კომენტარები კანონპროექტზე
„საქართველოს კანონი - მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
კარგ ღონისძიებას ეყრება საფუძველი – მიწების რეგისტრაციის გაადვილებას; ანუ,სახელმწიფოს ძალისხმევისა და დახმარებით, შესაძლებელი გახდება რეგისტრაციის პროცესის დაჩქარება, რათა მაქსიმალურად მოხდეს დასარეგისტრირებელი ობიექტების დროულად დარეგისტრირება. მაგრამ, მოგახსენებთ შიშის გრძნობით,რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ პარლამენტში ინიცირებული ახალი პროექტის სახით კიდევ ერთი ტენდენციურ-კამპანიური ხასიათის დოკუმენტი არ მივიღოთ. ტენდენციური (,,წინასწარ შემუშავებული ცალმხრივი აზრი, რომელსაც თავს ახვევენ საზოგადოებას“) იმიტომ , რომ მიწების პრივატიზაციიდან დაწყებული, სხვადასხვა მთავრობისაგან სხვადასხვა პერიოდში, კომპენტეტურ სპეციალისტებზე დაუკითხავად, მრავალჯერ იქნა თავსმოხვეული მცდარი ღონისძიებები; ხოლო, კამპანიური (,, მუშაობა, რომელიც ტარდება გარკვეულ პერიოდში რაიმე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ -პოლიტუკირი ან სამეურნეო საქმიანობის შესასრულებლად“) იმიტომ, რომ ასევე მიწების პრივატიზაციიდან დაწყებული , მიწების რეგისტრაციის სრულყოფილად ჩატარების მიზნით, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციების, ბანკების მიერ დაფინანსებული კამპანიური ღონისძიებების (პილოტ პროგრამები და ა.შ.) განხორციელების მიუხედავად , დღემდე სავალალო შედეგს ვიმკით – დაიხარჯა მილიონობით ვალუტა, კრედიტი ქვეყანას ვალად დააწვა, საქმე კი სანახევროდაც რომ შესრულებულიყო კარგი იქნებოდა; პირიქით , მოხდა არევ-დარევა , ნაკვეთების ურთიერთგადაფარვა, ქვეყნის ტერიტორიის ფიქტიური გაზრდა . შეიქმნა კერძო ამზომველების დახმარებით ფართობების დაზუსტების და თავიდან დარეგისტრირების აუცილებლობა, რაც დამატებითი ხარჯების სახით დააწვა ბიუჯეტს, ხალხს.
რაც შეეხება კანონპროექტთან დაკავშირებულ შენიშვნებს, ის უკვე სათაურიდანვე იწყება და ჩვენი აზრით – “ მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ მაგივრად, უნდა იყოს “ მიწის ნაკვეთებზე უფლებათა გაადვილებული რეგისტრაციისათვის საკადასტრო და იურიდიული მონაცემების სრულყოფის წესის შესახებ“ და შესაბამისად, პირველ მუხლში მოცემული სიტყვა წესი, რომელიც კანონპროექტში შემდგომშიც ხშირად ფიგურირებს, გამართლებული იქნება; ხოლო, სიტყვა სისტემური საერთოდ ამოღებული უნდა იქნას, ვინაიდან ადრე არსებულ კანონებში, საიდანაც „გადმოპორტირებულია“ აღნიშნული ტერმინი, განმარტებულია, რომ „სისტემური რეგისტრაცია ტარდება ინდივიდუალური განცხადებების გარეშე და ა. შ. …“. ანუ, თუ კი ერთი ინდივიდუალური განცხადება და სხვა ამზომველის მიერ შესრულებული ნახაზი მაინც არსებობს, სიტყვა სისტემური, რომელიც წარმოდგენილ კანონპროექტშია „დაპორტირებული“ („ტერმინები“ თანამედროვეებიდანაა გადმოპორტირებული), კერძოდ – მუხლი 5, პუნქტი 1. – „მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სისტემური რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ……. საფუძველზე“ – ეწინააღმდეგება ადრე არსებულ განმარტებას.
კანონპროექტის მიხედვით: მუხლი 2. კანონის მიზანი, დ) ქვეპუნქტში - „სჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა“ გაუგებარია რა იგულისხმება – პიარისთვის წამოსროლილი ლოზუნგია, თუ….. კარგად გვქონია საქმე – ჯერ ისედაც მიწების 25%-ია დარეგისტრირებული და ისინიც არ ყოფილა „სრულყოფილი და შესაბამისობაში მოყვანილი“; მუხლი 3. ტერმინთა განმარტება, პ. 1, ქვეპუნქტი რ) მყარი სასაზღვრო მიჯნა – „ღობე ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობა“ უნდა იყოს – „ღობე, ხევი ან სხვა, საზღვრად გამოყენებული ბუნებრივი ანდა ხელოვნური ნაგებობა“.
როგორც წარმოდგენილი კანონპროექტიდან ჩანს, მასში შემდგომი ჩაღრმავება და მისი კომენტირება აღარ შეიძლება, თორემ დარგისადმი უვიცობის აპოგეამ შეიძლება ჩარეცხვას გადარჩენილი სპეციალისტები შეიწიროს – არ შეიძლება დარგობრივი რეგულირების კანონი დარგის სპეციალისტების გარეშე,მხოლოდ იურისტებმა შეიმუშავოს.
აუცილებლობას წარმოადგენს აღინიშნოს, რომ დღესდღეობით რეგიტრაცია და კადასტრი ერთმანეთთან გაიგივებულია. თანამედროვე რეგისტრაცია უნდ მოიცავდეს დასარეგისტრირებელ მიწებზე ხარისხობრივ და მელიორაციულ მახასიათებლებთან დაკავშირებულ მონაცემებსაც; ალბათ დროა, მომავალში ამის შესახებაც იზრუნოს ქვეყანამ. საერთოდ, მართალია რეგისტრაციის გაადვილება ხელს შეუწყობს დასარეგისტრირებელი ობიექტების დაჩქარებულ რეგისტრაციას, მაგრამ პირველადი რეგისტრაციის მთლიანობაში დასრულების შემთხვევაშიც კი, რეესტრი ვერ უზრუნველყოფს იმ საჭირო მონაცემთა ბაზას, რაც ქვეყანას ჭირდება სრულყოფილი კადასტრის წარმოებისათვის. ამჟამად, ახალი კანონის ნორმალურად ამოქმებისა და გათვალისწინებულ დროში(მაქსიმუმ 2,5 წელი) დასრულების შემთხვევაში კი,ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოში ის მაინც დაზუსტდება, რა არი კერძო , რა მუნიციპალური თუ ა.შ.
რაც შეეხება მიწასთან დაკავშირებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და ეფექტურად მართვას -სრულყოფილი თანამედროვე კადასტრის შემთხვევაშიც კი, მარტო საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისა და სამომავლო პერსპექტივების დაგეგმვის განხორციელება შეუძლებელი იქნება, თუ ქვეყანაში არ იარსებებს ერთიანი მიწის ფონდის განმკარგველი, მარეგულირებელი და დარგთაშორის მაკორდინირებელი ძლიერი სახელმწიფო ორგანო (სააგენტო). რომელიც, როგორც სასოფლო სამეურნეო დანიშნულების, ისე სუბურბანული და ურბანული მიწების მიწათმოწყობისა და სივრცითი – ტერიტორიული განვითარების ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის გასატარებლად, მონაცემების გაანალიზებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისათვის – მონიტორინგს გაუწევს: რეგისტრაციების ტრანზაქციებს; სავარგულების დროში ტრანსფორმირებებს ; სასოფლო მიწების არასასოფლოში გადასვლის სანაცვლოდ ახალი მიწების ათვისების მიმდინარეობებს; გარემოს დაცვისა და სამეურნეო ბრუნვაში არსებული მიწების ბრუნვიდან გამოვარდნის საწინააღმდეგო ღონისძიებების დასახვას; ერთიანი საკანონმდებლო ბაზის – მიწის კოდექსის შემუშავებას და ა.შ.
დადგენილი წესით, სააგენტო: განსაზღვრავს მიწის რესურსებით სარგებლობის ძირითად მიმართილებებს, რისთვისაც შექმნის ქვეყნის მიწების მართვასა და გამოყენებაზე განსაკუთრებული წესებისა და შეზღუდვების მთელ სისტემას; მიწის ადმინისტრირების სამართლებრივი სფეროს სრულყოფის მიზნით, შეიმუშავებს ერთიან საკანონმდებლო კრებულს – მიწის კოდექსს; მონაცემთა ერთიანი ბანკის შესაქმნელად და ყოველწლიური სახელმწიფო ანგარიშის მოსამზადებლად,აწარმოებს მუდმივ მონიტორინგს მიწის რესურსების მდგომარეობასა და მის დინამიკაზე; კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელებს სახელმწიფო კონტროლს მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ. ამ მიზნით, დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებს გაუწევს კონსულტაციებს, ტექნიკურ დახმარებებს, გასცემს ექსპერტიზას მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით დამუშავებულ პროექტებზე.
ახალი სტრუქტურის შექმნა უმტკივნეულოდ შეეძლება სახელმწიფოს, ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტის მეთექვსმეტე მუხლით, მუნიციპალიტეტებში გათვალისწინებულია „მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.“ იმედია ინსტრუქტაჟგაწეული, უკვე დარგში გათვითცნობიერებული სპეციალისტი, მიწის ადმინისტრირების ახლადშექმნილ სტრუქტურაში გააგრძელებს თავის სქმიანობას (მუნიციპალიტეტში მეტი შტატი არცაა საჭირო). ხოლო, რაც შეეხება სათაო სტრუქტურას, მისი შექმნა ალბათ ეკონომიასაც კი მისცემს სახელმწიფოს ვინაიდან, მიწის მართვის დეპარტამენტის დაშლის შემდგომ, სხვადასხვა სამინისტროებში შექმნილი ანალოგიური სტრუქტურების ახლიდან სინთეზისას, კადრებით კომპლექტაციისათვის ნაკლები კადრი იქნება საჭირო ვიდრე დღესაა სამინისტროების იდენტურ სტრუქტურებში.
პაატა კოღუაშვილი
საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი
ჯუმბერ ფანჩულიძე
ექსპერტი მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის საკითხებში
ანზორ მესხიშვილი
ექსპერტი უძრავი ქონების(მიწის) საკითხებში