სახალხო პარტიის განცხადება

rustavi 2

იმედგაცრუებისთვის განწირული საზოგადოება და ფსევდოკრიზისი

რამოდენიმე დღეა საინფორმაციო საშუალებების მიერ ფორსირებულად ხდება საზოგადოების მიზანმიმართული აჟიტირება რუსთავი 2-ის და მისი მფლობელის, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სხვადასხვა საეჭვო სუბიექტის მიერ წაყენებული ქონებრივი პრეტენზიის გამო.

თავს ვალდებულად ვთვლით, ქართულ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი მოსაზრება ამ ფსევდოპრობლემის შესახებ.

შეინიშნება ინტერესების კვეთა: პროცესიდან გამომდინარე, ამ საქმიდან მოგებული, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, რჩება ხელისუფლებაც და ნაციონალური მოძრაობაც, ისევ საზოგადოების ხარჯზე.

ხელისუფლება გვევლინება თითქოსდა ნეიტრალურ დამკვირვებლად აფიშირებული სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში.

რუსთავი 2, რომელიც ამ პროცესს, დიდი ალბათობით, მოიგებს, დღეს ჩაგრულის სამოსში გადაცმული დგას საზოგადოების წინაშე და მისი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს ასევე, ვითომ ჩაგრული, ნაციონალური მოძრაობა თავის ძველ თუ ახალ სატელიტ პოლიტიკურ ძალებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვაი-ექსპერტებთან და, კიდევ უფრო უარესი, პრეზიდენტთან  ერთად.

სულ მალე გამოჩნდებიან ასევე ვითომ ნეიტრალური მრჩევლები ჩრდილოეთიდან თუ დასავლეთიდან, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარებას ეცდებიან. რეალური შედეგი კი იქნება ისევ ქართული  საზოგადოების ინტერესების ხარჯზე, როგორც ხელისუფლებისათვის, ასევე მისი ვითომ ოპონენტებისათვის ხონჩით მირთმეული პოლიტიკური და ფინანსური დივიდენდები.

ხელისუფლებას გაუჩნდება კიდევ ერთი მიზეზი თუ არგუმენტი, რათა აუხსნას საზოგადოებას, თუ რატომ ჭიანურდება სამართლიანობის დამკვიდრება ქვეყანაში, ხოლო ნაციონალური მოძრაობა თავს უფრო დამაჯერებლად წარმოადგენს ძირითად და ლეგიტიმურ ოპოზიციურ ძალად.

პოლიტტექნოლოგიებში გარკვეული ადამიანისათვის ადვილად დასანახია, რომ სინამდვილეში ადგილი აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ვითომ ოპოზიციას შორის შიდა კლანურ გარჩევებს მეტი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ისევ ხალხისა და სახელმწიფოს ხარჯზე – რომელიც, როგორც ყოველთვის, დაზარალებულის როლში აღმოჩნდება.

გვინდა შევახსენოთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ შეჰყრია ნიჰილიზმის ავი სენი, რომ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ტანდემში მოღვაწეობა არახალია და 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების დღესვე მოხდა მათი პოლიტიკური გარიგება, რაც გამოიხატა ნაც-ისათვის 40%-ის დათმობაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა – 90%-ზე მეტი შედეგებს აპროტესტებდა და მოითხოვდა შედეგების გადახედვასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

ასევე პოლიტიკური გარიგების სუნი ასდის რუსთავი 2-სთვის ქონებრივი პრეტენზიების წაყენებას, როდესაც რეალურად პასუხი არავის მოუთხოვია ამ ვითომ ობიექტური მედია- საშუალებისთვის წლების განმავლობაში სიცრუის ტირაჟირების გამო. მათ მიერ მომზადებული რეპორტაჟებისათვის, რომელთა საშუალებითაც წინა ხელისუფლება ახდენდა თავისი დანაშაულებრივი ქმედებების გათეთრებას, ამ ქმედებების შედეგი ხომ არაერთი შეწყვეტილი სიცოცხლე, 2008 წლის ომის ინსცენირებით გაჩუქებული ტერიტორიები, დანგრეული და განადგურებული ოჯახი, წართმეული და ძალით დათმობილი ბიზნესი თუ ქონება, და რაც მთავარია, ათასობით ნაწამები ადამიანი იყო ციხეებსა, პოლიციასა თუ სხვა ძალოვან უწყებათა კაბინეტებში.

ყოველივე აქედან გამომდინარე, არსებულ და მოსალოდნელ კრიზისულ სიტუაციაში საზოგადოების შეგნებული ნაწილი ვალდებულია რეალურად შეაფასოს არსებული მდგომარეობა, მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მობილიზება და თვითონ გაავლოს გამყოფი ხაზი, ერთის მხრივ ქვეყნისა და ერის ინტერესებს და, მეორე მხრივ, ფსევდოპოლიტიკოსთა მერკანტილურ ქმედებებს შორის. რაც უფრო გადაიწევს ეს პროცესი დროში, მით უფრო რთული იქნება დადებითი შედეგის მიღწევა.

08.08.2015

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress