ოპერაცია “მავთულხლართები”-ს გამო

gerbebi_Page_6

მოსაზრება (22.07.2015)
გაურკვეველი პროფლის მინისტრი ბ-ნი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც მშვიდად დასთანხმდა თავისი სამინისტროს დასახელებიდან სიტყვის “ინტეგრაცია” ამოღებას, რადგან ეს ცნება საქართველში რუსების ხელმძღვანელობით მოქმედი სეპარატისტებისათვის მიუღებელია, დღეს ეკრანიდან აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მავთულხლართების პერიოდული გადმოწევის პრაქტიკისათვის წინააღდეგობის გასაწევად საქართველოს იურიდიული საფუძველი არა აქვს.
მისი არგუმენტია: სარკოზი-სააკაშვილი-მედვედევის მიერ 2008 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი არის “საერთაშორისო ხელშეკრულება”, რომელიც იურიდიული ძალით აღემატება საქართველოში ან სხვა რომელსამე ქვეყანაში არსებულ ან მიღებად ყველა საკანონმდებლო ნორმას კონსტიტუციურის გარდა.
ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველო, მინისტრის აზრით, ცნობს ოსური სეპარატისტული ხელისუფლების უფლებამოსილებას, თავისუფლად იმოქმედოს ყოფილი “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე, რუსების მიერ მავთულხლართების გადმოწევა კი, “ბანერების” ჩასმის ჩათვლით, ამ ტერიტორიის ფარგლებში ეტევა.
მინისტრის ეს განცხადება სიცრუეა შემდეგ გარემოებათა ძალით: პირველი. სარკოზი-სააკაშვილი-მედვედევის მიერ 2008 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი არცერთ თავის რედაქციაში, შავების ჩათვლით და პრესის ცნობების ჩათვლით, არ არის “ხელშეკრულება”. ამ დოკუმენტის რანგია “ურთიერთგაგების მემორანდუმი” (“სამახსოვრო”) და კომუნიკე (“შეტყობინება საზოგადოებისათვის”) სააკაშვილისადმი სარკოზის წერილის ტექსტისა, რომლის გაღიავებაც ავტორმა საჭიროდ ჩათვალა.
“ხელშეკრულება” სახელმწიფოთა შორის შეთანხმების ყველაზე მაღალი დოკუმენტია, “მემორანდუმი” კი, ისიც – მხოლოდ “ურთიერთგაგებისა,” – ერთ-ერთი ყველაზე დაბალთაგანია. ცალკე სახლემწიფოს შიდა კანონმდებლობისა და სახელისუფლებო აქტების დაძლევის იურიდიული ძალა მას არა აქვს. ეს ანბანური ჭეშმარიტება გახლავთ. მინისტრის ეს არგუმენტიც შესაბამისად, ანბანური ტყუილია.
მეორე. ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხსენებულ დოკუმენტში – “ურთიერთგაგების მემორანდუმში,” – უბრჭყალებოდ არის ნახმარი გამოთქმა “სამხრეთ ოსეთი”, არ ნიშნავს ხელმომწერთა მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებას. ეს გამოთქმა არის მხოლოდ საგნის დენოტაცია (დასახელება, აღნიშვნა) და არა მისი განსაზღვრება ანუ მისი რაობის ფორმულირება. ამ გამოთქმის შინაარსია “ეს ტერიტორია ამა და ამ საზღვრებში, რომელიც დღეს ამ სახელით აღინიშნება”, და არა “ესა და ეს ადმინისტრაციული (ან: “ტერიტორიულ-ადმინისტრაციული”, ან: “ეროვნულ-ტერიტომრიული” ან სხვა რამ კონკრეტული სტატუსის მქონე)” ერთეული.
მესამე. “ურთიერთგაგებინების” მიზანი, რომელიც ამ მემორანდუმის თემაა, ერთჯერადია: ესაა იმ სიტუაციის შეწყვეტა, რომელიც თავისი შინაარსით საბრძოლოა, და სიტუაციის შემდგომი განვითარების მინდობა საერთაშორისო მოლაპარაკებისათვის ისევ და ისევ “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების პირობათა თაობაზე” (სხვა არაფერზე). რა მოხდება შემდეგ, ის ამ “მემორანდუმის” თემა არ არის.
ამ არგუმენტის გარდა, რომელსაც, როგორც დავინახეთ, მამტკიცებელი ძალა ნოლი აქვს, მინისტრის დებულებას “მავთულხლართების გადმოწევისადმი წინააღმდეგობის გაწევაში საერთაშორისო სამართლის ნორმა გვბორკავს” სხვა საფუძველი არ მოეპოვება.
კიდევ ერთ “არგუმენტს” საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივად პასიური ანტისახელმწიფოებრივი ქცევის გასამართლებლად ბატონი მინისტრი საქართველოს შინაგანი კანონმდებლობის სფეროში პოულობს, კერძოდ, კანონში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”.
მისი ლოგიკა ასეთია: ჩვენი კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” ადგენს მოქმედების წესებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშასადამე – ურიგდება ოკუპაციას, როგორც ფაქტს. ამგვარად, ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულად ვაღიარეთ, ამ ოკუპაციის მიზნებთან და შედეგებთან წინააღმდეგობის უფლება არ გვაქვს.
ეს იგივეა, რაც თქმა: “რაკი სახელმწიფომ ცნო, რომ ამა და ამ ზონაში ეპიდემიაა, მას უფლება აღარა აქვს ამ მის მიერვე აღიარებული ვითარების წინააღმდეგ წავიდეს. ეპიდემია ეპიდემიად უნდა დარჩეს”.
არც ამგვარ აბსურდთა წამოსროლა, არც მაპროტესტებელ ჟურნალისტთა დაპატიმრება მავთულხლართთა ფრონტის წინ დღეს საქართველოს ხელისუფლების მთავარი დანაშაული არ არის. მთავარი დანაშაულია ის, რასაც იგი უნდა იქმოდეს, მაგრამ არ იქმს 2008 წლის დამლევიდან დღემდე.
მხედველობაში გვაქვს, კერძოდ, შემდეგი: 2008 წელსვე მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა მისი ორი პუნქტი დაარღვია: მან გამოიყენა ძალა (და იყენებს მას) და მან განაახლა საბრძოლო მოქმედებები, სახელდობრ, თავისი შეიარაღებული ძალით შემოტევა საქართველოს ტერიმტორიაზე. რუსეთი დღეს თავისი შეიარაღებული ძალით ეხმარება თავის ოფიციალურ მოკავშირეს “სამხრეთ ოსეთს” მის ომში საქართველოს წინააღმდეგ.
სხვა კვალიფიკაცია მისი სამხედრო მოსამსახურეების გადაადგილებასა და მოქმედებას ვერ მიეცემა. ეს ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას ამ ჩვენთვის კაბალური მემორანდუმის დენონსირება მოახდინოს და საქართველოს ტერიტორიის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გააგრძელოს ყველა სხვა არსებული მეთოდით, დიპლომატიურის ჩათვლით.
საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია თავისი ტერიტორიის აღდგენისათვის აქტიურ ბრძოლაზე გადავიდეს სამსავე მთავარ პარამეტრში: იურიდიულში, პოლიტიკურში და საკუთრივ თავდაცვითში.
ა) იურიდიულ სფეროში საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია განუმარტოს მსოფლიოს ოფიციალური არხებით, რომ “ოსეთი” კავკასიონის სამხრეთით, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე, არის რუსეთის იმპერიის გამოგონება და კრეატურა და არა ისტორიის ბუნებრივი განვითარების შედეგი.
მისი შექმნის უკლებლივ ყველა აქტი არალეგიტიმურია. ეს აქტებია: რუსეთის კომპარტიის (ბოლშევიკების) დადგენილებანი. უცხო ქვეყანაში, საქართველოში “სამხრეთ ოსეთის” შექმნის შესახებ, შემდეგ – ამავე პარტიის ცკ-ს დადგენილება ამავე შინაარსისა.
ამგვარად, ეს არის პარტიული გადაწყვეტილებები, რომელიც სახლემწიფოს (მთავრობას) არ გაუმეორებია. მათი სრული არალეგიტიმურობა იმაშია, რომ ეს პარტია იღებს გადაწყვეტილებებს უცხო ქვეყანაში მოსახდენის შესახებ, რომელიც მაშინ, 1920 წელს, ანტანტის ქვეყნებმა ცნეს, დღეს კი გაეროს წევრია.
საქართველოში ეს გადაწყვეტილება “სამხრეთ ოსეთის” შექმნის შესახებ მიიღო ცაკ-მა (ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა, 1922), მაგრამ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 9 მარტს მიიღო დადგენილება, რომ საქართველო არის დაპყრობილი და ფაქტობრივად ანექსირებული ქვეყანა, ხოლო შემდეგ დაადგინა იმ ორგანოთა და იმ აქტთა კატეგორია, რომლებიც ავტომატურად ბათილდება, როგორც უცხო ძალის მიერ შექმნილი და ნაკარნახევი.
ამ ორგანოთა რიცხვშია, რაღა თქმა უნდა, ზემოხსენებული ცაკ-იც და მისი დადგენილებაც საქართველოში “ოსეთის” შექმნის შესახებ. საქართველოში “სამხრეთ ოსეთის აო” გააუქმა საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 11 დეკემბერს – გააუქმა კანონით.
ამგვარად, საქართველოს მოღალატე ხელისუფლებებს არ გააჩნიათ არანაირი იურიდიული ძალა პარლამენტის დადგენილების გარდა, რომ ხელყონ ეს კანონი, მითუმეტეს – არავის აქვს უფლება ამ კანონის უგულებელყოფისა და სიტყვის “სამხრეთ ოსეთი” იურიდიული შინაარსით ხმარებისა.
ბ) პოლიტიკურ სფეროში საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია კატეგორიული ფორმით მიჰმართოს გაეროს და ყველა სათანადო საერთაშორისო ორგამნიზაციებს რუსეთის უწყვეტი შეიარაღებული აგრესიისაგან საქართველოს დაცვის მოთხოვნით.
გ) სამხედრო სფეროში საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ვიდეოკამერების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ აწარმოოს მავთულხლართების ფრონტის (ანუ მათ წინ მდებარე სივრცის) მუდმივი პატრულირება სამოქალაქო თავდაცვის მოხალისე მოქალაქეთა – უფორმოთა, წითელი ხელსაბამების მქონეთა და თუნდაც ორლულიანი თოფებით აღჭურვილთა – მიერ, რომლებიც პირველსავე შემოსულ ფორმიანს თავდადებულად (სიტყვას “თავდადებულად” ხაზს ვუსვამ), გადაუკეტავენ გზას (ეს უნდა შესრულდეს, ცხადია, უფროსი ასაკის მოქალაქეების მიერ).
ყველა შესაძლებელი ფინალი ამგვარი ნაბიჯისა (სიტყვას “ყველა” ხაზს ვუსვამ) რუსული მცოცავი აგრესიის შეჩერების თავლსაზრისით ქმედითი ფაქტორია (თუ ვისმე ჰგონია, რომ ახალგაზრდა ჟურნალისტების მიერ უკანონო ბანერების გადაგდება ნაკლებ სარისკო ოპერაციაა სისხლის დაზოგვის თვალსაზრისით, ეს შეცდომაა).
შიდა ქართლისთვის ბრძოლის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, საქართველო დღეს იბრძვის ამ ტერიტორიისათვის თუ გარბის ისე, როგორც დღევანდელი არაკონდიციური ხელისუფალნი გარბიან (სიტყვას “გადამწყვეტი” ხაზს ვუსვამ).

მაშინ, როცა სარკოზი-სააკაშვილი-მედვედევის დოკუმენტი შეიქმნა, არსებობდა ე.წ. ფორს-მაჟორის – აღმატებული ძალის – ფაქტორი: რუსეთი თბილისს ბომბავდა და ეგებ უტევდა კიდეც. პუტინისა და ოსების ჭკუით, ქართველები ოსებს უტევდნენ. ახლა ეს ფაქტორი აღარ არსებობს. ყალბი საბაბი – რომ საქართველო “ოსეთში შეჭრილია” და მოსახლეობის სისხლს ღვრის – აღარ არსებობს, რადგან ტყუილში მხილებულია 2008 წელსვე.
რუსეთი, როგორც გამოუსწორებული აგრესორი, მხილებულია საქართველოს გარეთ მდებარე ფაქტებითაც. მესამე მსოფლიო ომს, რომელიც დღეს მიმდინარეობს “ცივი” და “ცხელი” ეპიზოდების ურთიერთმონაცვლეობით, რუსეთი ვერ მოიგებს. ამიტომ ახალი სრულებით უმოტივო აგრესიის განხორციელება საქართველოს მიმართ ისეთი ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც რუსეთი თავს ვეღარ მისცემს.
საქართველოს ხელისუფლების მიზანმმიმართულად კაპიტულანტური პოზიცია – მისი ყველა შტოისა, საკანონმდებლოს ჩათვლით, და არა მხოლოდ ინტეგრაციაზე ხელის ამღები მინისტრისა – სხვაგვარად ვერ დაკვალიფიცირდება, თუ არა როგორც მიზანმიმართული სახელმწიფო ღალატი.
ნოდარ ნათაძე
18 ივლისი, 2015 წელი.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress