ჩვენი მსოფლმხედველობისა და პოლიტიკის პრინციპებია:
1. საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ნაწილს. საქართველო ზიდავს კაცობრიობის ყველა ერთობლივ ტვირთს თავის რესურსთა და შესაძლებლობათა პროპორციულად.
2. ჩვენი სახელმწიფოს მიზანთა შორის, სხვა მიზნებთან ერთად, არის საქართველოს მარადიულყოფაც, როგორც
- დამოუკიდებელი, გაეროს წევრი სახელმწიფოსი,
- გაეროს მიერ ცნობილ საზღვრებში მდებარე სახელმწიფოსი,
- სახელის “საქართველო” მატარებელი სახელმწიფოსი და
- ქართული სახელმწიფოსი, ანუ ისეთისა, რომელიც თავის მოქალაქეს ელაპარაკება საქართველოს სახელმწიფო ენით – ქართული ენით.
3. საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა მდგომარეობს
- მათ თანასწორობაში კანონის წინაშე;
- მათ თანასწორ უფლებაში, რომ საქართველოს ბუნებრივსა და სხვა სახის სიმდიდრეს განიხილავდნენ, როგორც თავისსა და თავის შთამომავალთა თავისსარმჩენსა და პიროვნული თვითრეალიზაციის ბაზას აწ და მარადის;
- მათს თანასწორ მოვალეობებში საქართველოს სახელმწიფოს წინაშე;
4. საქართველო არის
- სრულყოფილად სამართლებრივი (ანუ კანონის უზენაესობის პირობებში მცხოვრები) სახელმწიფო;
- წარმომადგენლობითი დემოკრატიის წესით მართული სახელმწიფო;
- (პრინციპში) სამართლიანი (ანუ სამართლიანობის ზოგადადამიანური იდეის შესაბამისი კანონმდებლობის მქონე და სათანადო იურიდიული კადრის მყოლი) სახელმწიფო;
- პირად უფლებათა და თავისუფლებათა სადღეისოდ კაცობრიობის მიერ მიღწეული დონით მცხოვრები სახელმწიფო,
რადგან ეს არის ის ერთადერთი ფორმა სოციალური ცხოვრებისა, რომელიც შეთავსებადია ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, რაობასთან და ბუნებასთან. საქართველო აქტიურად მონაწილეობს ადამიანის ადამიანურ უფლებათა (რუმან ღიგჰტს) მეცნიერული გაცნობიერების, კოდიფიკაციისა და დაცვის მსოფლიო მოძრაობაში
5. საქართველო კეთილმეზობლურსა და კორექტულ ურთიერთობაშია მეზობელსა და არამეზობელ სახელმწიფოებთან. რუსეთი ამ სახელმწიფოთა რიცხვში ვერ შევა მანამდე, სანამ საქართველოს არ გაეცლება უკანასკნელი რუსი ოკუპანტი და სანამ რუსეთის სახელმწიფო არ გააუქმებს თავის მიერ საქართველოს მიწა-წყლის ნაწილთა დამოუკიდებლობის ცნობას.
6. საქართველოს უალტერნატივო გეოსტრატეგიული ორიენტაციაა რეალისტურად საიმედო და ღირსეული ადგილის ძებნა დემოკრატიული დასავლეთის თავდაცვის სისტემაში (რადგან (ა) საქართველოს პოტენციური აგრესორები ჰყავს და (ბ) რადგან თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო საქართველოს არ ძალუძს თავის გარანტირებული გადარჩენა გლობალური მოკავშირის გარეშე. საქართველოს (შესაძლებელი “ნეიტრალიტეტის” პოზიცია უპასუხისმგებლოდ გულუბრყვილოა). ხსენებულ უალტერნატივობას განაპირობებს
- ის, რომ დასავლეთის სასიცოცხლო გეოსტრატეგიული ინტერესები დღეს და განჭვრეტად მომავალში ემთხვევა საქართველოსას (ეს ინტერესია დასავლური დემოკრატიული ცივილიზაციის გასვლა ცენტრალური აზიისკენ და ამით ამ ზონაში სტრატეგიული და დემოგრაფიული სტაბილობის დაცვა), რის გამოც დასავლეთი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა.
- დასავლეთი და მისი დემოკრატიული ცივილიზაცია დღეს და განჭვრეტად მომავალში ცივილიზაციური (მეცნიერული, ტექნიკური და ორგანიზაციული) განვითარებისათვის ყველაზე ხელსაყრელი გარემოა.
- საქართველო თავისი ღრმა ქრისტიანული კულტურის, თავისი ფეოდალური ისტორიის (ხოლო მთაში – ე.წ. “სამხედრო დემოკრატიის” ანუ თემობაზე დამყარებული ისტორიის) წყალობით ტიპოლოგიურად დასავლური ქვეყანაა, თავისი მთელი ისტორიის მანძილზე სწორედ დასავლეთთან კავშირისკენ მოსწრაფე.
7. დასავლეთის სტრატეგიულსა და კულტურულ სისტემაში საქართველოს მუდმივი და ურთულესი ამოცანაა თავისი ისტორიულმასშტაბიანი ინტერესების დაცვისათვის ზრუნვა (“ჭიდაობა”) თვით ამ დასავლური ალიანსის შიგნით. ამის ნება და უნარი ერთდროულად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის მხოლოდ ჩვენს კავშირს აქვს.
8. ჩვენმა საზოგადოებამ პრაქტიკით იცის, რომ დღეს ფართო ფრონტით წარმოებს შეტევა ჩვენი საზოგადოების ზოგი ღრმა ტრადიციული პრინციპის წინააღმდეგ. ეს შეტევები (რომლებიც თითებზე ჩამოსათვლელ პუნქტებს ეხება) მეცნიერულად უსაფუძვლოა, ზერელედ პოპულისტურია და გამიზნულია მსოფლიოს ინტელექტუალურად მოუმზადებელი მასისასათვის. ჩვენი კავშირი, სამწუხაროდ, ერთადერთია იმაშიც, რომ პოლიტიკური ნებაც აქვს და ამავე დროს ინტელექტუალური პოტენციალიც აქვს, რომ ღია დისკუსიით ჩვენს დასავლელ მოკავშირეებთან ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ნათელყოს: ე.წ. “დასავლური ღირებუმლებები” საქართველოში იმპორტირებული არაა. ეს არის ჩვენი ტრადიციული ღირებულებები, რომლებიც, ჩვენდა საბედნიეროდ და ჩვენდა საამაყოდ, ემთხვევა დასავლურს. ამიტომ ჩვენი ტრადიციების შესწორებას არც ვსაჭიროებთ და არც ვაპირებთ (ვიმეორებთ: საუბარი ეხება ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელ პუნქტებს).
9. სამწუხაროდ, ჩვენი კავშირი იმ მხრივაც ერთადერთია დღეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სიუბიექტებს შორის, რომ მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რეალური პრინციპების მნიშვნელობა ესმის კიდეც და ძალუძს კიდეც ამ პრინციპების დაცვა ღია დისკუსიაში მოყვარესთან და მტერთან. ეს პრინციპებია:
|. საქართველოს სახელმწიფოს უფლება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე თავისი სუვერენიტეტის განხორციელებისა უპირობოა, რადგან
- ქართველი ერი ამ ტერიტორიის ავტოხთონური ერია, ანუ ის ერია, რომელმაც ეს ტერიტორია ხელუხლებელი ბუნების მდგომარეობიდან გადაიყვანა განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობაში.
- საქართველოში შემოსვლის შემდეგ აფსუა (აფხაზ) მოსახლეობას თავისი არც დემოგრაფიული, არც პოლიტიკური წარმატებები იმ ნიშნულამდე არ მიუყვანია, რომ ეს ტერიტორია საქართველოს შემადგენლობიდან იურიდიულად გამოეყვანა (ეს იყო სამთავრო დადიანების ვასალობაში, რომელნიც, თავის მხრივ, იმერეთის მეფის ვასალები იყვნენ).
ამავე დროს, აფსუა მოსახლეობამ ფეოდალურ საქართველოში შემოსვლის შედეგად, თავისი მანამდელი ეთნიკური თვითცნობიერება (დანარჩენ ადიღე ხალხებთან ერთობის ცნობიერება) შეცვალა საკუთარი ეროვნული ცნობიერებით (რაც ფეოდალურ ქართულ სახელმწიფოში გარდუვალი იყო) და ჩვენ, ქართველი ერი, მის ამ არჩევანს პატივს ვცემთ. ჩვენი მოვალეობაა ღვთის წინაშე და კავკასიის წინაშე, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ერის მარადიულობა უზრუნველვყოთ და ჩვენ ერთობლივად – ქართველებსა და აფხაზებს – გვაქვს იმის უფლება, რომ ამ მიზნის გარანტირებული განხორციელებისათვის ყველაზე უფრო ადეკვატური იურიმდიული ფორმები შევქმნათ განურჩევლად იმისა, იცნობს თუ არა ამ ფორმებს კაცობრიობის დღევანდლამდელი პრაქტიკა.
||. საქართველოს მოქალაქე ყველა სხვა ეთნიკურ ჯგუფთან, რომელსაც საქართველოს გარეთ, აფსუებისაგან (აფხაზებისაგან) განსხვავებით, თავისი დასახელების ქვეყანა მოეპოვება, საქართველოს პოლიტიკა არის ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე, რისი განხორციელების იურიდიული მექანიზმებიცაა, ერთი მხრივ, დემოკრატიული ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და მეორე მხრივ, ე.წ. ფუნქციური ავტონომია (და არა ტერიტორიული ავტონომია), ანუ საკუთარ სპეციფიკურად ეროვნულ ინტერესთა ლობირებისათვის მოწოდებული ორგანიზაციების განვითარება. ეს ეხება ოსებსაც, რომელთა ცხოვრება საქართველოში, წინააღმდეგ რუსეთის 215-წლიანი აბსურდული იმპერიული პროპაგანდისა და პრაქტიკული მცდელობისა, სრულებითაც არ ნიშნავს საქართველოში (ანუ კავკასიონის სამხრეთით) “ოსეთის” არსებობას.
10. საქართველოს გადარჩენა შესაძლებელია მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთმომდევნო ხელისუფლებათა დივერსანტულმა პოლიტიკამ ჩვენი ქვეყანა დაადამბლავა და უფსკრულის პირზე მოიყვანა. მთავარი საჭიროებები და გზები ცნობილია (ხალხის გამოკვება სოფლის მეურნეობის გამოცოცხლებით, მძარცველური მევახშეობის დათრგუნვა რეალისტურად იაფი კრედიტით, სახელმწიფო ქონების განიავების აღკვეთა მიწის ჩათვლით, კანონმდებლობის დივერსიით საქართმველოს მიზანმიმართული პარალიზაციის შეწყვეტა და მრავალი სხვა). ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი – პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება – დღეს ვერ შესრულდება: არჩევნების სრული გაყალბების შედეგად პარლამენტის თითქმის მთელი შემადგენლობა იქნებიან “ნაცები” და “ქოცები”, რომლებიც პარლამენტში ერთი გუნდი არიან. ჩვენი საშუალო პროგრამაა პარლამენტში 4-5 კაცის გაყვანა. თუ ეს მოხმდება, მაშინ პარლამენტის ტრიბუნაზე გაისმის ჭეშმარიტების ხმა, რაც კორუმპირებულსა და მოღალატე მმართველი გუნდის განუკითხავ ძალადობას დიდწილად მოთოკავს. ჩვენი პროგრამა-მინიმუმია საარჩევნო კამპანიის ხარისხიმანად ჩატარება, რათა მტერმა და მოყვარემ დაინახოს, რომ ქართველი ერი მხოლოდ უმეცარი თაღლითებისაგან არ შედგება. მას საღად მოაზროვნე, პატიოსანი, პატრიოტი და სამშობლოს კვალიფიციურად დაცვისუნარიანი მრავალრიცხოვანი ადამიანებიც ჰყვანან. ეს ფაქტორი გადამწყვეტი იქნება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში ჩატარდება და, რაც მთავარია, მომავალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლებიც გარდუვალი იქნება დაახლოებით ერთი წლის ან წელიწადნახევრის შემდეგ, რადგან ძალიან დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მომავალი წლის დამლევისათვის საქართველოში დღევანდელი არაადეკვატური ხელისუფლების არსებობას (მისი სრული ანაქრონისტულობის გამო) შეუძლებელს გახდის.
11.საქართველოში ორმაგი მოქალაქეობის დაშვება რაოდენობრივად უნდა იყოს მინიმალური და გადაწყვეტილება ყოველი კონკრეტული ჯგუფის შესახებ უნდა მიიღებოდეს პარლამენტის დონეზე, რადგან დაუშვებელია საქართველოზე უფრო ძლიერი ქვეყნის მოქალაქეს ხელთ ეძლეოდეს საქართველოს მართვის ბერკეტები. თავისი ერთადერთი სამშობლოდან ემიგრირებული ჩვენი თანამემამულეების რეპატრიაცია თავისი მოქალაქეობის დაბრუნებითურთ უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად. ეს არის ერთჯერადი ღონისძიება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს წლების მანძილზე, მაგრამ მაინც ერთჯერადად რჩება. ანუ მან ზოგად კანონზე ზემოქმედება არ უნდა მოახდინოს.
ამიტომ, ჩვენთვის თქვენ მიერ დღევანდელ არჩევნებში მოცემული ხმა დაკარგული არ იქნება. იგი შრომისმოყვარე, ნიჭიერი და თავისი ქვეყნის დაცვისათვის მზად მყოფი ქართველი ხალხის გარდუვალი გამოცოცხლების საქმეში დადებული ერთი აგური იქნება.
მამუკა გიორგაძე, თამაზ კერძევაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე
მოსაზრება
(22.08.2016) გაზ. “რეზონანსი”