(06.08.2016)
მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე
ბ-ნ ვალერი კვარცხელიას პრორუსული გადაცემები “ობიექტივის” ეთერში და მათი შინაარსის თანდათანობითი ცვლის მიმართულება მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მზადდება ანტისახელმწიფოებრივი მასობრივი გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. კვარაცხელია, რომელსაც ლენინიზმი ჯერ კიდევ ცოცხალ ბრძნულ “მოძღვრებად” მიაჩნია და ხალხთა საპყრობილის – საბჭოთა კავშირის დაშლა ისტორიული შემთხვევითობა ჰგონია, აშკარად რუსულ გეგმას მკვეთრი კრესჩენდოთი ანვითარებს.
31 ივლისის ღამის გადაცემაში წამყვანმა ვ. კვარაცხელიამ პირდაპირ გამოაცხადა, რომ მის პოლიტიკურ გუნდს აქვს არსებითი კონტაქტები რუსეთის მაღალი რანგის მმართველ ძალებთან და რომ მის პოლიტიკურ მოძრობას მიზნად აქვს, სხვა მიზანთა შორის, რუსეთის საზღვრების დაცვა სამხრეთიდან და საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების აღდგენა არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ დანარჩენ ტერიტორიაზეც.
ვფიქრობთ (უფრო ზუსტად, ვხედავთ), რომ ხსენებული ჯგუფის (არა მარტო ამ გუნდის) საპროპაგანდო და პრაქტიკული საქმიანობის მიზანი-მაქსიმუმი არის საქართველოს კიდევ ერთხელ ანექსია ან სრული ოკუპაცია რუსეთის მიერ, ხოლო მიზანი-მინიმუმი არის მოსახლეობის ნაკლებ ინფორმირებული მასის გამოყვანა აგრესიულ პრორუსულ აქციაზე, რომელიც, ჩანაფიქრით, ხელისუფლების მიერ რეპრესიის ჩატარებით ან მართვადი ქაოსის შექმნით უნდა დამთავრდეს და ამით რუსეთს – რა თქმა უნდა, ყოველგვარი კანონის საწინააღმდეგოდ – შეიარაღებული ჩარევის “საბაბი” მიეცეს.
წინამდებარე წერილის მიზანია ქართველ ერს წარმოუდგინოს სიცრუის (დეზინფორმაციის) ის ძირითადი პუნქტები, რომლითაც დღევანდელ ეტაპზე კვარაცხელის გადაცემათა მონაწილენი და მისი მსგავსნი მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებული ნაწილის მობილიზებას ზემოხსენებულ ანტისახელმწიფოებრივ ავანტურაში ჩასაბმელად.
პირველი სიცრუე – მოსახლეობას ეუბნებიან: თუ რუსეთს ვაამებთ, წართმეულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს. ამ პირობის მომცემ რუსს არ ასახელებენ და ვერ ასახელებენ, რადგან ასეთი პირი ოფიციალურ ურთიერთობებში არ არსებობს. ასეთი პირობის შესრულება შეუძლებელია – რუსეთი თავისი ნებით საქართველოდან არ წავა. მიზეზები შემდეგია:
1. რუსეთის საუკუნეებზე გამწვდომი მიზანია და მისწრაფებაა კავკასიონის სამხრეთით მდებარე რაიმე ტერიტორიის (ამ შემთხვევაში – აფხაზეთის ან ცხინვალის ან ორივეს ერთად) ანექსია იმ მიზნით, რომ ამიერკავკასიის მეოთხე სახელმწიფო გახდეს და მსოფლიოს ყველა სხვა ძალებს ამიერკავკასიის თემაზე დაელაპარაკოს როგორც “აქური” არააქაურებს.
2. რუსეთისთვის უკვე პოლიტიკურად შეუძლებელია (რადგან რადიკალურად წამგებიანია) თავისი აფსუა და ოსი ხელქვეითების გაწბილება, რომელთაც საქართველოს სახელმწიფოსაგან “განთავისუფლება” აღუთქვა (რეზერვში კონფედერაციის ვარიანტიც აქვს, თუ ძალიან გაუჭირდება).
3. (მთავარი) რუსეთის ობიექტური ინტერესია საქართველოს დამოუკიდებლად ან არარსებობა ან პირწმინდად პარალიზებულ მდგომარეობაში არსებობა. რუსეთის დღევანდელი და მომავალი პოლიტიკის გამჭოლი მიზანია რუსული და ჩინური სტრატეგიული ინტერესის დაცვა შუა აზიაში.
ამიტომ რუსეთმა (სხვა გზა არა აქვს!) დასავლეთს ახლავე უნდა ჩაუკეტოს ამიერკავკასიის დერეფანი შუა აზიისკენ, ხოლო შუა აზიას – დასავლეთისკენ. ეს მას შეუძლია მხოლოდ ძალით, მაგრამ არა ნებით, რადგან რუსეთი დასავლეთთან შედარებით არაკონკურენტუნარიანია სხვა, უფრო მცირე ქვეყნებთან (ამ შემთხვევაში – შუა აზიის ქვეყნებთან) ურთიერთობაში. თუ დასავლეთმა შუა აზიაში თავი დაიმკვიდრა და თავისი მაღალი ცივილიზაციური დონით შუა აზია მიიმხრო, მაშინ მას ჩინეთის ექსპანსიის მოგერიებაში რუსეთი აღარ სჭირდება. რუსეთი დარჩება მხოლოდ ნედლეულის ბაზად.
მეორე სიცრუე – კვარაცხელიას გუნდი გვეუბნება, რომ, თუ რუსეთს არ უნდა, ჩვენს ტერიტორიებს ვერასოდეს დავიბრუნებთ. ანუ გვეუბნება: რუსეთს აქვს და მუდამ ექნება იმის ძალა, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ დაუშვას. ესეც ტყუილია. ტყუილი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთს მსოფლიოსთვის თავისი ნების კარნახის ძალა დღეს აღარ აქვს და რაც დრო გავა, უფრო და უფრო ნაკლებად ექნება. ამის ფაქტორებია:
- რუსეთი კოლონიური იმპერიაა, ანუ ძალაზე დამყარებული სახელმწიფოა. ამიტომ იგი შეიარაღებათა შეჯიბრს ვერ გაექცევა. როგორც კი განიარაღდება (ბირთვულ იარაღზე აქ ლაპარაკი არ გვაქვს), მას განუდგება ჯერ ჩრდილო კავკასია, შემდეგ იაკუტია და შემდეგ სხვანი და სხვანი. მშვიდობიან პოლიტიკაზე რუსეთი ვერ გადავა იმიტომ, რომ მის ნაწილებს მის შემდგენლობაში ყოფნა არ უნდათ და მათ ამაში ეთანხმება ე.წ. კეთილი ნების მთელი მსოფლიო.
- დასავლეთის სამხედრო-ეკონომიკურ-ორგანიზაციულ-იდეოლოგიური პოტენციალი, დღეს ნატოში განსახიერებული, მრავალჯერადად აღემატება რუსეთისას. ტექნოლოგიური, მეცნიერული, ორგანიზაციული დონის განსხვავება დასავლეთსა და რუსეთს შორის იზრდება და განჭვრეტად მომავალშიც განუხრელად განაგრძობს ზრდას.
- მსოფლიო ოკეანეში დასავლეთის ბატონობა უპირობოა; ამ ოკეანის დაბლოკვა რუსეთისათვის დასავლეთს უპრობლემოდ ძალუძს. რუსეთის წყალქვეშა ნავების სპორადული (აქა-იქ შესაძლებელი) გასვლა დასავლეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან აკვატორიებში სიტუაციას არ ცვლის. ამავე დროს, სტალინის ეპოქისაგან განსხვავებით, დღეს მხოლოდ სახმელეთო ძალად არსებობა, გლობალიზებული ეკონომიკის პირობებში, არავის შეუძლია, მათ შორის არც რუსეთს.
- დასავლეთის სამხედრო ბაზები რუსული ობიექტების უშუალო სიახლოვეშია. რუსული ბაზები ობიექტებისაგან შორსაა.
- “ბირთვული შანტაჟის” პოლიტიკა, როგორც გეოსტრატეგიის საფუძველი, დღეს უკვე წყალშემდგარია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურ-სოციოლოგიურად: თეზისი “ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს” ეჭვის ქვეშ დგება თეზისის “ერთი მხარე ძალიან დაზარალდება, მეორე განადგურდება” სასარგებლოდ, ხოლო თეზისს “არ გამაბრაზო, თორემ ღილაკს დავაჭერ” უპირისპირდება თეზისი “როგორც კი ხელს წაიღებ ღილაკისკენ, შენივე გენერლები და ოლიგარქები მოგიღებენ ბოლოს”.
ჯამურად: საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებას სახელმწიფოს შემადგენლობაში რუსეთის ნება არ სჭირდება. ამ ტერიტორიათა დაბრუნების გზა გადის საქართველოს აღმშენებლობისა და რუსული იმპერილიზამის დამარცხებაზე შავი ზღვა-კავკასიის რეგიონში, რაც, როგორც ვხედავთ, უკვე ხდება (მხედველობაში გვაქვს ნატოს გამოსვლა შავ ზღვაზე რუმინეთ-ბულგარეთის სახით და რუსეთის მიერ უკრაინის დაკარგვა).
მესამე სიცრუე – რუსულ-თურქული ალიანსი საქართველოს წინააღმდეგ დღეს არ იბადება. მისი ამოქმედება შედგა 1921 წელს, როცა რუსეთმა და თურქეთმა ერთ დღეს და ურთიერთშეთანხმებით დაიწყეს შეტევა საქართველოს წინააღმდეგ. კვარაცხელია ფიქრობს, რომ რუსულ-თურქული ალიანსი შავ ზღვას და მასთან მიყუჟულ საქართველოს დასავლეთისათვის მიუწვდომელს გახდის.
ეს ასე არ არის. ჯერ ერთი, ნატო შავ ზღვაზე უკვე გამოსულია რუმინეთისა და ბულგარეთის სახით. მეორეც, შავი ზღვის გამაგრება, რაც ნატოს სამიტის ოქმში (კომუნიკეში) ამ ორიოდე დღის წინ შევიდა, დაუბრკოლებლად განხორციელებადია, რაც აქ არსებულ რუსულსა და თურქულ ძალას უპრობლემოდ გადაფარავს.
მეოთხე სიცრუე – ბ-ნი კვარაცხელია სოციალიზმის რაობასა და პერსპექტივაზე მსჯელობს 20-30-იანი წლების კომკავშირის მდივნის სულისკვეთებით და ჭკუით. ფაქტია, რომ სოციალიზმმა, როგორც საზოგადოებისა და შრომის ორგანიზაციის ფორმამ, ვერ დაიჭირა გამოცდა ე.წ. მეორე სამრეწველო რევოლუციის პირობებში, ანუ ე.წ. “მეცნიერულ-ტექნიკური” რევოლუციის პირობებში, როცა წარმოებაში და საერთოდ ეკონომიკაში მასობრივად შეიჭრა ძალიან პროგრესირებადი მეცნიერება და გამოთვლითი ტექნიკა, რომელსაც, პროცესის მასობრიობის გამო, დიქტატურისმიერი კონტროლი ვერ გასწვდა.
ამ ბუნებრივი ფაქტორის მოქმედებამ საბჭოთა ეკონომიკა სრულებით არაკონკურენტუნარიანი გახადა და ჩაკლა (სხვა ფაქტორებზე აღარ შევჩერდებით).
მეხუთე სიცრუე – ბ-ნი კვარაცხელია მსჯელობს: “განა საქართველო დამოუკიდებელია? არა! საქართველოში არ ხდება არაფერი, რაც ამერიკელ ელჩს არ უნდა. მაშ, რა მოგვიტანა დამოუკიდებლობამ? სრულებით არაფერი!” (და გულისხმობს “ძირს დამოუკიდებლობა”). ღიად დასძენს “ამიტომ საქართველო უნდა შევიდეს ევრაზიულ კავშირში” (ეს “კავშირი” გახლავთ უბადრუკი მცდელობა რუსეთისა ფომფლოდ აღადგინოს თავისი იმპერია მის ოდინდელ საზღვრებში, თუმცა მისთვის სასურველი საპატიო და მით უმეტეს პერსპექტიული ადგილი აღარ არსებობს არც ევროპაში და არც აზიაში ჩინეთის ფონზე).
ეს მსჯელობა ბოროტმზრახველურად ინფანტილურია ფაქტთა კონსტატაციის მხრივაც და მათგან დასკვნების გამოტანის, ანუ ლოგიკის მხრივაც.
ამერიკის ელჩის წარბის მოძრაობას თუ ქართული პოლიტიკური ოლიმპის ერთი ან მრავალი ბინადარი ემორჩილება, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ამ წარბის მიმართულებაზე (განსაზღვრულ თემებში) დამოკიდებულია ამ ბინადრის კარიერა და არა იმიტომ, რომ მასზე დამოკიდებულია ამ ბინადრის უფლებამოსილება, ან, მით უმეტეს, საქართველოს კურსი.
ამ ბუნებითვე არასრულფასოვან ბინადარს (ეს ეხება პირველ ყოვლისა პარლამენტარს) იმის უფლება აქვს (და მოვალეობაც აქვს), რომ იმოქმედოს იმ წარბის მოძრაობისაგან დამოუკიდებლად, და, შესაბამისად, საქართველოს კურსი განსაზღვროს დამოუკიდებლად, სახელდობრ, ისე, როგორც ეს საქართველოსთვის ჯობია. მისი ეს უფლება, როგორც იტყვიან, ერთხელ და სამუდამოდ გატარებულია მსოფლიო რეესტრში (და სწორედ ამაშია საქართველოს დამოუკიდებლობა), ისე, როგორც ის ოლიმპის ბინადარი ცდილობს საქართველოს სახელმწიფო რეესტრში თბილისის სანაპიროზე, საჩქაროდ გაატაროს ამა თუ იმ ხრიკით მისაკუთრებული სახლი ან ნაკვეთი.
საქართველო დამოუკიდებელი, გაეროს წევრი სახელმწიფოა აწ და მარადის. იგი სუვერე-ნულია და თავისთავს თავის მიერ არჩეული პარლამენტის ხელით მართავს. (რამდენად დაჩაგრულია ბუნებისგან ის არასრულფასოვანი ბინადარი, რომელიც პარლამენტში იქნა არჩეული, და რამდენად დაჩაგრულია ბუნებისაგან ის უბადრუკი მოქალაქე, რომელმაც მას ხმა მისცა და კიდევ მისცემს, ბუნებისმეტყველების საკითხია, სამწუხაროდ, და არა პოლიტოლოგიისა ან სოციოლოგიის). ამ მართვით საქართველოს შეუძლია ურყევად და უნაკლულოდ თავის დაცვა, პირველ ყოვლისა, ორ მთავარ სფეროში.
ესენია:
- საქართველოს კანონმდებლობის აგება და შენარჩუნება იმ უხინჯოდ ოპტიმალური სახით, რომელიც საქართველოს ეფექტიანსა და ბრძნულ მართვას სჭირდება.
- მოწინააღმდეგისათვის არცერთი მისხლით არდათმობა საქართველოში ან საქართველოს მიმართ არანაირი უფლებამოსილების არმინიჭების საქმეში.
პრორუსული მარიონეტული ხელისუფლების ხელში საქართველოს პარლამენტს შეუძლია:
- კანონმდებლობის დადამბლავება იმგვარად, რომ საქართველო თავისთავს ვერ მართავდეს.
- კაპიტულაციათა ფართო ნაკადის განხორციელება მტრისთვის საქართველოს მიმართ კონკრეტული უფლებამოსილებების დაკანონების სახით.
ძალიან ვშიშობთ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის პირობებში, ბ-ნი კვარაცხელიასა და მისი ამფსონების გამონათქვამებისა და ქმედებების კანონსაწინააღმდეგო შინაარსს, ტონალობის ევოლუციის ტემპსა და სწრაფად აღმავალ აგრესიულობაში აშკარად დევს სწორედ ეს მიზანი.