უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ღვთის მადლითა და წყალობით ახალი სასწავლო წელი იწყება. დღევანდელ დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ვფიქრობთ იმიტომ, რომ წარსულისა და აწმყოს ანალიზით ხვალინდელი დღის განჭვრეტა გვმართებს, კერძოდ, რა სჭირდება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს, სწორედ ამგვარ დაფიქრებულ მოქმედებას ელოდება თქვენგან ჩვენი ხალხიცა და ეკლესიაც.
პირველი სიტყვები, რომლითაც მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა ჩგენმა იესო ქრისტემ მოციქულებს მიმართა გამოცხადებისას, იყო მშვიდობა თქვენთანა, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, უპირველეს ყოვლისა, შინაგანი, სულიერი მშვიდობა; მშვიდობა ერისა და ეკლესიისა. უფალი მოციქულებს ეუბნებოდა: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულითა წმიდისათა. ე.ი. ჯერ მოიმოწაფენით, ანუ უქადაგეთ და შემდეგ ეცით ნათელიო, მაგრამ ადამიანმა სხვას რომ უქადაგოს, ჯერ თვითონ უნდა იყოს იმ სიმაღლეზე, რომ მის სიტყვას ღვთის ძალა ჰქონდეს; აი, ამგვარი ღვთის ძალის მისაღებად ხართ თქვენ მოწოდებული აქ, რადგან სასულიერო სემინარია და აკადემია სწორედ ის სასწავლებელია, სადაც ადამიანმა სულიერობა, ღვთის ძალა უნდა შეიძინოს და ამ გზით ფერისცვალება განიცადოს.
მაგონდება ჩემი სწავლის წლები. ჩვენს შორის იყვნენ სულიერი სტუდენტები, რომელნიც ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, საღმრთო წიგნებს კითხულობდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ეს სულიერობა არ ეკარებოდათ, საქმე აქამდეც კი მივიდა, რომ ისინი შემდეგში ცნობილი ათეისტები გახდნენ და ხალხს ათეისტური მოძღვრებით წამლავდნენ. ისმება კითხვა, როგორ მოხდა, რომ სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ათეისტი აღიზარდა; ეს მოხდა იმიტომ, რომ იგი არ იყო მოწოდებული ღვთისგან, გული მისი ბოროტებით იყო აღსავსე და მას არ განუცდია პროცესი სულიერი ამაღლებისა, ფერისცვალებისა. მართალია, ისიც ჩვენთან ერთად იძენდა ცოდნას, უსმენდა ლექციებს, წიგნებს კითხულობდა, მაგრამ მთავარი რამ აკლდა – ბოროტებისა და სიძულვილისაგან განწმენდილი გული და შედეგიც საშინელი მივიღეთ. ამიტომ მინდა, რომ თქვენ მთავარი ყურადღება სულიერობას მიაქციოთ, ხოლო ეს სულიერობა უფალს უნდა სთხოვოთ, რადგან კარგად იცით, რომ ადამიანი უძლური არსებაა და ღვთის შემწეობის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. მაგრამ ამავე დროს, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ნებაც უნდა მოქმედებდეს, ჩვენც უნდა გვქონდეს სურვილი ფერისცვალებისა, თუ ეს სურვილი არ გვაქვს, უფალი ძალით ვერ გვაცხოვნებს. გავიხსენოთ უფლის თორმეტი მოციქული. აქედან თერთმეტი გენისარეთის ტბის ნაპირას მცხოვრები მეთევზური იყო, მხოლოდ იუდა იყი სხვა სოფლიდან, კერძოდ, ისკარიოტიდან, რომელიც ფერდობზეა შეფენილი. ცნობილია, რომ ისკარიოტელები გზაზე ჩამოდიოდნენ და ხალხს ძარცვავდნენ. სულიერი ძალა სასწაულებრივი ქმედებისა სხვა მოციქულთა მსგავსად იუდასაც მიეცა, მასაც შეეძლო მკვდართა აღდგინება, ეშმაკეულისა და ავადმყოფთა განკურნება, მაგრამ მაინც დაიღუპა და დაიღუპა იმიტომ, რომ მასში არ მოხდა სინერგია ანუ ღვთაებრივი და ადამიანური ენერგიის შეერთება. უფალმა კი მისცა ძალა, მაგრამ თავად მან საკუთარი ენერგია სხვა გზით წარმართა. მხოლოდ სინერგიის შემთხვევაში ხდება ადამიანი სულიერი და მოაქვს საუკეთესო ნაყოფი. გაიხსენეთ, რომ მამის, დავით წინასწარმეტყველის, ტახტზე ასულმა სოლომონმაც უფალს გული გონიერი სთხოვა, რათა ბოროტისა და კეთილის ერთმანეთისაგან გარჩევა შეძლებოდა. აი, ეს გული გონიერი მოგცეთ უფალმა.
ცნობილი დიდი მეცნიერი, ფიზიოლოგი პავლოვი, რომელიც მღვდლის ოჯახში გაიზარდა, დიდად მორწმუნე პიროვნება იყო. როცა მას ერთხელ ერთმა მთავრობის წარმომადგენელმა ჰკითხა: ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი, მორწმუნე ბრძანდებითო, მან უპასუხა: როცა კაცი ადამიანის სისხლს სწავლობს, მორწმუნე კი არა, შეიძლება წმინდანიც გახდეს, იმდენად ამტკიცებს იგა ღვთის ძალის არსებობასო. ამიტომ პირველ რიგში უფალს ძალა, მადლი, შეწევნა უნდა სთხოვოთ.
მეოცე საუკუნეში მცხოვრები კაცობრიობის ძირითადი შეცდომა ამპარტავნებაა. ადამიანმა განიზრახა მხოლოდ საკუთარი ძალით მოიპოვოს ბედნიერება და შეიქმნას მომავალი და კარგად ხედავთ, რა შედეგიც მიიღო, რწმენასთან ერთად ყველაფერი დაკარგა: სიყვარული, ზნეობა – და რაც მთავარია, დაირღვა ოჯახი. ოჯახზე გაჩნდა ორი თავი, მაშინ როცა იგი ერთი სხეულია და თავიც ერთი უნდა ჰქონდეს, კერძოდ, მას მამაკაცი უნდა მართავდეს.
ღვთის მადლი რომ მოგეცემათ, ამის შემდეგ უფალს უნდა სთხოვოთ, მოგცეთ ცოდნა რისთვისაც ინტენსიური მეცადინეობაა საჭირო. აქვე მინდა გავიხსენო ერთი ჩვენი პროფესორის სიტყვები სასულიერო სემინარია და აკადემია ცოდნას კი არა, გასაღებს აძლევსო. აი, ამ გასაღებით უნდა გააღო მეცნიერების დარბაზი და შეხვიდე. საჭიროა წიგნთან ხანგრძლივად ჯდომა. საღმრთო წიგნების გარდა, აუცილებლად უნდა ვკითხულობდეთ ფილოსოფიურსა და ანთროპოლოგიურ თხზულებებს, ფსიქოლოგიას, ლოგიკასა და ისტირიას აუცილებელია წაკითხულის განსჯა, ანუ გარჩევა იმისა, რაა მისაღები და რა დასაგმობი. ჩვენი ქალაქის მაღაზიები და ქუჩებში გამოტანილი დახლები დღეს სხვადასხვა წიგნითაა სავსე, ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა შეგვეძლოს განსჯა, რომელი მოგვცემს მათგან ჭეშმარიტ ცოდნას და რომელი არა. არც მორწმუნეთა ერთ ნაწილშა გავრცელებული აზრია სწორი იმის თაობაზე, თითქოს იმის წაკითხვა, რაც ქრისტიანისათვის მისაღები არაა, საერთოდ არ შეიძლებოდეს. თავის დროზე ძალიან მოდური იყო რუდოლფ შტაინერის მოძღვრება – ანთროპოსოფია, შტაინერისა და მისი მიმდევრების წიგნებიც უნდა წავიკითხოთ, რათა ჩვენც ვიცოდეთ და სხვასაც ავუხსნათ, რატომ არაა მათი სწავლება სწორი და მისაღები.
მესამე თვისება, რაც უცილობლად სჭირდება ადამიანის სულიერ ფერისცვალებას, არის თანდაყოლილი სიკეთე, როგორც წმიდა ბასილი დიდი, მღვდელმთავარი კესარია-კაპადოკიისა, ამბობს ბოროტება არ იკურნება ბოროტებით, ბოროტება მხოლოდ სიკეთით იკურნება. დღეს კი ჩვენს ირგვლივ ბოროტება მძვინვარებს, რისი მიზეზიც თითქოს აუხსნელია, რადგან მეცნიერულსა და ტექნიკურ სიახლეებს ზღვარი არა აქვს, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სამაგიეროდ უზარმაზარი ნაბიჯებია გადადგმული უკან, მორალისა და სულიერობის სფეროში, ყოველივე ნათელი გახდება. ამ ბოროტების სიბნელეში თქვენ უნდა ჰგავდეთ ღამით ანთებულ სანთელს, რომელიც თვითონ იწვის, რათა სხვას გზა გაუნათოს, ეს რომ შეძლოთ, გულის სიკეთე უნდა გქონდეთ, რიძელიც უფალს უნდა სთხოვოთ.
დიდი მეცნიერები ამბობენ, რომ დღეს ფილოსოფოსები კი არა გვყავს, არამედ მხოლოდ კრიტიკოსები. მართლაც, დღეს ყველა აკრიტიკებს, ყოველი ადამიანი სხვაში მხოლოდ ცუდს ხედავს და ვეღარ ამჩნევს სიკეთეს, რომელიც მაინც დარჩა. ასე რომ არ იყოს, კაცობრიობა უკვე ვეღარ იარსებებდა, დაიღუპებოდა.
და ბოლოს, მე მინდა შეგახსენოთ, თუ რა რთული მდგომარეობაა საქართველოში. ქართველი ერი თითქოს თავისუფლების გზას ადგას. მაგრამ ორად გაჩეხილი და გაყოფილი, მაშინ როცა ორივე მხარე თავს ქრისტიანებს უწოდებს, მე მოვუწოდე ორივე მხარეს, რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ და ერთმანეთთან ესაუბრათ სადავო საკითხებზე. როგორც ხედავთ, ამ მტრობით აღსავსე დროში ეკლესია დარჩა ერთადერთ ძალად, რომელმაც ყველას გაერთიანება უნდა შეძლოს, ოღონდ რა თქმა უნდა, თუ მოუსმინეს. ამიტომ თქვენ, სასულიერო სასწავლებლის სტუდენტებმაც და მასწავლებლებმაც თავი უნდა შეიკავოთ რომელიმე მხარეზე დადგომისაგან. თქვენ, როგორც აქტიურმა წევრებმა ეკლესიისა, მხოლოდ გაერთიანებისათვის უნდა იზრუნოთ, ვისაც უნდა პოლიტიკაში მოღვაწეობა, იმოღვაწოს, მაგრამ მაშინ იგი უნდა წავიდეს სასულიერო სასწავლებლიდან. მეტსაც გეტყვით, ჩვენი ეკლესიის სინოდმა გამოიტანა სპეციალური ბრძანება იმის თაობაზე, რომ სასულიერო პირს ეკრძალება რომელიმე პარტიის წევრობა, რადგან ამგვარ შემთხვევაში იგი ვეღარ შეძლებს შეასრულოს თავისი უმთავრესი მისია, მისია გამაერთიანებელისა.
რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომელნიც წელს სასულიერო სასწავლებლის გარეთ დარჩნენ, მათ შეუძლიათ ერთი მოსამზადებელი წელიწადი გაატარონ თბილისთან ახლოს, ღვთაების მონასტერში, სადაც ისინი მოუსმენენ წირვა-ლოცვას, ისწავლიან ხატწერას, ხუცურსა და ლიტურგიკას.
ღმერთმა დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, ახალი საეკლესიო წელიწადის, ინდიქტიონის დაწყებას.
ჩვენთან არს ღმერთი! ამინ!
14 სექტემბერი, 1991 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.