ახალი თაობა 2014, 2 _ 3 აგვისტო, #181 /გულიკო ბალაძე/
სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის მომხრე საზოგადოების ნაწილი მაინც უკმაყოფილოა. მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ უფრო ადრე უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, ზოგი ამბობს, ადრე რომ აღძრულიყო სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე, შესაძლებელია, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაში ქვეყანას ხელი შეშლოდა. ზოგს იმედი აქვს, სააკაშვილს დააპატიმრებენ და ის ისეთ რამეებს მოჰყვება, რაც ახლა ვიცით, უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება. ასეა თუ ისე, ხელისუფლებამ გარისკა და ქვეყნის ყოფილი პირველი პირი, რომელსაც თავი ყოვლისშემძლე ეგონა, პასუხისგებაში მისცა.
პარტიას `სახალხოს~ ლიდერი მამუკა გიორგაძე კი აცხადებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, საკმარისი არ არის, უნდა მოხდეს რეჟიმის შეფასება.
_ ბატონო მამუკა, თუ ხედავთ კავშირს ბოლო დროის მოვლენებს, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების ჩატარებას, სამთავრობო ცვლილებებსა და, ბოლოს, სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას შორის?
_ ბუნებრივია, მოვლენები ერთმანეთთან კავშირშია და ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ყველა საკითხს ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს ინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროში, რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის პროცესი და მრავალი სხვა. მეორე მხრივ, საქართველოს შიგნით მიმდინარეობს არსებული ძალების ბრძოლა ძალაუფლების მოპოვებისთვის. აღსანიშნავია სააკაშვილის დაბარება პროკურატურაში. თუ პროკურატურას ექნება დასაბუთებული არგუმენტები სააკაშვილის დანაშაულების დასამტკიცებლად, სააკაშვილი უნდა დააპატიმრონ. ასეთი არგუმენტები და დოკუმენტაცია ბევრია. შესაბამისად, თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ რეალურად დააკავოს სააკაშვილი, ამის მექანიზმები არსებობს.
_ თუმცა სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურატურამ ნაადრევი გადაწყვეტილება მიიღო. თქვენ როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ნაჩქარევია?
_ პროკურატურამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მოწმედ დაიბარა, მაშინ როცა ძალიან კარგად იციან, რომ პოტენციურ მოწმეზე ზემოქმედების არანაირი საშუალება მათ არ გააჩნიათ.
_ ახლა, როცა ბრალი წაუყენეს?
_ შესაბამისად, თუ ეს ბრალდება იქნება არგუმენტირებული, დამაჯერებელი, შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული, ბუნებრივია, ეს იქნება ჯანსაღი პროცესი და ამ საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება დამხმარე საქართველოს პროკურატურისა, მაგრამ, რადგან რიგ შემთხვევებში ასეთი არგუმენტები არ იყო წარდგენილი თუნდაც კეზერაშვილის მიმართ, მერაბიშვილისა და ახალაიას წინააღმდეგაც ძალიან მსუბუქი არგუმენტები წარმოადგინეს, ხოლო ადეიშვილის მიმართ, საერთოდ, ძებნაც არ არის გამოცხადებული, ეს მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ დღევანდელ ხელისუფლებას იმდენად სურვილი არ აქვს სამართლიანობის აღდგენის, რამდენადაც უნდა, პიარკამპანია აწარმოოს. მეორე მხრივ, სურს, ეს ბერკეტები გამოიყენოს გავლენის სფეროების გადანაწილების დროს და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაათმობინოს პოზიციები. სამწუხაროდ, ეს აშკარად იკვეთება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა სახელმწიფოსთვის დამღუპველი იქნება და სააკაშვილის რეჟიმს საშუალებას მისცემს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას.
_ ამბობთ, ხელისუფლება ცდილობს, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკან დაახევინოსო. უკან დახევინება უნდათ პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე თუ რას გულისხმობთ?
_ ცდილობენ, გარკვეულწილად, თითქოსდა საზოგადოებაში არსებული სურვილი დააკმაყოფილონ ან სამართლიანობის აღდგენის იმიტაცია მოახდინონ. მეორე მხრივ, გავლენები ჩამოართვან ნაცმოძრაობას და მათ მაგივრად ჩაიგდონ ხელში. ეს გარკვეულ კორუფციულ გარიგებას ემსგავსება.
_ თქვენ რაიმე გაქვთ, თუნდაც ამის მიმანიშნებელი, რომ ამბობთ, ცდილობენ, ნაცმოძრაობის გავლენები ჩამოართვან და თვითონ ჩაიგდონ ხელშიო?
_ მიმანიშნებელია დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან თავის დროზე სხვადასხვა მოტივით უარნათქვამი სააკაშვილის პროექტების ხელახლა განხორციელების დაწყება. მხედველობაში მაქვს იმავე ხუდონის, ანაკლიის, დიდი ჰესების, შემოვლითი რკინიგზის, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის და ბევრი სხვა პროექტი, რომლებიც თავის დროზე დაწუნებული იყო. მისი განხორციელება სახელმწიფო დანაშაულებად იყო შეფასებული. დღეს კი ამ პროექტების რეალიზება ხდება. რასაც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში უარყოფითად ვაცხადებდით, ივანიშვილის პირობებში დადებითად იქცა? გარდა ამისა, გარკვეულწილად, არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კორუფციული სისტემა დარჩა. მხოლოდ ჩაენაცვლნენ ამ სისტემის მონაწილე სუბიექტები. ამის შესახებ პრესაშიც ბევრს საუბრობენ. ხდება არა დანაშაულებრივი სისტემის ნგრევა, არამედ პირიქით, მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისა და გავლენების მოპოვებისთვის.
_ ისინი, ვინც სააკაშვილის დროს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ, დარჩნენ. შეიცვალნენ მხოლოდ პირველი პირები და მათი მოადგილეები. როგორ ფიქრობთ, ყველა ჩინოვნიკი უნდა შეცვლილიყო?
_ ცვლილებებისთვის მათ საკმარისი დრო ჰქონდათ. უმეტეს სამინისტროებსა და უწყებებში ისევ ძველი კადრებია. მოადგილეებიც კი თანამდებობებზე დარჩნენ, მაგრამ, მთავარი ისაა, რომ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი და სქემები იგივე დარჩა, რაც ხელს უშლის ვითარების გამოსწორებას. იგივე სქემები მოქმედებს თუნდაც ტარიფებთან დაკავშირებით და ბიზნესის წარმართვის მიმართულებით. ფაქტობრივად, დარჩა მართვის ძველი მექანიზმები. როგორც პოლიტიკური, ასევე სამეურნეო-სამართლებრივი მართვის სიტემა დარჩა იგივე. ის პრობლემები ისევე მოუგვარებელია, რომელიც სააკაშვილის დროს შეიქმნა და რომლის მოგვარებასაც გვპირდებოდნენ. კერძოდ, როგორიც არის დაზარალებულებისათვის ქონების დაბრუნების საკითხი. ფაქტობრივად, გარდა ხელიწუფლების წარმომადგენლებისა და მათთან სხვადასხვა გზებით დაკავშირებული პირებისა, ადამიანებს ქონება ისევ წართმეული აქვთ. თუნდაც ის ფაქტი, რომ 200 პოლიტპატიმარია გამოშვებული, ხოლო მათი ციხეში ჩამსმელი პირები ძალიან კარგად გრძნობენ თავს როგორც სასამართლოში, ასევე პროკურატურაში, საგამოძიებო უწყებებში, ხალხის გაღიზიანებას იწვევს. ერთი მხრივ, ადამიანები პოლიტპატიმრებად გამოვაცხადეთ, მეორე მხრივ, ვინც ეს ადამიანები ციხეში ჩასვა _ კარგ მუშაკებად ვცანით. ეს არის ძალიან დამაფიქრებელი, საეჭვო და შემაშფოთებელი.
_ ვინც წლების განმავლობაში დანაშაულს ჩადიოდა, ცხადია, კარგ მუშაკად არ უნდა იყოს აღიარებული, მაგრამ მთელ სისტემაში მომუშავე პირების გათავისუფლება ერთდროულად შეიძლება? ეს არ გამოიწვევს, ვთქვათ, სასამართლოს, პროკურატურის, გამოძიების და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზებას?
_ საინტერესო თემაა. სანამ `ოცნება~ ხელისუფლებაში მოვიდოდა და რაც მოვიდა, ორი წელი გავიდა. ასე რომ, ერთბაშად ნამდვილად ვერ მოხდებოდა შეცვლა. ცვლილებისთვის წელიწად-ნახევარი ჰქონდათ. ამ დროში კი უნდა მოეხერხებინათ ცვლილება. მხოლოდ ეს არ არის. მთავარია საკითხებისადმი დამოკიდებულება. როდესაც ნაცმოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის გადარჩენადაა გამოცხადებული, როდესაც, ფაქტობრივად, ნაცმოძრაობას ხელი ეწყობა თავისი პოლიტიკური ინტერესების რეალიზაციაში, ამას რა ჰქვია.
_ მე პირიქით მოვისმინე და ნაციონალებიც ამბობენ, ოცნებას ნაციონალური მოძრაობის განადგურება უნდაო.
_ საქმე ისაა, როდესაც ამბობენ, ნაცმოძრაობა უნდა გადავარჩინოთო, ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები იდგმება _ მაქსიმალურად ეწყობა ხელი პრესით, ტელევიზიით, სახელმწიფო ფინანსებით. როდესაც საპირისპირო განცხადება კეთდება _ უნდა გავანადგუროთო, ეს მხოლოდ და მხოლოდ რიტორიკაა, რომლის უკან არანაირი ნაბიჯი არ დგას.
_ მაშინ ნაციონალური მოძრაობა დანაშაულებრივ ორგანიზაციად უნდა გამოცხადდეს სასამართლო წესით. სხვაგვარად, ნაცმოძრაობას ვერც დაფინანსებას შეუწყვეტ და ვერც სხვა შეზღუდვებს დაუწესებ. ამასთან, ფაქტობრივად, იგივე მედიასუბიექტები და იგივე ჟურნალისტები არიან მედიასივრცეში, რომლებიც ნაცმოძრაობის დროს იყვნენ. მათი მხრიდან დამოკიდებულება შეიძლება მხოლოდ ცოტა შეიცვალა.
_ სწორედ ამას ვამბობ, რომ ისინი არიან ძველი სისტემის მოთამაშეები, რომლებიც პროცესებს წარმართავენ. ხელისუფლებას კი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამის გასაბათილებლად.
_ ხელისუფლება მედიასუბიექტებს ხომ ვერ შეავიწროებს. მათ ვისგანაც სურთ ინფორმაციის მიღება, იმას მიმართავენ. რა შეიძლება გააკეთოს ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ?
_ თავისუფლად შეიძლებოდა შექმნილიყო ან სახელმწიფო კომისია, ან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი კომისია, რომელიც შეაფასებდა ნაცმოძრაობის ქმედებებს. თუკი გამოდიან `ოცნების~ დეპუტატები და პარლამენტის თუ კომიტეტის სხდომაზე და დანაშაულებრივ ბანდას უწოდებენ ნაცმოძრაობას, ე.ი. ამის საფუძველი გააჩნიათ. ამას უნდა მისცე შესაბამისი სამართლებრივი მიმართულება. თავისუფლად შეიძლებოდა და, შეიძლება, დღესაც, პოლიტიკური შეფასება მიეცეს ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი მმართველობის ათწლიან პერიოდს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მეორე მხრივ, ამ ვითარების შესაცვლელად არსებობს პოლიტიკური მექანიზმები. შესაძლებელია ჩატარებულიყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, სადაც, ბუნებრივია, ნაცმოძრაობის გარდა, სხვა ძალებსაც ექმენოდა შესაძლებლობა მონაწილეობის მიღებისა და წარმატების მიღწევისა. შესაბამისად, ავტომატურად, ბუნებრივად, ნაციონალური მოძრაობა აღარ იქნებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.
_ საპარლამენტო ოპოზიციად რომ ითვლება, ამიტომაც ხდებიან ტელესუბიექტები.
_ შეიძლებოდა კანონის მიღება, რომ ყველას ჰქონოდა ტელევიზიაზე წვდომის საშუალება. რატომ გამოეყო სახელმწიფოსაგან `ოცნებას~, `ნაცმოძრაობას~ და ნინო ბურჯანაძეს 13-13 მილიონი სატელევიზიო რეკლამებისათვის. თავისუფლად შეიძლებოდა დემოკრატიული საარჩევნო კანონის მიღება და ყველა პოლიტიკურ სუბიექტისთვის ტელევიზიებზე თანაბარი წვდომის დაწესება. ეს იქნებოდა მისაღები, ობიექტური, სამართლიანი და დემოკრატიული გადაწყვეტილება, რასაც მოიწონებდა მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება. მივიღებდით იმ ზუსტ სურათს, რომელიც დღეს არის პოლიტიკურ სპექტრში. როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება და ნაცმოძრაობას უპირატესობა ხელოვნურად ენიჭება, ეს ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლების ინტერესებშია სწორედ ნაცმოძრაობის გადარჩენა, რადგან ნაცმოძრაობის ფონზე `ოცნება~ ყოველთვის გამოჩნდება დადებით გუნდად, ხოლო ნებისმიერი პოლიტიკური პარტია (`ოცნების~ გარდა), თუ იქნება მათი კონკურენტი, ავტომატურად ვერ გაიმარჯვებს.
_ საერთაშორისო კონიუნქტურაც ხომ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთბაშად არ იყოს მოცილებული პოლიტიკური სივრციდან?
_ თუ სიტუაციას სწორად წარვმართავთ, თუ უცხოეთს ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით, თუ ისეთ საკითხებზე დავაკავებთ, რომელზეც პირი დასაკავებელია, ბუნებრივია, ხმას ვერ ამოიღებენ. დასაკავებელი რაზეც არიან, ისეთ საკითხებზე დავაკავოთ. ისეთი მასალები ბევრია, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერასოდეს მოიხსნიან ნაციონალების წარმომადგენლები.
_ მოგეხსენებათ, ახლახან საქართველოში ჩამოვიდნენ მარალი დონის სამართლის ექსპერტები და პროკურატურასთან საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. შესაძლებელია, მათი რჩევის გათვალისწინებით მოხდა სააკაშვილისათვის სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრა. საზოგადოება სააკაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვდა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება მისაღები მაინც არ არის?
_ საკუთარი ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობის განწყობების გამოყენებას, რომელიც მას პიარისთვის სჭირდება, მაგრამ ვერ აგროვებს მტკიცებულებებს, რომელიც რეალური, კონკრეტული საქმეებისთვისაა საჭირო. ეს განაწყობს ყველას ამ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად. თუ ეს გაკეთდა დღეს, რატომ არ შეიძლებოდა გაკეთებულიყო გუშინ. თუ ამის სურვილი გააჩნდა ხელისუფლებას, ნამდვილად შეეძლო საზოგადოების უფრო მეტი ჩართვა პროცესში, რომ კიდევ უფრო მეტად საჯარო გაეხადა სახელმწიფოს მართვა, კიდევ უფრო მეტი რეფორმები განეხორციელებინა, კიდევ უფრო მეტად შეეწყო ხელი ადგილობრივი შესაძლებლობებისათვის. შესაბამისად, კიდევ უფრო სწრაფად მიიღებდა შედეგს. როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე ნაცმოძრაობას უწოდებს პოლიტიკურ ბანდას, ან უნდა დაამტკიცოს, რომ ის პოლიტიკური ბანდაა, ან კომიტეტის თავმჯდომარეზე უნდა აღიძრას საქმე იმის გამო, რომ მან ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც შენ ნაცმოძრაობას უწოდებ პოლიტიკურ ბანდას და პოლიტიკურ დამნაშავეებად აცხადებ, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ მიმართულებით გადაწყვეტილებებს არ იღებ, ეს არის ორმაგი სტანდარტები. ბუნებრივია.
_ ანუ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, სამართლიანობის აღდგენის გზაზე გადადგმული ერთი ნაბიჯიც არ არის?
_ ეს არის პიარსვლა. თუ უნდოდათ სამართლიანობის გზაზე სიარული, ამისთვის დრო ჰქონდათ. ახლა, ელემენტარულად, იძულებული ხდებიან, იფაფხურონ, რომ როგორმე მოსახლეობის აღშფოთება ჩააცხრონ. თუ პროცესებს სწორად წარმართავენ, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ჩვენც შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ პროცესში, მივცეთ პოლიტიკური შეფასება მოსახლეობის ათწლიან დევნას. ასეთი შეფასებები გაკეთებული აქვთ რიგ პარტიებს და მისი გამოყენება შეიძლება. შესაბამისად, ეს გაუადვილებს სამართალდამცავ ორგანოებს კონკრეტული პასუხისმგებლობის დაკისრებას რეალობაში.