქმედ პიროვნებასა” და „ფართო მასას” შორის. აღნიშნულ დახასიათებას თითქოს ერთი ფაქტი ეწინააღმდეგება: როგორ? გურია და არისტოკრატია?! განა გურიამ არ განამტკიცა საქართველოში სოციალისტური სწავლა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება არისტოკრატიული წარჩინების მიდრეკილებას?! და მართლაც, სოციალ-დემოკრატია საქართველოში გურულებმა შექმნეს. ჯერ მარტო თაოსანთა გვარები: ინგოროყვა-ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, მახარაძეები, ოთხი რამიშვილი, ცინცაძეები, სილიბისტრო ჯიბლაძე, ბენია ჩხიკვიშვილი, შარაშიძეები, ხომერიკი, ნინიძე, ჟორჟოლიანი, დოლიძეები, კილაძეები, ლალიონი-მამულაშვილი…
ასეთია ფაქტი, მაგრამ მე მგონია, ეს ფაქტი ოდნავაც არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ დახასიათებას: პირიქით, იგი სავსებით გამოდის უკანასკნელისაგან. წარმოიდგინეთ მემკვიდრენი ძლევამოსილი წინაპრის, რომელნიც ნივთიერი ყოფის უმწეობას განიცდიან სწორედ ისინი არიან გამზადილნი სოციალიზმის მისაღებად: მათ სხვაზე უფრო ესაჭიროებათ მდიდარი მატერიალური ყოფა, ისტორიულ თანდათანობას ისინი ვერ შეურიგდებიან. ამისათვის მათ აკლიათ უკულტუროს თმენა და გემოს არ ცოდნა, — „როდემდის ვიცადოთ?” აი მათი დამახასიათებელი საკითხი. სწორედ ასეთ მემკვიდრეებს წარმოადგენენ გურულები: ისინი გამოვიდნენ სოციალისტებად, რადგან სულით უაღრესად აზნაურნი არიან და ყოფით ღარიბნი. თანვე ისიც უნდა დავუმატოთ, რომ მათ მიერ სოცილიზმის მიღებას ხელს უწყობდა უთუოდ ზემოაღნიშნული თვისება: ერთნაირად დაჯილდოება ნიჭით. ეს „ერთნაირობა” ფსიქოლოგიური პირობაა სოციალიზმის მიღებისათვის და მიუხედავად იმისა, რომ გურულები სოციალისტური სამოსელით გვეჩვენებიან, მათი ფსიქიკა მაინც აზნაურულია: ყველაფერი შეიძლება ამოშალოთ გურულში, მაგრამ „წარჩინებულობის”, „რჩეულობის” გრძნობას მათში ვერავინ ამოშლის: გურულის სიამაყე „პათოსია მანძილის”

(იგულისხმება „ჩემსა” და „სხვებს” შორის).
1917 წელი.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress