თბილისელები #13 2006, 27 მარტი _ 2 აპრილი
ეროვნულმა მოძრაობამ არაერთი ადამიანის პორტრეტი ჩამოაყალიბა. მარიკა ბაღდავაძეც ერთ-ერთი მათგანია. პროკლამაციებს ღამით აკრავდა, რადგან თავისუფლება სწყუროდა. ციხეზე წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუმცა იქ საკუთარი სურვილით წავიდა, რადგან ცხოვრება გამოცდა იყო, ბრძოლა კი _ არჩევანი და კიდევ ტიციანი… ყველაზე მწარედ მაინც 9 აპრილი ახსოვს, რადგან ფეხმძიმედ იყო და მოწამვლის შემდეგ ბავშვი დაიღუპა. ორი წლის შვილიც მოეწამლა, ხოლო დეიდა, ზაირა კიკვიძე, დაეღუპა. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა კი მისი ღვაწლი ხუთას დოლარად შეაფასა და სამსახურიც დაატოვებინა. ოთხი შვილის დედა, მარიკა ბაღდავაძე, დღეს ლოგინს არის მიჯაჭვული. ციხეში გატარებულ ახალგაზრდობის წლებზე გული სწყდება, რადგა ყველასგან დავიწყებულად გრძნობს თავს. თუმცა ამბობს, რომ წარსულში არაფერს შეცვლიდა. იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ციხის მკაცრ რეალობაში, სადაც ძილის უფლებაც კი არ ჰქონდა და სადაც ყოველი დღე ტყუპებივით ჰგავდა ერთმანეთს, ქალბატონ მარიკას გავესაუბრეთ.
_ ქალბატონო მარიკა, თქვენი პატიმრობა ეროვნულ მოძრაობას უკავშირდება. გაიხსენეთ, როგორ ჩაებით ამ პროცესებში და, საერთოდ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
_ ეს ყველაფერი დაიწყო აკაკი ბაქრაძის ლექციებით, რომელიც მაშინ, კომუნისტურ რეალობაში, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. მხოლოდ მას შეეძლო ეთქვა ის, რის გაგონებაც მაშინ მჭირდებოდა. შემდეგ აკრძალეს კიდეც მისი ლექციები და ჩვენ, ახალგაზრდებმა, დავიწყეთ ბრძოლა მის აღსადგენად.
_ ეროვნულ თემატიკაზე იყო ლექციები?
_ დიახ. თემა იყო ილია, ვაჟა, აკაკი და ყველაფერი, რაც პატრიოტიზმსა და საქართველოს უკავშირდებოდა. ჩვენ ამ ლექციებით ვსაზრდოობდით, რადგან ბატონ აკაკი ბაქრაძეს შეეძლო დაენახა და სხვებისთვისაც ეჩვენებინა ეროვნულობის სიკეთე. ის, რის გაგონებაც მაშინ გვინდოდა, ბატონი აკაკი ხმამაღლა გვეუბნებოდა. მის ლექციებს ისმენდნენ თამრიკო ჩხეიძე, ნანა კაკაბაძე და ეროვნული მოძრაობის სხვა წევრები წევრები თუ ლიდერები. ჩვენ ერთი სურვილით ვიყავით ანთებული და ღმერთის ნებით ერთმანეთს შევხვდით.
_ პატიმრობა როგორ დაიწყო?
_ გეორგიევსკის ტრაქტატისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ტარდებოდა და ჩვენ ქალაქიდან გაგვიყვანეს, რომ ხელი არ შეგვეშალა ამ `არაჩვეულებრივი ზეიმისთვის~. ბრეჟნევი იყო ჩამოსული და მასთან შესახვედრად ემზადებოდა შევარდნაძე.
_ სტუდენტი იყავით მაშინ?
_ არა, ჩემი სტუდენტობა მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, ამის ბედნიერება არ მქონია, სტუდენტობა მე არ გამივლია. პირველად მცხეთაში დაგვიჭირეს, რადგან თურმე სვეტიცხოვლობის დღეს სამმა გოგომ და ირაკლი წერეთელმა 180 პოლიციელი ვცემეთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო ბრალდება. გაიმართა სასამართლო, სადაც მოვიდნენ დაზარალებული პოლიციელები, რომლებიც ისეთი მაღლები იყვნენ, რომ ვერ ვწვდებოდით. ბეჭები ჰქონდათ ამოვარდნილი და ცემისგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. ესე იგი, ჩემი დარტყმული დიდხანს არ მოურჩათ. (იცინის). სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯა, რის გამოც გამოვიდა ინტელიგენცია, ვის სიტყვასაც მაშინ ფასი ჰქონდა და მათი პროტესტის შედეგად, განაჩენი შეგვიცვალეს სამწლიანი პირობითი სასჯელით. ამას მოჰყვა ჩემი და თამრიკო ჩხეიძის გასახლება დავით გარეჯის უდაბნოში. ეს იყო საშინელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.
_ როგორ ცხოვრობდით იქ მარტოები?
_ გვქონდა სახლი, სადაც ვცხოვრობდით. პირობებს მედეა მეზვრიშვილი გვიქმნიდა, მოჰქონდა საჭმელი, ღვინოც კი და გვაძალებდა, რომ დაგველია.
_ მედეა მეზვრიშვილთან ნაქეიფარიც ყოფილხართ?
_ დიახ. (იცინის) ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ქალი ადამიანს სმის მიხედვით აფასებდა. დავით გარეჯი თავისთავად კარგია, მაგრამ არა მგონია, ვინმესთვის სასიამოვნო იყოს უეცრად გველის დანახვა. მაცივარს გამოაღებ და თაგვი გამოხტება, საბანს გადაწევ და ხედავ ლოგინში გველს, თაგვს. ეს, თავისთავად, საშინელებაა. რაც უნდა გვეკეთებინა, ყველაფერში ხელს გვიშლიდნენ. მახსოვს, ერთხელ გველმა რომ გადამიარა ფეხზე, გავშრი და გავშეშდი. თამრიკომ მომკიდა ხელი, რას შვრები, არ მოდიხარო და ცოტა გამოვერკვიე. ხშირად გვტოვებდნენ `დოდოს რქაზე~, სადაც ადამიანი საერთოდ არ ჭაჭანებდა. ერთხელ, შევეცადეთ, ტყვეობისთვის თავი დაგვეღწია და გამოვიპარეთ. წამოვედით ფეხით. იყო უზარმაზარი პურის ყანები, რომელთაც ბოლო არ უჩანდა, თან იმდენად რბილი მიწა იყო, რომ ფეხი გვეფლობოდა და სიარული გვიჭირდა. მოვხვდით საძოვარზე, სადაც ფერმაში 30-40 ძაღლი ჰყავდათ. უცებ ძაღლების შუაგულში აღმოვჩნდით. შეგვეშინდა, ვიცოდით, რომ არ უნდა გავნძრეულიყავით. ბევრი ვიყვირეთ და ვიკივლეთ, ვიღაც მოვიდა და დაგვეხმარა. ფეხით ჩამოვედით სოფელ უდაბნოში, სადაც სახლი გვქონდა. ასეთი სიურპრიზები ყოველ 14 აპრილს გვქონდა, როცა რაღაცის გაკეთება გვინდოდა.
_ ენის დაცვის დღეს უკავშირებდით თქვენს საქმიანობას?
_ დიახ. ეს ის დღე იყო, როცა შევარდნაძემ 1978 წელს ვითომ გადაარჩინა საქართველო და ენა დაუბრუნა. მართალია, შევარდნაძემ `დაიბრუნა~, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენ დავიბრუნეთ. ამიტომ ყოველ 14 აპრილს ვცდილობდით, რომ რაღაცით გაგვეხსენებინა საზოგადოებისთვის ამ დღისა და ქართული ენის არსებობა. ისე, არც დღეს იქნებოდა ცუდი, რომ გაგვეხსენებინა ეს ეროვნული დღე.
_ კონკრეტულად რას აკეთებდით ხოლმე?
_ ვაკრავდით პროკლამაციებს, ვაწყობდით მიტინგებს. გვინდოდა, ხალხისთვის შეგვეხსენებინა, თუ რას ნიშნავს ქართული ენა. პროკლამაციების გასაკრავად ღამით დავდიოდით ქუჩებში. მახსოვს, ილიას სიტყვები გვქონდა გამოყენებული: `რა ენა წახდეს, ერი დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას~, ამ სახის პროკლამაციებს ვაკრავდით. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა მედეა მეზვრიშვილმა წაგვიყვანა ცოფის საწინააღმდეგო აცრების გასაკეთებლად, ვითომ ძაღლებმა დაგვგლიჯეს. ამ დროს არანაირი შეხება არ გვქონია ძაღლებთან. დღესაც არ ვიცი, რა ნემსის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ ვიყოჩაღეთ და ნემსი აღარ გაგვიკეთეს. საერთოდ, ძალიან ყოჩაღები ვიყავით. ერთადერთი ის გააკეთეს, რომ ჩაგვსვეს მანქანაში და 200 მილიციელის დახმარებით წამოგვიყვანეს სახლში, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში ალყა ჰქონდა შემორტყმული. თავისი მაინც გაიტანეს, თბილისში არ ჩამოგვიშვეს და პროკლამაციებიც ვერ გავავრცელეთ.
_ ეს ისტორიები რომელ წლებში ხდებოდა?
_ დავით გარეჯის უდაბნოს ამბები 1981-82 წლებში იყო. 1982 წელს გამოვაცხადე შიმშილობა, რადგან მამაჩემი დაიჭირეს. წამომიყენეს ულტიმატუმი, თუ გაჩერდები და შენთვის იცხოვრებ, მამაშენს გავათავისუფლებთო. შიმშილობა 32 დღის განმავლობაში გაგრძელდა და იმით დამთავრდა, რომ განაჩენი გასაჩივრების შემდეგ შეუცვალეს, რადგან დაინახეს, რომ შიმშილობას არ ვწყვეტდი.
_ ციხეში როგორ მოხვდით?
_ ჩვენ ციხისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, წინასწარ ვიცოდით, რომ დღეს თუ ხვალ დაგვიჭერდნენ. ეს გეორგიევსკის ტრაქტატისადმი მიძღვნილ `ამაღელვებელ~ დღესასწაულზე მოხდა, 1983 წელს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ძნელია, ყველაფერი გაიხსენო. დაგვიჭირეს და პირველად `კაპეზეში~ მიგვიყვანეს. ჩემთან ერთად იყვნენ თამრიკო ჩხეიძე, ნანა კაკაბაძე და გია ჭანტურია. თავიდან შემიყვანეს ოთახში, რომელსაც `ფოქსს~ უწოდებდნენ, ანუ მოსაცდელში, სადაც ცხვირწინ მქონდა კარი და წესიერად ვერც კი ვსუნთქავდი. ჩემი ფანტაზიით წარმოვიდგინე, რომ ეს იყო ციხე. მაინცდამაინც სასიამოვო ადგილი არ იყო (იცინის). შემდეგ გადამიყვანეს კორპუსში და უბედნიერესი ვიყავი ჩვეულებრივი ოთახი რომ დავინახე. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ციხე და არა ის პატარა ოთახი.
_ როგორც ვიცი, ციხეში ფსიქოტროპულ საშუალებებსაც გაძლევდნენ.
_ არ ვიცი, არ ვიცი, რას მაძლევდნენ. ვიცი ის, რომ ციხე საშინელება იყო. იქ მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ვიყავი. დანარჩენი დრო `კაგებეს~ ციხეში გავატარე.
_ როგორი პირობები იყო ციხეში?
_ ძალიან ცუდი, რადგან ლაპარაკს ვერ გაიგონებდი, ერთმანეთს პაროლებით ელაპარაკებოდნენ. სათვალთვალოში მუდმივად ჩანდა თვალი. დაძინების საშუალებას არ გვაძლევდნენ.
_ ძილიც არ შეიძლებოდა? რატომ?
_ არ ვიცი, რატომ. შესაძლოა, ჩემ მიმართ იყო ასეთი სიმკაცრე, რადგან ძალიან მიყვარდა ძილი და დამცინოდნენ კიდეც, ეს ისე გაატარებს ციხეში დროს, რომ ვერც გაიგებსო. დილით რვა საათზე ვდგებოდით, ათ საათზე იყო `ატბოი~. ძილის წყალობით ერთხელ `კარცერშიც~ მოვხვდი. დასაძინებლად წამოვწექი და ლეიბი წამართვეს, მაინც ჩამეძინა. ბოლოს, ხელი მომკიდეს და გამიყვანეს. `კარცერი~ დიდად არ განსხვავდებოდა ციხის საკნისგან, უბრალოდ, მარტო ვიყავი, თუმცა სიმარტოვე ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
_ მარტოობა გიყვართ?
_ დიახ. მარტოობამ მიჩვევაც იცის. მით უფრო, ახლა, როცა ავად ვარ და ვწევარ. ასეთ პირობებში ცოტა ძნელია, მუდმივად ვიღაც გართობდეს.
_ ქალისთვის, ალბათ, განსაკუთრებით მძიმე იყო ციხე?
_ ციხე ყველასთვის მძიმეა, არ არის კარგი. ერთი მხრივ, ჩვეულებრივად ცხოვრობ, რაღაც გახარებს კიდეც, მაგრამ გამუდმებით ელოდები თავისუფლებას. დღეებს, წუთებსა და წამებს ითვლი. ციხეში ყოფნა, ალბათ, მამაკაცს უფრო უჭირს, რადგან მისგან უფრო მეტს ითხოვენ. ძნელია, აღწერო და გადმოსცე ის ყველაფერი, რაც ციხეში ხდებოდა. ვიღაც რომ დაგლაპარაკებოდა, გიხაროდა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში უნდა იყოს ამ დროს ადამიანი.
_ რამდენი წლის იყავით, როცა ციხეში მოხვდით?
_ პირველი სასამართლო რომ გაიმართა 18-ის, ციხეში კი 20 წლის ასაკში მოვხვდი. დღევანდელი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ ასაკში იქ ყოფნა მირჩევნია, ვიდრე აქ და ასეთ მდგომარეობაში.
_ პოლიტპატიმრებზე ციხეში ზეწოლას არ ახდენდნენ?
_ შეუძლებელი იყო კომუნისტებს ზეწოლა არ მოეხდინათ. მართალია, არ იყო ფიზიკური ზეწოლა, მაგრამ იყო ფსიქოლოგიური. ფაქტობრივად, ეს იყო ადამიანის განადგურება.
_ თავისთავად ციხეც, ალბათ, გამანადგურებელი იყო.
_ დიახ. ჩემი ასაკის გოგონასთვის ციხეში კარგი პირობებიც რომ ყოფილიყო, მაინც რთული იყო ყველაფრის ატანა.
_ განიცდიდით, რომ ოცი წლის ასაკში, როცა ცხოვრება ფერადია, უცებ ციხის მკაცრ რეალობაში მოხვდით?
_ მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი და არც განვიცდიდი. დღეს განვიცდი, რადგან ყველაფერი, რასაც მაშინ ვაკეთებდი, დღევანდელი ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავს.
_ დღევანდელი გადასახედიდან თქვენს წარსულში შეცვლიდით რამეს?
_ არაფერს არ შევცვლიდი, რადგან ასეთი იყო ჩემი ცხოვრება. უბრალოდ, საწყენია, კირკიტაძე რომ ბელორუსიაში ჩავიდა, გმირად გამოაცხადეს. რასაც ჩვენ ვაკეთებდით, იმის გახსენებაც კი არავის უნდა. ფაქტობრივად, ამათი გადასატანი ჩვენ გადავიტანეთ. ამათ ნახეს ისეთი ბაბუ, რომელიც ეფერებოდა, ყველგან დაჰყავდა და დაჰფოფინებდა. მე კი ბაბუ არ მინახავს, ვნახე საზიზღარი შევარდნაძე, რომელიც ყველაფერზე მიდიოდა. თუმცა არც დღევანდელი პრეზიდენტი იხევს უკან თავისი სურვილების შესასრულებლად. სამი გოგოს დაქცეული ქვეყანა მე ვერ წარმომიდგენია. ნუთუ შევარდნაძისთვის ასეთი საშიში ვიყავით? ქვეყანა დაქცევით, ალბათ, მაინც დაიქცეოდა, მაგრამ…
_ თქვენი აზრით, ცხოვრება გაუთავებელი ბრძოლაა?
_ ეგ არჩევანია. ცხოვრება, ალბათ, გამოცდაა. შენზეა დამოკიდებული, რას აირჩევ, ბრძოლას თუ თავდახრილ ცხოვრებას, როცა ვიღაცას ხოტბას ასხამ, იმისთვის, რომ გაგიღიმოს. მე ეს გზა არ ამირჩევია. ჩემი არჩევანი დაფასდება მაშინ, როცა იმ ქვეყანაში წავალ. დღეს კი შემიძლია, გითხრათ, რომ ციხემ მასწავლა, რა არის ცხოვრება, რომ ადამიანი შეიძლება, დაუნდობელი იყოს. ციხემ გინებაც მასწავლა. (იცინის).
_ 9 აპრილის დღეები როგორ გახსენდებათ?
_ 9 აპრილის გახსენება ძალიან მიჭირს. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი და მოვიწამლე. რა თქმა უნდა, ის ბავშვი დაიღუპა და საკუთარი თავი საერთოდ არ მახსოვდა, რადგან ხელში ორი წლის ბავშვი მეჭირა, ისიც მოიწამლა. დღეს თვრამეტი წლის არის, მაგრამ ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ, ძლივს გადარჩა. დეიდაჩემი, ზაირა კიკვაძე, 9 აპრილს დაიღუპა. ეს უმძიმესი დღეები იყო ჩვენს ცხოვრებაში. ალბათ, ესეც გამოცდა იყო და უნდა გადაგვეტანა.
_ სახელმწიფოსგან დახმარებას არ იღებდით?
_ 9 აპრილს იმისთვის არ მოვწამლულვარ, რომ დახმარება მიმეღო. ვერც ვერავინ ამინაზღაურებდა იმას, რაც გავიღე ჩემი ცხოვრების განმავლობაში.
_ ჯანმრთელობა ციხეში მოხვედრისას და 9 აპრილის მოწამვლის შემდეგ შეგერყათ?
_ ძნელია, კონკრეტულად ვთქვა რამე, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გამიუარესდა, დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს. მასთან ვმუშაობდი. პარლამენტში გამოსვლის დროს მას ჰკითხეს, რატომ გაათავისუფლე მარიკა ბაღდავაძეო. სახალხო დამცველმა ძალიან უცერემონიოდ უპასუხა: მარიკა ბაღდავაძე ლოგინს არის მიჯაჭვული, ავადმყოფია და უნდა გამეშვა, აბა, რა უნდა მექნაო. ეს თავად მოვისმინე ტელევიზიით. მას შემდეგ ლოგინიდან ვეღარ ავდექი. იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა ჩემზე ამ სიტყვებმა, რომ დღემდე განვიცდი. სინამდვილეში ბიულეტენზე ვიყავი სამი თვის განმავლობაში, რადგან წავიქეცი და ტვინის შერყევა მივიღე. ეს ჯანმრთელი ადამიანისთვისაც არ არის სასურველი, მით უმეტეს, ჩემთვის. ეს ფაქტი გამოიყენა ჩემი გათავისუფლების მიზეზად სოზარმა. როცა მათავისუფლებდა, ფულიც შემომთავაზა, დაწერე შენი ხელით განცხადება, აიღე ხუთასი დოლარი და სამსახურიდან წადიო. ძალიან ძნელია, როცა 25 წლის შრომასა და ბრძოლას ვიღაც ხუთას დოლარად გიფასებს. რა თქმა უნდა, არ ავიღე ეს ფული და სამსახურიც დავკარგე. შემდეგ მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა და სასამართლოზე აღდგენის ბრძანება მოიტანა, არასწორად გაგათავისუფლეო. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გათავისუფლების ბრძანება დაწერა. ისევ დაიწყო ეს უაზრო სასამართლო პროცესები. არ ვაპირებდი სასამართლოში სარჩელის შეტანას, რადგან ჩემი გათავისუფლება არც პირველი იყო და, ალბათ, არც უკანასკნელი იქნება. როცა სამსახურში ახალი ხელმძღვანელი მოდის, მას თავისი გუნდი მოჰყავს, ჩემთვის ეს აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ფულის შემოთავაზება მკრეხელობა იყო.
_ ტიციან ტაბიძის ძმის შვილიშვილი ბრძანდებით, ვინ იყო თქვენთვის ეს ადამიანი?
_ მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ მისი სახელი ძვალსა და რბილში მაქვს გამჯდარი, რაც ჩემი ცხოვრებით გამოიკვეთა კიდეც. მე არ მქონდა უფლება, მეცხოვრა სხვანაირად, რადგან ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში მოღვაწეობდა ტიციანი, რომელიც კომუნისტებმა მოკლეს. მასთან ერთად გაანადგურეს მთელი ჩვენი სანათესაო. მისი ქალიშვილი ნიტა ტაბიძე დღეს 84 წლის არის.
ირმა მაჩაიძე