მანანა ნოზაძე
სააკაშვილის დროინდელი სიებით არჩევნების ჩატარება დემოკრატიული პროცესისგან შორს არის. ინტერპარტიული ჯგუფი არჩევნების სამართლიანი ჩატარებით აპელირებს და საამისოდ შეხვედრებს შეხვედრებზე მართავს, თუმცა რეალურად, საარჩევნო სიების დახვეწა გაცილებით მარტივია. ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge-ს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა.
არჩევნების ფალსიფიცირების მინიმუმამდე დაყვანა რა მეთოდის მოშველიებითშეიძლება?
- ცალკეული პარტიები გაურკვეველ მოდელებს გვთავაზობენ, მაშინ როცა მარტივად შეიძლება არჩევნების ფალსიფიცირება მინიმუმამდე დავიყვანოთ. თავის დროზე საარჩევნო სიაში ბინების მიხედვით იყო ამომრჩეველი გაწერილი. შესაბამისად, მე ვიცოდი, თუკი ჩემს ბინაში სხვა ვინმე იქნებოდა მიწერილი, მას ამოვაღებინებდი. ახლა კი საარჩევნო სიები უბანში ანბანის მიხედვითაა შედგენილი. შესაბამისად, შეიძლება, ჩემს ბინაში მიწერილი იყოს ვიღაც, რასაც ვერ გავიგებ, რადგან მაშინ მთელი სია უნდა წავიკითხო.
საარჩევნო სიების ანბანური სისტემა ნაციონალების ინტერესში იყო, მაგრამ ახლა ამ სისტემაზე უარის თქმის დრო არ დადგა?
- ეს „ოცნებასაც“ აწყობს, რადგან მთელ სიას ვინ წაიკითხავს?! პოლიტიკურად დაინტერესებული პიროვნების გარდა არც არავინ წაიკითხავს ამ სიას. აქ მეორე მომენტიცაა, მილიონზე მეტი ადამიანია გასული საქართველოდან. რატომ არ შეიძლება, უცხოეთში გასულების სია ცალკე გაკეთდეს, ხოლო ვინც დღეს საქართველოშია, მათი სია ცალკე იყოს? შესაბამისად, თუკი ამ სიაში დაფიქსირებული ამომრჩევლის ხელმოწერა არ დაემთხვევა სასაზღვრო დეპარტამენტის მონაცემებს, თუ ვინ შემოვიდა არჩევნების დღისთვის ქვეყანაში, ეს შეიძლება ავტომატურად აღმოჩნდეს ფალსიფიკაციის ფაქტი. ესეც არ კეთდება და საერთო სიაში ერთობლივად ახვედრებენ აქედან წასულებსაც და აქ დარჩენილებსაც. ამ დროს საარჩევნო კომისია გვიმტკიცებს, თითქოს ეს ხალხი ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა. არადა, ტექნიკურად შეუძლებელია, მილიონმა ადამიანმა საქართველოს საზღვარი ორ დღეში გადმოლახოს. აღდგომაზე ხალხი რომ გადის თბილისიდან, ძალიან კარგად ემჩნევა ქალაქს და მილიონნახევარი რომ შემოვა საქართველოში, ეს არ შეემჩნევა?
ინტერპარტიული ჯგუფი, ერთი შეხედვით, თითქოს იბრძვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის. მათი ძალისხმევაფიქციაა?
- ამ ინტერპარტიულ ჯგუფში არიან ის პარტიები, რომლებმაც ნაციონალებს თავის დროზე ფულის სანაცვლოდ სია გაუპრავეს. თუკი „ოცნება“ 2012-ში ამბობდა, რომ ეს სია არასწორი იყო, დღეს რატომ გახდა ეს სია სწორი? ჩვენ გაქვს ორი შემთხვევა, როცა ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები აღმოჩნდა თბილისსა და ბათუმში. ამის შემდეგ ყალბი მოწმობები კასრებშიც აღმოჩნდა ზუგდიდში. რა ბედი ეწია ამ გამოძიებას, ვინმე დაისაჯა? ამ ხნის განმავლობაში „ოცნება“ გვიმტკიცებს, არჩევნები გაყალბებული იყოო, მაგრამ დასჯილი ჩინოვნიკის ერთი ფაქტი არ გვინახავს. ცხადია, ეს ახალისებს ხელისუფლებას გაყალბებისკენ, ახალისებს ნაციონალებსა და „ოცნებას“ გარიგებისკენ, რადგან ძირითადად მათი წარმომადგენლებია საარჩევნო კომისიებში. სწორედ ეს პრობლემები ქმნის ეჭვებს, რომ არჩევნები უკვე დიდი პროცენტით გაყალბებულია.
საარჩევნო კანონმდებლობის ე.წ. გერმანულ მოდელზე ხშირად საუბრობენ და მას ქართული პოლიტიკური პარტიებისფორმირებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ. გერმანულ მოდელში შენარჩუნებულია მაჟორიტარული არჩევნები, თუმცასადეპუტატო მანდატების საბოლოო განაწილება მიბმულია პროპორციულ არჩევნებზე. ასე მაგალითად, თუ პარტიაპროპორციულ არჩევნებში მოსახლეობის ხმების 50%-ს მიიღებს, რაც 150-წევრიან პარლამენტში 75 სადეპუტატო ადგილს ნიშნავსდა, პარალელურად, მოიგებს მაჟორიტარულ არჩევნებს 60 ოლქში, მაშინ ის 60 ადგილს შეავსებს მაჟორიტარების ხარჯზე,საარჩევნო პროპორციული სიიდან კი მხოლოდ პირველ 15 ადამიანს გაიყვანს. ამის საწინააღმდეგოდ, თქვენ თვლით, რომგერმანული მოდელი საქართველოსთვის დამღუპველია. რატომ?
- ყველა ქვეყანა მართვის იმ მოდელს აწესებს თავისთვის, რაც მისთვის შინაგნად ორგანულია, ყველაზე მეტად მიესადაგება მას და ასახავს საკუთარი ქვეყნისა და ერის ინტერესებს. რომელიმე მოდელის ბრმად გადმოღება დამღუპველია არა მარტო საარჩევნო სისტემებში, არამედ ნებიმიერ საკითხში. ამიტომ მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე ჩვენი ქართული მოდელი უნდა შევქმნათ. გერმანია თავის დროზე ფედერაციული სწორედ იმის გამო გახდა, რომ მოკავშირეებმა დამარცხებულ გერმანიას მიუსაჯეს, რომ ის ყოფილიყო ფედერალური. პირდაპირ წერია ეს დოკუმენტებში, რომ გერმანიიდან კიდევ ერთხელ არ უნდა წამოვიდეს საფრთხე მსოფლიოსთვის. ერთიანი გერმანიის პოტენციური შეზღუდვისთვის დააწესეს ფედერალიზმი. თორემ ფედერალიზმი გერმანელი ხალხის არჩევანი არ ყოფილა. ამას მოერგო შემდგომ როგორც იქაური მართვის სტრუქტურა, ასევე, კონსტიტუცია და საარჩევნო სისტემა.
60 წლის წინ შექმნილი ეს კანონი მხოლოდ გერმანიისთვისაა მისაღები, სადაც არჩევნების კულტურაც განსხვავებულია და ფალსიფიცირების ტრადიციაც არ არსებობს. ვიმეორებ, ეს კანონი შეიქმნა იმიტომ, რომ ვეიმარის რესპუბლიკის მწარე გამოცდილება ჰქონდათ და წვრილ-წვრილი პატიების სიმრავლემ იმ პერიოდში ხელი შეუწყო სხვა პროცესების განვითარებას და დემოკრატიული არჩევნების გზით შემდგომში ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლებაში. ამ კანონის არსი სწორედ ისაა, რომ დაცულია პროპორცია, რაც დადებითი მომენტია. ე.ი. რამდენი პროცენტიც მიიღო პარტიამ, იმდენ მანდატს იღებს, მაგრამ პროპორციის გამოთვლა გერმანიაში უმკაცრესი მათემატიკური მეთოდით ხორციელდება. პირადად მე კომაროვისა და ვეკუას სკოლებში ვსწავლობდი, უმაღლესი მათემატიკის კურსი მაქვს გავლილი და მეც კი გამიჭირდა გავრკვეულიყავი ამ ფორმულაში. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ფორმულას როგორ გამოიყენებენ საქართველოში, სადაც იმის გამო, რომ პროპორცია არ დაირღვეს, წინასწარ განსაზღვრული არ არის დეპუტატთა რაოდენობა პარლამენტში? შეიძლება 5-ით, 15-ით მეტი, ან 25-ით ნაკლები იყოს. გარდა ამისა, ადგილობრივი ფედერალიზმის დონეზე ხდება ამ პროპორციის გათანაბრება, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო პრაქტიკით გადავდივართ რეგიონულ კვოტებზე.
საქართველოსთვის ეს ნიშნავს, რომ გვთავაზობენ ფედერაციული მოწყობის რესპუბლიკას?
- რა თქმა უნდა. ჩვენ გვახსოვს პრიმაკოვის გეგმაც და ჩვენ გვახსოვს პრიმაკოვის გეგმის დიტერ ბოდენისეული უფრო შელამაზებული ვარიანტიც. მიაქციეთ ყურადღება, თუ რა ხდება ჩვენთან, ტერიტორიული მოწყობის დროს ძირითადად გერმანელი ექსპერტები ჩამოჰყავთ. რატომ ჩამოჰყავთ გერმანელი ექსპერტები იქიდან, სადაც ფედერალიზმია? ფრანგი და სხვა ქვეყნის ექსპერტები ჩამოიყვანონ.
საეჭვოდ მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ თავის დროზე გერმანელი ექსპერტების ჩამოყვანას არ შეეწინააღმდეგა რუსეთი?
- დიახ. ფაქტობრივად, დიტერ ბოდენის გეგმა პრიმაკოვის გეგმის შელამაზებული ვარიანტი იყო. ამ გეგმის არსი იგივეა. ის ექსპერტები, რომლებიც ჩამოდიან, დიტერ ბოდენის გეგმის შესახებ ძირითადად დადებითს გვეუბნებიან და არაფერს ამბობენ, რომ გერმანიას ეს თავს მოახვიეს გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა. ამას გარდა, გერმანელებმა მოახერხეს ის, რომ მიუხედავად იმისა, ეს გეგმა იდო მათ კონსტიტუციაში, მაინც შექმნეს ისეთი მოდელი, რომელიც გერმანიას დეზინტეგრაციის საფრთხეს ააცილებდა და ეს გერმანელმა იურისტებმა გააკეთეს. კიდევ ერთი დეტალი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ გერმანიის საარჩევნო კულტურის შესახებ. სხვათა შორის, გერმანიაში ცესკოს თავმჯდომარე, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
იქ საარჩევნო კომისიაში ძირითადად მუშაობენ მოხალისეები, ვოლონტიორები. თუკი იმდენი ვოლონტიორი არ ეყოლებათ, მაშინ კომუნები (ადგილობრივი თვითმმარველი ორგანოები) თავიანთ თანამშრომლებს აგზავნიან კომისიაში. სხვათა შორის, ის ვარიანტი, რომელიც წარმოგვიდგინეს ნაციონალებმა და მათმა სატელიტებმა ე.წ. ინტერპარტიულ ჯგუფში, ანუ სწორება მაჟორიტართა რაოდენობაზე, თავის დროზე გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო და მოითხოვა, სულ სხვა პრინციპით ყოფილიყო გადანაწილებული მაჟორიტარებსა და პარტიულ სიებში ადგილები. ამიტომ ცვლილებების ეს არსი მისაღებია მხოლოდ ნაცმოძრაობისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ ამით შეზღუდავს პირველ ადგილზე გასულ პარტიას. სამაგიეროდ, ნაცმოძრაობა იხეირებს. გამოდის, ორი-სამი დეპუტატით მეტი რომ გაიყვანოს ნაცმოძრაობამ, მისი სატელიტი პარტიები ქვეყნის ინტერესებს სწირავენ. ეს მოდელი საფრთხის შემცველია, რადგან მას ქვეყანა ფედერაციულ მოწყობაზე გადაჰყავს. სწორედ დიტერ ბოდენი ითხოვდა არა მართვის დეცენტრალიზაციას, რაც მისაღებია ჩვენთვის, არამედ ტერიტორიულ დეცენტრალიზაციას, რაც სახიფათოა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დამატებით ორი მანდატი რომ მიიღოს, ჯერ ე.წ. რეგიონული სიები შემოაგდო, მერე – გერმანული მოდელი. ის ცდილობს რეგიონალიზმის დაკანონებას, რასაც პატრიარქმა შეუშალა ხელი. რაც დამარცხებულ გერმანიას ძალადობით მოახვიეს თავს, არ შეიძლება ჩვენ ნებაყოფლობით მივიღოთ.
თუკი რუსულ აზრს ემთხვეოდა დიტერ ბოდენის პროექტი, გამოდის, იგი რუსულ თამაშს თამაშობდა?
- დიტერ ბოდენი იმ თამაშს თამაშობდა, რომ გერმანული მოდელი, ანუ ფედერალიზაცია არ იყო ძალზე დამღუპველი, რადგან გერმანია განვითარებული ქვეყანა გახდა. მეორე მხრივ, თავიდანვე ეუთოს წარმომადგენელი იყო ბოდენი, მერე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტატუსითაც მოგვევლინა საქართველოში და საქართველოს ხელისუფლებაში მას ლობირებას უწევდა ის ხალხი, რომელიც რუსეთის ინტერესების დაცვით იყო დაკავებული. ამაზე დაფიქრების ნაცვლად, ჩვენი ხელისუფლება აწყობს უაზრო დავას, იქნება გერმანული მოდელი თუ არა? 8 მაისს გამოცხადდება არჩევნების დაწყება თუ 8 ივნისს? ამას მოჰყვება მეჭიაურსა და ბერძენიშვილს შორის, ბესელია-თაქთაქიშვილს შორის თვალით სასეირო დაპირისპირება და მთავარი საკითხები იფარცხება. გვაჩვენებენ, თითქოს „ნაცები“ და „ქოცები“ დაპირისპირებულნი არიან, რეალურად კი ერთ საქმეს აკეთებენ. მათი მთავარი ინტერესია, არ შევიდნენ პოლიტიკურ დაფაზე ჯანსაღი დამოუკიდებელი არამართვადი გამართული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ძალები, რადგან ამით კლანური გარიგებები დასრულდება. ამიტომაც მიმდინარეობს ეს სპექტაკლი.
for.ge