გასაკვირველი ამბავი – 1956 პარიზი რ. გაბაშვილი

გაბაშვილი

 ივერია   #8    1956 პარიზი     რ. გაბაშვილი    

 

შიდა რუსეთი, – ერთად-ერთი დიდი იმპერიაა, დარჩენილი მსოფლიოში, – მუდამ იყო შემორტყმული, ჯავშანივით, არა რუს, ძალით დაპყრობილ ერთა კოლონიებით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ჯავშანი გაორკეცდა, და, თუ წინათ თეთრი ზღვიდან შავ ზღვამდე, შავი ზღვიდან იაპონიის ზღვამდე იყო გადაჭიმული, ეხლა შუაგულ ევროპამდე, ხმელთა-შუა ზღვამდე და ინდოეთის საზღვრებზე გავლით, – ჩინეთის ზღვამდე აღწევს.

ეს მეორე რიგის, – დროით და გეოგრაფიულად, – ისევე დაპყრობილი კოლონიები, ატარებენ სატელიტების სახელს.

სასკოლო რუქასაც კი ვინც დახედავს, დაინახავს, თუ როგორ არის გაბერილი 80.000.000-ანი შიდა-რუსეთი, 150.000.000-ანი კოლონიებით; მაგრამ ე.წ. თავისუფალი დემოკრატია, ამერიკის მეთაურობით, მსოფლიოსათვის ამ საშინელ საშიშროებაზედ სდუმს, თვალსა ხუჭავს, დონ კიხოტივით ქარის წისქვილ-კომუნიზმს ებრძვის და ისიც უხეირო საშუალებით.

პარადოქსია, მაგრამ კეთილშობილი, ძლიერი ამერიკა, არა მარტო სიტყვით, არამედ რეალურადაც ხელს უწყობს თავის ევროპიელ მოკავშირეთა ხელიდან კოლონიალურ ხალხების განთავისუფლებას, ისევე, როგორც რუსეთის ბოლშევიკური წითელი ვეშაპი. ამით წყალს ასხამს რუსეთის იმპერიალიზმის წისქვილზედ; იმის მაგიერ რომ თავისუფალმა დემოკრატიამ შეუტიოს, იერიში მიიტანოს სიტყვით, პროპაგანდით, რადიოთი თუ პრესით, – რუსეთის კოლონიალურ იმპერიალიზმზე.

ბანდუნგის ყრილობაზედ, საცა შეიკრიბნენ აზიისა და აფრიკის 29 ქვეყნის წარმომადგენელნი და ერთხმად დაჰგმეს ყველა სხვა ქვეყნების იმპრიალიზმი და კოლონიალიზმი, მხოლოდ პატარა ცეილონმა დაასახელა რუსეთიც და მხოლოდ ოსმალეთი მიემხრო მას.

ეხლახან დელესმა გაუბედავად წარმოსთქვა სიტყვა რუსეთის ევროპიელ სატელიტების შესახებ და პრესამ კი არ აიტაცა ეს სიტყვა, პირიქით, ყველა მხრიდან შეუტიეს და ნამეტნავად ინგლისიდან.

რა ღვთის წყრომაა კაცობრიობის თავსა? შეიარაღებული რუსეთის ბოლშევიზმი შეიჭრა აფრიკაშიაც. ეგვიპტესა და იორდანიას იარაღს აძლევს; საფრანგეთს უჯანყებს ალჟირ-მაროკოს; შეიჭრა ინდოეთში, პორტუგალიასა და პაკისტანის იმპერიალიზმზე გაჰკივის; კაპიტალისტურ დრმოკრატიას ახდილად ცეცხლით ემუქრება და ეს დემოკრატია ერთმანეთს უკიჟინებს იმპერიალიზმსა და კოლონიალიზმს? ძეუს! რატომ ართმევ, სასჯელად, გონებას შენს „კლასიკურ“ ქვეყანას?

ხრუშჩოვები და ბულგანინები რუსები არიან, რუსულ ჩვეულებრივ (და არაჩვეულებრივ) რეალურ პოლიტიკას აკეთებენ, – იმპერიალისტურ კოლონიალიზმის მოგვნი არიან – და სხვები ებრძვიან უნიათოდ კომუნიზმს, რომელიც, შიდა-რუსეთია გარდა, – ყველგან მხოლოდ რუსის იარაღით არის დარგული და განაგრძობს ზრდასა.

უბრალო ლოღიკა მოითხოვს, ებრძოლო ყველა საშუალებით, – შეიარაღებულ, ბოლშევიკურ იმპერიალისტურ რუსეთს, – კომუნიზმის სათავეს, – რომ სხვა ქვეყნებში იგი თავისთავად შესუსტდეს და მოისპოს.

უბრალო ფსიქოლოგიის საკითხია: მთელ მსოფლიოში დამონებული ერების განთავისუფლება იქადაგო და ამით უდიდესი კოლონიალური იმპერია დაანგრიო შიგნიდან, ვიდრე ებრძოლო საერთოდ კომუნიზმს, რომლის მიმდევარნი არა-რუს ქვეყნებში ამით რუსებთან უფრო ძლიერ დააკავშირო და გააძლიერო. ყველა არა-რუსის ყურადღება აქეთკენ უნდა იყოს მიქცეული.

რ. გაბაშვილი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress