„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად, სახელმწიფოს მართვის ნაწილში ძირითადად უმოქმედოა და მისი ძირითადი ენერგია გადადის უკვე სამი წლის წინ დამარცხებული ნაცმოძრაობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე (ანუ ძალაუფლების შენარჩუნებაზე) და ამ ძალაუფლების (ანუ მისგან გამომდინარე პირადი კეთილდღეობის) გადანაწილებისთვის შიდა კლანური ურთიერთობის რკვევაზე. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, მრავალი საკითხი ყურადღების გარეშე რჩება და ეს ყოველივე აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. სახეზე გვაქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კრიზისიც. ეს ყოველივე მოქმედებს ინვესტიციებზეც, ლარის კურსზეც, სამართლებრიობაზეც, თავდაცვისუნარიანობაზეც, კანონშემოქმედებითობაზეც, საგარეო ურთიერთობებზეც, სამართლიანობის აღდგენაზეც და ა.შ.
ეს ვითარება ხელისუფლებისგან მოითხოვს მაქსიმალურ ერთიან ძალისხმევას, არადა ამ დროს, პირიქით ყველა სახელისუფლო კლანი შეიკრა ღარიბაშვილის წინააღმდეგ და ცდილობს შექმნილი პრობლემები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენოს. თავის მხრივ, ღარიბაშვილმა ვერ შეძლო არსებული პრობლემების მოგვარება და ბევრი არგუმენტი მისცა მის მოწინააღმდეგე კლანებს. რადგანაც ძალაუფლების ფორმალური და რეალურად მფლობელი სხვადასხვაა, კლანები მუშაობენ ჩააჩოჩონ ღარიბაშვილი და ბრძოლა მიდის ვინ იქნება წარმმართველი ძალა ივანიშვილის კარზე.
ეს პროცესები ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ვერ განვითარდება. ივანიშვილის სიყვარულით არავინ მოქმედებს, ყველას თავისი კერძო ინტერესი აქვს. სხვათა შორის, თვითონვე შექმნა ივანიშვილმა ასეთი გარემო. გარკვეულ ეტაპზე საჭირო იყო ღარიბაშვილი. ამ შემთხვევაში მმართველობის სამი წელი ღარიბაშვილმა გადაატანინა. ყველა ცოდვა, რაც კი ქვეყანაში ამ სამი წლის განმავლობაში დატრიალდა ღარიბაშვილს მიეწერება. ახლა ღარიბაშვილის გადაყენებით შესაძლებელია ჩამოიწეროს სამწლიანი წარუმატებელი პერიოდი (რამდენად მიიღებს ამას საზოგადოება სხვა საკითხია), როგორც დავუშვათ, კბილაშვილ-ნაცვლიშვილის პროკურატურიდან წასვლით ჩამოიწერა ის შეუსრულებელი დაპირებები, რომელიც ე.წ. სამართლიანობის აღდგენასთან იყო დაკავშირებული.
ახლა გადასაწყვეტია მნიშვნელოვანი საკითხი: ამ სამი წლის ქმედებების ჩამოწერა და ხელისუფლების არც თუ დამაჯერებელი გასუფთავება თუ ივანიშვილის იმიჯი. ღარიბაშვილის გაშვებით დამტკიცდება, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ცოდნია ადამიანების შეფასება, რითაც თავი მოსწონდა. თუ ერთი შეცდომა დაუშვა პრეზიდენტთან _ პრეზიდენტმა არ გაუმართლა; მეორე _ ქალაქის მერთან, არც მან გაუმართლა; ახლა საქმე უფრო რთულადაა _ ყველაზე უფრო მასთან იდენტიფიცირებული ღარიბაშვილია, პრემიერი ღარიბაშვილი ივანიშვილისთვის ყველაზე მისაღებ და ერთგულ ფიგურად სახელდებოდა და შეიძლება პრემიერისა გაშვებამ საკმაოდ სერიოზულად გადაასხას ცივი წყალი ძალიან პროპაგანდირებულ და გაპიარებულ თვისებას, რომ ადამიანებში და პოლიტიკურ პროცესებში კარგად ერკვევა.
ივანიშვილი გადაწყვეტს რომელი უფრო მნიშვნელოვანი იქნება მისთვის. ორივეს თავისი მინუსი და პლუსი აქვს. შესაძლებელია მესამე ვარიანტიც: მარტოკაცად დატოვოს პრემიერი ღარიბაშვილი მთავრობაში, რომლის ერთგულებაშიც, ალბად, დღესაც ეჭვის შეტანა შეუძლებელია და თვითონ ივანიშვილმა აკონტროლოს მთავრობა ინდივიდუალური კონტაქტების მეშვეობით. ეს საქართველოში გასაკვირი არავისთვისაა. ცოტა ხნის წინ გილაური იყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც არც არავის ახსოვს და არც არავის გაახსენდება (წესით პროკურატურას მაინც უნდა ახსოვდეს?!), სააკაშვილს კი ცალკე ჰქონდა ყველა მინისტრთან, ჯგუფთან და კლანთან თავისი ურთიერთობა.
დღეს უკვე აღარავის სჯერა იმის, რომ ერთი მინისტრი წინა დღეს ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მთავრობის სხდომაზე გეგმებს აყალიბებდა, უცებ ავად გახდა და ამის გამო გადადგა და თან, საინტერესო და სასაცილო ის არის, რომ ჯანდაცვის მინისტრმა პრესიდან გაიგო ამ მინისტრის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. მეორე მინისტრი ოჯახური მიზეზების გამო გადადგა (გულისამაჩუყებელია თურმე როგორ ყვარებია ცოლ-შვილი). ამას მიყვა სპორტის მინისტრიც…
ჩვენ საბჭოთა კავშირიდან ვიცით, როგორ ხდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ სხვა მსგავსი მიზეზით გადადგომა. არსებული საბჭოთა მართვის სტილი და ბოლშევიკური ცხოვრების წესი ამტკიცებს, რომ ჩვენ ბოლშევიზმი არ დაგვიმარცხებია, დღეს კერ კიდევ საბჭოთა_ბოლშევიკური მმართველობა გვაქვს. საბჭოთა კავშირი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და, რაც მალე შეცვლის საქართველო მას, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისა და ყველა ჩვენგანისთვის.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს შევარდნაძის მმართველობის პერიოდი. როდესაც შევარდნაძეს რომელიმე მინისტრი ყელში ამოუვიდოდა, მაშინვე მედიის, კონკურენტი კლანების, სატელიტი ოპოზიცური ჯგუფების, სხვადასხვა ექსპერტების მეშვეობით იწყებოდა ამ მინისტრის წინააღმდეგ კამპანია. გარკვეულ კონდიციამდე რომ მივიდოდა საქმე, მერე ეტყოდნენ, წადი, თუ ძმა ხარ, მშვიდობით, ვიდრე შესაბამისი სტრუქტურები ამოქმედებულა და ისიც მიდიოდა სხვადასხვა საბაბით. ზოგიერთი მინისტრი განათლების მიღების გამო გაუშვეს, ზოგი ჯანმრთელობის და ა.შ.
მართვის ეს სტილი უნდა დამთავრდეს. ამდენი მინისტრი შეიცვალა და არ ვიცით რატომ, საზოგადოებას არ ვეუბნებით რა დააშავა ამ ხალხმა, სად ჰქონდა შეცდომა? თუ კორუფციასთან ჰქონდა შეხება, ციხეში უნდა იჯდეს. თუ სხვა შეცდომა დაუშვა, უნდა ითქვას, რომ მეორემ იგივე არ გაიმეოროს. პოლიტიკური შემადგენელი საერთოდ ამოღებულია პოლიტიკური ცხოვრებიდან და დავდივართ ინდივიდუალურ, პირად, კლანურ ურთიერთობებზე, რაც ქვეყანას ანგრევს. არამარტო ანგრევს სადღეისოდ, არამედ პერსპექტივასაც უკარგავს სახვალიოდ. ეს ყოველივე ქვეყნისთვის დამღუპველია. ასე ცხოვრება უნდა დამთავრდეს!
ბიძინა ივანიშვილს მიეცა შანსი (თუ ოდნავ მაინც სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვს) შეცვალოს ეს დამყაყებული საბჭოური სისტემა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები წარმართოს ქვეყანაში. ივანიშვილს აქვს შანსი, არა მარტო მთავრობა, არამედ სისტემა შეცვალოს. ეს სისტემა არ უნდა იყოს კლანებზე, პირად ურთიერთობებზე, კონტაქტებზე დამოკიდებული. ეს უნდა იყოს პოლიტიკურ პლატფორმაზე, იდეოლოგიაზე, ხედვაზე დაფუძნებული. თუ ასეთი მთავრობა ჩამოყალიბდება, ქვეყანას პერსპექტივა აქვს. თუ არადა, ისევ ჭაობში ვიქნებით, როგორც ბოლო ათეული წლების განმავლობაში ვართ.
ამიტომ, ივანიშვილს აქვს არჩევანი _ ან დაანგრიოს საბჭოთა სახელისუფლებო სისტემა საქართველოში და, შესაბამისად, ჯანსაღი ცივილიზებული სამყაროსთვის დამახასიათებელი მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხელისუფლების ფორმირებას შეუწყოს ხელი, ან ისევ გააგრძელოს ქვეყნის ამ წუმპეში კოტრიალი და საბოლოო ჯამში, როგორც ივანიშვილის წინამორბედებისთვის დამთავრდა ცუდად, ისევე დამთავრდება მისთვისაც. როგორ ცუდადაც მთავრდებოდა ქვეყისთვის, ახლაც ასევე ცუდად დამთავრდება.
ამ არჩევანის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილი, სხვადასხვა მიზეზთა გამო დღეს მხოლოდ მას აქვს ძალაუფლება, რომ გააკეთოს ისეთი არჩევანი, რომელიც ქვეყანას განვითარებისკენ წაიყვანს. ხვალ უკვე გვიან იქნება. ხვალ ჭაობში ჩაძირულს გაგვიჭირდება იქედან ამოსვლა. ხვალ ხალხის რისხვა ამ შანსის ხელიდანგამშვები პირისკენ იქნება მხოლოდ მიმართული. ბევრჯერ მინახავს ასეთ მძიმე მდგომარეობაში ხელისუფლება და აღარ მინდა, კიდევ ერთხელ ვიხილო. ამიტომ მოვუწოდებ, კეთილი ინებონ და დაამთავრონ საბჭოთა მმართველობა საქართველოში. გადაარჩინონ ქვეყანა და საკუთარი თავიც!
P.s. თითოეულმა ჩვენგანმა იმაზე კი არ უნდა იფიქროს, როგორ აღმოჩნდეს ახლა რომელიმე გასამარჯვებლად გამზადებული კლანის რიგებში საკუთარი პირადი კეთილდღეობის მოსაწყობად, არამედ იმაზე უნდა ფიქრობდეს, როგორ შევქმნათ ისეთი ერთობა, რომელიც მოიპოვებს ქვეყნის გადარჩენის შანს, რომელსაც ხელიდან უკვე აღარ გაუშვებს და ყველას დამსახურებისამებრ მიუზღავს.