„ქართული პლატფორმის“ მიმართვა საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი.

saqarTvelo

ქალბატონებო და ბატონებო,

ვაცნობიერებთ რა, ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციას,
ვაცნობიერებთ რა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე არსებულ ხელისუფალთა მხრიდან სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობას და მათ უუნარობას, რის კულმინაციადაც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები, კერძოდ, ის, რომ ოფიციალური სტატისტიკით, 1 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა 761 ათასი (14,7%), ხოლო 1992 წლიდან დღემდე 1 მილიონ 737 ათასით კაცით, ანუ 31%-ით.

ვხედავთ რა, რომ იგივე პერიოდში საქართველომ დეფაქტო დაკარგა არსებული ტერიტორიების თითქმის მეხუთედი ნაწილი,

ვხედავთ რა, რომ არსებობს საქართველოს უქართველებოდ და ქართველების უსაქართველოდ დარჩენის რეალური საფრთხე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქვეყნიდან წასვლამ მიიღო ისეთი მასშტაბები, რომლის კომპენსაცია ვერ ხდება ( შეუძლებელიცაა) ბუნებრივი მატებით.

ვხედავთ რა, რომ დაცარიელებულია ქართული სოფლები არა მარტო ოკუპირებულ, არამედ კონტროლირებად ტერიტორიაზეც, რაც ხელს უწყობს მთელი რიგი კუთხეების დეპოპულაციას,

მიგვაჩნია, რომ შემაშფოთებელია სახელმწიფო ენის მოქმედების არეალის (მათ შორის კონტროლირებად ტერიტორიებზეც კი) საგრძნობლად შეზღუდვა,

მიგვაჩნია, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა (მისი უმოქმედობა) არ ტოვებს იმედს, რომ მას შესწევს უნარი ქართველი ერი რეალურად არსებულ საფრთხეს გადაარჩინოს!

ვხედავთ რა, რომ საქართველოს ხელისუფლების მთელი ენერგია (მათ შორის, ყოველდღიური საქმიანობა) გადასულია ერთი მხრივ, მის მიერვე ხელოვნურად შეკოწიწებული პრობლემების (ხელისუფლების შიგნით არსებული ტექნიკური საკითხების) გარკვევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რეალური ერთპარტიული მონოპოლიზმის შენარჩუნებაზე. (თუ უფრო კონკრეტულად ვიტყვით, მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები დაკავებულია იმის გარკვევით, ვინ არის სახელმწიფოს პირველი პირი, ვინ სად წავიდეს, ვინ რას მოაწეროს ხელი, ვინ სად იჯდეს და ა.შ.). რაც შეეხება პოლიტიკურ მონოპოლიზმს, ხელისუფლება ხელს უშლის ჯანსაღი, კონკურენტული პოლიტიკური გარემოს შექმნას – დღემდე გასაჯაროებული არ არის, რა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ პრინციპზეა დაფუძნებული სახელმწიფოს მართვა, რის გამოც პოლიტიკური ოპონირება დაყვანილია პიროვნულ შეფასებებზე და სკანდალებამდე დასულ ურთიერთობებზე (ეს კარგად ჩანს თუნდაც საქართველოს პრეზიდენტის ახალი სამთავრობო გუნდისადმი დამოკიდებულებაში, რაც პოლიტიკური მასხარაობის სახეს იძენს).

ვხედავთ რა, ხელისუფლების უუნარობას, რომელიც სავალუტო ბაზარზე გსნვითარებული მოვლენების დროსაც გამოჩნდა, როდესაც ეროვნული ვალუტის ექვსთვიანი დევალვაციის პროცესში ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ შეემუშავებინა და განეხორციელებინა ქმედითი პროგრამა, ისიც კი ვერ მოახერხა, მოეწყო საგანგებო „კონსილიუმი“ და შეექმნა ნდობა სავალუტო ბაზრის „დასამშვიდებლად“. ერთადერთი, რასაც ახერხებენ, ეს არის ურთიერთბრალდებების რეჟიმში მუშაობა.

ვხედავთ იმასაც, რომ ხელისუფლება უნარს მხოლოდ წინა ხელისუფლების წარმომადგენელებისთვის ,,კომფორტული პოლიტიკური ცხოვრების“ უზრუნველყოფაში ამჟღავნებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ისევ კოჰაბიტაციაშია მათთან და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ მოახდინონ პოზიციონირება, როგორც ალტერნატიულმა პოლიტიკურმა ძალამ. მათ ეძლევათ პოზიციებით მანიპულირებისა და გაკეთებულ ნეგატიური საქმეებზე პასუხისმგებელი პირებიდან, პროგრესულ იდეალისტებად გადაქცევის საშუალება. ყოველივე აქედან გამომდინარე, არსებობს ხელოვნური დაპირისპირებისა და ქაოტური სიტუაციის ინსპირირების რეალური საფრთხე, რაც არაერთხელ მომხდარა საქართველოს უახლოეს ისტორიაში და რაც ყოველთვის უმიძესი შედეგებით დამთავრებულა.

ასევე, ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოში ყველაზე გავლენიანი პირის – ბიძინა ივანიშვილის აქტიურობაც, დღითი დღე სულ უფრო ნაკლებად მოქმედებს ქვეყანაში განვითარებული ნეგატიური პროცესების შეჩერებაზე.

გამომდინარე აქედან, ვხედავთ რა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ ართმევს თავს ქვეყანას ააცილოს მოსალოდნელი საფრთხე – არც იმის შესაძლებლობა არსებობს, რომ ის ამას მომავალში მაინც გააკეთებს (ამასთან, დრო სულ უფრო და უფრო მცირდება), ქვეყნის აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსაყვანად, აუცილებელად მიგვაჩნია შევიმუშავოთ რეალური პლატფორმა, რომელიც სათავეს დაუდებს ახლებურ მიდგომებს, სადაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყოველდღიური საქმიანობის საგანი გახდება ეროვნული ინტერესების შეჯერება არსებულ რეალობასთან, გლობალიზაციის შესაძლებლობების ჩაყენება ქვეყნის სამსახურში ეროვნული ენერგიის გაერთიანების საშუალებით.

ვაცნობიერებთ რა, ზემოთ ჩამოთვლილი ერისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემებს,

ვაცნობიერებთ და ვერთიანდებით რა, ზოგადსაკაცობრიო და უზენაეს ფასეულობათა გარშემო,

ვაცნობიერებთ რა, რომ ამ ყველაფერს სჭირდება თავდადება და კერძოს დათმობა საზოგადოს სასარგებლოდ,

ვაცნობიერებთ რა იმასაც, რომ დღემდე არ ხდება ქვეყანაში არსებული რეალობის ობიექტური ანალიზი და შეფასება, არ არის გამოკვეთილი კრიზისიდან შიდა რესურსებით გამოსვლის გზები და საშუალებები, საინიციატივო ჯგუფი ვაფუძნებთ ეროვნულ ფასეულობებზე დამყარებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებას „ქართული პლატფორმა“, რომელიც არ ეცდება რეალობის ოცნებით ჩანაცვლებას, არამედ იბრძოლებს არსებული რეალობის რადიკალურად შეცვლისათვის.

უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების გადასარჩენად, მოსახლეობისაგან საქართველოს დაცლის პროცესის შესაჩერებლად, ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგისა და სოციალური სიმშვიდის დასამყარებლად!

საინიციატივო ჯგუფის სახელით:

მიხეილ ჯიბუტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

ზაურ ნაჭყებია, ჟურნალისტი

მამუკა გიორგაძე, პოლიტიკოსი

ბესარიონ კინწურაშვილი, ეკონომიკის დოქტორი

დავით ჭიჭინაძე, ეკონომიკის დოქტორი

6 მაისი, 2015 წელი, ქ. თბილისი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress