“სახალხო პარტია” – რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ მინსკის მოლაპარაკების შედეგებიდან

gerbebi_Page_6

“ივერიონი” 13-02-2015, 13:15

ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიმართული იყო მინსკში გამართული მეტად დაძაბული მოლაპარაკებისკენ. მოლაპარაკებათა შედეგების შეფასებისას, აუცილებელია აღინიშნოს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მახასიათებლები, რომელიც, არა მარტო უკრაინის შემდგომ ბედზე მოახდენს გავლენას, არამედ,  ბუნებრივია,  აისახება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზეც.
მისასალმებელია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და ტყვეთა უპირობო გაცვლის შესახებ შეთანხმება. აღსანიშნავია, რომ ზოგი მნიშვნელოვანი (მაგალითად ყირიმი) და ზოგი უმნიშვნელო თემა მოლაპარაკებათა მიღმა დარჩა,  კომპრომისები კი იქნა მიღწეული გარკვეულ საკითხებზე, რომელიც ყველა მხარეს უტოვებს თავიანთი ინტერესების მომავალში რეალიზების საშუალებას.
უკრაინისთვის დიდი საფრთხეა შეთანხმების ზოგადი ფრაზები უკრაინული მხარის მიერ საზღვრების გაკონტროლებისა  და მძიმე ტექნიკის დაპირისპირების ხაზიდან  გაყვანის თაობაზე;  შესაძლებელია, ეს შეთანხმება დაემსგავსოს ავადსახსენებელ სოჭის 1993 წლის ივლისის შეთანხმებას, რამაც გამოიწვია ქართული შეიარაღებული ძალების განიარაღება გუმისთასთან, შემდგომ კი – მთელი აფხაზეთის დაკარგვა. იმედია, ქართველთა ამ მწარე გამოცდილებას გაითვალისწინებენ როგორც უკრაინის ხელისუფლება, ასევე დასავლელი პარტნიორებიც.
განსაკუთრებით აღსანიშნავია უკრაინის მტკიცე პოზიცია  უმთავრეს საკითხთან _ უკრაინის ფედერალიზაციასთან _ მიმართებაში,  რაც თავისთავად განაპირობა უკრაინელი ხალხის ურთულეს პირობებში თავგანწირულმა ბრძოლამ და უკრაინის პრეზიდენტის პრინციპულმა და არაკაპიტულანტურმა სახელმწიფოებრივმა მიდგომამ, რასაც ერთმნიშვნელოვნად უმაგრებდა  ზურგს დემოკრატიული ქვეყნების ლიდერთა პოზიციაც.
შედეგიც სახეზეა – უკრაინის კაპიტულაციაზე თავისუფალმა სამყარომ მტკიცე უარი განუცხადა რუსეთის პრეზიდენტს. ღიად ითქვა და ხაზიც გაესვა უარს უკრაინის ფედერალიზაციასა და დონბასის ავტონომიად აღიარებაზე.
“სახალხო პარტიას” მიაჩნია, რომ პროცესები ჯერ არ დასრულებულა, მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს უკრაინულ საზოგადოებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ გამოწვევებს   წარმატებით გაუმკლავდება.  ასევე,  ვიმედოვნებთ, რომ შესაბამის სწორ დასკვნებს გააკეთებს საქართველოს პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება და ადეკვატური იქნება არსებული გამოწვევების.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress