ერის გუშაგი რ. ინგილო ივერია #7 07 1954 (ალექსანდრე ასათიანის ხსოვნას)

ასათიანი

ჯერი მოსდგომია ჩვენს თაობასაც! სულიერი განცდანი საცხოვრებელ წყაროთა დაკნინებით აჩქარებენ აყრას ამა სოფლიდან იმ ასაკში მყოფთაც, რომელთაც ჩვეულსა და რიგიან პირობებში შეეძლოთ კიდევ გაეხანგძლივებინათ სიცოცხლის დღენი. . . თვითოეულ ქართველ მებრძოლ ემიგრანტს ბოლშევიკები ჰპარავენ სულ ცოტა, ათ წელიწადს: ესეც ანგარიშში ჩასაგდები გახდება მიგების დღეს!
აწ განსვენებული ალექსანდრე ასათიანი არ იყო სასიკვდილოთ განმზადებული და განწირული: მაგარი აგებულებისა, ჯანითა და ღონით სავსე ის ამხანაგთა შორის მიჩნეული იყო როგორც ,,სპორტსმენი”.
ჩვენი რიგებიდან უდროოდ გასული ალექსანდრე ასათიანი იყო არამცთუ თვალსაჩინო წევრი ეროვნულ დემოკრატიული პარტიისა, როგორც ასეთათ აღნიშნული იყო ერთს ქართულ გამოცემაში, ის იყო პარტიის ერთერთი დამაარსებელი, სულისჩამდგმელი, ამსახველი და წამწევი ყოველი მისი წამოწყებისა და პარტიის დაარსების დღიდან მისი მთავარი კომიტეტის აღმათლებული წევრი, ბევრ საკითხებში კი ხელმძღვანელი.
საფუძვლიანად განსწავლული (მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი და იურიდიული ფაკულტეტი პეტერბურგის უნივერსიტეტში), ასათიანი ჩაეწერა თბილისის სასამართლო პალატის ნაფიც ვექილთა კოლეგიაში, მაგრამ მალე ისეთ გარემოებებმა იჩინეს თავი, რომ უნდა მიეტოვებინა ადვოკატურა და შესდგომოდა პოლიტიკურ მუშაობას. ამასობაში მოწვეულ იქნა ეროვნულ – დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი კრება. ყრილობის მუშაობისას გამოირკვა ასათიანის მიდრეკილება და დიდი ცოდნა საფინანსო და სავაჭრო სამრეწველო საკითხებში, რის გამოც ის ჩვენ მიერ ტაციტო-ცონსენსო აღიარებულ იქნა ამ პრობლემების სპეციალისტთა და გამძღოლათ შესატყვის წრეებში, სადაც მან მალე მოიპოვა პატივი და ყურადღება, ნდობა და შეთვისება, ისე, რომ ჩვენი პარტიისა და ამ წრეთა ურთიერთობა ხდებოდა მხოლოდ ალექსანდრე ასათიანის მეშვეობითა და მუყაითობით.
განსვენებული არ იყო ორატორი, მას უფრო ეხერხებოდა წერა. საჯარო გამოსვლებში იქნებოდა ეს დამფუძნებელი კრება, სხვა რამე ყრილობა, თუ საპროპაგანდო მიტინგი, ის ერიდებოდა მსმენელთა გრძნობებზე ზეგავლენას, საგნის ტერმინოლოგიით ჰფარგლავდა გამოთქმებსა და სიტყვაძუნწობით ისაზღვრებოდა, ხოლო ყოველი მისი სიტყვა იყო შერჩეული საგნის მთლიანი ამოწურვა.
ალექსანდრე ასათიანის თავდაპირველი მისწრაფება და ღირსება აღმოისახა მის ერისა და სამშობლოსათვის სამსახურში. ჯერ კიდევ ქუთაისის რეალსასწავლებელში მოწაფეობისას მან ახალგაზრდული გატაცებით შეიგრძნო ბრძოლის აუცილებლობა და საჭიროება სამშობლოს დამოუკიდებლიბისათვის, ხოლო ბრძოლის მომგებიანი წარმართვა მან შეუზავა სოციალისტურ ამოცანებს და მიემხრო სოციალისტურ პარტიას. პეტერბურგში სტუდენტობისას მან უარჰყო სოციალისტური ჰაზროვნება და იმ ქართულ ჯგუფს დაუახლოვდა, რომელმაც საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლის მეთოდები ილია ჭავჭავაძის იდეოლოგიაზე დააყრდნო.
ასე და ამგვარად შემტკიცებული ასათიანი დაბრუნდა სამშობლოში. იმ ხანებში უკვე ისახებოდა პოლიტიკურ ცვლილებათა შესაძლებლობა.  მოსალოდნელი ამბები მოითხოვდნენ მხნესა, ურყევსა, უდრეკსა და დაუღალავ მოქმედებას ორგანიზაციული წესით და უწინარეს ყოვლისა ქართული გეზით. აი ამ დროს იშვა ეროვნულ დემოკრატიული პარტია, რომლის თანშვებულ მიზანს შეადგენდა ქართული პრიორიტეტის აღდგენა. ალექსანდრე ასათიანი დინჯათა და მისთვის ჩვეული სიდარბაისლით ჩაება ამ მუშაობაში და უნდა ითქვას, რომ ორგანულად შეკავშირებული პარტიული უჯრედების შექმნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მომეტებულ ნაწილად მისი ნაღვაწლია.
საქართველოს დამოუკიდებლობის ხანმოკლე დროს ასათიანის ნიჭი ფართოდ გაიშალა. მისი საქმიანობა უჩინარი და რეკლამას აცდენილი, შესაფერისად დაფასებული იქნა არა მხოლოდ მის პარტიულ წრეებში, არამედ სხვებთაგანაც და თვით მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მიერაც. მის პროგრამულ სიტყვებსა და მოხსენებებს, საგნის ღრმა ანალიზით გამაგრებულთ, საქართველოს ანნალებში საპატიო ადგილი მიეკუთვნებათ.
პოლიტიკის გარდა ალექსანდრე ასათიანი მხურვალე მონაწილეობას იღებდა ქართულ საეკლესიო საკითხებშიაც. როცა მოიწია ჟამი საკათალიკოზო ეკლესიის მიტაცებულ სამკვიდრებლის პატრონის ხელში დაბრუნებისა, ეს იყო უძრავი თუ მოძრავი ქონება, ასეთი უმძიმესი საქმე იმ აბობოქრებულ დროს, ივალეს და უმწიკლოდ შეასრულეს ალექსანდრე ასათიანმა და დათა ვაჩნაძემ. განსვენებულ ალექსანდრეს ღრმათ მორწმუნესა და ეკლესიურად განწყობილს ისე აფასებდა ქუთათელი ნაზარი_მხცოვანი მღვდელმთავარი, მოწამეობრივად მოკლული ბოლშევიკებისაგან _ , რომ მან შეაძლია მას საეკლესიო სამსახური აღმატებულ ხარისხში.
გასაბჭოებულსა და გარუსებულ საქართველოდან ალექსანდრე ასათიანი პარტიის მთავარი კომიტეტის დავალებით წამოვიდა. მან მოახერხა მიხეილის სავადმყოფოში დაწოლა, სადაც მას მივლინებული ,,ჩეკის” აგენტები თვალს არ აშორებდნენ. იქიდან მისი გაქცევა ლეგენდარულ ეპოპეას უდრის.
ემიგრაციაში მისი მოღვაწეობა დაუთმობელი ანტიკომუნისტური ანტირუსული გეზით მიიმართებოდა. სპირიდონ კედიას დასნეულებისა გამო ასათიანს უნდა ხელთ ეღო და ეტვირთა პარტიის მეთაურობა და ამას რასაკვირველია არავინ გამოედავა. მის რედაქტორობით ნაბეჭდი მოზრდილი ტანის ჟურნალი ,,სამშობლო” უნდა ჩაითვალოს ემიგ-რაციის ერთერთ საუკეთესო გამოცემად. ესევე უნდა ითქვას მის დაკვირვებულ წიგნზე, ,,ძველი და ახალი მემკვიდრეობა”.
მეორე ომის წლებში ალექსანდრე ასათიანი გაბედულათა და მხნედ ამოუდგა გვერდში ყველა იმათ, ვინც თავდადებით შეუდგნენ საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლას.  ახალგაზრდებსაც ანცვიფრებდა მისი გატაცებული და უშიშარი მუშაობა გაცოფებული ომის პირობებში. ცნობილია, რომ ასათიანი კავკასიონის მთებსაც მიადგა.
გაძნელებულმა მგზავრობამ და შემდგომ მის თავზე დამტყდარმა გარემოებებმა, მოსკოვის დაქირავებულმა უპასუხისმგებლო ვიგინდარებმა, რომ შეჰქმნეს საფრანგეთში, მოხარეს მისი ჯამრთელობა, ის უნდა გადასულიყო ესპანიაში და იქ ოთხი წელიწადი იმყოფებოდა დიდს გაჭირვებაში. სასოწარკვეთილობასა და უიმედობას არ ჰნებდებოდა. არავინ ელოდა მის უდროო განსვლას ამა სოფლიდან. მას დაიტირებს სამშობლოსათვის ბრძოლაგამწევი ქართველობა. საუკუნო იყოს ხსენება მისი!
რ. ინგილო

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress