ღარიბაშვილის ჩაჩოჩებაზე ბევრი კლანი მუშაობს

giorgadze_mamuka

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 30.04.2015

არის თუ არა მთავრობის გადადგომის მიზეზი სახელისუფლო კლანებს შორის დაპირისპირების შედეგი, რა არჩევანი აქვს ბიძინა ივანიშვილს და რა გამოგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, რამდენად აშკარაა, რომ ეკონომიკურ კრიზისს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიც ერთვის?
_ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის ძირითადი ენერგია გადადის უკვე სამი წლის წინ დამარცხებული ნაცმოძრაობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე და შიდა კლანური ურთიერთობის რკვევებზე. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე მრავალი საკითხი მიუხედავი რჩება და ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე. ფაქტობრივად, ჩვენ სახეზე გვაქვს არამარტო შიდა პოლიტიკური კრიზისი, არამედ ეკონომიკური კრიზისიც.
_ რაზე მიანიშნებთ, შიდასახელისუფლო გადატრიალებას უნდა ველოდოთ?
_ გადატრიალებას ვერ დავარქმევთ იმიტომ, რომ ამ შემემთხვევაში ძალაუფლების ფორმალური და რეალურად მფლობელი ერთმანეთისგან განსხვავდება. გადატრიალებაზე ვისაუბრებდით, თუ ამ პროცესებში ივანიშვილი არ იქნებოდა ჩართული და მას ჩამოართმევნდენ სადავეებს, რაც არც იგეგმება. უბრალოდ, აქ არის საუბარი, ვინ იქნება წარმმართველი ძალა ივანიშვილის კარზე. ბევრი კლანი ფაქტობრივად მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს და იბრძოლონ იმისთვის, რომ თვითონ გახდნენ “წარმატებული”. ეს საბჭოთა ბოლშევიკური ცხოვრების წესიდან გამომდინარეა. კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ ბოლშევიკური მართვა არ დაგვისრულებია და რომ დღეს ჯერ კიდევ საბჭოთა ბოლშევიკური მმართველობა გვაქვს.
_ ეს გამოცხადებული ბრძოლა, გარკვეულწილად ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლადაც ხომ ითვლება?
_ ივანიშვილის სიყვარულით არავინ მოქმედებს. გარკვეულ ეტაპზე საჭირო იყო ღარიბაშვილი. მმართველობის სამი წელი ღარიბაშვილმა გაატანინა. ყველა ცოდვა, რაც კი ამ სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში დატრიალდა, ღარიბაშვილს მიეწერება.
_ ღარიბაშვილის გაწირვის დროც დადგა? რამდენად გამოკვეთილია ღარიბაშვილის შემცვლელი?
_ პოლიტიკური შემადგენელი საერთოდ ამოღებულია პოლიტიკური ცხოვრებიდან და დავდივართ ინდივიდუალურ, პირად კლანურ ურთიერთობებზე, რაც ქვეყანას ანგრევს. არამარტო ანგრევს სადღეისოდ, არამედ პერსპექტივასაც უკარგავს სახვალიოდ. გამოკვეთილი ფიგურები სრულებითაც არ არის საჭირო ამ შემთხვევაში. ვის საიდან მოიყვანს პრემიერად ან მინისტრად, არავინ უწყის. ვერა ქობალია სააკაშვილმა კანადიდან ჩამოიყვანა, კალანდაძე კი თვითმფრინავში იპოვა. აი, ასეთი ფორმით მოძებნიან ვიღაცას ესენიც, რა მნიშვნელობა აქვს. პიროვნებებზე კი არ გადაგვაქვს აქცენტი. მაგრამ, როცა გაშმაგებული დავა მიდის კალაძესა და ღარიბაშვილს შორის ტარიფებთან დაკავშირებით, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა. ეს კლანური ბრძოლებია, რომლის უკანაც თითოეულის პიროვნული ინტერესებია. როცა სპორტის მინისტრი აცხადებს, რომ სპორტის კომიტეტთან პიროვნული დაპირისპირება აქვს, ეს არის უბედურება. როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ივანიშვილთან პიროვნული დაპირისპირება აქვს და არა პოლიტიკური, ეს შემაშფოთებელია. პიროვნულ ინტერესებს ეწირება ქვეყნის პოლიტიკა და ინტერესები. ჩვენც ვიცით რომ ეს დაპირისპირებები პიროვნულია და ესაა შემაშფოთებელი თორემ პოლიტიკური ან იდეოლოგიური რომ იყოს და სახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ რა უშავდა ამაზე საზოგადოებამ პასუხი უნდა მოითხოვოს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress