მიხეილ ქავთარაძე – სპირიდონ კედია ივერია #22 11 1979 პარიზი

kedia

ბიოგრაფიული ცნობები და ნაკვეთები მოღვაწისა და კაცის პორტრეტისათვის.
ამ წერილიში მოტანილი ცნობები საგრძნობ ნაწილად ემყარება ქალბატონ სოფიო კედია ჩიჯავაძის ასულის გამოუქვეყნებელ მემუარებს, რომელთა სარგებლობის უფლების დართვისათვის , რედაქცია უღრმეს მადლობას გამოთქვამს.
სპირიდონ კედია დაიბადა ქალაქ ზუგდიდში, 1884 წელს ოც სექტემბერს. მისი მშობლები იყვნენ: მალხაზ კედია თეო ქუთათელაძის ასული დედით დგებუაძე. ოჯახი მდიდარი არ იყო, მაგრამ ჰქონდათ კარგად მოზრდილი საკარმიდამო. იქვე წისქვილით და ეზოს გარეთ სახნავ- სათესი მიწები. ყოველივე ეს სრულიად საკმარისი იყო, რომ გაუჭირვებლად ეცხოვრათ. ადგილობრივ ეს ოჯახი პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობდა.
მალხაზი მალე გარდაიცვალა, დარჩა მისი მეუღლე ორი მცირეწლოვანი ბავშვით, სპირიდონით და მისი დით. ახლად დაქვრივებულ ქალს ბევრი საზრუნავი გაუჩნდა. მიწების გამო დავა საჩივრები არ დაჰკლებია. მაგრამ ჭკვიანმა, ენერგიულმა და გამჭრიახმა ქალმა ყველაფერი ვაჟკაცურად გადაიტანა. თეოს, როგორც გარეგნობით, ასევე ხასიათით მოსაწონ ქალს, ბევრი მთხოვნელი აღმოუჩნდა, მაგრამ მან მეორედ გათხოვება არ ინდომა და ყველა მსურველს უარით ისტუმრებდა, რადგან თავისი სიცოცხლის მიზნად შვილების აღზრდაზე ზრუნვა გაიჩინა.
სამეგრელოში მთავრის ხელისუფლება, მაშინ სულ ახალი გაუქმებული იყო. ს. კედიას მშობლების თაობა დადიანის ქვეშევრდომებად იყო დაბადებული. რუსეთის ხელისუფლებას ფეხი ჯერ კიდევ მაგრად არ ჰქონდა მოკიდებული. ასე, რომ მეგრული სამთავროს ტრადიცია მაშინდელ მეგრელებში, კიდევ ძლიერი და ცოცხალი იყო, ასევე ტრადიციით ერთგულნი იყვნენ ისტორიული საქართველოსი. ერთგულება ისტორიული საქართველოსადმი იმანაც განაპირობა, რომ დადიანები შევიწროებულად გრძნობდნენ თავს, საქართველოს დაშლის შედეგად წარმოშობილი იმერეთის სამეფოს მიერ, რომელიც სამეგრელოს უშუალო მეზობელი იყო, ამის გამო მეგრელთა ორიენტაცია ქართლში მჯდომ მთლიან საქართველოს მეფისაკენ იყო გადახრილი, რადგან ისინი არც თუ უსაფუძლოდ ფიქრობდნენ, რომ მთლიანი საქართველოს მეფის ხელქვეით მყოფ სამთავროს უფრო ნაკლებად ექნებოდა ხელები შებოჭილი.
ამ ატმოსფეროში, შეგნებული და თავისი ქვეყნის მოყვარული ქალი, თავის შვილებს ღმერთის მორწმუნეობასა და მაღალ მორალთან ერთად, სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა. ეს ქართველი დედა რუსთ ბატონობას ვერ ეგუებოდა და ამ საკითხზე ხშირად საუბრობდა ხოლმე თავის შვილებთან.
სამეგრელოში იმ ხანებში რუსის ჯარი იყო ყველგან ჩაყენებული. პატარა სპირიდონს, მის ოჯახში გამეფებული განწყობილების გავლენით, თავში ჩადებული ჰქონდა ამ ჯარების მიმართ სიძულვილის გამოხატვის სურვილი. მას მოუნდომებია რაიმე ისეთი მოემოქმედა, რაც გაახარებდა მის საყვარელ დედას. ერთ მშვენიერ დღეს, ხეზე ამძვრალა და როდესაც რუსმა ცხენოსნებმა მის ახლოს გაიარეს მაღლიდან გადმოუძახია; ,,პაშოლ ვონ” (გაეთრიე). რუსები შეჩერებულან. ერთი მათგანი ჩამოქვეითებულა და იმ ხისაკენ წამოსულა, რომელზედაც სპირიდონი იყო ამძვრალი. გულგახეთქილი ბავშვი ხიდან ჩამომხტარა და სახლისაკენ გაქცეულა, რუსი მას მიჰყოლია და სადაც სპირიდონი შევიდა თან შეჰყვა, დაუნახავს, რომ შეშინებული ბავშვი დედის კალთაში იყო შეფარებული. რუსს სპირიდონის დედისათვის უთქვამს: ამგვარი რამ არ განმეორდეს თორემ პასუხს თქვენ გაგებინებთ და ცუდი დღე დაგადგებათო.
რვა წლის სპირიდონი დედამ ზუგდიდის რუსულ სკოლაში შეიყვანა, რადგან მაშინ ზუგდიდში არ არსებობდა ქართული სკოლა. ეს სკოლა ხუთწლიანი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მზრუნველმა დედამ თავისი ვაჟი ცნობილი პატრიოტის იოსებ ოცხელის ოჯახში დააბინავა. აქ ოცხელის ოჯახში ცხოვრება, შემდეგი საფეხურის პატრიოტული სკოლა იყო გულისყურის მქონე ბავშვისათვის და მის გულში უკვე დანერგილ სამშობლოს სიყვარულს კიდევ ახალი უფრო ძლიერი ყლორტები დაემყნა. გიმნაზიაში სპირიდონმა ყურადღება განსაკუთრებულად მიიქცია ლიტერატურული თემების დამუშავებისას და მასწავლებელთა ქებაც დაიმსახურა.
იმდროინდელი მოწაფეობა გიმნაზიის გარეთაც მუშაობდა სხვადასხვა წრეებში. ეს წრეები იყო ხშირად პოლიტიკური და არალეგალურიც. ამგვარი მუშაობა, რომელიც განსაკუთრებით ცხრაას წლებიდან განვითარდა, დიდი მოდა იყო. ეს მუშაობა უმთავრესად იმაში გამოიხატებოდა, რომ შემთხვევითი ლექტორები მსმენელთა გათვითცნობიერების მიზნით, ყოველ წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ თემაზე კითხულობდნენ პატარა მოთხრობებს. აქ შეიძლებოდა მოგესმინათ საუბარი, ღმერთის არსებობა არარსებობაზე, ქალთა ემანსიპაციაზე, ევროპის სინდიკალიზმზე, სულზე და მატერიაზე, მარქსის თეორიაზე, ქორწინების პრობლემებზე, ნაროდნიკების მოღვაწეობაზე და სხვა. მოკლედ ყველაფერი, გარდა საქართველოს შესახები საკითხებისა. არავინ იყო ლექტორთა ცოდნის კონტროლის გამწევი. ხშირად, ამ საკითხებისა თვით ლექტორებმაც არა იცოდნენ რა. მოდაში იყო ციტატების მოყვანა და ისმოდა სახელები: კანტი, ნიცშე, მარქსი, ჰეგელი. ამგვარ ვარჯიშობას მსმენელისათვის სარგებლობის ნაცვლად ვნება მოჰქონდა, რადგან არაფერი ისე მავნე არ არის, როგორც, როცა ვინმეს ჰგონია, რომ ცოდნა შეიძინა და სინამდვილეში არაფერი შეუძენია. მაგრამ ყველასათვის როდი იყო უსარგებლო ამგვარი დროსკარგვა. ეს კრებები დამსწრეთ ერთმანეთთან აახლოებდა, იქმნებოდა ერთსა და იმავე საქმეში ჩაბმული პირების ერთგვარი ასოციაცია, ილუზია ასაზრდოებდა მათ, რომ კაცობრიობის საქმეში მუშაობდნენ ,,ცხოვრების გარდასაქმნელად” და იმ წრისა და მეთაურებისათვის, ვინც ამ ხალხს თავში ჩაუდგებოდა, ეს ცრუ გათვითცნობიერებულები, საზოგადოების განუვითარებელ ფართო წრეების ორგანიზებისათვის, ფასდაუდებელ იარაღს წარმოადგენდნენ. ისიც ცნობილია თუ რომელი ხალხი ჩაუდგა მათ სათავეში და ისიც, ამან რა შედეგი მოიტანა.
ერთ-ერთ ასეთი წრის კრებაზე ს. კედიას განუცხადებია: ქართველი ახალგაზრდები მხოლოდ იმდენად უნდა ჩაებნენ ასეთ მუშაობაში, რამდენადაც ასეთი მუშაობა ქართველი ხალხისათვის იქნება სასარგებლოო. ამ განცხადების შედეგად კრებაძე ისეთი ყვირილი და აურზაური ატეხილა, რომ სპირიდონი იძულებული გამხდარა კრება მიეტოვებინა. მივდიოდი თავჩაღუნულიD მოგვითხრობს ქ-ნი სოფიო კედია მეუღლის ნაამბობს, რომ უკნიდან მომესმა ,,სპირიდონ მეც შენთანა ვარო”. ეს იყო კოლია მიქელაძე. სპირიდონ კედიას პირველი მიმდევარი, რომელიც ბოლომდე მის მიმდევრად დარჩა და ემსხვერპლა კიდევაც ქვეყნისათვის სამსახურს ოცდაოთხ წელს, როგორც ეროვნულ დემოკრატი.
ს. კედია ისე როგორც მაშინდელი ყველა ახალგაზრდა პატრიოტი, ფედერალისტებთან იყო დაკავშირებული. ეს იყო ერთადერთი მიმართულება, რომელიც მაშინ საქართველოს ავტონომიას მოითხოვდა. ამ პარტიის საიდუმლო მოქმედების მონაწილე იყო ს. კედიაც. ამგვარად ს. კედია იყო რუსეთ იაპონიის ომის დროს დეკანოზიშვილის მიერ გამოგზავნილი იარაღის მიღების უშუალო ორგანიზატორი. მან რამოდენიმე ღამე გაათია ზღვის ნაპირას შეთქმულ ადგილზე, იარაღი მიიღო და საიმედო ადგილამდი მიიტანა.
ცხრაასხუთი წლის რევოლუციის წინამორბედი მოძრაობა ნელნელა სკოლის კედლებსაც არღვევდა და შიგ იჭრებოდა. ხელისუფლება საეჭვო ელემენტების წინააღმდეგ ზომებს იღებდა.
იმ ხანებში, ერთ დღეს, კლასში მოცემული იყო თემა; ,,რუსეთის მოხელეების დახასიათება”. ალბათ გრიბოედოვისა და გოგოლის მიხედვით. ს. კედიას ეს თემა დიდი გულმოდგინებით დაუმუშავებია და გადაუჭარბებია კიდეც, რადგან მიწასთან გაუსწორებია თვით რუსული რეჟიმი. მასწავლებელი ამ თემის კლასში გარჩევას მორიდებია და საეჭვო ღიმილით უთქვამს მოწაფე კედიასათვის: შენ დირექტორი გიბარებს და ნიშანსაც ის დაგიწერსო. დირექტორი თურმე ძლიერ გაჯავრებული დახვედრია, სულ ფეხებს უბრახუნებდა იატაკზე. როგორ გაჰბედე შენ ასეთი რამის დაწერა, იცოდე დღეიდან რუსეთის უნივერსიტეტის კარები შენთვის დახშული იქნებაო. არც ვაპირებ რუსულ უნივერსიტეტში შესვლასო, უპასუხია მოწაფეს სრულიად მშვიდად.
საგანგებოდ შემდგარ პედაგოგიურ საბჭოს ამ მოწაფის თავიდან მოშორება გადაუწყვეტია, მაგრამ იმჟამად მაინც ერიდებოდნენ ასეთი უკიდურესი ზომების მიღებას. განაჩენს ელოდებოდნენ ოლქის მზრუნველისაგან, რომელიც ამ დროს იყო ზავარსკი და ამის მოლოდინში სპირიდონი დაატუსაღეს. იქვე სკოლაში ჩაუკეტიათ ერთ ოთახში. მოწაფეთა მღელვარება უკვე დაწყებული იყო, როდესაც ზავადსკი ქუთაისს ეწვია. იგი კლასიკურ გიმნაზიაში მივიდა და მოწაფე კედიას ნახვა მოისურვა. ზავადსკის სპირიდონთან ძალიან ტკბილად დაუწყია ლაპარაკი. მკლავი მკლავში გაუყრია და ასე მოსაუბრენი დასეირნობდნენ ტალანში. ზავადსკი სპირიდონს დაჰპირებია სტიპენტიას დაგინიშნავთო და თან მოუთხოვია, რომ მოწაფეებზე გავლენა მოეხდინა და დაეწყნარებია. სპირიდონის პასუხი ყოფილა: მღელვარება ქუჩაშია გამოსული და სკოლაშიც იქიდან შემოდის, დააკმაყოფილეთ ხალხის მოთხოვნა და სკოლაც დაწყნარდებაო.
იმ ხანებში ტფილისელი ახალგაზრდობა მიტინგის მოწყობას აპირებდა. ამასთან დაკავშირებით გვაცნობესო მოგვითხრობს ქალბატონი კედია, რომ ქუთათური მოწაფეობაც ჩვენთან კავშირის გასაბმელად თავის დელეგატს გამოგზავნისო. ეს დელეგატი სპირიდონ კედია იყო. შეკრება ვერაზე იყო დანიშნული. სწორედ იქ სადაც ახლა ქართული უნივერსიტეტის შენობა დგას. ამ შენობაში რომელსაც მაშინ, ჯერ კიდევ სახურავი არ ჰქონდა. მრავალრიცხოვანი ახალგაზრდობა შეიყარა. რუსებიც იყვნენ. ქალებიც მოსულან მაგრამ შეშინებულები უკან გაბრუნებულან. ამის შემდეგ ჩვენმა მოსვლამ დიდი აღტაცება გამოიწვია. ჩვენ სამნი ვიყავით მე, მეორე მგონი შატბერაშვილი და ტასო როსტომაშვილი (შემდგომში ახმეტელის მეუღლე). სპირიდონმა ლაპარაკი დაიწყო და ამ დროს დაიძახეს ყაზახები მოდიანო. მართლაც რაზმი თავს წამოგვადგა. ყველანი გავიფანტეთ და თავი შევაფარეთ შენობის კედლებს. სპირიდონი არ განძრეულა და დამშვიდებული კილოთი არწმუნებდა რაზმის უფროსს, ჩვენ აკადემიური კრება გვაქვს და გთხოვთ ხელს ნუ გვიშლიო. მაგრამ რუსებმა არ დაუჯერეს, ყველას თავი მოგვიყარეს და წყნეთის ქუჩით ქალაქისაკენ გაგვრეკეს. გზაში შემოგვიერთდა მოწიფულ უფროსთა დემონსტრაცია და ქაშვეთს, რომ მივაღწიეთ გაიმართა მიტინგი. მაგრამ კაზაკების მათრახების ტრიალმა გვაიძულა მალე დავშლილიყავით.
სპირიდონის ბავშვობის ხანიდან აღდგენილი ეს რამოდენიმე სურათი, გვიჩვენებს, რომ სპირიდონი ბავშვობიდანვე ეროვნული იდეის მატარებელი იყო და მთელი მისი მომავალი შემოქმედება, მის მიერ ბავშვობაში აღებული გეზით მიმდინარეობდაო. წერს ქალბატონი კედია.
ცხრაას ხუთი წლის რევოლუცია, მთელ საქართველოს მოედო. განსაკუთრებით გურიასა და სამეგრელოს. დამსჯელი რაზმები სასტიკად მოქმედებდნენ. ს. კედიას ძებნაში მის სახლ-კარს კინაღამ ცეცხლი წაუკიდეს. საწყალი მისი დედა ამ დროს სხვისას იყო შეხიზნული. ს. კედიას აღარსად ედგომებოდა და გადაწყვიტა სვანეთში გადასულიყო. ის და რამოდენიმე მისი მეგობარი სვანეთში გადავიდნენ და გელოვანის ოჯახში იპოვეს თავშესაფარი. მაგრამ დიდხანს იქ ვერ გაჩერდნენ, რადგან მასპინძლისათვის საშიში და შეუძლებელი იყო მათი დიდი ხნით შენახვა, ამიტომ ეს ახალგაზრდა რევოლუციონერები სვანეთის თოვლიანი ხეობით, გაყინული ბილიკებით, ქვემოთკენ წამოვიდნენ. გზაში სპირიდონი კინაღამ დაიღუპა. მას ფეხები დამძრალი ჰქონდა, ვერ დადიოდა კარგად, ერთ ადგილას ფეხი დაუსხლტა და ნაპრალში ჩავარდა, საიდანაც გულწასული ამოიყვანეს მისმა თანამგზავრებმა. ბოლოს, როგორც იქნა მიაღწიეს ქუთაისს. ს. კედია კარგა ხანს სიარულის დროს ჯოხსა ხმარობდა. მას ქუთაისშიც დიდხანს არ დაედგომებოდა და გადაწყვიტა უცხოეთს გახიზნულიყო. ამგვარად ერთ დღეს ის თავის დედას ცხენიდან ჩამოურვლელად მხოლოდ ხელის ნიშნებით გამოეთხოვა. ზღვაზე მას პატარა იალქნიანი ნავი ელოდებოდა. ასეთ სახიფათო მოგზაურობაში მას მრავალი დაბრკოლება შეხვდა, მაგრამ პარიზამდე მაინც მიაღწია. ეს იყო 1906 წელს.
საფრანგეთში ყოფნის პირველ წელიწადს ს. კედიამ ენის შესწავლას მოანდომა ამავე დროს კოლეჯ დე ფრანსის ლექციებს ისმენდა. ბოლოს სორბონში ჩაირიცხა ბუნებისმეტყველების დარგზე. უკანასკნელ წლებში კი სამხრეთ საფრანგეთში განაგრძო სწავლა, რადგან მას მტკივნეულად აკლდა, მისი ქვეყნის მზე და ჰავა. სამხრეთის ჰავა მისთვის მკურნალის როლს ასრულებდა. სამი სერთიფიკატის მიღების შემდეგ მან მიიღო დიპლომა: ,,ლისანს ეს სიანს”. ამის შემდეგ მან დაიწყო დოქტორანტისათვის მუშაობა, მაგრამ მსოფლიო ომიც ატყდა, რაც საქართველოს უქადდა დიდ ცვლილებებს და მან საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. იგი საფრანგეთიდან გაემგზავრა სხვისი პასპორტით, გვარად დემეტრაშვილი იყო. ჯიბეში ედო საფრანგეთის ელჩისადმი, თავისი პროფესორის სარეკომენდაციო წერილი. პეტერბურგში ჩასვლის მეორე დღეს იგი დაატუსაღეს და ციხეშიც ჩასვეს, არა როგორც დემეტრაშვილი, არამედ როგორც სპირიდონ კედია. ორ თვეზე მეტი იჯდა იგი ციხეში, მაგრამ ვერ გამოტეხეს, რომ სპირიდონ კედია იყო და არა დემეტრაშვილი. პეტერბურგის ქართველობამ ამ საქმეში, ცნობილი გენერალი ნაკაშიძე ჩარია და გაანთავისუფლეს. ამგვარად ს. კედია საქართველოში ჩავიდა 1914 წელს და რევოლუციამდე ცხოვრობდა ნახევრად არალეგალურად. ადგილობრივი პოლიცია მაშინ ძლიერ დასუსტებული იყო და თვალსა ხუჭავდა. ს. კედია მიუხედავად ამისა მაინც ხშირად იცვლიდა ხოლმე ბინას.
ახალგაზრდობაში სოციალისტური აზრების მქონე ს. კედია ახლა ახალი იდეებით ბრუნდებოდა ევროპიდან. იგი უკვე ის გულუბრყვილო ახალგაზრდა აღარ იყო, ქუთაისში ,,განმანათლებელ” წრის კრება, რომ დატოვა გულამღვრეულმა. ახლა იგი საკუთარი თვალით უცქერდა ქვეყანას და თუ უკვე ქუთაისში მას კრიტიკული თვალი აღმოაჩნდა, ცხადია ახლა ევროპიდან დაბრუნებული, სადაც მან მარტო დიპლომა როდი შეიძინა. ს. კედიას მსოფლმხედველობა ევროპაში გატარებულმა წლებმა გაამდიდრა, განამტკიცა და მყარ ფორმაში ჩამოაყალიბა. ის ვერ დაკმაყოფილდებოდა მაშინდელ ქართულ ინტელიგენციაში გამეფებული დაბნეულობით. არც სოციალისტობა ესახებოდა მას ქვეყნის ჭირთაგან განმკურნავ მალამოდ. მან ევროპაში თვალნათლივ დაინახა, სინამდვილეში თუ რა ადგილი და მნიშვნელობა ჰქონდა ევროპელის ცხოვრებაში სოციალიზმს. მან ნახა, რომ ეს მოძღვრება არც მცირეწლოვან, არც სრულწლოვან მოსწავლეთათვის არ იყო გათვითცნობიერების საგნად გამოყენებული. მან ნახა, რომ საფრანგეთის არც გლეხებს და არც მუშებს, არც მოსწავლე ახალგაზრდობას არ აინტერესებდა ის საკითხები, რომელთაც იგი და მისი კოლეგები ასწავლიდნენ განმანათლებელ წრეებში. მან გაიგო, რომ ძლიერსა და განათლებულ საფრანგეთში, რომელიც არ განიცდიდა ეროვნულ ჩაგვრას, პატრიოტობას ახალგაზრდობის აღზრდაში პირველი ადგილი ეკავა. ყოველივე ამან მას თვალები აუხილა და მისთვის აშკარა გახდა, იმ გზის მცდარობა, რომელსაც მის სამშობლოში მისდევდნენ. მას ჩვენთვის უამბია თუ როგორ ეცა თვალში ის მოვლენა, რომ ევროპაში ,,სოციალიზმი” სინდიკალიზმთან ერთად, ბოლოს და ბოლოს, სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში იყო გამოყენებული და რომ ევროპელი სოციალისტები რეჟიმის დასანგრევად სრულიად არ იბრძოდნენ. საქართველოში, წარმოებაში ჩაბმული მუშები მოსახლეობის უმცირეს ნაწილს წარმოადგენდნენ და ასეთ პირობებში რატომ უნდა დახარჯულიყო ჩვენი პატარა ქვეყნის მიწისმოქმედთა ენერგია რუსეთის რეჟიმის შესაცვლელად ბრძოლაში. მით უმეტეს, რომ ამ საქმეში ჩვენი ქვეყანა ვერავითარ როლს ვერ ითამაშებდა.
გარდა ამისა ევროპაში ს. კედიას ისიც შეუმჩნევია, რომ რესპუბლიკური რეჟიმის მქონე სახელმწიფოები რუსებზე უკეთ როდი ეპყრობოდნენ მათ მიერ დაბყრობილ ქვეყნის შვილებს. ფრანგულ უნივერსიტეტებში, სანთლით საძებარი იყო კოლონიიდან ჩამოსული სტუდენტი და თუ სადმე ერთი-ორი მოიძებნებოდა, უთუოდ რომელიმე პრინცის ან მდიდარი ბობოლას შვილი იყო. მაშასადამე არავითარი გარანტია არ არსებობდა, რომ მხოლოდ რეჟიმის შეცვლა საქართველოს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას მოუტანდა.
ყოველივე ამისა გამო ს. კედიამ გადაწყვიტა, რომ სხვანაირად ემოქმედნა, სხვა გზა გამოენახა და ეს გზა ბოლოს და ბოლოს ილიას გზაზე დადგომა აღმოჩნდა. მაგრამ ვისთან კავშირში?
ს. კედიას პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ მან მიმართა გიორგი ლასხიშვილს, საქმე ეხებოდა ფედერალისტების მიერ სოციალისტური ტვირთის საგრძნობლად შემსუბუქებას და მის ნაცვლად მეტი ნაციონალიზმის ტვირთად აღებას, რასაც ახალი ნაციონალისტური გაზეთის გამოშვება უნდა მოჰყოლოდა. დიდი ცდისა და ჯაფის მიუხედავად, კედიამ ამ წინადადებაზე გიორგი ლასხიშვილი ვერ დაიყოლია. ეს ცდა მაშინ საქართველოში არსებულ მდგომარეობისათვის ანგარიშის გაწევით იყო ნაკარნახევი. საქართველოში პოლიტიკური ასპარეზი თითქმის მთლიანად დაკავებული ჰქონდათ მარქსისტებს. საზოგადოების ის მცირედი ეროვნულად განწყობილი ნაწილი, რომელიც გადაურჩა მარქსისტული დემაგოგიით მოწამლვას, უკვე დიდწილად თავმოყრილნი იყვნენ ფედერალისტთა პარტიაში. ასე, რომ ახალი ეროვნული პარტიის რიგების შესადგენად თითქოს: თეორიულად მაინც, ხალხის პოვნაც კი გაძნელებული ჩანდა. ამასთანავე არანორმალური იყო, რომ საქართველოში ორი სოციალისტური პარტია არსებობდა. ს. კედიას როგორც ყოფილ ფედერალისტს იმედი ჰქონდა რომ უმრავლესად პატრიოტული, ფედერალისტთა პარტია, მის შეხედულებებს გაიზიარებდა. მაგრამ პიროვნულმა მოტივმა, ჯიუტობამ, მცდარად გამოვლენილმა თავმოყვარეობამ და სხვა მიზეზებმა ხელი შეუშალა ამ დიდად სასარგებლო და გონივრული წამოწყების განხორციელებას. რაც ძლიერ სავალალო იყო, რადგან ეროვნულ დემოკრატიული პარტია, დამოუკიდებლად დაარსების ნაცვლად, როგორც ეს მოხდა, ფედერალისტებთან კავშირში, რომ დაარსებულიყო და ისიც ორიოდე წლით უფრო ადრე, ვინ იცის ძალთა განწყობა როგორ შეიცვლებოდა და ვინ იცის ამას რა გავლენა შეიძლებოდა, რომ მოეხდინა საქართველოს ბედის გადაწყვეტაზე.
შეუძლებელი არ იყო, რომ ქართველ ნაციონალისტთა და ფედერალისთთა გაერთიანების შედეგად 1915 წელს დაარსებულ ქართულ ეროვნულ პარტიას ისეთი გავლენა მოეპოვებინა, რომ ჩვენი ბრმა მარქსისტებისათვის დაეშალა მათ მიერ 90-იანი წლებიდან დაწყებული ილიას აღმახნულის, დაბლა ფარცხვა ან ყოველ შემთხვევაში ამგვარ გაერთიანებას მოეხდინა ქართველებზე ისეთი გავლენა მაინც, რომ ქართველი ერი ასე მინდობით, ყელზე ბაწარგამობმული ფეხებში არ ჩაუვარდებოდა რუსეთის სოციალ დემოკრატიულ პარტიას.
ფედერალისტებთან სასურველ ერთობის შეუძლებლობის გამოაშკარავებიდან, კედიას მიერ იწყება გადაჭრით ახალი გეზის აღება. იგი ბაქოში მიდის. იქაური შეძლებული ქართველობა იზიარებს მის აზრებს და მისდამი ნდობის გამოცხადებასთან ერთად, გაზეთის გამოსაცემ თანხასაც უყოყმანოდ აძლევენ. ტფილისში დაბრუნებული ს. კედია, კონტაქტში შედის ჯგუფთან, რომელიც გამოსცემდა, გაზეთ ,,კლდეს” (ვაჩნაძე, ამირეჯიბი, გაბაშვილი და სხვანი) მოიხმობს მათ და საერთო ძალით, უშვებენ გაზეთ ,,საქართველო”-ს. მაგრამ ს. კედია ამით არ კმაყოფილდება, იწყებს მოგზაურობას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში და ყველგან აარსებს პოლიტიკურ ორგანიზაციებს.
ეს მოგზაურობა იყო ერთსადაიმავე დროს ახალი პარტიისათვის პროპაგანდა და თავისი თავის ხალხისათვის გაცნობა და ეს მეორე მოტივი ფრიად მნიშვნელობანი იყო. ფართო მასა არათუ ახლად ჩამოსულ ს. კედიას არ იცნობდა, არამედ მასისათვის თითქმის უცნობნი იყვნენ სამწერლო ასპარეზზე უკვე გამოსული ის ნაციონალისტი მოღვაწენიც, რომელნიც ტფილისსა და ქუთაისში ეროვნული მიმართულების გაზეთებს უშვებდნენ. ეს გაზეთები გამოდიოდა მცირე ტირაჟით, ვიწრო ჯგუფების სახელით და მხოლოდ ქალაქში მცხოვრებ ინტელიგენტთა მცირე ნაწილი კითხულობდა მათ. იშვიათი ნიჭის ორატორმა და მგზნებარე პატრიოტმა, ხალხის გულში და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში მაშინვე ჰპოვა გამოხმაურება, რადგან მომხიბლავი იყო, არა მხოლოდ ორატორის ნიჭი, არამედ ის რასაც იგი ამბობდა და რისკენაც ქართველებს მოუწოდებდა. ეს შეგონება ისე ხვდებოდა შეგნებულ ქართველთა გულსა და გონებას, ვით სანატრელი წვიმა დაგვალვულ მიწას.
ამგვარად ასე გვიან დაიწყო საძირკვლის ჩაყრა იმ საქმისა, რომელიც ილიას სიცოცხლეშივე უნდა დაწყებულიყო. დიდი ხარვეზი იყო ამოსავსები.
როგორც ვიცით, მესამოციანელთა თაობას თავის დროზე მემკვიდრე არ დაურჩა, რადგან მესამე დასელებმა, რომელთაც ნორმალურად, თუნდაც თავისი ახალი მიდგომით, მაგრამ მაინც ილიას საქმე უნდა განეგრძოთ, არათუ უცხო იდეოლოგია გაიხადეს თავიანთ რწმენად, არამედ რაკი მათს იდეოლოგიას ჩვენს ქვეყანაში სამოქმედო ობიექტი არ გააჩნდა, რადგან არც ბურჟუაზია გვყავდა და არცპროლეტარიატი, ახალ დარაზმულობას ის ეროვნული პოზიციები დაუსახეს, ასაღებად კი არა დასანგრევად, რომელიც მესამოციანეთ ეკავათ და რომლის საშუალებითაც ამ ჩვენი ქვეყნის აღორძინების მუშაკებმა, უმაგალითო თავდადების წყალობით, საქართველო ეროვნულ სიკვდილს გადაარჩინეს.
ჩვენში არც პოლიტიკურად და არც ეკონომიურად სარევოლუციო არაფერი იყო. ქარხნებიც და მეფის მთავრობაც რუსეთში იმყოფებოდა. მაგრამ საქართველოში იყო რაღაც, რომელიც ქართული მთავრობის ზოგიერთ ფუნქციას ასრულებდა. ეს იყო სამოციანთა კულტურულ ეროვნული დაწესებულებები და მათი ბიუჯეტის წყარო ბანკი. და აი ამ მთავრობას დაესხნენ თავს მესამე დასელები და იგი დაუსახეს ხალხს ქვეყნის მტრებად.
ს. კედიას მიერ წამოწყებული საქმის შედეგი იყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის საერთო კონფერენცია რომელზედაც იგი ერთხმად იქნა არჩეული თავჯდომარედ. ასეთივე ყრილობა შედგა მეორედაც, ამჯერად მის დაუსწრებლად, რადგან იგი უცხოეთს იმყოფებოდა და მაშინაც ს. კედია ხელმეორედ არჩეული იყო თავმჯდომარედ.
ს. კედიას ევროპაში გამგზავრება იმან გამოიწვია, რომ გერმანელებმა, რომელთანაც უცხოეთში არსებული საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრები მოლაპარაკებაში იმყოფებოდნენ, მოითხოვეს რათა ჩამოსულიყო ქვეყნის მიერ ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი. ასეთი კაცის წასაყვანად წყალქვეშა ნავით გამოემგზავრნენ მ.წერეთელი და მ.ქარცივაძე, მაგრამ საქართველოში მოსვლა მათ არ დასჭირდათ, რადგან ისინი სებასტოპოლში შეხვდნენ ს. კედიას, რომელიც ამიერ კავკასიის სეიმის თავმჯდომარის, ა. ჩხენკელის მანდატით მიემგზავრებოდა ბერლინში, სოფიის გავლით, ქართული კომიტეტისათვის საჭირო ავტორიტეტის მოსაპოვებლად და საქართველოს სახელით მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.
საქართველოს თავისუფლების კომიტეტთან და განსაკუთრებით მის ნამდვილ სულისჩამდგმელ გიორგი მაჩაბელთან ს. კედიას ძლიერ მჭიდრო დამოკიდებულება ჰქონდა. კედიამ მათთან უშუალო კონტაქტის დამყარება, რევოლუციის პირველივე დღეებში დააპირა. ამისათვის იგი პეტერბურგს გაემგზავრა, რომ იქიდან შვეციაში გადასულიყო, მაგრამ ს. კედია პეტერბურგში სწორედ იმ დღეს ჩავიდა, როცა კერენსკის მთავრობა დაემხო და ხელისუფლება ბოლშევიკებმა იგდეს ხელთ. ს.კედია მაინც გამგზავრებულა შვეციისაკენ, მაგრამ იძულებული გამხდარა პეტერბურგში დაბრუნებულიყო. მისი და სხვა ქართველების ფათერაკებით სავსე მგზავრობა საქართველოსაკენ, აღწერილია ზურაბ ავალიშვილის წიგნში ,,საქართველოს დამოუკიდებლობა”.
ტფილისში დაბრუნებული ს. კედია ორიოდე კვირის შემდეგ კვლავ უცხოეთში მიდის და გზად მიმავალი ხვდება მ. წერეთელს და მ. ქარცივაძეს და მათთან ერთად ჩავიდა ბერლინში. სადაც მან გიორგი მაჩაბელთან ერთად მოამზადა იმ ურთიერთდამოკიდებულების პირობები, გერმანელებსა და ქართველებს შორის, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ორი ერის დამოკიდებულებაში, როცა ეს მუშაობა მიმდინარეობდა ბერლინშივე ჩავიდა საქართველოს დელეგაცია ა. ჩხენკელის მეთაურობით. ს. კედიამ ამ დელეგაციეს წიაღში დიდი მუშაობა გასწია. იგი იყო დელეგაციეს მდივანი და როგორც ავალიშვილი აღნიშნავს, ,,მძიმედ დაიტვირთაო”.
ა. ჩხენკელის გერმანიაში ჩასვლიდან, რამოდენიმე ხნის შემდეგ ს. კედია საქართველოში დაბრუნდა, რადგან ნამდვილი საზრუნავი მას აქ ელოდებოდა. შენდებოდა ახლად აღდგენილი ქართული სახელმწიფო, ხოლო მისი მშენებლები ამ საქმეს თითქმის უნებურად დაპატრონებული პირები იყვნენ. საჭირო იყო თვალყური, რომ საძირკველში ფუყე ქვები არ ჩაეტანებინათ. და ეს საქმე უძნელეს დაბრკოლებებს აწყდებოდა. ს. კედიას და მის თანამოაზრეთა განკარგულებაში მხოლოდ ორი საშუალება იყო, მოქმედება პრესით და მოქმედება პარლამენტში.
ს. კედია გაზეთის რედაქციაში ბევრს მუშაობდა. მისი უახლოესი თანამშრომლები იყვნენ ა. ასათიანი, ვექილი ი. მაჭავარიანი და პირადი მდივანი ლავრენტი კვარაცხელია. თანამშრომლებად ს. კედიამ მიიწვია: გერონტი ქიქოძე სახალხო გაზეთიდან, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი გვაზავა, მიხეილ ჯავახიშვილი, შალვა დადიანი, ვასილ ბარნოვი, ექ. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, ი. ზურაბაშვილი და სხვანი. თავისი გაზეთის გარშემო მან შემოიკრიბა მაშინდელი საქართველოს საუკეთესო მწერლები და მაღალი ინტელიგენცია. გაზეთის ტირაჟი დღითი დღე მატულობდა. საზოგადოებრივ აზრში პარტიის პრესტიჟი არაჩვეულებრივად გაიზარდა. ყველას თვალი ეხილებოდა, რადგან ახსოვდათ, რაც ხდებოდა ე. ი. ქართული სახელმწიფოს შენება, სწირედ ის საგანი იყო რომლის მსურველებს ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინად, თავს ესხმოდნენ ახლა ამ შენების უბადრუკ ხელმძღვანელთა როლში გამოსული გაზეთ ,,ერთობის” პირით მოლაპარაკე ადამიანები. მაგრამ მათთან პირდაპირი ბრძოლაც არ შეიძლებოდა, რადგან ოცდაათი წლის განმავლობაში ნაწარმოებ დემაგოგიას ხალხის გონებაზე გამანადგურებელი შედეგი მოეტანა. ქვეყანა და ხალხი მათ ხელში იყო. როგორც დღეს ვერავინ უბედავს პირდაპირ შეტევას საჰაერო პირატებს, რადგან მგზავრების ბედი მათ ხელშია, ასევე შეუძლებელი იყო ჩვენი მაშინდელი ბატონპატრონების ყველა ნაკლთა მითუმეტეს ცოდვათა აშკარად მხილება. Aმიტომ ს. კედია გაზეთს ზომიერ და თავდაჭერილ ტონს აძლევდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი ტონი საერთოდ მის სტილს ახასიათებდა. ნიჭიერსა და ძლიერ მწერალს მას შეეძლო ზომიერ და თითქმის დაყვავების ფორმებში სასტიკი კრიტიკა გამოეთქვა, ,,საქართველო” ევროპულ დონეზე მდგომი გაზეთი იყო, რომლის ბადალი გამოცემა არც მანამდი და ცხადია არც შემდეგ, საქართველოში მკითხველს ხელთ არ ჰქონია.
მეორე სამოქმედო ასპარეზი, დამფუძნებელი კრების სახელით ცნობილი, პარლამენტი იყო აქაც მუშაობას წარმოუდგწნელი დაბრკოლება სდევდა. როგორც ცნობილია პარლამენტში მარქსისტებს აბსოლიტური უმრავლესობა ჰქონდათ. მაგრამ მარტო ეს გარებოება როდი ჰბადებდა სიძნელეთ. ჩვენი პარლამენტი პროპორციული სისტემით იყო არჩეული. ამგვარად მარქსისტი დეპუტატები არა მარტო მათი ღირსება უნარიანობის მიხედვით კი არ იყვნენ შეტანილი საარჩევნო სიაში, არამედ ასევე დიდი ანგარიში ჰქონდა გაწეული ამ პირთა პარტიალ დამსახურებასაც. ამით აიხსნება, რომ ამ უმრავლესობას ისეთი პირებიც შეადგენდა, რომელთაც ,,საკუთარი თავი” არც ება. ისეთნიც კი ყოფილან, რომელნიც თავსატეხ ეკონომიური კრიზისის პრობლემას ასე წყვეტდნენ: ფულის ბეჭვდა ხომ ჩვენ ხელშია მეტი დავბეჭდოთ, მუშებს ჯამაგირი მოუმატოთ და ყველა იოლად ვიცხოვრებთო. ყოველივე ამას ბოლოს და ბოლოს მოევლებოდა, სოფლის მეურნეობა, ქვეყნის და სახელმწიფოს მაშინდელი ეკონომიური ბაზა, უპარლამენტოდ და უმარქსოდაც ცოცხლობდა. ჩვენმა გლეხმა თავის საქმე უკეთ იცოდა ვიდრე ჩვენმა მეთაურებმა თავისი. სახელმწიფოს შინაური პრობლემები ასე თუ ისე დაიძლეოდა. მთავარი ამოცანა ქვეყნის თავდაცვის საკითხი იყო და აქეთკენ იყო მიმართული ს. კედიას მთავარი ყურადღებაც. პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლაში ასაბუთებდა ქვეყნის თავდაცვის გაუმჯობესების გადაუდებელ და აუცილებელ საჭიროებას. ის თვალნათლივ უმტკიცებდა მსმენელებს, რომ სამხედრო ძალა შექმნილი და გამოსადეგი შინაური წესრიგის მოვალეობის ასასრულებლად, ვერ აასრულებდა იმ მოვალეობას, რომელსაც მას უცხო პროფესიულ ჯართან შეტაკების შემთხვევაში დაეკისრებოდა. იგი აღნიშნავდა, რომ შეიარაღებულ ძალთა მორალისათვის სახიფათო და საზიანო იყო ორ ერთმანეთთან დამოუკიდებლად ორგანიზებულ საბრძოლო ძალის ყოლა, რომ ამგვარი მდგომარეობა აუცილებლად დაბადებდა ფსიქოლოგიოურ გათიშვას. ტექნიკურ შეუთამხმებლობას და გაუგებრობას, რომ საჭირო და აუცილებელი იყო უფრო მრავალრიცხოვანი ჯარის მუდმივად მზადყოლა, რომ უამისოდ ქვეყანას საშინელი განსაცდელი მოელოდა. ყოველივე ამის საპასუხოდ მთავრობის პორტპაროლი აცხადებდა ხოლმე, რომ ყოველგვარი ზომაა მიღებული და ყოველ მოსალოდნელი საშიშროების მოსაგერიებლად მზათა ვართო. პარლამენტში ისიც კი ითქვა: თავადთა ცხენოსნობის და ჯირითის დრო წავიდა ჩვენ სოციალისტურ რესპუბლიკას ვაშენებთო.
გაზეთში და პარლამენტში მუშაობის გარდა ს. კედიას პარტიისთვისაც უნდა ეხელმძღვანელა. ამ საქმეში მისი პირველი თანაშემწე ა. ასათიანი იყო. ს. კედიას ინიციატივით და საჭირო ძნელ შემთხვევებში პირადი ხელმძღვანელობით მოხერხდა ერ. დემ. პარტიის ცალკე ფრაქციათა ერთად შედუღება და მომავალი არჩევნებისათვის სამზადისის დაწყება დიდად იმედისმომცემ პერსპექტივით. ასევე ს.კედიას ავტორიტეტის წყალობით წარმოებდა ქვეყნისათვის ფრიად მნიშვნელოვანი, სავაჭრო ამხანაგობების, სამრეწველო კავშირების, ბანკებისა და სხვა ამგვარ დაწესებულებათა დაარსება, რაც ქვეყნის ეკონომიური ხერხებლის გასამაგრებლად იყო აუცილებელი.
მაგრამ საქართველოს ცაზე შავი ღრუბლები იკრიბებოდნენ. მოსალოდნელი მოხდა. ჯერ წითლობა მოურეცხელ ხალხით მართულ საქართველოს, წითელი რუსეთი დაესხა თავს. ამ საბედისწერო ჟამს ს. კედია, როგორც მთელი ოპოზიცია, მთავრობას ამოუდგა გვერდით. მაგრამ რა შეეძლო მას გარდა ფრონტისაკენ მიმავალი ჯარისადმი გამამხნევებელი სიტყვებით მიმართვისა. თავის დროზე მოუვლელობით წამხდარ საქმეს ეს ვერ უშველიდა და საქართველომ ისეთი არასასახელო მარცხი განიცადა, რისი ღირსიც ქართული ხმალი ვაი, რომ არ იყო.
ტფილისიდან გახიზნულმა მთავრობამ და პარლამენტმა რამოდენიმე დღე ქუთაისში დაჰყო. ს. კედია ქუთაისიდან ფრონტზე წავიდა, მაგრამ ფრონტის ნაცვლად მან რამოდენიმე მიტინგი ნახა, სადაც მაშინ ცნობილი ყაიდის ორატორები ,,თანამებრძოლთ” აიმედებდნენ: ამხანაგებო! გული არ გაიტეხოთ მეორე ინტერნაციონალი და ევროპის პროლეტარიატი, ბოლშევიკებს ჩვენი დემოკრატიის შეურაცყოფას არ შეატჩენსო. იქიდან დაბრუნებული ს. კედია, თურმე გულამღვერული, სომწარით ამბობდა, ეს ხალხი დახვრეტის ღირსიაო.
ქუთაისში პარლამენტის უკანასკნელი სხდომა შედგა, ამ კრებაზე გამოსულ ნ. რამიშვილის სიტყვა, ზემოდ მოტანილი მიტინგის სიტყვებს არ ჩამოუვარდებოდა. იგი თურმე ირწმუნებოდა ორ-სამ თვეში ისევ ტფილისში ვიქნებითო. ახლა კი კედიას უკუუგდია მისთვის ჩვეული და ზომიერი ტონი. მას რამიშვილისათვის უპასუხნია: ბატონო მინისტრო ორ-სამ თვეში კი არა, იქნებ ორ-სამ ათეულ წელსაც ვერ დაადგათ ფეხი ქართულ მიწაზეო. ს. კედიას აქ მთავრობა აღარ დაუნდვია და გამანადგურებელ სიტყვაში, მწარედ გადმოუშლია, მთავრობის მთელი სიავენი და მისი სამი წლის ანტიეროვნული ნამოქმედარი. მას მთავრობისათვის სასტიკი განაჩენი გამოუტანია და ისინი ქვეყნის დამღუპველად გამოუცხადებია.
ბათუმში აღელვება და სასოწარკვეთილება ერთმანეთს ცვლიდაო ამბობს ქალბატონი კედია. მთავრობის მიმართ მრავალი მწარე სიტყვა ისმოდა. თვით ს. დემოკრატებიც თავიანთ აღშფოთებას ვერა მალავდნენ. გომართელს უთქვამს ,,სპირიდონ თუ ოდესმე ქვეყანას ისევ აღდგენა ეღირსა. ისე უნდა დავანგრიოთ ესენი, რომ ფეხზე ვერ დადგნენო”. სწორედ მაშინ დაუპირებიათ მხედრებს და ზოგ გვარდიელსაც მთავრობის დატუსაღება და ზოგს მოსპობაც კი. ს. კედიამ ეს გეგმა ჩაშალა და შეთქმულები შემდეგი სიტყვებით გაისტუმრა: ყოველგვარი ტერორი და შურისძიება მიუღებელია დაე წავიდნენ ცოცხლები თავისი ცოდვებითაო.
როდესაც აქ პარიზში ს. კედიას ამ ამბის შესახებ ვკითხეთ მან გვიპასუხა: მე, რომ ამგვარი რამ ჩამედინა იმის ღირსი ვიქნებოდი, რაც მაკედონელმა დარიუსის მკვლელებს უყო, თავები რომ დააყრევინაო. ერთმა ჩვენგანმა მაინც შენიშნა, ყოველ შემთხვევაში ჟორდანია და მისი ჯგუფი ემიგრაციას არ მოწამლავდნენო. ს. კედიას სახეზე წყენა დაეტყო და მოკამათეს ცივად უპასუხა: საქართველოს დაღუპვაში ჟორდანიას იქნებ წილი ედოს, მაგრამ ეს მას შეგნებულად და ღალატით არ ჩაუდენია. ხოლო თუ საქართველო ჯერ ვერ განთავისუფლდა ამაში ჟორდანიას ბრალი ვერ დაედებაო.
ეს ინციდენტი მოხსენიებული აქვს თვით ნ. ჟორდანიას და იგი თავის გადარჩენას მის მიერვე მიღებულ ზომებს, სახელდობრ გოგუაძის მიერ ჯავშნოშნის ახლო მიყვანას მიაწერს. ასევე გენ. კვინიტაძეც ამბობს: ასეთი წინადადებით მომმართეს, მე ვუპასუხე ჯერ ჩემს გვამზე გადაივლითო. აქ უნდა აღინიშნოს შემდეგი: ჟორდანია, კვინიტაძე და გოგუაძეც საზღვარგარეთ მიდიოდნენ. ,,შეთქმულების” ავტორები კი იყვნენ ისინი ვინც საქართველოში რჩებოდა. ასე, რომ თუ არა ვეტო სპირიდონ კედიასი, ვინც აგრეთვე რჩებოდა, ვინ იცის საქმე როგორ დატრიალდებოდა.
ბათუმში მთავრობის კრებაზე, ს. კედიას სამხედრო მინისტრის პოსტი შესთავაზეს. ამ უცნაურ და გაუგებარ წინადადებაზე რასაკვირველია უარი მიიღეს. მართლაც გასაოცარია. კაცს სთავაზობენ სამხედრო მინისტრის პოსტს, კაცს, რომლის სწორედ სამხედრო დარგის ხან რჩევა ხან ვედრება ყურად არ იღეს. ამის შედეგად ქვეყანა წააგეს და ახლა იმავე კაცს ტვირთად უნდა აეღო სხვათა ცოდვები და შერცხვენა. ასეთი საკვირველი წინადადების მიცემა მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ალბათ ფიქრობდნენ: ს. კედიას უცხოეთში მინისტრად გახიზვნის ცთუნება დასძლევსო. ალბათ არ იცოდნენ ან არ სჯეროდათ, რომ მას საქართველოში დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი.
ამის შემდეგ გრ. რცხილაძემ მას მოუტანა, ჟორდანიას მიერ გემიდან გამოგზავნილი წერილი ნ. ჟორდანია წერდა: ბატონო სპირიდონ თქვენ არ წამოხვედით ჩვენთან, როგორც ოფიციალური პირი, გთხოვთ წამოხვიდეთ პიროვნულად. გემი ჯერ კიდევ იცდისო. კედიამ წერილი უპასუხოდ დატოვა და დახია. სამწუხაროდ ეს საბუთი არ გადარჩა. ამგვარი წინადადება, კედიამ ა. ხოშტარიასაგანაც მიიღო, მაგრამ მასაც მადლობით უარი უპასუხა.
,,ეს ის დრო იყო როცა ყველა თავისთავის შველაზე ფიქრობდა. ამიტომ ყველას ეგონა, რომ სპირიდონიც თავის კერძო ცხოვრებაზე იზრუნებდა და ოჯახს მომავალს მოუმზადებდა. ამიტომ მასთან თავისუფლად მოდიოდნენ სხვადასხვა თხოვნით. მაგალითად როგორც მეთაურს სპირიდონს უნდა ეზრუნა მათთვის დამშვიდებული მოგზაურობის მოსაწყობად, რომ სპირიდონს უნდა ჰყოლოდა გემი მის განკარგულებაში, რომ მთავრობისაგან მოეთხოვა, რათა გატანილი განძის მეთვალყურედ თაყაიშვილის ნაცვლად ერთი სენატორი დაენიშნა. სპირიდონმა ვერავინ დააჯერა, რომ არსადაც არ აპირებდა წასვლას და თავის ქვეყანაში რჩებოდა. ეს საკითხი მან პარტიის მთავარ კომიტეტში დასვა და დარჩენის დადგენილებაც გამოიტანეს. _ ცხადია არა მტერთან შერიგების მიზნით” წერს ქალბატონი კედია.
ბათუმშივე ჩაისახა სამხედრო ცენტრის საიდუმლო ორგანიზაცია. მოლაპარაკებებში ს. კედიასთან ერთად მონაწილეობდნენ ილარიონ ლორთქიფანიძე (ბანკის დირექტორი) და დავით ლორთქიფანიძე. ს.კედია მიმოსვლის აღუდგენლობის გამო, ტფილისში მხოლოდ მარტის გასულს ჩავიდა. პირველი, რომელიც მის სანახავად მივიდა კოტე აფხაზი იყო. შემდგომში ყველა მიმდინარეობის პიროვნებები დაუკავშირდნენ მას. ,,ამ უბედურების დროს ქართველების გულწრფელ გაერთიანებას ჰქონდა ადგილი”-ო წერს ქალბატონი კედია.
თებერვალში განცდილმა მარცხმა ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების სასწაულებრივი გამოჯანსაღება გამოიწვია. ყოველ ქართველ ინტელიგენტს თავისი თავი დამნაშავედ მიაჩნდა და საერთოდ ერის ყველა ფენამ იგრძნო და შეიგნო თუ რა დავკარგეთ. ეს მეტამორფოზი ადრინდელ გულცივებს, ეგოისტებს, უიმედოებს და ურწმუნოებსაც კი შეეხო. სპონტანურად დაიბადა რევანშის წყურვილი, სირცხვილის მოსარეცხად. არავინ არც მოწიდებას არც წაქეზებას არ საჭიროებდა, რომ თავისი პირადი უნარი, შესაძლებლობა, სიცოცხლეც განთავისუფლების საქმისათვის შეეწირა.
ახლა ბევრმა გაიგონა და დაინახა ის, რაც არავის დაუნახავს და გაუგონია იმ დღეს, რომ ვლასა მგელაძე, მამადავითზე ავარდა და ილიასა და აკაკის ახარა საქართველო აღდგაო. ვერ დაინახა მაშინ ბედნიერებით მთვრალმა ქართველობამ, მამადავითზე, რომ გამოჩნდა ,,მეფურ ძილითაგან” გულგახეთქით გამოღვიძებული ,,მოხუცის ლანდი”, ვერ გაიგონა მისი სასოწარკვეთილი ყვირილი: კიდევ მომკალით მეორედ, მესამედ, ოღონდ საქართველოს ნუ მომიკლავთ, იმ კაცს ქვეყნის ბედს ნუ ჩააბარებთო. ახლა კი მრავალ ქართველს გულსა სწვდებოდა, ქართული მიწის სიღრმიდან ყრუდ მოწვდენილი, იმავ მოხუცის მწარე ქვითინი.
საქართველოში დარჩენილი, ეროვნული მოძრაობის ბელადი და მეთაური ს. კედია, სრულიად ბუნებრივად, ამ განწყობილების ცენტრში მოექცა. ბათუმში მხედრებთან ერთად მიღებულმა სამოქმედო გეგმამ ხორცშესხმა დაიწყო. მაშინ შეჩერდა საქმეში მონაწილეთა ყურადღება ქაქუცა ჩოლოყაშვილზე.
ემიგრაციაში დაიწერა, რომ ქაქუცა ეროვნულ დემოკრატი არ იყო, ამიტომ პარტიის მიერ ვერ დაინიშნებოდა რაზმის უფროსადო. ეს ფორმალურად სწორი შენიშვნა დაზუსტებას მოითხოვს და საერთოდ მხედრები უმეტეს შემთხვევაში პარტიებს არ ეკუთვნიან, რადგან მხედრობა, არა რეჟიმის არამედ ერისა და სახელმწიფოს სამსახურშია. ქაქუცაც ასეთივე უპარტიო მხედარი იყო. მაგრამ ასევე საერთოდ მხედრობა სამოქალაქო ხელისუფლების განკარგულებაშია და მისი ინსტრუქციებით მოქმედებს. საქართველო იმ დროს გამეფებულ ხელისუფლებას არ ცნობდა და ამ ხელისუფლების როლს აკუთვნებდა იმ პოლიტიკურ პირთ, რომელნიც ქვეყნის განთავისუფლებისათვის იღწვოდნენ. ამგვარ პოლიტიკურ ავტორიტეტთან კერძოდ კედიასთან მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების შედეგად, გავიდა ტყეში ქაქუცა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქაქუცა ს. კედიამ ,,რაზმის უფროსად დანიშნა”, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ასეთი საქმე ქაქუცამ თვითნებურად წამოიწყო.
ამ საქმის სათავე ჯერ კიდევ ბათუმში კედიასა და მხედრებს შორის შემდგარ მოლაპარაკებიდან მოდის. ამ მოლაპარაკებების დროს გადაწყდა, რომ ქართველი მხედრები არ უნდა მორიდებოდნენ ქართულ წითელ ჯარში სამსახურს არამედ პირიქით უნდა ცდილიყვნენ მოჩვენებითი ლოიალობით, მაღალი საკომანდო პოსტები ჩაეგდოთ ხელში, რომ საჭირო დრის ქართული სამხედრო ძალები მათ ხელში ყოფილიყო. აჯანყება ნავარაუდები იყო კავკასიური მასშტაბით, ადერბაიჯანელებთან და მთიელებთან შეთანხმებით. ამ გზით და მიმართულებით დაიწყო კიდევაც ამ საქმის პირველი მცდელობა.
ქაქუცას მოქმედებას ორგვარი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ვიდრე დამთავრდებოდა საერთო აჯანყების სამზადისი, ეს რაზმი მცირერიცხოვანი უნდა დარჩენილიყო. მის არსებობას ხალხში იმედი უნდა გაემაგრებინა და ამავე დროს მოძალადე ხელისუფლებასაც უნდა შეკვეცოდა კადნიერება, რომ თავი დაუსჯელად არ ეგრძნოთ.
არჩევანი, რომ ქაქუცაზე შეჩერდა, ამას თავისი ლოგიკური საფუძველი ჰქონდა. სწორედ კახეთი უნდა ყოფილიყო ასეთი რაზმის ბუდე. ჯერ მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. კახეთი აკრავს ტფილისსაც, აკრავს საქართველოს მთიანეთს-თუშ-ფშავ-ხევსურეთსაც და დაღესტანსაც. მხოლოდ კახეთიდან შეიძლება ერთსადაიმავე დროს მოქმედება დარიალისა და დარუბანდის ჩასაკეტად. ეს ის პროვინციაა, რომელსაც აჯანყებათა ყველაზე დიდი ტრადიცია აქვს. ხშირი ტყეები და დოვლათიანი მხარე. კახელები, მეომარი პატრიოტულად განწყობილი ხალხი. აქ აგრეთვე საუკეთესო პირობებია პარტიზანული რაზმისათვის თავის შესანახად. მაშასადამე რაზმის უფროსიც კახი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მარტო ეს პირობები არ კმაროდა, რაზმის უფროსი ოფიცერიც უნდა ყოფილიყო, რადგან პარტიზანული მოქმედებათა გარდა, შემდგომში გაზრდილ რაზმს დაეკისრებოდა წმინდა სამხედრო საომარი ამოცანებიც. ამასთანავე ეს ოფიცერი ხალხთან დაახლოებული კაციც უნდა ყოფილიყო და არა თავის კასტაში ჩაკეტილი, ხალხისაგან მოწყვეტილი ინტელიგენტი შტაბის ოფიცერი. ყველა ამ პირობათა დამაკმაყოფილებელი კანდიდატი ათობით არ იქნებოდა. ს. კედიამ ჩვენს წრეში მგონი მხოლოდ ერთხელ ილაპარაკა ამ საკითხზე და ისიც ძლიერ ძუნწად, იგი ერიდებოდა საკუთარი როლის ხაზგასმას. მაშინდელი მისი სიტყვებიდან ის შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ კანდიდატი სხვაც ყოფილა, მაგრამ ზემოთმოყვანილ პირობებს გადაუწყვეტია საკითხი. აქ მოტანილი ცნობები ს. კედიას ნაამბობის შინაარსის მეხსიერებაში შემორჩენილი გადმოცემა არის, მაგრამ აი მისი თქმა ქაქუცას შესახებ გადმოცემული სიტყვასიტყვით, როგორც ტყე წარმოშობს ხეს, მაგრამ ტყეს ხეები ქმნიან, ასევე ქაქუცა წარმოშვა იმ გმირულმა ეპოქამ, რომელიც ჩვენს დამარცხებას მოჰყვა, მაგრამ ის ამ ეპოქის შემქმნელიც არისო. კიდევ ერთი მაშინ ნათქვამი ფრაზა, ქაქუცას ჩოლოყაშვილობაც კმაროდა ქართველი კაცის ყურისათვის, რადგან ლეგენდას უკვე გვარი ქმნიდაო.
აქ მოთხრობილი ეს ამბავი ჩვენი ეროვნული გმირის სხელს კი არ ამცირებს არამედ ამაღლებს და ვინც იტყვის ქაქუცამ ტყეში გასვლა თვითონ გადაწყვიტაო, თუ დაუჯერეს ეს იქნება ქაქუცას სახელისათვის დათვური სამსახურის გაწევა.
აი ერთი ადგილი ქალბატონ კედიას მემუარებიდან, ამავე საკითხს, რომ ცოცხალი სურათებით გვიხატავს. ,,1921 წელს სპირიდონმა თავისი ოჯახი საზაფხულოდ კახეთში გაისტუმრა. თვითონ ერთი თვით ტფილისში დარჩა. მისი ასეთი სურვილი პაპანაქებაში თბილისში დარჩენისა გაუგებარი და საწყენი დარჩა ოჯახისათვის. მე ექვსი თვის ბავშვით ხელში მარტო მიხდებოდა მოგზაურობა, ამიტომ სადგურზე სპირიდონს ცივად დავშორდი. მხოლოდ შემდეგ გახდა ჩემთვის ნათელი და გასაგები ყოველივე. აგვისტოდან სოფელ კისისხევში სპირიდონი ჩვენთან ერთად ისვენებდა. აი იქ სექტემბერში ჩემთვის სრულიად მოულოდნელად სპირიდონთან მოვიდა ქაქუცა, მას ფავლენიშვილი ახლდა. სპირიდონს ქაქუცას მოსვლა არ გაჰკვირვებია, თითქოს მოელოდაო. მცირე გასეირნების და საუზმის შემდეგ, წავიდნენ მახლობელ სოფელ კონდოლში, იქ მცხოვრებ ავალო ავალიშვილთან, რომელიც ქაქუცას სიდედრის ძმა იყო. წასვლისას სპირიდონმა გამაფრთხილა, რომ იმ ღამით იქ დარჩებოდა. თურმე იქ სხვა პირებთანაც ჰქონია შეხვედრა. მათ შორის ექიმ კოლა ჯანდიერთან, რომელიც ავალოს ცოლისძმა იყო. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ სპირიდონთან ქაქუცა მეორედ მოვიდა და წასვლისას ცხენზე მჯდომმა სპირიდონს ჩამოსძახა: გეახლებით ორ-სამ დღეშიო. აქ უკვე ჩემი გაოცება ვეღარ დავძლიე და ვკითხე სპირიდონს თუ რა ჰქონდა საერთო ამ დარდიმანდ ყმაწვილთან. ან სად მიდიოდა, რომ პირობაც კი მისცა ორ-სამ დღეში მივბრუნდებიო. ტფილისში რასაკვირველია, მოკლედ მიპასუხა სპირიდონმა. ვუთხარი, თუ მაგან დუდუკებს შეაბერინა ელოდე მაგის ორ-სამ დღეში მოსვლასა. სონა შენ არ იცნობ ქაქუცას ეს ყმაწვილი ძალიან გამოსადეგი და სანდო, კარგი ქართველიაო. მართლაც, დანიშნულ დროს ქაქუცამ ისევ ფავლენიშვილის თანხლებით ჩვენს ეზოში ცხენი შემოაჭენა, გაოცებული დავრჩი. ეს ფავლენიშვილი ჩემი ძველი მოწაფე იყო, თავადაზნაურთა გიმნაზიიდან. სპირიდონისა და ქაქუცას ლაპარაკს ის არ ესწრებოდა. იმდენად მორიდებული იყო, რომ საჭმლისათვის სახლში არ ამომყვა.
იმ ზამთარს ტფილისში სპირიდონთან ქართველების მისვლა-მოსვლა გახშირდაო, განაგრძობს ქალბატონი კედია. ეს დილაობით ხდებოდა, როდესაც მე გიმნაზიაში ვიყავი ჩემს სამუშაოზე. აქ იყვნენ პარტიათა წარმომადგენლები: ფედერალისტები, როგორც ლასხიშვილი და რცხილაძე, ს. ჯიბლაძე, კოლა ქარცივაძე, ლეო ნათაძე, იასონ ჯავახიშვილი და სხვანიცო.
Oოცდაორი წლის თებერვალში დაბყრობის წლისთავზე, საერთო შეთანხმებით განზრახული იყო დემონსტრაციის მოწყობა. ს. კედია აპირებდა ეროვნული დროშით ხელში გამოსულიყო და იტყოდა საჭიროსაც. მას შედეგებიც გაუთვალისწინებია, რადგან წინა საღამოს ოჯახისათვის გაუნდვია, რომ სხვა ბინაზე აპირებდა გადასვლას და რომ არალეგალურ ცხოვრებაზე უნდოდა გადასვლა. თურმე ამისათვის ბინაც ნაშოვნი ჰქონია, ქალაქ გარეთ ინჟინერ ვანო ჩიჯავაძის სახლში. მაგრამ სწირედ იმ ღამეს ს. კედია დაატუსაღეს და მთელი გეგმაც ჩაიშალა, რადგან მასთან ერთად იმავე ღამეს დაატუსაღეს ქართული ინტელიგენციის მთელი ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას ეჭვის ქვეშა ჰყავდა. ს. კედია ექვსი თვე მეტეხში იყო ჩაკეტილი. შემდეგ კი საგუბერნიო ციხეში გადაიყვანეს. სადაც კიდევ ექვსი თვე გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, პოლიტიკურ ორგანიზაციების კავშირი, სპირიდონთან ჩემი საშუალებით ხდებოდაო იხსენებს ქალბატონი კედია. სატუსაღოში გადასაცემ ცნობებს იასონ ჯავახიშვილი მაძლევდა და პასუხსაც ის ჩემგან ღებულობდა. სპირიდინი თავიდანვე იმ აზრისა იყო, რომ მტერმა მთლიანად არ უნდა დაიმორჩილოს ქვეყქნა, უპატრონოდ არ ეჩვენოსო. ამიტომ ქვეყნის სადარაჯოზე შეიარაღებული ძალა უნდა ვიყოლიოთ, თუ კავკასიის მაშტაბით მოხერხდა მტრის წინააღმდეგ გამოსვლა იმ მომენტისათვის ჩვენც მზად ვიქნებითო. ერთს ფიქრობდა ციხეში სპირიდონი, რაც მის მიერ მოწერილი წერილებიდან მკაფიოდ ჩანდა, ხოლო გარეთ კი სხვა აზრი ტრიალებდა, უფრო აჩქარებული და გამბედავი. მაგალითად კოტე აფხაზი იმ აზრისა იყო, რომ ტერორს ჩვენც ტერორით უნდა უპასუხოთო. ორჯონიკიძის თავიდან მოცილება მაინც უნდა შევძლოთო. სამხედრო კავშირის სახელით დათიკო მიქელაძე და ერ. დემ. ვასო მგალობლიშვილი სპირიდონის სანახავად გამომყვნენ ციხეში. იქიდან გამოსული დათიკო მიქელაძე თავისთვის ბუტბუტებდა: ეგ დალოცვილი, მაგას გონია ქაქუცას გაჩერება ასე ადვილია, იმას მოთმინება ეკარგება სპირიდონი კი ამბობს ქაქუცამ უნდა დაიზამთროს და თუ გამოვლენ ჩვენი მეზობლებიც, მხოლოდ მაშინ ერთად ვიმოქმედებთო. სხვაგვარად მარტო ჩვენი ბრძოლა შეუძლებელიაო.
სპირიდონი ციხეში იყო მაგრამ მასზე მეტი სასჯელი მის ოჯახს ჰქონდა, რადგან შეიარაღებული ჩეკისტი დღე და ღამ თავს დასტრიალებდა და აწუხებდა. ციხეში ლიდერებიდან აღარავინ იყო. ციხიდან ჯერ გაისტუმრეს სოციალ დემოკრატები და გერმანიის მიმართულებით გადაასახლეს. ფედერალისტები მთლიანად იყვნენ განთავისუფლებულები, ხოლო ეროვნულ დემოკრატებიდან მხოლოდ სპირიდონიღა იჯდა ციხეში. იგი მაგრად ჰყავდათ ჩაჭერილი. გარეთ ყველანი მირჩევდნენ, რომ მეზრუნა სპირიდონის განთავისუფლებისათვის. ამას, რომ სპირიდონს ვეტყოდი ის მპასუხობდა მე აქ ციხეში მირჩევნია ყოფნა, რადგან მე აქ ჩემი ქვეყნის ჰაერიც უზრუნვებელყოფილი მაქვს და ოჯახიც აქა მყავსო. გადიოდა დრო და დაჟინებით მიმეორებდნენ, არ ივარგებს სპირიდონის ციხეში დარჩენა უსათუოდ უნდა გამოვიყვანოთო, მაგალითად ლასხიშვილი და ნინიძე. ლასხიშვილმა სცადა რამდენჯერმე სპირიდონი დაერწმუნებინა, რომ მას მთავრობისათვის წერილობით ეთხოვნა თავისი განთავისუფლება, სპირიდონს ამისი გაგონებაც კი არ სურდა. ყოველ ჩემს მისვლაზე მარწმუნებდა აქ ჩემ ქვეყანაში ვიმყოფები და სად უნდა წავიდეო. მაშინ მე გადავდგი ძალიან გაბედული ნაბიჯი. დავწერე წერილი თხოვნა მთავრობის მიმართ და სპირიდონის სახელით მოვაწერე. შეშინებულმა ეს წერილი მაინც შალვა მესხიშვილს წავაკითხე. მაგრამ ეს წერილი დიდხანს უშედეგოდ დარჩებოდა, რომ მე სიტყვიერადაც არ მემოქმედნა. როგორც იყო, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სპირიდონი ციხიდან გამოვიყვანე. ბათუმამდე ეტაპით ჩაიყვანეს და იქ საგანგებო განყოფილებაში კიდევ ერთი კვირა იყო ჩაკეტილი. ჩემი დაჟინებული თხოვნით, ცრემლებით იმას მივაღწიე, რომ გამეგო რომელ გემით და რომელ დღეს გაისტუმრებდნენ, რადგან ისე ჩანდა თითქოს მათ სურდათ, რომ ყოველივე საიდუმლოდ ჩატარებულიყო. ჩეკას გაგებული ჰქონდა, რომ ბათუმელი ქართველობა გაცილებას აპირებდა, რასაც დემონსტრაციის ხასიათი ექნებოდა. ამიტომ სამხედრო რაზმით გარშემორტყმული სპირიდონი, ჩვეულებრივ გზას ააცილეს და მიხვეულ გასასვლელებით ზღვის პირას მიიყვანეს, საიდანაც შეიძლებოდა გემ ,,კლეოპატრაზე” ასვლა. მე შორიახლო ვიყავი ამ სურათის მნახველი. სპირიდონმა იქიდან გამაგებინა, რომ მას არც პასპორტი, არც ვიზა, არა აქვს და საქართველოს სტოვებს, როგორც ანონიმი მოგზაური.
უცხოეთში ჩასულმა ს. კედიამ ყოფილ მთავრობისაგან გამიჯნულად ყოფნა არჩია, რადგან ამ მთავრობასა და მის წრეებს ემიგრაციაში, წესად ჰქონდათ დადებული, კიდევ უფრო პარტიული თითქმის კასტური ზნე-საქციელი. არავითარ მონანიების გრძნობას ისინი არ ამჟღავნებდნენ. არც თავიანთ ,,საქმიანობას” აცნობდნენ მათდამი ლოიალურ მათს არამენშევიკ თანამშრომლებს. ს. კედია პოლიტიკის გარეშე მაინც არ დარჩენილა იგი გამოსცემდა გაზეთ ,,ერის გუშაგს”. მისი პიროვნების გარშემო იყო შემოკრებილი ემიგრაციის მთელი არამარქსისტული შემადგენლობა. მის პოლიტიკურ მუშაობას უცხოეთშიაც ისევე სერიოზული, მოფიქრებული და აუჩქარებელი დაღი ედო, როგორც საქართველოში. იგი არასოდეს ჩარეულა, როგორც თვითონ ეძახდა, ,,ციებ-ცხელებით შეპყრობილ ფუსფუსში” და ინტრიგა მაქინაციებში, რომელიც ახასიათებდა მაშინ ემიგრაციას. ს.კედიას ფართო ნაცნობობა და კავშირები ჰქონდა ევროპის კერძოდ, საფრანგეთის და გერმანიის პოლიტიკურ წრეებში, მაგრამ არასოდეს უცდია ეს კავშირები, ,,მოჩვენებითი საქმიანობისათვის” გამოეყენებია. ნამდვილი ქართული პოლიტიკისათვის კი კონიუქტურა არ არსებობდა. მან ზოგჯელ უარითაც კი გაისტუმრა უცხოელთა მიერ შემოთავაზებული დიდი სახსრების მოწოდება, რადგან ის ,,საქმე” რასაც ის ხალხი სანაცვლოდ მოითხოვდა, უშუალოდ ქართულ პოლიტიკის არც საგანს არც სარგებლობის მომტან ელემენტებს არ შეიცავდა. ამგვარ პოზიციაზე დგომას მაშინ მას მრავალი უპრინციპო ან პოლიტიკურ ანგარიშში ვერ გარკვეული პირი უსაყვედურებდა, ახლა როდესაც წარსულს თვალს ვავლებთ, ყველას ძალუძს დაინახოს ვინ იყო მართალი.
აგვისტოს აჯანყების წინა ხანებში კედიამ გარკვევით განაცხადა, სადაც საჭირო იყო, აჯანყების არასასურველობა. ასეთივე შინაარსის შემცველი წერილი საქართველოში ექიმმა წულუკიძემ ჩაიტანა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელობის მიმართ.
იგი აღნიშნავდა მარტო ქართველთა აჯანყების გამარჯვების შეუძლებლობას და რაც შეეხება აჯანყების მორალურ მხარეს ე. ი. მორალურ გამარჯვებას, მას მიაჩნდა, რომ თუმცა მორალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ეს მნიშვნელობა არ ღირდა იმ დიდ მსხვერპლად, რომელიც აჯანყებას მოჰყვებოდა. რამოდენიმე წლის შემდეგ ამ საკითხის გამო საუბარში მან თქვა, ის რჩეულნი და უკეთესნი, რომლებიც ათასობით დაიხვრიტნენ ცოცხლად, რომ დარჩენილიყვნენ, თვით საბჭოთა პირობებშიც კი, ამ ჯანსაღი პატრიოტული ელემენტის არსებობა, ქვეყანას დიდ სარგებლობას მოუტანდა ამ კარგთა ამოწყვეტამ ცუდებსა და უვარგისებს გაუხსნა გზაო.
ზედმეტი არ იქნებოდა ამ წერილში ითქვას თუ როგორი დამოკიდებულება ქონდა მას უკანასკნელ მსოფლიო ომში ქართვულ ემიგრაციასა და გერმანელებს შორის არსებულ კონტაქტთან. მოწმობა ემყარება მხოლოდ ერთ საუბარს, რომელიც ამ წერილის ავტორს 1940 წლის დასასრულს ჰქონდა კედიასთან. სამხედრო სამსახუროებრივ საქმის გამო ბერლინში ჩამოსულმა გავიგე, (რუმინეთიდან საყარაულო სამსახურისათვის შერჩეულ ასოც ყოფილ ტყვესაგან შემდგარ ჯგუფს ჩამოვყევი) რომ ს. კედია ბერლინის უპირველეს სასტუმრო ადლონში ცხოვრობდა და თვით სასტუმროში მაღალი სტუმრებისათვის განკუთვნილი ბინა ეჭირა, მისი ბინის კარები იმ მოლოდინში გავაღე, რომ საამო და გამამხნევებელ ამბებს გავიგებდი, ქართული საქმის პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ჩემი იმედები პირველივე წუთებში გაქრა, პირველ წუთებშივე, რადგან საუბარი მაშინვე ამ საკითხს შეეხო. მან ყოველგვარ შეფერადების გარეშე მითხრა, რომ გერმანულ ხელისუფლებასთან არა თუ შეთანხმებას არავითარი პოლიტიკური ხასიათის მოლაპარაკებასაც ადგილი არა აქვსო. ამით გაკვირვებულს, მე ალბათ რაღაც საყვედურის მსგავსი წამომცდა, რადგან თითქმის მწყრალად მითხრა, მიმატოვეთ მე მარტო დამტოვეთ და ახლა ჩემგან რაღას მოითხოვთო, დაუყოვნებლივ ვუპასუხე, მე თქვენ არ მიმიტოვებიხართ ბატონო სპირიდონ. (მე პარიზიდან არ წამოვსულვარ სხვებთან ერთად არამედ უკვე ბერლინში მყოფი წავედი ჯარში) შენ, რომ პარიზში ყოფილიყავ შენც ხომ ისევე მოიქცეოდი როგორც საშა და მიტო (ცომაია და სინჯიკაშვილი) მოიქცნენო მკითხა და განაგრძო. ჰიტლერი მხოლოდ სამხედრო ძალაზე ამყარებს თავის ანგარიშებს. გერმანულ პოლიტიკასაც პიროვნულად ხელმძღვანელობს. ამჟამად მას პოლიტიკისათვის არა სცალია და საერთოდ მისი მეთოდი იმგვარ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გამორიცხავს, როგორც ჩვენ გვსურსო. ქართველებთან კონტაქტი გერმანულმა მხედრობამ დაამყარა და არა გარეშე საქმეთა სამინისტრომ. მხედრებს თანამშრომლები სჭიროდა და არა პოლიტიკოსები. ერთადერთი საშუალება ამ საქმეში ქართული პოლიტიკური საკითხის ჩართვისა ის იქნებოდა, რომ გერმანული მხედრობა იძულებული ყოფილიყო ქართველთა თანამშრომლობის მოსაპოვებლად, ქართული პოლიტიკური წრეებისათვის მიემართნა. ახლა კი რაც მათ სჭიროდათ ყოველივე სრულიად უსასყიდლოდ, უკვე მიიღეს და თავს რატომ აიტკივებენ ჩვენ რაღად დაგველაპარაკებიანო. ბატონო სპირიდონ, ჟორდანიაც მიატოვა მისმა ხალხმა მეთქი ვკითხე მე. ჟორდანია იგავში ნახსენებ მოლას მდგომარეობაში აღმოჩნდა, ყველა, რომ ფლავის დარიგებისაკენ მირბოდა, მანაც გამოუშვა თავისი ხალხიო.
ეს საუბარი საკმაოდ გრძელი იყო და მისი მთელი შინაარსის გადმოცემის ცდა არც საჭიროა, რადგან ორთა შორის მე მეტი ვილაპარაკე, თუნდაც იმიტომ, რომ როგორც ჯარიდან მოსულს მე უფრო მეტი საამბობი მქონდა. ს. კედიამ საუბარი იმედის მოცემით დაამთავრა. გულს ნუ გაიტეხთ, როგორც არ უნდა იყოს თქვენი როლი იგივე რჩება. იმოქმედეთ როგორც შეგეძლებათ და როგორც თქვენი მოვალეობის შეგნება გიკარნახებთო. ეს საქმე ჩვენთვის იდეალურ პირობებში ვერ დაიწყო, მაგრამ ჩვენ ამაში უმწეონი ვართ, ამიტომ მდგომარეობას უნდა შევეგუოთ უნდა ვცადოთ რაც არის იმისი გამოყენება. საერთოდ ბლიცკრიგის შეფერხების ჩემდეგ, საქმე კომპრომეტირებულია. (ეს ორი სიტყვა ფრანგულად თქვა) და დაუმატა, ვინ იცის ომის მსვლელობა როგორ განვითარდება. ფიქრი დაიბადა, რომ რუსეთიც ისევე ადვილად დამარცხდებოდა, როგორც საფრანგეთი დამარცხდა მაგრამ ამის გადაჭრით მტკიცება უკვე აღარ შეიძლებოდა სხვა პერსპექტივების არსებობაც მხედველობაში უნდა მივიღოთ. თუ გერმანელებმა რუსები ვერ დაამარცხეს, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ისინი ვისთვისაც სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის გამარჯვება, რუსთა გამარჯვებასაც არ დაუშვებენ. სხვა პერსპექტივის ახლავე დაშვება ორ სკამზე ჯდომას ხომ არ ნიშნავს მეთქი. არაო, როცა ერთ სკამს ფეხი მოტყდება, მეორეზე დაჯდომა უნდა გაითვალისწინო. ეს ორ სკამზე ჯდომა არ არისო.
მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ მეორე სკამიც ფეხმოტეხილი აღმოჩნდებოდა.
სპირიდონ კედიას საარსებო ნივთიერი წყარო, საპკურებელ სურნელებათა პატარა ლაბორატორიის გაძღოლა იყო. ამ ლაბორატორიაში საპარფიუმერო ფირმისათვის ამზადებდა იგი სურნელოვან ესენციებს. ეს ფირმა მისმა ძველმა უახლოესმა მეგობარმა და თანამებრძოლმა გიორგი მაჩაბელმა დააარსა ამერიკაში. ამ ფირმის მონაწილე აქციონერი იყო თითონაც. იგი ფირმის კუთვნილ სახლში ცხოვრობდა თავისი ცოლშვილით და ლაბორატორიაც იმავე შენობას იყო მიშენებული. ეს სახლი მდებარეობდა პარიზის სამხრეთ დასავლეთ უბანში, კლამარად წოდებულ პატარა ქალაქში, მცირე ტყის პირას. ამ სახლში გარდაიცვალა იგი 1945 წელს.
სპირიდონ კედია, გარეგნობით საშუალოზე ცოტათი მაღალი, მაგრამ ბრგე და ჩასხმული კაცი იყო. სახე შავგვრემანი და კეხიანი ცხვირი ჰქონდა. ურჩი შავი თმის კონა ხანდახან შუბლძე უვარდებოდა.
დიდი ორატორული ნიჭის პატრონს მას მრავალჯერ საქართველოს ოქროპირი უწოდეს. მისი ორატორობა, სიტყვის მხოლოდ ლამაზად და ეფექტით წარმოთქმით არ განისაზღვრებოდა. სიტყვა მისი, აგზნებასა და პათოსთან ერთად იყო უაღესად მოაზრებული, ლოგიკური და თანამიმდევრული. ივანე ჯავახიშვილს, რომელიც მის გამოსვლებს დაძაბული ყურადღებით უსმენდა ხოლმე ერთჯერ თურმე უთქვამს: ასეთი სიტყვა ევროპულ დიდ პარლამენტში მოსმენის ღირსიაო.
საუბარში იგი კიდევ უფრო მომხიბლავი იყო. თავაზიანი ზრდილი და კეთილგანწყობილი იგი, პირველ დაახლოებისთანავე კაცს აჯადოებდა, თავისი ინტელექტუალობით, კეთილშობილებით და პატიოსნებით. ეს მისი ძირითადი თვისებები იყო. დიდი კულტურის მქონე ადამიანი, მდიდარი და დახვეწილი ქართულით მოუბარი, შთაბეჭდილებას ახდენდა თითქოს წიგნი ლაპარაკობსო. მისი სიტყვის თუ საუბრის სტენოგრამას გასწორება არ დასჭირდებოდა. მას უნარი ჰქონდა, გონებრივად ელექტრონული სიზუსტით, დაუყოვნებლივ ჩამოეყალიბებინა ტვინის სალაროში წარმოქმნილი იდეა და უზადო სიტყვად ექცია ის. იგი ქართული მწერლობის მცოდნე მოყვარული და კრიტიკულად შემფასებელიც იყო. აქ შემიძლია მაგალითისათვის მოვიტანო ჩემს მეხსიერებაში დარჩენილი მის მიერ გამოთქმული, შენიშვნები ბარათაშვილზე და ვაჟაზე. მან შენიშნა, ბარათაშვილის უბედურება _ პესიმისტობაზე მოლაპარაკეს, ბარათაშვილი თუ ჩვენ უბედურად გვეჩვენება, იმიტომ, რომ ჩვენი საზომით უდგებით, გენიისათვის ბედ-უბედობის კრიტერიუმი სხვა არის, ბარათაშვილი არ ტირის და წუწუნებს. მას თავისი სიდიდე უსათუოდ ესმოდა. ვინც საკუთარი დაკრძალვის ცერემონიაში სტიქიასა და ბუნებას, მოუხმობს, შავ ყორანს, ქარიშხალს, ციურ ცვარს და მყივარ სვავებს, მას უზარმაზარი პრეტენზია აქვს – გენიის შესაფერი. ოდნავ კოჭლობა ვერ გააუბედურებდა თავისი დროის ბრწყინვალე ჭაბუკს ორბელიანის ახლობელს, ვისთვისაც ყოველ არისტოკრატიულ ოჯახის კარი ღია იყო და თუ იგი ნივთიერად ღარიბი იყო, იგი კარგად გრძნობდა, როგორი სიმდიდრე ჰქონდა ღმერთისაგან მინიჭებულიო. სულ სხვა არისო ვაჟა. მასაც თავისი ფასი უსათუოდ ესმოდა, მაგრამ შეუძლებელია ეფიქრნა, რომ მისი დიდება შოთასას გაუტოლდებოდა. ასეთი პრეტენზია, რომ ჰქონოდა თავისი საფლავის შესამკობად დეკა და ღვიათი არ დაკმაყოფილდებოდაო.
ეს წერილი მხოლოდ ცდა არის დიდი ქართველის დახასიათებისა – როგორც მე შემეძლო. ღმერთი, რომ ოდნავ შეგვწევნოდა და რამდენიმე წელი დაგვცლოდა, მრუდედ ნაჭედის გამართვას შეძლებდა ქართველი ერი, მას დიდი გამოცდილება აქვს წამხდარისა და დანგრეულისაც აღდგენა ახლად შენებისა. ამის მოწმეა ქართლის ცხოვრება. მაგრამ ისტორიას ის ულმობელი წესიცა აქვს, რომ განმეორებით ჩადენილ შეცდომას არავის აპატიებს. გარნა ჩვენ სად იყო, რომ შეცდომა არ ჩავიდინეთ. ჩვენ წესად დავიდეთ და ვერ მივატოვეთ ის საქციელი, რომლის ჩამდენ საქართველოზე მიხეილ წერეთელმა თქვა: ,,ყოვლად უგვანონი, უმსგავსონი და სულელნი დაიტოვა თავის ცხოვრების წინამძღოლადო”.
მიუხედავად ამისა დამოუკიდებლობის მოკლე ხანაშიც აშკარად ჩანდა ეროვნულ შეგნების სწრაფი ზრდა და გამოფხიზლება. დაავადებული შეგნების მთლიანი გამოჯანსაღებაც შორს როდი იყო ეს, რომ დაგვცლოდა თვალახელილი საქართველო თავის ბედს ღირსეულს ჩააბარებდა. მაშინ ილიას სახესაც ჭმუნვა განეყრებოდა. ოდეს საქართველოს მომვლელად იგულვებდა თავის სულიერ შვილს. მაშინ გამოადგებოდა ნატანჯ ქვეყანას მისი ნიჭიერი და ერთგული შვილის მეთაურობა. მაგრამ ეს ბედი ჩვენ არ გვეღირსა და სპირიდონ კედიას სიცოცხლის წლები, რომელნიც სამშობლოს მისის ამაღლების საქმეს უნდა მოხმარებოდა, ლტოლვილობაში თავის მამულზე ნაღვლიან და მტკივნეულ ფიქრებში დაილია.
მიხეილ ქავთარაძე

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress