ცივილიზებულ მსოფლიოში ყველა ქვეყნის მთავრობა მიისწრაფვის მაქსიმალურად დაიცვას როგორც მოსახლეობის, ასევე კერძო ბიზნესის ინტერესები და უზრუნველყოს ამ ინტერესთა შორის ოპტიმალური ბალანსი, რაც სახელმწიფოს მდგრადობის ერთ-ერთი უმთავრესი პარამეტრია. ხელისუფლება ვალდებულია წინასწარ განსაზღვროს მოსალოდნელი საფრთხეები და დასახოს მისი განეიტრალების მექანიზმები.
ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლება კი თავის ენერგიას მხოლოდ იმაზე ხარჯავს, თუ როგორ გაამართლოს ხალხის ყვლეფა. პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის არ ერიდება დემაგოგიას, ხელოვნური კრიზისის დაპირისპირებისა და დაძაბულობის ინსპირაციას.
ლარის კურსის ვარდნა რომ გარკვეულ პრობლემებს შეუქმნიდა არსებულ ენერგოტარიფებს, ძნელი გასათვლელი არ იყო, მაგრამ თუ ხელისუფლება შეისწავლიდა რიგი ენერგოკომპანიებისათვის წარსულში საეჭვოდ მინიჭებულ სასათბურე პირობებს, შეძლებდა მძიმე მდგომარეობაში არ ჩაეყენებინა მოსახლეობა. სიამაყით განცხადებული სუბსიდირება, თან ნაწილი მოსახლეობისა, მხოლოდ ჯიბიდან ჯიბეში თანხის გადადებაა, თან ცინიკური არგუმენტი – სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უმეტესობას სტატუსი იმის გამო მიანიჭეს, რომ ელექტროტექნიკა არ ჰქონდა.
საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ თავის დროზე ვითომ ჩეხურმა კომპანია ,,ენერგო-პრომ” (ერთი ჩეხი მაინც გვენახა ამ წლების განმავლობაში, ისევე როგორც ,,ყაზრანგაზში” – ყაზახი), აუქციონზე მიზერულ ფასად და უკონკურენტოდ შეიძინა წინასწარ ძალიან საეჭვოდ ბიუჯეტით დაფინანსებული ახლადგარემონტებული 16 ჰესი. მასთან ერთად მიიღო ქვეყნის ელმომარაგების უდიდესი ნაწილის დისტრიბუციის უფლება ,,თელასისთვის” ინვესტიციების ამოღების გათვალისწინებით განსაზღვრული სადისტრიბუციო თანხის ოდენობით. (თვითონ მან გარკვეული ინვესტიციები განახორციელა მხოლოდ ამოღებული თანხებიდან და დღემდე შეუსრულებელი აქვს სრული გამრიცხველიანების პირობა)
ეს სადისტრიბუციო კომპანიები წინა წლის ჩათვლით, ყოველ წელს ასობით მილიონობით მოგებებით ამთავრებენ. ამასთან ერთად, თელასს დიდი ხანია ამოღებული აქვს დახარჯული ინვესტიცია და ხელშეკრულებით მას უნდა შემცირებოდა ტარიფში ეს კომპონენტი; არსად არ ჩანს ის, რომ მისი 25 %-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია;
,,ენერგო-პროს” აქვს საკუთარი ჰესები და მათგან წარმოებული ელენერგია მნიშვნელოვანი ნაწილია თბოელექტროსადგურისგან შეძენილ დენთან შედარებით;
ტარიფის გაძვირება საეჭვოდ დაემთხვა ახალი კომბინირებული თბოელექტროსადგურის გახსნას, რომელიც 25%-ით მეტ დენს გამოიმუშავებს იმავე ოდენობის გაზით, რომლებსაც იქვე არსებული ბლოკები ხარჯავენ;
,,ენგურჰესიდან” გამომუშავებული დენის თითქმის ნახევარი მიეწოდება აფხაზეთის აპარტეიტულ რეჟიმს (ნაწილი რუსეთს) და მასზე გაწეული ხარჯები ასახულია საერთო ტარიფში და არა სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე ნაწილად.
თქმული და მრავალი სხვა არგუმენტი გონიერი ხელისუფლებისთვის იძლეოდა საშუალებას განსჯისა და შესაბამისი გათვლების შედეგად შეეძლო არ აყოლოდა ენერგოკომპანიების კაპრიზებს (ანუ საკუთარი კეთილდღეობის კიდევ უფრო განმტკიცებას) და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ დაემძიმებინა ისედაც მძიმე ცხოვრება.
ამ ქმედებით დადასტურდა, რომ “ქართული ოცნება”, კიდევ ერთ სფეროში _ ენერგეტიკაშიც, შევარდნაძე-სააკაშვილის პოლიტიკის მიზანმიმართული და თანმიმდევრული ხაზის გამგრძელებელია.
სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ არის გულადი და შემართული!