რატომ გააქტიურდა შეტევა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე

mamuka 22

2016-05-16
ნინო ხაჩიძე  - “თბილისელები”

ტენდენცია, რომ საქართველოს ეკლესიის, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკა, რეალურად –  უფრო ლანძღვა, ერთგვარად ცივილიზებულობის სიმბოლოდ იქცა, არახალია, თუმცა, მაგალითად, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ბიბილიაზე იფიცებს, ამას ქართული მართლმადიდებლობის მოკრიტიკეები ჩამორჩენილობად არ მიიჩნევენ (შესაძლოა, ლოგიკით, რომ იუპიტერს ყველაფერი ეპატიება ან, სულაც, იმიტომ, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტია); არც იმის გამო გამოთქვამენ აღშფოთებას, რომ რომის პაპი  ხვდება რუსეთის პატრიარქს და ერთობლივ დოკუმენტებსაც კი აფორმებენ (სავარაუდოდ, იმავე მოტივით და, ბოლოს და ბოლოს, მაინც რომის პაპია). მეტიც, ფიქრობენ, რომ დროა, კათოლიკურ კალენდარზე გადავიდეთ, რადგან მართლმადიდებლური კალენდრის აღიარება რუსეთის გავლენას ნიშნავსო (ლოგიკა ცოტა უჩვეულოა, რადგან პირიქითაა, ვინაიდან რუსეთი საქართველოზე ექვსი საუკუნით გვიან გაქრისტიანდა). ვის და რატომ უნდა უშლიდეს ხელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და არის თუ არა საკმარისი მხოლოდ დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპები საიმისოდ, რომ ადამიანმა თავი განიცადოს ადამიანად? – ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.
– სულ ბოლო შეფასება იყო, რომ, თურმე, მართლმადიდებელთა ნაწილის აზრით, გარდამოვიდა ცეცხლი და, რომ განუვითარებლობის ნიშანია ამის რწმენა და ასე შემდეგ. რაზე მიუთითებს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაპირისპირების ეს მზარდი დინამიკა?
– ეს შეტევები, ძირითადად, ორი ტიპისაა. პირველს დავარქვათ გლობალიზაცია. ეს პროცესი ყოველთვის მიდიოდა; დაიწყო, როდესაც კაენმა მოკლა თავისი ძმა, როდესაც ეშმამ გამოუცხადა ღმერთს ომი და, როგორც დოსტოევსკიმ თქვა ძალიან ლამაზად, ამ ბრძოლის ადგილი ადამიანის გულია. ამ ბრძოლის მიზანია, რომ ადამიანი მოსწყვიტოს ღმერთს. მამა სერაფიმ როუზის ძალიან კარგი ფრაზაა: ეშმაკი ყოველთვის არ ცდილობს, დოგმის ადგილი დაიკავოს ანტიდოგმამ; მისთვის სავსებით საკმარისია, ჭეშმარიტება გახდეს საკამათო. ვისაც ერთხელ მაინც აქვს განცდილი, რაც, შეიძლება, მორწმუნემ განიცადოს ლოცვის დროს; უფლის სახელით სიკეთის კეთების დროს; უფლის სახელით მეორე ადამიანის დახმარების დროს,  იცის, რომ ეს სიამოვნებები გაცილებით მაღალია, ვიდრე ხორციელი. ამიტომ უნდათ, რომ ამ წამიერ ხორციელ  სიამოვნებებში ჩართულებს დაგვავიწყდეს, რომ ამქვეყნად უფრო დიდი ბედნიერებაც არსებობს.
– თუ ადამიანს არაფერი აკავებს, არ სჯერა არაფრის და მხოლოდ იმის, რომ კალორიების მიმღები, მათი გადამმუშავებელი და გარემოში ნარჩენების გამომყოფი აგრეგატია; რომ მაინც მოკდება და მისგან არაფერი დარჩება, ფაქტობრივად, უმართავია. ასეთი ადამიანები საშიშნი არ არიან?
– ამის შესახებ ამბობს ერთ-ერთი წმიდა მამა: უკეთურ კაცს ეშმაკი აღარ სჭირდება, ის თვითონაა თავისი თავის ეშმაკიო. თქვენს შეკითხვაზე ძალიან კარგად უპასუხა მისმა უწმიდესობამ სააღდგომო ეპისტოლეში: მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებისთვის რომ ვყოფილიყავით შექმნილნი, მაშინ სიკვდილი არ უნდა ყოფილიყოო. ასეთი რთული მექანიზმი, ეს სილამაზე არ შექმნილა იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებით დავმტკბარიყავით. ეს შეიქმნა ჩვენი მარადიული ყოფისთვის, ადამიანი, უპირველესად, მარადიული არსებაა. ლოგიკაც კი გვეუბნება, რომ 40 თუ 80 წელიწადი არ ღირს უსასრულობის საპირწონედ. ღმერთმა თავის ხატად რომ გაგვაჩინა, მოგვცა შემოქმედების უნარი, შეგვიძლია ახალი ადამიანების შექმნა, ჩვენი სული უკვდავია. აბა, იმისთვის გავჩნდით, რომ მატლმა შეგვჭამოს?! იმიტომ შეგვქმნეს, რომ წამიერი სიამოვნება განვიცადოთ და დავიხოცოთ?! ეს ეწინააღმდეგება ბუნებას, ლოგიკას. იმიტომაც გვეუბნებიან წმიდა მამები, ამით ჩვენი დაღუპვა სურს ეშმაკს. მაგრამ მე, რომელიც ღმერთმა შემქმნა მარადიული სიცოცხლისა და მარადიული ბედნიერებისთვის, 40 თუ 80 წლის გამო დავკარგო ეს?! ამ ცდუნებაზეა ლაპარაკი.
– ხომ შეიძლება, ადამიანს არაფრის სწამდეს, მაგრამ აკეთოს სიკეთე?
– აქ უმთავრესია ის, თუ რა მიგვაჩნია სიკეთედ. ვინ მოგვცა ჩვენ სიკეთის დეფინიცია, სიკეთისა და ბოროტების გარჩევის შესაძლებლობა? რაი არს ჭეშმარიტება? –  როდესაც პილატემ დასვა ეს შეკითხვა, მან იცოდა პასუხი, მაგრამ აღარ გააგრძელა და პოლიტიკური პროცესების გამო უარი თქვა ამ თემის განხილვაზე. რა არის სიკეთე? ისევ დავესესხები მის უწმიდესობას სააღდგომო ეპისტოლედან: თანამედროვეობამ სიახლის სახელით წინ წამოსწია მე-ს პრინციპი. ამიტომ მე ჩემი თავი მიმაჩნია აბსოლუტურ შეუმცდარ არსებად, რათა განვსაზღვრო, რა არის სიკეთე და ბოროტება. დავუშვათ, ადამიანს, მელანქოლიაში ჩავარდნილს, მიაჩნია, რომ თავი უნდა მოიკლას, იმიტომ, რომ მობეზრდა სიცოცხლე. მე ამ დროს სიკეთე როგორ განვსაზღვრო? უნდა გავაჩერო თუ არა?! თუ მე-ს პრინციპით შევხედავ, მაშინ, თუ იმ ადამიანს უნდა, რომ გადახტეს, რა ჩემი საქმეა ჩარევა? პირიქით, ეს მისი საქმეა და ხელი უნდა ვკრა, რომ დავეხმარო. მაგრამ, თუ შევხედავთ აბსოლუტური ვალდებულებების პრინციპით, ჩემი ვალდებულებაა, მისი სიცოცხლე ვიხსნა; დავუბრუნო იმედი, სასოწარკვეთილებისგან გამოვიყვანო; მივცე შანსი, იქნებ იპოვოს ბედნიერება. მე-ს პრინციპით კი, სიკეთე არ არსებობს, იქნებ პირიქით, სიკეთეა, ხელი ჰკრა, რადგან სიკვდილი უნდა და მოკვდეს.
მეორე პრობლემა: მომინდა, რომ ჩემი ქვეყანა დავანგრიო, რა უფლება გაქვს, ხელი შემიშალო?! მაქვს სურვილი, მოვკლა ადამიანი, რა უფლებით მიშლი ხელს?! აქ დგება სიკეთის, მაღალი ღირებულებების მხოლოდ აბსოლუტთან მიმართებაში შეფასება. ეს ფარდობითი ვერ იქნება, იმიტომ, რომ მე ჩემი სიმართლე მაქვს. მე მინდა, რომ დავაპყრობინო რუსეთს საქართველო და დავაპყრობინებ, ვისი რა საქმეა?!
– იმიტომ, რომ სიკეთე მგონია?
– შეიძლება, არც მეგონოს, მაგრამ ასე მომინდა დღეს, ხვალ სხვანაირად მომინდება და ორივე დღეს მართალი ვარ, ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ მე-ს პრინციპის წამოწევაზე, ეს გლობალური პრობლემაა და ის უპირისპირდება ღვთიური განგებულობის კანონებს. თუ თითოეული ჩვენგანი ჩვენ-ჩვენი ახირებებით მოვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია და, თუ ყველაფერი შესაძლებელია, ვინ იქნება სიკეთისა და ბოროტების გამრჩევი?! ამიტომ ცდილობენ, დამამცირებლად წარმოაჩინონ ცნებები: ჭეშმარიტება, სიკეთე, მოყვასი, სამშობლო, ღირსება…
მე მინდა, გავამახვილო ყურადღება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის მეორე შემადგენელზე –  ეს არის პოლიტიკური პროცესი, მართვადი, ორგანიზებული, დაფინანსებული, რომ ღირებულებები დამცირებული და იგნორირებული იქნეს. თუ ღირებულებები დამცირდება და იგნორირდება, მაშინ აზრს კარგავს სამშობლო, სამშობლოს დამცველი, მოყვასი…
– ცოცხალ არსებებს შორის ადამიანი ერთადერთია, ვინც თავს სწირავს იდეას, სამშობლოს, მეგობრობას, სიყვარულს,  სამართლიანობას, ანუ იმას, რასაც ხელით ვერ შეეხები რეალურ სამყაროში.
– სწორედ იმიტომ, რომ ადამიანი არ გახდეს ამ ღირებულებების დამცველი, მოწინააღმდეგეს აქვს სურვილი, რომ ისეთი ხალხით იყოს დასახლებული საქართველოს ტერიტორია, რომ მათ ვერ დაიცვან თავიანთი ქვეყანა. ისევ დავესესხები მის უწმიდესობას, სადაც საუბრობს საშუალო ადამიანებზე.
– ნელთბილებზე, როგორც სახარება ამბობს?
– საშუალო მასის წარმომადგენლებზე, შემგუებლებზე, რომლებიც მასის ნაწილად ყალიბდებიან. ჩვენ ვხედავთ მათ, ერთნაირებს, ერთი ტერმინოლოგიით, ერთი ლექსიკით მოსაუბრეებს, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან საქართველოს მტრებს საქართველოს წინააღმდეგ. შულავერის კომიტეტი, ცნობილი მეხუთე კოლონა, სხვა კი არაფერი იყო! შულავერის კომიტეტი მიმირთული იყო იქითკენ, რომ რუსეთს როგორმე დაეპყრო საქართველო და ამას აცხადებდნენ როგორც თავიანთ თავისუფალ არჩევანს. ისინი ემსახურებოდნენ სხვა ქვეყანას, იმიტომ რომ, ეროვნული ცნობიერება, ქრისტიანული ღირებულებები და, აქედან გამომდინარე, დემოკრატიული პრინციპები, ერთიანად ქმნის ქართულ სახელმწიფოს. დღეს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმართულია იმიტომ, რომ ეკლესია დარჩა ერთადერთ მეტ-ნაკლებად ფეხზე მდგარ ინსტიტუტად, რომელიც ინახავს და ემსახურება ეროვნულ ცნობიერებას. ისევე, როგორც ჩვენ, ადამიანებს, ჩვენ-ჩვენი შეცოდებები გვაქვს, ეკლესიაშიც არის გარკვეული პრობლემები, ის ცოცხალი ორგანიზმია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეკვლესია არის ერთადერთი დაწესებულება, რომელიც ათეისტურ პერიოდშიც კი თავის უდიდეს ფუნქციას ასრულებდა: მოსახლეობას უნერგავდა უმაღლეს ეროვნულ საკაცობრიო ღირებულებებს. რწმენა, ცოდნა, განათლება აქცევს არსებას პიროვნებად. პიროვნებებით დაკომპლექტებული საზოგადოება და ამ საზოგადოების მიერ შექმნილი სახელმწიფო კი იქნება მედგარი წინააღმდეგობის გამწევი. ამიტომ ებრძვიან ეკლესიას.
– ამერიკის პრეზიდენტი იფიცებს ბიბლიაზე, ამერიკის სასამართლოში მოწმე იციფებს ბიბლიაზე. ეს სიბნელედ არ აღიქმება, რატომ? თუ ჩვენი პრემიერ-მინისტრის მიერ ეკლესიაში მუხლზე დგომა ფორთხვაა, ბიბლიაზე დაფიცება ლოკვაა (უკაცრავად ამ სიტყვისთვის), ის რატომ მოსწონთ და ეს არა?
– აი, ეს არის ის მომენტი, როდესაც საქართველოში, სამწუხაროდ, პროდასავლური დროშით გამოდის ჩვეულებრივი რუსული აგენტურა. პროდასავლური დროშის მცველებად გამოაცხადეს ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით წინააღმდეგობაში არიან დასავლურ ღირებულებებთან. ევროპის სახალხო პარტია მთელ ევროპაში წინააღმდეგია ერთნაირსქესიანთა ქორწინების, როდესაც საქართველოს სახალხო პარტია თანამშრომლობდა ევროპის სახალხო პარტიასთან, პირიქით, გლობალიზაციის წინააღმდეგ ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის ეგიდით სემინარებს გვიტარებდნენ, მაგრამ, როდესაც „ნაცმოძრაობა“ გახდა მისი პარტნიორი, საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრენი არიან. ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისთვის. რელიგიას, ეკლესიას დრომორჭმულობის სიმბოლოდ აქცევენ, მაშინ, როდესაც მთელი ევროპული სახელმწიფოები აფინანსებენ თავიანთ დომინანტ ეკლესიებს.
– მასალა რომ ჩავწერე ამ თემაზე, მაშინ გავარკვიე, რომ ევროპაში მიღებულია დომინანტი ეკლესიის დაფინანსება და მისთვის პრივილეგიების მინიჭება.
– ეს ყბადაღებული 25 მილიონი გახდა ქილიკის საგანი და, „სახალხო პარტიას“ მიგვაჩნია, რომ საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. რაც ჩამოართვეს ეკლესიას, ერთჯერადად დაუბრუნონ, შემდეგ კი უნდა გადავიდეთ ევროპულ მოდელზე, რომელშიც ჩვენი ეკლესია, როგორც დომინანტი, მიიღებს კუთვნილ დაფინანსებას. ყველა საერთაშორისო დასკვნაში პირდაპირ წერია, რა ადგილიც უჭირავს ამა თუ იმ ეკლესიას იმ სახელმწიფოს შექმნასა და განვითარებაში, იმ დოზით უნდა მიიღოს დაფინანსება. თუ არადა, ავიღოთ ამერიკული მოდელი, სადაც არ არის დომინანტი ეკლესია, მაგრამ ყველა იმ ეკლესიას აფინანსებს თავისი გადასახადებიდან, რომელიც უნდა. ჩვენც თვითონ დავაფინანსოთ ჩვენი ეკლესია. დღეს პროდასავლური და პრორუსული დროშებით ისევ და ისევ გამოდიან ძალიან მართვადი პოლიტიკური ჯგუფები და ეს არ არის მათი ბრალი, რადგან ისინი ეკლესიას ებრძვიან იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენ ვაძლევთ მათ ამის უფლებას. საუბრობენ იმაზე, რა ცუდები არიან ისინი, მაგრამ ისინი კი არ არიან ცუდები, ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ გავხდეთ ეკლესიის პარტნიორი სამოქალაქო სივრცეში.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress