საქართველოს პატრიარქის შესაძლო მოწამვლის ფაქტის გამო

patrirqi

მამუკა გიორგაძე fact2.ge

მთელი საქართველო შეძრწუნდა უწმინდესი პატრიარქის მოწამვლის ფაქტის აღკვეთის შესახებ გენერალური პროკურატურის განცხადების შემდეგ –  ნუთუ არსებობს საქართველოში ადამიანი, სასულიერო პირი, რომელმაც შეიძლება ხელყოს ქვეყნის ყველაზე საყვარელი და ღვაწლმოსილი ადამიანის, ერის სულიერი მამის სიცოცხლე!  ნუთუ ასეთი ზნედაცემული და უმადური ხალხი ვართ!!!  ნუთუ  მეორდება საუკუნის წინანდელი ტრაგედია?!

ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ზარზეიმით  გვაუწყეს  უდიდესი საფრთხის განეიტრალების შესახებ.  პატრიარქისთვის გერმანიაში ჩატერებული ოპერაციის ფონზე რამდენიმე დღის განმავლობაში გამუდმებით გვაწვდიდნენ ასეთ შემაშფოთებელ და დამთრგუნავ ინფორმაციას. ასეთი დიდი შოკის შემდეგ ირკვევა, რომ სხვა მნიშვნელობის დანაშაულთან გვაქცს საქმე. ოფიციოზი განზე გადგა პატრიარქზე მზრუნველის  პოზაში  –  გამოძიების მიმდინარეობა გასაიდუმლოებულია,  მოწმეებსა და ადვოკატებსაც გაუთქმელობის ხელმოწერა აქვთ ვალდებულებად.  რაც  გვითხრეს, შეკითხვები უფრო მეტი გააჩინა, ვიდრე პასუხი მივიღეთ.  ახლა ჩვენ უნდა ვურტყათ შუბლები ერთმანეთს და თან ვიმარჩიელოთ.

სამაგიეროდ ფართო გასაქანი მიეცა ეკლესიის შიგნით არსებული განსახილველი საკითხების ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებში გარდასახვის მცდელობებს (ვეჭვობთ სცენარითაც ასე იყო).  მედია და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი ძველი თუ ახალი გვარდია ერთმანეთს ეჯიბრება რომელი უფრო დიდ სკანდალს ააგორებს. მითუმეტეს, რომ ამ “განხილვებს” “დაპირისპირების”  მიზანმიმართული წახალისებით, გარედან ჩარევის მკაფიოდ გამოკვეთილი ორგანიზებული ანტიეკლესიური ფორმა აქვთ და ნათელს ჰფენენ ინსპირატორთა მიზანს ხელი შეუშალონ საქართველოს ეკლესიის ფუნქციონირებას. ყველა ჯანსაღი ორგანიზმი და მათ შორის საქართველოს ეკლესია თვითონვე მოუვლის მის შიგნით არსებულ პრობლემასა თუ აზრთა სხვადასხვაობას, გარედან ჩარევების შემცირების პარალელურად.

სახეზეა დაგეგმილ საყოველთაო ეგზალტაციისა და ისტერიის სპექტაკლში  ეკლესიის ჩათრევის მცდელობა. ინსტრუმენტად კი ბუნებისგან ამ “საქმისთვის” მოწოდებული ნაცადი სახეები მოგვევლინნენ, რომელთა ლოზუნგია - დავანგრიოთ რისი დანგრევაც სააკაშვილმა ვერ შეძლო ან ვერ დაანგრია.  გამოვიყენოთ ყველა შემთხვევა ამ მიზნის მისაღწევად, გამოვიყენოთ ყველა ხელთ არსებული რესურსი, ყველა ვისი პირადი ინტერესიც შეიძლება მოვლენების ესკალაციისთვის გამოდგეს. გავაკეთოთ ისე, რომ ყველა გაისვაროს, როგორც პიროვნებები ასევე ინსტიტუცია.

ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ გამოძიებას, თანადგომას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს და დაინტერესებულნი ვართ ობიექტური სიმართლის დადგენასა და დამნაშავეების დასჯაში, მაგრამ მიუღებელია მის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური ინსინუაციები.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ   გრძელდება ორგანიზებული და მართვადი დიდი გეგმის განხორციელება, რომელსაც საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა ჰქვია. სწორედ ამ დიდი კამპანიის ერთ-ერთ ეპიზოდად იქნა გამოყენებული მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე.

შეტევის  მიზანია – ერთიანი ქართული მართლმადიდებლური სივრცის რღვევა,  სასულიერო პირებისა და მრევლის ჩართვა საჯარო დაპირისპირებაში, კონკრეტული იერარქებისა და მთლიანად ეკლესიის კომპრომეტირება.  გამოიყაროს ყველაფერი, ტყუილიც და მართალიც,  რაც მოსახლეობის თვალში მთლიანად ეკლესიის დისკრედიტაციას და მისგან ხალხის ჩამოშორებას გამოიწვევს.

დაგეგმილი საბოლოო  შედეგი – ეკლესიის გადაქცევა შიდა პრობლემებში ჩაძირულ მართვად დაწესებულებად, რათა მან ვერ შეასრულოს თავისი უპირველესი დანიშნულება – ერის სულიერი დაპურება და წინამძღოლობა, ვერ შეძლოს ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედის ისტორიული მისიის შესრულება დღევანდელი ძნელბედობის ჟამს.

მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, კარგად გაანალიზეთ, რასთან გვაქვს საქმე. უმორჩილესად გთხოვთ, მოთოკეთ ემოციები, საკითხები განიხილეთ მხოლოდ სინოდზე ან შესაბამისი ფორმატით. იფიქრეთ მთლიანად ეკლესიაზეც და  ჩვენზეც, ეკლესიის შვილებზე, ჩვენს მდგომარეობაზე.

ჩვენი სიმართლისათვის ბრძოლის მოტივი და უფლება ყველას გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებულ იქნას სიბრძნის, მორალის ან ეკლესიისა და სახელმწიფოს ბედზე პასუხისმგებლობის გარეშე, ანუ განუკითხავად. რაც შეეხება წინააღმდეგ მოქმედ ძალებს, ეკლესიისა და სახელმწიფოს  ინტერესების   საწინაღმდეგო  ქმედებაში მონაწილეობის  გამო  ქართველი ერმა ყველას შესაბამისი პასუხი უნდა მოსთხოვოს და მოსთხოვს კიდეც.

საღად გააზრება იმისა, რაც ამ მხრივ ჩვენს ტელევიზიებში ხდება, უნდა დაგვეხმაროს გამოფხიზლებასა და სწორი ორიენტირების არჩევაში.  მოვუწოდებთ მრევლს, რომელიც გულწრფელად განიცდის შექმნილ საგანგაშო ვითარებას, არ ჩავათრევინოთ თავი ამ ბინძურ ქმედებებში, შევაერთოთ ჩვენი ძალისხმევა და ერთობლივი აქტიური, თანმიმდევრული, გააზრებული და ადეკვატური ნაბიჯებით შესაბამისი ფორმებით ყველას გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ თითქოს და მას ძალუძს ისე მოექცეს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, როგორც თავად სურს და ამისთვის არავინ მოსთხოვს პასუხს. უნდა გავუფანტოთ ის ილუზიაც, რომ რაიმე მოღალატური თუ დანაშაულებრივი ქმედება შესაძლებელია დაუსჯელი დარჩეს.

მამუკა გიორგაძე – სახალხო პარტია.  

      15 თებერვალი 2016 წელი.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress